ზურა მესხი – სპაზმები

მე თექვსმეტი წლისა ვარ და მინდა დავაფიქსირო, რა არ მეჯავრება: მე არ მეჯავრება ღმერთი, რადგან არ არსებობს. რომ მწამებოდა – შემჯავრდებოდა. არა მგონია ეს ერჩიოს, ე.ი. რომ მწამდეს და მეჯავრებოდეს. რომ არ მწამს – არის თავისთვის, ჩემი სიძულვილით და მათხოვრობით შეუწუხებელი, ე.ი. არ არის. ნერვები მეშლება, როცა გავიფიქრებ, რომ შეიძლება არსებობს და მე ვწამვარ…
მე არ მეჯავრება ყვავილები, რადგან არსებობენ…

მე არ მეჯავრება მაგალითად ვირები. თუმცა, ცოცხალი ვირი, ე.ი. ოთხფეხა არ მინახავს, ორფეხების ცვენაა…

არ მეჯავრება არც ძროხები, ერთი-ორჯერ მინახავს, და საერთოდ ცხოველები არ მეჯავრება, თუმცა ძაღლი სულელია, რადგან ყველას ერთგულია, ვინც აჭმევს და ახვა პატრონს შეუძლია ვინმე კარგ კაცს მიუქსიოს. ისიც ადგება და თავისი დეგენერატი პატრონის ბრძანებით ვინმე წესიერ ადამიანს მიახტება ნაგავი ნაგაზი, თუმცა არ ვიცი, ვინ არის წესიერი… კატას, მაგალითად, ვერავის მიუქსევ, შენს ბაზარში ვერ ჩაითრევ, ოთხ ფაფუკ ფეხზე ჰკიდია პატრონიც და იმისი მტრებიც, კატას პატივს ვცემ…
არ მეჯავრება ხეები, მოკლედ ბუნება არ მეჯავრება, მაგრამ ბუნებაში თითქმის არასოდეს ვარ…
არ მეჯავრება ბავშვები, მაგრამ ბევრი ბავშვი საზიზღარია… არ მეჯავრება რამდენიმე ადამიანი…
სულ ეს არის… დანარჩენი ყველაფერი მეჯავრება. ჩემი თავის ჩათვლით. მაშასადამე, მეჯავრება, ან არ მეჯავრება, სიყვარულზე საერთოდ ლაპარაკი აღარ არის… შიგნით ადგილი აღარა მაქვს… ე.ი. თავისუფალი სივრცე…

მე მაქვს სპაზმები. ხუთი წლის რომ ვიყავი, მაშინ დამეწყო. მაშინ დავიწყე ნაგვის დანახვა და მთელი სიდამპლეების. ხუთ წლამდე ნაგავს ვერ ვამჩნევდი, ზოგი სიკვდილამდე ვერ ამჩნევს, და ვიყავი ბედნიერი, ვიყავი სამოთხეში, და იქ ვირთხებს ბაჭიებისგან ვერც ვარჩევდი, მათთან მინდოდა თამაში, მაგრამ არ მიშვებდნენ…
თექვსმეტსართულიან სახლში ვცხოვრობთ, მეხუთე სართულზე. მთელი თერთმეტი სართულის ნაგავი ჰაერში მოფრინავს, ჩვენს ფანჯრებს ჩაუქროლებს, ძირს, ქვემოთ, ბრაგვანს მოადენს, ვირთხებს გულს დაუხეთქავს, მერე აღტაცებაში მოჰყავს. თუ ფანჯრიდან თავი გაქვს გაყოფილი, ზედ დაგასკდება…
თორმეტი წლის რომ ვიყავი, თავი მქონდა გაყოფილი ფანჯრიდან, გადაყუდებული ვიყავი და უცებ კეფაზე დამასკდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა დამემართა, თვალთ დამიბნელდა, მერე ვიხრჩობოდი, ჯერ მეგონა, რომ ჩემს ნარწყევში, თვალები დაპირი მქონდა ამოლესილი რაღაც მძაღეთი და აყროლებულით. ქაღალდის პარკი ჩემს კეფა-კისერზე გადამსკდარიყო, და შევიცანი: ამძაღებული აჯაფსანდალი, შიგ არეული დამპალი სოუზი, თავისი ხორცებით, ძვლებით, ქალის თმებით და ა.შ.
დედაჩემმა თავ-პირი ჩამომბანა აბაზანაში, ამოვისუნთქე, თვალში გამოვიხედე, სამუდამოდ, სამარადჟამოდ… მერე ვიდექი აბაზანაში, წყლის ქვეშ, უაზროდ, რამდენ ხანს, არ ვიცი, დამეწყო სპაზმა, წელში მომხარა, მუცელზე ხელებს ვიხვევდი, მერე გამიარა, მერე მხრებზე ვიჭერდი ხელებს, მერე ჩემს ასოს ჩავეჭიდე, სასოწარკვეთილი, როგორც საჭეს, როგორც მანქანის სიჩქარეს… მერე გავითიშე, სასიამოვნოდ, სამარცხვინოდ, ძლიერად…

მაგრამ მერჩივნა, შინ არ ყოფილიყო, არ დავენახე, როგორ დამეცა, ამით რაღაც უფრო უარესი მოხდა, შინ რომ იყო დედაჩემი და ღმერთს მადლობას ეუბნებოდა, რომ გადავრჩი, რომ “ფუძე” არ დამიზიანდა, ხუთი კილო მაინც იქნებოდა, ნაგვით სავსე პარკი, “ფუძე” ყოფილა რაღაც, სადღაც კეფასა და კისერს შორის, მადლობას ეუბნებოდა, რომ ეს “ფუძის ძვალი” თუ “ძვლის ფუძე” არ დამიზიანდა, ეს “ფუძის ძარღვი” რომ არ გამიწყდა… იმ წუთას კინაღამ ვიწამე ღმერთი, ისე ძალიან შემჯავრდა. ხომ არ შეიძლება, არარსებული გეჯავრებოდეს ასე საშინლად, კბილების ღრჭიალმდე, შემეშინდა კიდეც, რომ ჩემს სიძულვილს არ გაეჩინა, მერე რაღა უნდა მექნა, არსებულს იმაზე მეტად ხომ ვეღარ შევიძულებდი, ვიდრე ამ წუთას არარსებული მწამდა. ამდენი სიძულვილისთვის ენერგია აღარ მყოფნის… და დედაჩემი რომ პირჯვარს იწერდა, სანთელი რომ დაანთო, რომ ალოცდა – ვუთხარი, რომ თუ კიდევ დასძრავდა კრინტს და ახსენებდა “ფუძეს”, “ღმერთს”, “მადლობას” და “გადარჩენას”, იმის ხატს გარეთ გადავუძახებდი, ვირთხებთან. გაჩუმდა.

იმ დღეებში მაგარი სპაზმები მქონდა, ხან ღვიძლში, ხან ყელში, ხან კუჭში, ე.ი. მიდი-მოდიოდა, ე.ი. სპაზმები, წელში ოთხად მოკეცილი ვიჯექი და ასე დავრჩი.

დამჩემდა იდიოტობა, შემიყვარდა მამაჩემის სანადირო თოფი, რომელიც მანამდე არც მახსოვდა, უფრო პატარას კი მეჯავრებოდა. რადგან ხშირად, კვირა საღამოობით მოათრევდა ხოლმე მკვდარ იხვებს, ერთს ან ორს, მერე აპუტინებდა დედაჩემს, და ვჭამდით მთელი კვირა, ერთს – ახლად მოკლულს, მეორეს – მაცივარში გაყინულს. ერთხელ იჩხუბეს. დედაჩემმა იხვის გაპუტვა დააგვიანა, მამაჩემი ისედაც დაბოღმილი იყო, რომ ერთზე მეტი ვერ მოკლა, დაავლო ხელი და გადაუშვა ფანჯრიდან. დაენარცხა, ქვემოთ, ერთმანეთზე დაწყობილ ბლოკებზე, თოვლით რომ იყო დაფარული. შაერთოდ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული, და ეგდო თავგადაგდებული, ჭრელი იხვი, თოვლზე, რომელიც მისმა სისხლმა წითლად შეღება მუცელთან…

ახლა ალბათ კენგურუებს ხოცავს ახალ ზელანდიაში, თუ ავსტრალიაში, აზრზე არა ვარ, კენგურუები სად ცხოვრობენ. შეიძლება პატარა, გარეულ ჭრელ მამლებს ხოცავს, არ ვიცი, დიდი ხანი აღარ მოუწერია, თუმცა დაუხატავენ თოფს! თუმცა შეიძლება ცოლმა უყიდოს, მულატმა ჟანამ, შეიძლება ნახევრად შავი ნახევრძმაც მყავს უკვე, ან ნახევარდა, არ ვიცი და ფეხებზე მკიდია…

მაშასადამე, ვიჯექი გარდერობში, სადაც თოფი ეკიდა და ვფიქრობდი ერთ რამეზე, ერთადერთ რამეზე, როგორ დამედგინა, ვინ ისროლა ნაგავი, როცა თითქმის ყველა ფანჯრიდან ყრის, მითუმეტეს ახლა, როცა ბუნკერი გაჭედილია. ნაგავი უკვე მეთექვსმეტე სართულამდეა აზვირთებული. ჭიაყელები უმვე გარეთ მოცოცავენ… მხოლოდ ის მაძლებინებდა, რომ განუწყვეტლივ ვფიქრობდი, და ვხედავდი, როგორ ვიდექი ქვემოთ, ბეტონის ბლოკების პოსტამენტზე თოფით ხელში, და როგორ ვესროდი სათითაოდ ყველა ფანჯარას, როგორ ვამსხვრევდი ყველა სართულის შუშებს, როგორც ურჩხულის თვალებს… როცა ფიქრი ფიქრით მეღლებოდა, როცა ისევ ვეღარ ვუძლებდი, ისევ ქვემოთ ვიწყობდი ხელებს, ვუჭერდი ჩემს ასოს და ვირხეოდი და ბოლოს ვითიშებოდი, საუბედუროდ მხოლოდ წამით, და მერე ვტიროდი…

ტელევიზორს საერთოდ ვერ ვუყურებ, მაშინვე სპაზმი მეწყება. ახლა აღარც მუშაობს, დენის თამაშმა გადაწვა. მაგრამ როცა სხვების რადიო-ტელევიზორებიდან პრეზიდენტის ხმა შემომესმება, მაშინვე დამეძგერება სპაზმი, პირდაპირ ელენთაში და, რა თქმა უნდა, მაშინვე წელში ვიხრები. მეჯავრება, რადგან არსებობს. რომ იცოდეს, როგორ მეჯავრება შეიძლება შევყვარებოდი კიდეც, რადგან, სხვას ვის უსკდება აბა ელენთა მაგის გამო. სხვებსაც უსკდებათ რაღაცეები, მაგალითად, კუჭი ან ბრმანაწლავი, მაგრამ ისე, თავისთავად, ე.ი. ფიზიკურად, მე კი სულიერად და ფიზიკურად, არის ამაში რაღაც თანამედროვე! ღაღაც გონებამახვილური! მაგრამ მან არ იცის, რომ მე ვარსებობ, მას აღარც კი ახსოვს, რომ ჩვენ შეიძლება ვარსებობდეთ და მისი ხმის გაგონებაზე ელენთები გვისკდებოდეს. ისინიც მეჯავრება, ვისაც პრეზიდენტი ეჯავრება, ან უყვარს, პარტიულები, უპარტიოები, კავშირელები, გუნდელები, ჯგუფელები, უგუნდოები, უკავშიროები, მეჯავრება ლტოლვილებიც და თბილისელებიც, რომლებსაც ერთმანეთი ეჯავრებათ, და საერთოდ უმეტესობას უმეტესობა სძულს.

უნდა მივაღწიო იმას, რომ აღარავინ აღარ აღვიქვა. ახლა ამაზე ვმუშაობ, თორემ ჩემი შინაგანი უკვე ვეღარ უძლებს, ყელზეც უკვე ძარღვები ამომაჯდა… საერთოდ, გზაჯვარდინზე ვდგავარ, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ჯერ ისევ იმაზე: თურმე ამ ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია, მწერლებიცა ჰყავს, პოეტებიც, მუსიკოსებიც, მხატვრებიც, ხელოვნების ფუტკრები… და თან ბლომას, ისე რომ ცვენაა და თან ყველა ამაყია ამით, და პირველ რიგში, თვითონ ხელოვანები. აი, ესენი მძულს ყველაზე მეტად, პრეზიდენტზე მეტად, პარტიულებზე მეტადაც, ესენი, რომლებიც რაღაცეებს ქმნიან “სულისთვის”…
არაფერი არ მაქვს წაკითხული, ბავშვობაში კინაღამ შევცდი და წიგნებში შევტოპე, რაღაცეები წავიკითხე: “საიდუმლო კუნძული”, “ადამიანი-ამფიბია”, “პოლი და ვირჯინი”, “უკანასკნელი მოჰიკანი”, “ელგუჯა” და რაღაცეები, მომეწონა, მაგრამ მერე სპაზმი დამემართა, მაგათ გამო კი არა, ჩემს გამო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი თავის გახსენებაზე მაშინვე სპაზმი მემართება, პირდაპირ თირკმელში. ეს თავისთავად იგულისხმება. გამოვერკვიე და ავუკრძალე ჩემს თავს წიგნების კითხვა. ვინც ნაგავში ზის, იმან უნდა დაიყვიროს და მენაგვე გახდეს. როცა ნაგავში მღერის, ცეკვავს, უკრავს და ლექსებს წერს – ხდება მომღერალი, მოცეკვავე, მოშაირე, დამკვრელი, დამკვრელური ნაგავი!

მოიცათ, უკვე სპაზმი მაქვს… სოლივით ჩამესო თირკმელში, ვეღარ ვსუნთქავ… წელში ვიხრები…
არა მარტო თვითონ სხედან ამ ნაგავში, სხვებსაც იწვევენ, უცხოელებს და ერთად მართავენ ფეკალურ ფესტივალებს, სცენებზე, მოედნებზე, რიყეზე, ბლიყვეზე, ხელებს ერთმანეთისკენ იშვერენ, თვალებს ერთმანეთს აპყრობენ და მღერიან:აააააა! დარდუბალა!

მეჯავრება უცხოელებიც, იმიტომ რომ აქ დაეთრევიან, ბევრს იცინიან, ყველასთან მეგობრობენ, ვინც კი მოხვდებათ, გვაქებენ, ტკბებიან, ფულს აკეთებენ, ფულსა და საჭმელს გვტენიან და ჩვენს ვირთხებს ასუქებენ, რომლებიც დიდი ხანია, გასცდნენ კურდღლის სიდიდეს, მალე თხისხელები გახდებიან, მერე ვირისხელები… ყველას არ ეხება, ყველა უცხოელს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს…

და დედაჩემი იყო ქართულის მასწავლებელი, აზრზე მოდი, და იყო ამაყი, როგორც ყველა ქართველი, რომელიც თავის სიამაყითაც ამაყობს. ახლა პორნო ჟურნალ-გაზეთებს ყიდის დეზერტირის ბაზრობაზე და რცხვენია და იტანჯება, რადგან “იდეას” თუ “სინდისს” ღალატობს. თავიდან წიგნებს აყიდვინებდნენ მაღაზიაში, იმ წიგნებს, რომლებსაც თვითონ უჭედავდა თავში ბავშვებს მთელი თხუთმეტი წელი, მაგრამ არცერთი მისი საყვარელი მწერალი და ქართველი ერის სიამაყე არ იყიდებოდა. მისცეს პრონოგრაფიული პროდუქცია და დასვეს ბაზრობაზე, ახლა ავრცელებს “ორგაზმს”, “სექსს და სისხლს”, “მე-შენ-ჩვენს” (ანუ ჯგუფურ სექსს), “დიად აქტს”, “ე და ვა”-ს (პენისს და ვაგინას), “ელდორადოს”, ჯერ უარი თქვა და დაჯდა შინ, მერე კუჭი ხერხემალს რომ მიგვეკრა, -იკადრა ბაზრობაზე გასვლა. სირცხვილისგან გაუჩნდა ნევროზი, ნევროზისგან – კოლიტი, კოლიტისგან – არითმია და ა.შ.

მე დავდექი ტაბურეტზე, ხელები გავიწოდე მისკენ და შევღაღადე: “ქართველო ქალო! დედავ ქართლისავ! ნუ იტანჯები! შიმშილისაგან სპაზმები არ მემართება! იჯექი შინ! ხოლო თუ ხარ, იყავი იქ! და თამამად მიაწოდე შენს ხალხს ის, რაც სწყურია! და იყავი ამაყი. ამის საფუძველი ახლა უფრო გაქვს, ვიდრე ადრე გქონდა, იმ შენს სკოლაში, რადგან ახლა არ იტყუები და არც სისულელეებს აფრქვევ და მართლა იტანჯები და ემსახურები მშობელი ხალხის გამოყვანას სექსუალური პალეოლითიდან. ო, დედავ ჩემო, ო! ო! ო! – და რაღაც ეგეთები…

თავიდან ცოტა წესიერ ჟურნალებს აწყობდა ზემოთ, რომელთა ყდებზეც მარტო წინ გადახრილი შიშველი ქალები ეხატა, უკან გაბზეკილი უკანალებით. მთლად აწყვეტილებს კი ქვემოთ მალავდა, მაგრამ აღარ ეყიდებოდა. მალე მოიწყინა ხალხმა მარტო შიშველი ქალები, და შეფმაც უთხრა, შენს მარიფათზეა დამოკიდებული შენი შემოსავალი და აბა მე რა გიყოო, ბიზნესი- ბიზნესია, თუ ვერ ყიდი, სხვას მოვიყვანო და იმანაც იკადრა და გამოაჩინა ყველაფერი: ქალი ქალთან, კაცი კაცთან, ერთი ორთან, ორი სამთან, ყველა ყველასთან და გაიჩარხა საქმე, სულ იტაცებენ. ცოტა, რაც რჩება, შინ მოაქვს და ტახტის ქვეშ მალავს, ვითომ მე რომ ვერ ვნახო. თახტთან, კედელზე ღვთისმშობლის ხატი უკიდია. Mმართალია, კოლიტი, ტახიკარდია, ისტერია გაუძლიერდა, მაგრამ, სამაგიეროდ, აღარც ისეთი მედიდურია და ზემოდან ვეღარავის ვეღარ უყურებს. და არ იცის, რომ ეს დიდი მიღწევაა, თუნდაც ქრისტიანული აზრით და რომ მადლობელი უნდა იყოს, რომ მის პატივმოყვარეობას (ცოდვათა დედას თუ მამას) “ფუძე” გამოეცალა. აუ! აუ! აუუუუ!

ჩვენს ზემოთ ორი მაგისი ყოფილი მოსწავლე ცხოვრობს, ერთი ჩეკისტი და ერთი მღვდელი, ალბათ ესეც ჩეკისტი იყო ადრე, მაგრამ, ფეხებზე მკიდია. ჩეკისტი უფრო წესიერია, ნეილონის პარკით აგდებს ხოლმე ფანჯრიდან ნაგავს, მღვდელი და მისი ცოლი – უპარკოდ. ნაგავს დედაჩემიც ყრის ფანჯრიდან. მით უმეტეს ახლა, როცა ბუნკერი ისევ გაჭედილია და ასე დარჩება შემდეგ წარღვნამდე… თავიდან ისე ყრიდა, რომ მე არ დამენახა, ინსტიქტით გრძნობდა ჩემს მგრძნობიარე ანუ ტრამვულ დამოკიდებულებას ფანჯრიდან გადასროლილ ნაგავთან… მე შემეძლო მეთქვა, შემეგინებინა, ან შეუგინებლად, რომ ეს არ გაეკეთებინა, და აღარ გააკეთებდა, ყოველ შემთხვევაში, მე ვეღარ დავინახავდი, მაგრამ როგორღა შევიცნობდი ჭეშმარიტებას! მე მიღირს ვჭვრეტდე დედას – ნაგვის ფანჯრიდან მტყორცნელს, მით უფრო მას შემდეგ, რაც მის მხოლოდშობილ ძეს ასე ნატყორცნმა ნაგავმა “ფუძე” დაუჟეჟა, სინამდვილეში კი გადაუმსხვრია! მე ნაგავს არ ვყრი ფანჯრიდან, მაგრამ არც ჩამაქვს, ე.ი. სადისტი ვარ.

შემხვდება თუ არა ჩვენი მღვდელი ჩვენს ბინძურ კიბეზე, მაშინვე სპაზმი მეწყება, პირდაპირ ფილტვში, ე.ი. სუნთქვა მეკვრის, ხელებს ტანზე ვიხვევ, წელში ვიხრები, პირს ვაფჩენ, თვალებს ვკარკლავ… ძალიან ავადმყოფად მთვლის, დარწმუნებულია, მალე მომეღება ბოლო, და მაშინვე პირჯვარს მწერს და ბუტბუტს იწყებს… ღირს კი, რომ როგორმე წყნარად ავუხსნა ამ ბედოვლათს, რომ სპაზმებს თვითონ მმართებს? ერთხელ ძალიან ავვარდი, გადავედი ჭკუიდან და სპაზმის მარწუხებიდან გამოვუცერი: თუ კიდევ გადამწერთ პირჯვარს და მოჰყვებით მაგ კრეტინულ ბუტბუტს, იქ გიკბენთ, სადაც სპაზმი მეწყება, ე.ი. ფილტვში-მეთქი. მაშინვე დამიჯერა, თუმცა ფილტვში კბენა პრინციპში შეუძლებელია, ფერი დაკარგა, რადგან სიმწრისგან ვიკრუნჩხებოდი, უფრო სწორედ ვისპაზმებოდი.

დედაჩემმა გამოცდას ვერ გაუძლო, რომლის აზრიც მისი ბრიყვული ანუ ქართული მედიდურობის დაძლევა იყო, ხალხის ბრიყვულ შეხედულებებზე ამაღლება, ე.ი. რელიგიური მიზანი, და გაიკეთა მზის მუქი სათვალეები და თავზე პარიკი დაიდო. შინ რომ ბრუნდება ბაზრობიდან, გამწარებული, სათვალესა და პარიკსაც იმ ჩემოდანში ყრის, ტახტის ქვეშ, ხო გითხარით. Oორჯერ შემაგინა კიდეც დედა… მივესალმები გულახდილობას…

ცუდადა ვარ.

მაგრამ მოგატყუეთ. ერთადერთი რამ მიყვარს, თანაც ძალიან. როცა პირველად დამემართა, ჩემივე წყალობით, ე.ი. სხვისგან დამოუკიდებლად(ჩვენი ქვეყანაც ხომ დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა, რა შუაშია…), ხო, უკვე გითხარით, იქ გარდერობში, რაღაცას, ღმერთისმაგვარს, მადლობაც ვუთხარი გულში, რომ ეს არსებობდა. მიყვარს, იმიტომ კი არა, რომ სასიამოვნოა, არამედ… იმიტომ რომ, მხოლოდ მაშინ ვითიშები, ტვინი მიცარიელდება, ვაფშე ვცარიელდები, სულ მარტო ვრჩები, ჩემი თავის ამარა, კრისტალივით, თუმცა კრისტალი რა შუაშია, მოკლედ ეს დამპალი სამყარო სულ გადის ჩემგან, ჩემიანად, და აღარაფერი არსებობს სიცარიელის გარდა, აღარც სიძულვილი, რადგან აღარც მე ვარსებობ, არსებობს მხოლოდ სისუსტე და სიცარიელე… ერთი ორჯერ კინაღამ ღმერთის არსებობაც ვიწამე ამ სიცარიელის გამო… ღვინოს ვერ ვიტან, არაყს მითუმეტეს, ღვიძლს მატკიებს, თან, როცა ვსვამ, სულაც არ ვითიშები, პირიქით, მთვრალი უფრო ვივსები, ყველანაირი ნაგვით, ძილშიც, ე.ი. როცა მთვრალი ვიძინებ, ჩემი ძილიც მურტალი სიზმრებით ივსება, ფხიზელი როცა ვიძინებ-არა. მაშინ არაფერია ძილში, გარდა ძილისა და სიბნელისა. ერთხელ ისეთი იდიოტობაც კი მესიზმრა, სწორედ არყით ვიყავი მთვრალი, რომ ვითომ პრეზიდენტი მამაჩემი იყო და მწყრებზე ნადირობდა, და იმის მეძებრებს ჩემთან მოჰქონდათ სისხლიანი მწყრები და ვითომ მე უნდა მეჭამა, მაგრამ, ვხედავდი, რომ სულ საფანტით იყვნენ დაცხრილულები, დაფლეთილები და ვერც გაპუტავდი, და გული მერეოდა, და საერთოდ, არ მშიოდა, ოღონდ, ველოდებოდი, როდის მორჩებოდა ნადირობას და როდის მოვიდოდა ჩემთან, რადგან ვიცოდი, რომ საცაა სპაზმი დამეწყებოდა, პირდაპირ გულში და მეშინოდა, და მინდოდა, ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ ის აღარ ამთავრებდა ნადირობას, მთელი მინდორი დაცხრილული მწყრებით იყო სავსე, აი, ასეთი იდიოტობა…

სკოლაში მარტო ზამთარში დავდივართ, როცა ჩვენს მეტი არავინ დადის. სითბოში გვერხევა, არ ვიცით, სად წავიდეთ. ზამთარში ვიკეტებით ჩვენს კლასში, მე-93-ში. ვიდრე წიგნები იყო, იმით ვახურებდით კლასის ფულით ნაყიდ თურქულ ღუმელს. ბიბლიოთეკა დირექტორმა და მასწავლებლებმა გაცალეს, გაიტანეს, რაც იყო, და გაყიდეს, ხო გითხარით, რომ დედაჩემი ამ სკოლაში ასწავლიდა, თუ არ მითქვამს, ჰო, მისი შეფი სწორედ ჩვენი დირექტორია, ე.ი. ნაწილი შინ წაიღეს, ღუმელში დასაწვავად და ტუალეტისთვის. თუალეტის ქაღალდი ხო ძვირია, და ჩვენი უფროსი თაობის უკანალები სულაც არ უფრთხიან გაზეთებს და წიგნებს. ყოველთვის მიკვირდა, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ წიგნების უმეტესობა პრინციპში თხელ ქაღალდზეა დაბეჭდილი, კიდევ კარგი, ჰოდა, მადლობა უთხრან იმ თავიანთ “საბჭოთა პერიოდს”, რომელაც ისინი “კარგ დროს” ეძახიან. მოკლედ, რაც დარჩა იმ ბიბლიოთეკაში, ის ჩვენ დავწვით. “განმარტებითი ლექსიკონი” ბოლოსთვის შემოვინახეთ, მერვე ტომიც რომ დაიწვა, ნანამ თქვა, ნეტა ქართულ ანბანს ასი ასო ჰქონოდაო. ასო რა შუაშიაო, ოთომ, უნდა გენატრა, რომ ქართულ ენას უფრო მეტი სიტყვა ჰქონოდაო. მურტალი ის არის, რომ წიგნებისგან ბევრი ფერფლი გროვდება, და მერე, როცა ღუმელის კარს აღებ, ჰაერში დაფრინავს ქაღალდის შავი ფერფლი და იატაკას ეფინება, ჩვენც გვეფინება, როცა იატაკზე ვწევართ, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას… მერე მივაყოლეთ რუკები: სსრკს-ს, საქართველოს, მსოფლიოს რუკები, გეოგრაფიული, ფიზიკური, პოლიტიკური და ყველაფერი, ბოლოს გლობუსი, ჯერ შუაზე გავჭერით, საზამთროსავით, მერე დავამტვრიეთ და შევუკეთეთ. პრიალა რუკები ხრჩოლავდა, არაპრიალა – არა. ღუმელის კარიდან ვუყურებდი, როგორ იწვოდნენ სახელმწიფოები, მთები, ზღვები, ოკეანეები, საქართველო… მერე დავწვით საკლასო ჟურნალები, საკონტროლო წერის რვეულები, მთელი დასტები იყო სხვენზე, აბლანუდებში, მერე დავამტვრიეთ კარადები, ისედაც დამტვრეული სკამები. კარგი სკამები, მერხები და სამასწავლებლოს მაგიდა-სავარძლები უკვე გაყიდული იყო… დარჩენილი, დაბრედილი მერხების დამტვრევის თავი აღარ გვქონდა… და მერე ძირს ჩვენ პალტოებს ვაგებდით, ე.ი. ბიჭების, სამნი ვიყავით, ზემოდან გოგოების პალტოებს ვიფარებდით, ისინიც სამნი იყვნენ, მერე შინიდან მოვიტანეთ რაღაცეები, თამრიკომ ადეალა, ნინომაც. როცა მივდიოდით, სხვენში ვმალავდით, მოკლედ, არა გვიშავდა, სახლებთან შედარებაც არ იყო, შინ ყველანი ვიყინებოდით. ნინოს თერმოსით ცხელი ყავა მოჰქონდა, შოკოლადიც, ათასში ერთხელ კონიაკიც, მაღაზიაში იპარავდა. ეს მაღაზია მაგათ ბინაში იყო, ორივე ოთახი მიაქირავეს მეზობელს, რომელმაც ყველაფრის მაღაზია გახსნა, თვითონ სამზარეულოში შეიკუჭნენ, ნინო და დედამისი, და ახლა ერთ ტახტზე სძინავთ. მაგნიტაფონიც გვქონდა, ბატარეებზე, ბატარებსაც ნინო იპარავდა.

თავიდან სკოლის დარაჯი გადაგვეკიდა, არ უნდოდა ხოლმე ჩვენი შემოშვება, გიჩივლებთო, ერთი-ორჯერ კლასის კარზე ბრახუნიც კი აგვიტეხა. ფულს არ ვაძლევდით.

სხვებს მარტო ფულით უშვებდა, ოღონდ ღამღამობით. ბოლოს ვუთხარი, ფული არა გვაქვს, ოღონდ სახლში მაქვს რევოლვერი და ტყვიები-მეთქი. სწორედ სპაზმი მქონდა იმ მომენტში, აღარ მახსოვს, რაზე დამემართა, შეიძლება მახსოვა, მაგრამ ვიგრიხებოდი, კბილებს ვაღრჭიალებდი და შეუშვა თავში. დამიჯერა და შეგვიშვა, რა თქმა უნდა, მოვატყუე, ტყვიები კი მქონდა, მაგრამ თოფის, სანადირო თოფის, ხო ვთქვი უკვე, რომელ თოფზეც არის ლაპარაკი, რევოლვერს ვინ დამიხატავდა…

პრეზერვატივს მარტო მე ვხმარობდი. ყველანი დამცინოდნენ, რად გინდაო, ჩვენ მარტო ერთმანეთთან ვიყავით “რად გინდა თავს რომ იცავო” – პირველად ოთომ მითხრა, და სპაზმი მომივიდა, თუმცა, წინასწარ ვიცოდი, რომ დამცინებდნენ. მეზობელს ვპარავდი, შვილი უგზავნის საიდანღაც, მესამე თუ მეათე სამყაროდან, მგონი, მეორედან, არ ვიცი, მოკლედ უგზავნის, რადგან იქ იაფო ყოფილა და გამოსაგზავნადაც ადვილია, წონა არ აქვს და არაფერი. ასეთები არავის არა აქვს თბილისშიო – ამბობს ჩემი მეზობელი და ბერავს ხოლმე, ერთს, ნახატებიანს, სარეკლამოდ გადიდებულს, ძალიან ადვილად იბერება და რაც მთავარია სასიამოვნო სურნელებას აფრქვევს. სურნელოვანი და ფერადი არავის აქვსო… მეზობლები მაგასთან ყიდულობენ, თუმცა ძვირად ყიდის, ერთს-40თეთრად. ესეც “სულიერ ტანჯვაშია” დედაჩემივით, რადგან “იდეალს” ღალატობს, უნივერსიტეტის დოცენტი იყო, ახლაც კითხულობს ლექციებს, მგონი კვირაში ერთხელ, ან ორჯერ, არ ვიცი. ჭრელებს და ნახატებიანებს არ ვპარავ, ნერვებს მიშლის, ვარდისფერებს ავწაპნი ხოლმე. მაშასადამე იტანჯება, “შელახული ღირსების გრძნობა” აწუხებს. ერთხელ, რომ ბერავდა, ტირილიც კი წასკდა, მგონი მთვრალი იყო. მე კი შევდექი სკამზე და შევღაღადე: “ქართველო კაცო! მამავ ქართლისა! ნუ იგვემები. აღივსე თავმდაბლობით და ახალი ღირსებით: ადრე შენ ნორჩ სულებს თავში უტენიდი რაღაც იდეებს, “კლასთა ბრძოლას”, “ნეპს”, “გოელროს” და იყავი ამაყი სრულიად უსაფუძვლოდ, ახლა კი არის უკვე გაერო, დემოკრატია, კაპიტალი და ქრისტიანობა და შენ ემსახურები ცივილიზაციას, ჰიგიენას და ადამიანობას, და გიხაროდეს, ო! ო! ო!” – შენ მართლა ავადა ხარო, მითხრა, მღვდელი რომ მეუბნებოდა, არ მჯეროდაო, “გუშინ დედაშენმა იყიდა ათი ცალი, ჭრელები არ უნდოდა, ვარდისფერები წაიღოო”

მე სპაზმი არ დამმართვია და სკამიდანვე გავაგრძელე: “ამ ამბავში მე მხოლოდ ის მიკლავს გულს, რომ ყოფილი პედაგოგი ისეთ ვიღაცას გადაყრია, რომელსაც ტავდაცვის საშუალებებიც თვითონ უნდა უყიდოს, სხვაფრივ მხოლოდ მივესალმები, და მხოლოდ ის შემიძლია ვინატრო, რომ იქვე არ იყოს მისი სიყვარულის სარეცელი გაშლილი, იმ ბაზრობაზე, სადმე აყროლებულ ჯიხურში ან საწყობში, ყუთებს, მაცივრებსა და უნიტაზებს შორის, სადაც ვირთხები დაშლიგინობენ… მაგას ჯობია ჩვენი სკოლის შენობით ისარგებლონ”

მოკლედ, “თავს მხოლოდ მე ვიცავდი”, ერთხელ არ მქონდა და ნანას შევეხვეწე, ზემოდან შენ იყავი-მეთქი. ძლივს დავიყოლიე, არ უყვარს ზემოდან. არაო, ქვემოთ მეო. თამრიკოს და ნინოს უყვართ, და საერთოდ ყველაფერი კარგად გამოსდით. თავიდან კინაღამ სპაზმი დამემართა, ერთმანეთში რომ ავირიეთ, მაგრამ მერე ვაღიარე, რომ სწორია. არავის არ უნდა მიეჩვიო. არავინ არ უნდა დაისაკუთრო. ერთი ერთზე ძალიან ძნელია, საერთოდ ცხოვრებაში, აღარავის არა აქვს ამის თავი, მარტო იყ ვინმესთან პირისპირ, და მთელი პასუხისმგებლობა შენ აიღო, აზრიც არა აქვს ორის მარტო ყოფნას, შეუძლებელია, საერთოდ, ცხოვრებაში. როცა ღუმელს ვათბობდით, შიშვლები დავრბოდით ხოლმე კლასში, ვცეკვავდით, ე.ი. ვთამაშობდით. “განმარტებითი ლექსიკონი” რომ იწვოდა, მაშინ რაღაც მართლა მაგარი ცეკვა გამოგვივიდა, რაღაც ველური, აღტკინებული და ლამაზი. ნინოს აზრიც კი გაუჩნდა, დაგვედგა რაღაც პირველყოფილი ცეკვა, რაღაც “აუხსნელი და განუმარტავი” და გავმხდარიყავით შიშველი ცეკვების ავანგარდისტები. დარწმუნებული იყო, წარმატებას მოიპოვებდა ჩვენი დასი, სადღაც, რაღაც თბილისურ “ანდერგრაუნდში” და ბოლოს ფულსაც ვიშოვიდით.
ჰო, არავისტან არ უნდა დარჩე მარტო, ორნი, პირდაპირ. მთავარია ორგაზმი. გათიშვა, წამიერი დასვენება. ეგ იყო, რომ ნანასთან მალე მოდიოდა ეს ამბავი და დიდხანს მიგრძელდებოდა, თუმცა ყველაზე მოუხერხებელი ნანა იყო, მოუხერხებელი და უგერგილო.

მაგრამ მერე შინ მივედი. ნანას დედაც ბაზრობაზე ზის მთელი დღე, ბრიტვებს და ლიფებს ყიდის. ნანას ძმა უგზავნის საიდანღაც, პირველი თუ მესამე სამყაროდან, მგონი პირველი განვითარებულ სამყაროს ჰქვია, მეორე – ნაკლებად განვითარებულს და მესამე – განუვითარებელს, აზრზე არა ვარ, პრინციპში ფეხებზე მკიდია, იქ ძალიან იაფად ყიდულობს თურმე და მერე ატანს, ამანათებითაც აგზავნის, ფოსტა უკვე მუშაობსო, ნანამ. ადრე დედამისი რაღაც “კვლევით ინსტიტუტში” მუშაობდა. ღას იკვლევდა-მეთქი, არაფერსო, ნანამ, მგონი ბაყაყებსო, პრინციპში არაფერს არ აკეთებდაო, წელიწადში ერთხელ იწყებდა წერას და რაღაც რუსული წიგნებიდან რაღაცას იწერდა და სამსახურში მიჰქონდაო. ადრე, ერთხელ რომ გაიპარსავდა ფეხებს, ბრიტვას აგდებდაო, ახლა ათჯერ რო გაიპარსავს, იმასაც აღარ აგდებსო, რეცხავს და ყუთში აგროვებს, და მერე იმათაც ყიდის, ძალიან იაფადო… მეზობლები ყიდულობენო… ნანას ფანჯრიდან ვირთხები არ მოჩანდნენ, თურმე მეზობლები შეთანხმებულან, სამასართულიანი სახლია, და სახლიდან მოშორებით ყრიან ნაგავს, რომ ვირთხებმა იქ ჭამონ და ახლოს აღარ მოვიდნენ. თაროდან ფეხსაცმელების ყუთი ჩამოვარდა, უკვე ერტად ვიყავით, ნანა – როგორც ყოველთვის ქვემოთ, თუმცა ახლაც ვეხვეწე, ზემოთ იყავი-მეთქი, თუმცა “თავს ვიცავდი”, მაგრამ ტახტი ლამის ისეთივე ხმელი იყო, როგორც ჩვენი კლასის იატაკი. ყუთი ჩამოვარდა და მთელი ბრიტვები ზედ გადმოგვეყარა… ბალიში, ტახტი, ნანს თმები, ყველაფერი ბრიტვებით დაიფარა, მაგრამ არ შეგვიწყვეტია, პირიქით, ძალიან აღვიგზენით, არ ვიცი, რატომ… ბრიტვებში ვტრიალებდით, ოდნავ გამეჭრა მუხლი, ზალიან ძლიერი განცდა იყო, დიდხანს გამიგრძელდა… ნანას, არ ვიცი… მერე ტახტის გადასაფარებელი გადავაძვრეთ, დავბერტყეთ და იატაკი რომ ბრიტვებით დაიფარა, ზედ დავრბოდით და ვცეკვავდით, და მგონი, კარგი ცეკვა გამოგვივიდა. მაგრამ, ბოლოს, ნანა ტახტზე ჩამოჯდა და გაჩუმდა… ტირილი დაიწყო… მერე თეფშს, გაზეთის ნაგლეჯი გადახადა და მოხარშული კვერცხი, პური, ბოლოკი და მდოგვი მაჭამა.

მეორე დღეს ისევ სკოლაში მივედით, სახლში უფრო შეგვცივდა… და ნანა ნიკასთან იყო ჩახუტებული. თამრიკო იჯდა, მუცელი სტკიოდა და ჩუმად იგინებოდა. დედამისთან უჩხუბია, უგნებია, გაურტყია კიდეც, პატარა დაც უცემია, ექვსი წლის, რომელიც ერთი კვირა ტიროდა, პრეზიდენტის ნაძვის ხეზე წამიყვანეთო. დედამისი მთელი თვე ატყუებდა თურმე, თუ ჭკვიანად მოიქცევი, პრეზიდენტის ნაძვის ხეზე წაგიყვანო, ახლა მისი ამხანაგი, მეზობლის ბავშვი მიდიოდა, საახალწლო კაბაც ჰქონდა, საგანგებოდ შეკერილი, და გაგიჟებულა თამრიკოს და, დილიდან საღამომდე ტიროდა, მერე იმ გოგოს კაბა დაუჭრია მაკრატლით, ამტყდარა სკანდალი, მეზობლებს დაულეწიათ ყველაფერი თამრიკოსთან, თამრიკოსაც დაულეწია, რაც დასალეწი დარჩა, დატაკებია დედამისს, რად ატყუებდიო, მერე ბავშვისთვისაც გაურტყამს… ნინო მოვიდა, გამარჯვებული სახით, კონიაკი დააძრო, მაგნიტაფონიც ჩართო, თამრიკომ დალია… ოთო არ ჩანდა…

ცუდად ვარ. უკვე ვთქვი, რომ გზაჯვარედინტან ვდგავარ. ეს გზები ჩემგან გამოდიან, როგორც მზის სხივები. სამი გზა ჩემგან გამოდის და იშლება. როგორც მარაო, როგორც ფარშევანგის კუდი. სისულელეა, რა შუაშია მზე და კუდი, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ძალიან მალე. ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. ეს სამი გზა ერთმანეთს გამორიცხავს, მაგრამ მე სამივე მინდა, სამივე ერთდროულად. სიგიჟეა. მაგრამ ამაზე ქვემოთ.

სიახლე ჩემს ცხოვრებაში! შევამჩნიე, რომ ვწყვეტ ნაგვის სიძულვილს. მგონი, ვბრძენდები: რომ არა ეს ნაგავი, მისი სრული სპექტრი, როგორ დავინახავდი მე ჩემს თავს! ჩემს ხალხს! ჩემს სამშობლოს! დიდება ხელისუფლებას, თუ არსებობს, რომ ნაგავი აღარ გაქვს! დიდება ქურთებს, რომ აღარ გვიან! მე ქურთები ყოველთვის მიყვარდა, აპოლოგიაც კი მინდოდა დამეწერა, თექვსმეტმარცვლიანი შაირით, რომ მარტო ეგენი გვიდნენ ყოველთვის, ახლა მინდა ხოტბა შევასხა, რომ აღარ გვიან. რომ არა ეს ნაგავი გარეთ, როგორ აღმოვაჩენდი ამდენ ნაგავს შიგნით.! რამდენი დრო დამჭირდებოდა! ახლა შეხედავ და უკვე იცი: “ნაგავი, ნაგავი ნაგავთა და ყოველივე ნაგავი არს”. მე დავწერ ნაგვის აპოლოგიას, აპოლოგიას ვირთხებისას, თექვსმეტმარცვლიანი შაირით. დიდება! აუ!

აუუუ…
–მაშასადამე კრუნჩხვები გაქვს? – მეკითხება მეთერთმეტე სართული. ამათ უყვართ შუაზე გაჭრილი საზამთროს კოვზით ჭამა და მერე ორივე ნახევრის ერთად გადმოშვება ფანჯრიდან.-არა, სპაზმები – ვცრი და ვათვალიერებ მეტერთეტესართულელ ზორბა ვირს.
-სპაზმები ქართულად კრუნჩხვებია, მაშ…
-მე კატეგორიულად გთხოვთ, მომეკიდოთ არაქართულად. “კრუნჩხვა” რაღაც მთლად მურტალია. ჯერ ეს “კრ”, მერე – “ნჩხვ”. თვითონ სიტყვა დაგმართებს კრუნჩხვას. Gაგახსენდება: “კრულვა”, “ჩმახვა”, “ნეხვი”, “ჩხავილი”, “კვრინჩხი”, ეს რა არის, არ ვიცი, მაგრამ იქმნება რაღაც მურტალი, ეკლებიანი, და “კინჩხი”, “მოგიტეხია კინჩხი და კისერი”, მოკლედ მთელი საქართველოა, მიკროსკოპულად. Mმე ისედაც მოტეხილი მაქვს კინჩხი და კისერი, წაწყვეტილი მაქვს ყინწი, მამალს რომ წააგდებინებენ ყინწს, და შეიძლება, თქვენ ბრძანდებოდეთ, ვინც ფუძის ძვალზე დამახეთქეთ დამპალი აჯაფსანდალი. აი, “სპაზმა”, თუ “სპაზმი’ უფრო რბილია, გლუვი, სრიალა, გაგახსენდება “სპერმა” და “აზმა”, და მე დავწერ სპაზმის აზმას და ორგაზმის აზმას, დავწერ ქურთების, ხელისუფლებისა და აქაური აჯაფსანდალის “აზმათ და შარავანდედთ” თექვსმეტმარცვლიანი, დაბალ – მარალი შაირით, როგორც გვასწავლიდა დედაჩემი, და უნდა მოგახსენოთ, დოქტორო აჯაფსანდალ! რომ მე მიყვარს ჩემი სპაზმები, მე პატივს ვცემ მათ, ისინი მიმტკიცებენ, რომ ცოცხალი ვარ. ვისპაზმები ე.ი. ვარსებობ! ე.ი. ჯერ მთლად არ გავნაგვებულვარ… არ გავაჯაფსანდალებულვარ… მე გადაწყვეტილი მაქვს, დავცხრილო თქვენი ფანჯრები. და ძალიან გამაბედნიერებთ, თუ ტავები ფანჯრებში გექნებათ გამოყოფილი, როცა მე ვიდგები თოვლით დაფარულ პოსტამენტზე, ქვემოთ, იარაღით ხელში, ხოლო თქვენთან, თქვენს ვირთხებიან კლინიკაში არ მოვალ, რამდენიც არ უნდა გეხვეწოთ დედაჩემი, და უმალ ღმერთის არსებობას ვირწმუნებ, ვიდრე იმას, რომ ერთი პაციენტი მაინც მოგირჩენიათ თქვენს აჯაფსანდალურ ცხოვრებაში… მინდა დაგამშვიდოთ და ისიც გაუწყოთ, რომ შეიძლება თავი მოვიკლა.

და აქ, დოქტორმა სანდალაჯაფმა, დაწეული, გამამაშვილებული ხმით გააკეთა რა მცირე შესავალი, მიდებ – მოდების შინაარსით დატვირთული, მირჩია საქმეს პრაქტიკულად მივდგომოდი ‘ამ დროში, ამ სიდუხჭირეში, ამ ბნელ ჩიხში” და თუკი ისედაც ვაპირებდი თავის მოკვლას, ჩემი შინაგანი ორგანოები გამეყიდა, ‘სხვატა გადასარჩენად, რომლებსაც სიცოცხლე უნდოდათ და კვდებოდნენ, და დედაჩემის სიკვდილამდე უზრუნველსაყოფად” და რომ… ამ საქმეში დამეხმარებოდა… “წინასწარი კონტრაქტი”… “ფული ბანკში”… “კეთილშობილური თავგანწირვა”… “სპაზმა” არ დამმართვია. დასაფასებელია პირდაპირობა და პრაქტიკულობა. თან რა გასაკვირია, რომ პოტენციურ მსხვერპლს უნდოდეს პოტენციური მკვლელის თვითმკვლელად გარდაქმნა და თან არა უბრალო, ბანალურ თვითმკვლელად, არამედ ადამიანთა სამსხვერპლოზე თავისი შინაგანი ორგანოების კეთილშობილ შემწირველად; მით უმეტეს თუ იგი, მეთერთმეტესართულელი ზორბა ვირი, დოქტორი აჯაფსანდალი ამით არა მხოლოდ მოსალოდნელ ტყვიებს აირიდებდა თავის ფანჯარაში, არამედ ბლომად მაყუთსაც გამოჰკრავდა ხელს. მაგრამ დიადი ის იყო, რომ მან ახალი იდეა, უფრო სწორედ, მეტაფორა, სიმბოლო შთამაგონა.

ახლა კი გზაჯვარედინი. მაშასადამე, სამი გზის წინაშე ვდგავარ. მინდა სამივეს დავადგე, მაგრამ ეს შეუძლებელია. მესამე ხსნის გზაა, ანუ ყველაზე ძნელი. ამაზე ბოლოს. პირველი უკვე იცით: მინდა შევდგე ბლოკების პოსტამენტზე და დავცხრილო თექვსმეტივე სართულის ფანჯრები. ამისთვის ავტომატი აჯობებდა, მაგრამ მე იმით უნდა დავკმაყოფილდე, რაც მემკვიდრეობით მივიღე, მამაჩემის სანადირო თოფით. მეორე გზაც უკვე იცით: მინდა თავი მოვიკლა. ერთი შეხედვით, პირველი და მეორე გზის გაერთიანება უმტკივნეულოდ შეიძლება. ჯერ დავცხრილო და მერე ბოლო ტყვია მე ვიხალო საფეთქელში, არა-პირში, იქვე, იმ თოვლიან კვარცხლბეკზე. მაგრამ რეალურად ეს შეუძლებელია. პირველი გზის აზრი, მთელი მთელი მუღამი, მთელი მარილი< იმაში მდგომარეობს, რომ მე მინდა დავტკბე ჩემი ნამოქმედარით, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, სადმე აყროლბულ საკანში, თუ არ დამხვრიტეს, თუმცა მგონი, სიკდილით დასჯა გაუქმებულია ჩვენს ჰუმანურ სახელმწიფოში, მით უკეთესი, ე.ი. უნდა ვიცხოვრო მოგონებით, ამ სურათით, ამ გაბრწყინებით: როგორ ილეწებოდნენ, იმსხვრეოდნენ ურჩხულის შუშის თვალები…

მესამე გზა ხსნის გზაა: მე მინდა გავხდე მენაგვე. ავიღო გრძელი ცოცხი, ჩავიცვა ქურთი ქალის კაბა, ჭრელ-ჭრელი დაპლისული ფესტივალი, შიშველ ფეხებე ქოშები, თავზე დავიმხო მეხანძრის ჩაჩქანი და დავიწყო დაგვა, ყოველ ცისმარე, მთელი დღე. ისინი თავზე დამაყრიან, დამცემენ, ჩამომანთხევენ ნაჭამ-ნათქვლეფს, დახვეულ თმებს, სისხლიან ტამპონებს, საზამთროს და ნესვის ქერქებს, ჩამომაფურთხებენ და მე, უხმოდ, უხმოდ, თავის აუღებლად დავგვი, დავგვი, დავგვი ჩვენი სახლის, სხვა სახლების შემოგარენს, შევაგროვებ, დავწვავ, ავაბრიალებ, ავაგიზგიზებ კოცონებს, თუ წყალი იქნა, გავრეცხავ ბუნკერებს, მათ წინ დამპალ, წვირიან მიწას… და ვიცი, რომ ისინი ბოლოს თვითონ დამიჭერენ, ყიჟინით, ჭყივილით, ჩხავილით, ჩხავილით, კრულვით, ღრიალით – “ჰომოსექსუალისტი!” “მამათმავალი!”, რადგან მე ხომ კაბას ჩავიცვამ, ქურთი ქალის დაპლისულ ფესტივალს, რადგან ვერ დავწერე ქურთების აზმანი დაბალ-მაღალი შაირით, შემიპყრობენ, წამათრევენ თავისუფლების მოედანზე, ჩემი ცოცხიანად, და დამწვავენ მე – უენო ფარშევანგს – რომელიც წვითა და დაგვით გვიდა და წვავდა მათ ნაგავს… და კაბას ხომ იმიტომ ჩავიცვამ, რომ ეს გრანდიოზული ექსპერიმენტი ჩავატარო და დავამტკიცო, რომ ესენი ნაგავს ვერ შეელევიან.

ნანა მოვიდა ჩემთან, შინ, არ უნდოდა სკოლაში წასვლა. არ ველოდი. მოხარშული კარტოფილი მოიტანა, კარაქი არ მქონდა, ისე შევჭამეთ, სინათლე არ იყო, წყალი არ იყო, ნანას პალტო არ გაუხდია.  გამოვათრიე დედაჩემის ჩემოდანი, ამოვყარე პორნო-ჟურნალები, რატომ, არ ვიცი, მგონი, რომ ვითომც გამერთო.  გულგრილად ათვალიერებდა. მერე მკითხა, რატომ გიყვარს ეს პოზაო, ქალი ზემოდან. არ მინდოდა სიმართლის თქმა, მერე მაინც ვთქვი: მაგ პოზაში თითქმის ნულოვანი შანსია დაფეხმძიმების, წავიკითხე-მეთქი. შემომხედა. გაჩუმდა. ხმას აღარ იღებდა. მე ვკითხე, სენ რატომ არ გიყვარს-მეთქი. არც იმას უნდოდა თქმა. მერე თქვა: იატაკი ისეთი ხმელია, სენ კი ასეთი გამხდარიო”. თვითონაც გამხდარია. სინათლე მოვიდა, დავეძგერე ქურას, ჩავრთეთ, დათბა. ჟურნალები იატაკზე იყო მოფენილი, გავიხადეთ, ზედ დავრბოდით და დავხტოდით, მაგრამ ცეკვა არ გამოგვივიდა. მზეც მოადგა ფანჯარას. უფრო დათბა. კალთაში ჩავისვი, შიშველ მუცელზე ხელები მოვხვიე. ხელებზე ხელები დამადო, დავწექით, ამ დროს წივილი შემომესმა. წამოვახტუნე, ფანჯარასთან მივიყვანე, “ვირთხები წივიან, ნახე”, ვეუბნები, შუბლი მიადო ფანჯარას, მე უკნიდან ავეკარი, ლოყით ლოყაზე მივეკარი… მუცელზე ხელები მოვხვიე, ქვემოთ, ნაგავში, ჩატეხილი ასფალტის ორმოებში, ორმოებიდან ვირთხები დახტიან და ზოგჯერ წივიან: “ჩვენი ვირთხები”, ვჩურჩულებ, “ქორწილი აქვთ”, “ქორწილი, ზამთარში?” – კითხულობს ნანა, რაღაცნაირად ნერვიულად, “რატომაც არა, ეგენიც ხომ შემოდგომას არ დაელოდებიან, მოსავლის აღებას, ყურძნის დაწურვას…” “სისულელეა, მგონი რაღაც დაეძგერათ”. ვირთხები წივილით დაშლიგინობენ, ძალიან აღვიგზენი. შაწოლთან მივიყვანე, მუცელზე ხელებშემოხვეულმა, ძალიან სწრაფად მოვიდა ორგაზმი, ძლიერად, გამიგრძელდა… ნანაზე პირიქით იმოქმედა ვირთხების ქორწილმა, იმათმა წივილმა, არაფერი არ განუცდია, მერე ტირილი დაიწყო… მუცელზე ვკოცნიდი, მერე ქვევით მივიკოცნებოდი, მაგრამ თავი მიიკრა მუცელზე და მერე ადგა… როცა წავიდა, სპაზმი დამემართა, თირკმელში, ე.ი. ჩემი თავის გამო. თირკმელი ჩემზე რეაგირებს. ვეღარ დავუზუსტე ჩემს თავს, რა შემეზიზღა, ჩემს საზიზიღრობას ძლიერად შევიგრძნობდი.
ექვსივემ დავიწყეთ ფულის შეგროვება ნანას აბორტისათვის, ნინომ ისევ აწაპნა კონიაკი მაღაზიაში და გაყიდა, ოთომაც რაღაც მოტეხა ბიძამისის კაზინოში, მგონი ვერცხლის საფერფლე. მე გავყიდე ბაბუაჩემის კომპასი, მამაჩემის საათი და დედაჩემის ღვთისმშობლის ხატი. ძლივს ეყო. ბევრს ითხოვდნენ. უკვე მეოთხე თვეშია და რისკზე მივდივართო, ჩვენს გარდა ხელს არავინ მოკიდებსო. ჯერ მინდოდა თოფი გამეყიდა, იმის ფული გვეყოფოდა, მაგრამ ამას დრო სჭირდებოდა, ესე ბაზრობაზე ხომ არ წავათრევდი, დრო კი აღარ ითმენდა, თან პირველი და მეორე გზა?!
-შენ რატომ იხარჯები ყველაზე მეტად, შენ ხომ სულ… თავს იცავდი…
-ყველაფერი სულერთია. არაფერს აზრი არ აქვს, ეგებ გაგეჩინა, რა მნიშვნელობა აქვს, ვთქვი მე.
დაიბნა: “მერე… მამა?”
-რა მნიშვნელობა აქვს… ყველანი ვიქნებით დედები და მამები, მე ვიქნები… რა მნიშვნელობა აქვს… მე ვიქნები მამა… თუ გინდა… ჩემთვის სულ ერთია(არადა, ბავშვი! აზრზე მოდი, ვის რაში ჭირდება…)
ნიკა დაიჭირეს. მეზობლის სარდაფიდან ნახმარი საბურავები მოიპარეს მისმა მეზობელმა ბიჭებმა, ნიკამ უბრალოდ მიასწავლა, მერე ერთი საათით თავის ბინაში შეუნახა… და ნიკა დაიჭირეს, ისინი ყველანი გამოუშვეს… ყველამ თქვა, ნიკამ მიგვასწავლაო… მაგრამ უცემიათ ყველანი… ნიკასთვის მუცელში ჩაურტყიათ წიხლი…

ნინო ავად არის. ოთო ნიკასთვის ჩალიჩობს. თეა ხან ნინოსთან მიდის, ხან მილიციაში ნიკასთან…
სამშობიაროში ვართ. ნანა ხელს არ მიშვებს. ფული წინასწარ გამოგვართვეს. ‘უთხარი, გამაყუჩებელი არ დამაკლონ, მთავარია გამაყუჩებელი ბლომად გამიკეთონ”, – მეუბნება. შევდივარ, როგორც რობოტი, ახალგაზრდა მემელოტ ექიმს ვეუბნები, რომ გამაყუჩებელი არ დააკლონ, ბრაზდება. უბნება ხნიერ ექიმ ქალს, ჯერ წესიერად არც გამოვსულვარ ოთახიდან: “ჯერ გაჟიმა და ახლა პრეტენზიები აქვს…”
დღეს დილიდან უკვე სამჯერ მქონდა სპაზმი. ახლაც მეშინია რომ დამემართება… საერთოდ მეშინია, ხმას არ ვიღებ. მინდოდა, კიდევ მეთქვა “რა მნიშვნელობა აქვს, ეგებ წავიდეთ”, მაგრამ ვერ ვამბობ, ხელს არ მიშვებს, აკანკალებს. შევიდა. მაშინვე სპაზმი: თირკმელში! ვარ ავადმყოფი და ნაგავი.

გადის დრო, ან არ გადის. გულში ვწერ ანდერძს. რადგან არჩევანი გავაკეთე: ორი გზა გავაერთიანე, მაინც გავაერთიანე, ჯანდაბას ტკბობა დაცხრილული ფანჯრებით. ჟერ დავცხრილავ, მერე პირში-ლულა, დავტოვებ ანდერძს: ჩემი ელენთა მიართვან პრეზიდენტს, შეჭამს და მორჩება. ჩემი ფილტვი – მღვდელთმთავარს, ან რაც ჰქვია, ე.ი. ეკლესიის თავს, – დასწვან სამსხვერპლო ქვაზე, კიდევ ერთი ახალი ეკლესიის შენებას რომ შეუდგებიან, საძირკველის გაჭრისას, დაწვან და იყნოსონ წმინდა კვამლი და… ჩემი თირკმელები ჩვენი ქვეყნის პირველ პოეტს! uფასოდ, უსასყიდლოდ… ნაჭერ-ნაჭერ დაწვას, – აღუვლინოს ცეცხლი მუზებს… ცოტაც შეჭამოს, ფუჰ!

-დამთავრდა – მელოტი გამოვიდა. ხალათზე სისხლები აქვს. გაგვიგრძელდა, მაგრამ ჩაიარა. ერთი სამი საათი აქ იწვება, მეორე ოთახში, მერე მანქანით წაიყვან.

ნანას სძინავს. ოთახში მარტო ვართ. ნიკელის ოთხი შიშველი საწოლი. თვითეულზე სისხლიანი და შარდით დალაქული, აყროლებული, დახვეული ლეიბი. ნანაც ასეთ ლეიბზე წევს, ვიწრო დაჭმუჭნული ზეწარი ვერ ფარავს, ხელს ხელზე ვკიდებ, თბილია, თაგვები გაირბენენ ხოლმე, ტარაკნები მოცოცავენ საწოლის ფეხებზე, კედლებზე, ნანას თავთან… რაღაც გაზეთს ვპოულობ, ვკეცავ, ტარაკნებს ვყრი საწოლის ფეხებთან, ვხოცავ… ბინდდება, სიჩუმეა… გავდივარ… რაღაც ცოცხს ვპოულობ, საწოლის ქვემოთ მივეხვეტები ტარაკნებს, ცოტა ხანში ისევ ჩნდებიან… არ იღვიძებს, ესეა საჭირო? უფრო ბინდდება… ჯიბეში ზაჟიგალკას ვპოულობ… ვანთებ, დავყურებ სახეზე, სუნთქავს, გათიშულია… მინდა გავაღვიძო. არ ვიცი, შეიძლება თუ არა. ვბერტყავ საწოლის თავზე გადაკიდებულ ნანას შარვალს, ჯემპრს, საცვალს, წინდებს. ერთი ტარაკანა ჩამოვარდა, მერე ვახვევ ყველაფერს, ნანას ჩანთაში ვდებ, ჩანთას კედელზ ვკიდებ, ლურსმანზე, ძლივს ვაღვიძებ, ყურებს ვუსრეს, ლოყაში ვურტყამ, ვაჯანჯღარებ… თვალებს ახელს, უაზროდ მიყურებს, გონს ვერ მოდის, ისევ ხუჭავს, ისევ ვაღვიძებ…

ფხიზლდება… “გტკივა?” – ვეკითხები. – “არა”, “გეტკინა?” – ვერაფერი გავიგე, გავითიშე. ისეთი კარგი იყო… ნარკოზი, როგორც…” “როგორა ხარ?” “ცუდად”, “რა გტკივა?” “არაფერი… სიცარიელეში დავფარფატებ. სიცარიელით ვარ სავსე… მეშინია”.

ბნელდება. სინათლე არ არის. ცივა.
“დაწექი ჩემთან, ერთად ვიყოთ. მეშინია. მცივა.”-ხელს მკიდებს ხელზე.
“არა, ახლა არ შეიძლება”. “შეიძლება, მოდი.” “არა. არა მგონია, არ შეიძლება”, “მეშინია, მინდა გავითიშო, გავითიშო, თუ არა და ნარკოზი გამიკეთონ… მოდი” – ტირის, მივუწექი. Eერთად ვართ, მეშინია, ვფრთხილობ…

ჩახუტებულები ვწევართ. ფეხები მისველდება. ვდგები. ზაჟიგალკას ვანთებ. შისხლია. ზეწარიც დასველდა. ვიცმევ. მორიგე ექიმი უნდა მოვძებნო. ზაჟიგალკას ვანთებ. შახე აქვს მშვიდი, თვალებს ხუჭავს, ისევ იძინებს, მინდა ზაჟიგალკა დავუტოვო, ხელში ვუდებ, ვერ იჭერს, მგონი ისევ ითიშება, ძალიან მშვიდი, არაბუნებრივად მშვიდი სახე აქვს. გავდივარ… ხელისცეცებით, სად? რაში? მხოლოდ ეს ვიცი, რომ ოთახიდან გავედი. დერეფანში? ეს დღისით იყო დერეფანი, გრძელი, გრძელი, ორივე მხარეს კარებებით, ხისა თუ გაუმჭვირვალე შუშის კარებებით, ახლა კი მხოლოდ წყვდიადია, არ ვიცი, რამსიღრმე, რამსიგრძე, სად იწყება, სად მთავრდება. ზაჟიგალკას ვანთებ, უფრო მაბრმავებს, წინ ვწევ, იატაკი ნათდება მხოლოდ, აქვე ჩემს ფეხებთან, ხელისცეცებით მივუყვები კედელს, ზოგი კარი ღიაა, ზოგი დახურული, ზოდი დაკეტილი, ყველა კარში ვიძახი, ყველა კარზე ვაბრახუნებ, სულ უფრო ხმამაღლა. არავინ არ არის, არსად არავინ… დერეფნის ბოლოს ნათდება, ოდნავ. ვხვდები, რომ ეს დერეფნის ბოლოა… ფანჯარა გამოისახა, მთვარე! თვითონ არ ჩანს, მაგრამ მისი შუქია, ოდნავ რომ ანათებს ფანჯარას… მივდივარ იქამდე, ვიხედები ფანჯრიდან, ყველგან წყვდიადია, არაფერი ჩანს, ჩანს მხოლოდ მთვარე, ისიც უკვე ღრუბლის მიღმა… ახლა სად წავიდე, მეორე მხარეს გადავედი, უკან მოვყვები კედელს, ისევ კარი, კარებები, სადღაც შევუხვიე, კიბის ბაქანი, კიბეზე ავდივარ, წესით მეორე სართულზე უნდა მოვხვდე, გავედი, კიბის ბაქნიდან ისევ დერეფანში, ეს ალბათ მეორე სართულია, მთვარე აღარ ანათებს, ისევ კარებები, ზოგი ღია, ზოგი დახურული, ზოგი დაკეტილი- ყველა კარში ვიძახი, ყველა დახურულ კარს ვაღებ, ყველა დაკეტილზე ვაბრახუნებ… ტუალეტის სუნი… ნაცნობი, ყროლი, ფეხი წამოვკარი ვედროს, ნაგავში გავტოპე, სისველეში, გამიხარდა, თუ ნაგავია, თუ ცოცხალი ნორჩი სიბინძურეა, ე.ი. აქ სადღაც ცოცხალი ქართველები არიან… გამახსენდა, მეოთხე სართულზე, მგონი ეს ბოლო სართულია, ლტოლვილები უნდა ცხოვრობდნენ, პალატებში, დედები და ბავშვები, მაშინ მოვკარი ყური, ოპერაციის დროს, გარეთ რომ ვიცდიდი, დავინახე კიდეც, ორიოდ ქალი და ორიოდ ბავშვი… ისევ კიბეზე ვარ, მივდივარ, მივდივარ, ავდივარ, კედელს დავეჯახე, დამთავრდა. ეს ბოლო სართული უნდა იყოს. გასასვლელს ვეღარ ვპოულობ, სულ ყრუ კედლებია, ხელმა შეიგძნო ხის კარი, რკინის ბოქლომი, აქ ალბათ სხვენია. ზაჟიგალკას ვანთებ, ძლივსღა პარპალებს, ვეძებ გასასვლელს, არ არის, ისევ დავეშვი ქვემოთ, ერთი კიბით, ისევ რაღაც ბაქანია, ვეძებ გასასვლელს, გავდივარ, დერეფანი უნდა იყოს, მივუყვები კედელს, ისევ კარებები, ვყვირი: “ვინ არის აქ! მიპასუხეთ! ხმა გამეცით!” სიჩუმე. სადღაც შევუხვიე, ისევ კიბის ბაქანი, ჩავდივარ, მარამ ვგრძნობ, რომ ეს ჩასასვლელი პირველ სართილზე ვერ ჩამიყვანს, სადღაც შენობის სიგანეში გადის, ვგრძნობ, რომ ძალიან ვშორდები ნანას ოთახს, უცებ მახსენდება, არა, თავს მატყდება აზრი, რომ ტარაკანები საწოლზე აცოცდებიან, ავლენ, დაფარავენ საბანს, დაუკბენენ ხელებს, ყურებს, ტუჩებს, თუმცა არ ვიცი, ეგებ ტარაკანები არ იკბინებიან, მაგრამ თაგვები… ისინიც ახტებიან საწოლზე… ვღრიალებ: ადამიანებოო! ექიმო! მორიგე! სიჩუმე. წყვდიადი. თავს მატყდება მეორე აზრი: რომ მე დავბრმავდი და ვეღარ ვხედავ. და დავყრუვდი, რადგან, რადგან, მართალია, საავადმყოფოები მთელ ქლაქში ცარიელია, რადგან ავადმყოფები აღარ მოდიან, აღარ წვებიან, რადგან ცივა, რადგან სინათლე არ არის, რადგან სიბინძურეა, რადგან ფული აღარავისა აქვს, ეს ვიცი, ეს ვიცოდი, ისიც მახსოვს, რომ დღეს პარასკევია, მაშასადამე ყველანი ადრე მიდიან, ექიმებიც, ავადმყოფებიც, თუ ესენი აქ საერთოდ არსებობენ, მაგრამ, ლტოლვილები? მათ ხომ სახლი არა აქვთ, სად წავიდნენ, და შეიძლება, აქ არც არიან, შეიძლება მე მომეჩვენა, და მართალია ეს ყველაფერი, რომ საავადმყოფოები ცარიელია, რომ პარასკევია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, არ შეიძლება, არ შეიძლება ყველა ექიმს მიეტოვებინა, მორიგესაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ავამყოფი რომ იყოს აქ, არ შეიძლება, ე.ი. მე დავბრმავდი, ე.ი. მე დავყრუვდი… თვალებს ვისრეს, ვახელ, ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ჩემი ნაბიჯების ხმა რომ მესმის, ეგებ არ მესმის, მეჩვენება… სადღაც ვარ, ისევ დერეფანი უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი, სად რომელ სართიულზე… და ფეხი წამოვკარი რაღაცას, ვედროს, საზარლად გაიხრიალა, რაღაც ფიცარს, კიდევ რაღაცას, მკვრივსა და მძიმეს, ისეთ რამეს, რაც მერე მკვრივდება, როცა კვდება… შეიძლება მკვდარი კატაა, ან მკვდარი ჩვილი, არ ვიცი, ტუჩი გამისკდა, სისხლი პირში ჩამდის, წამოვჯექი მუხლის ჩოქზე, აღარ ვდგები, მესმის ღრიალი, ჩემი ღრიალი: “ღმერთოოო! მძულხარ!”.

გავითიშე, უსპაზმოდ. გონს რომ მოვედი, ისევ სისხლის გემო ვიგრძენი, ხელით მოვიწმინდე სისხლი და დუჟი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ზაჟიგალკა აღარ მქონდა, ავდექი, ისევ გავაგრძელე გზა, ცრემლები მომდის, და ორმაგად, სამმაგად, ათასმაგად ვბრმავდები, ისევ რაღაცას წამოვკარი ფეხი, და ისევ დავიღრიალე: მორიგეე! ვეღარ ვჩერდები: მორიგეეეე!

-რა გაღრიალებს!-მომესმა ვირაცის თუ რაღაცის ღრიალი, როგორც კი გავჩუმდი – რა გაღრიალებს!
ვხედავ, შორს, ბოლოს, რაღაც სინათლე მოძრაობს, ჩემსკენ მოდის და მოღრიალებს – რა გაღრიალებს! არ იცი, სადა ხარ! – ფარანი და თეთრი ხალათი მიახლოვდებიან: რას მიატოვე ცოლი იქ, მარტო! ღას დაეთრევი აქ! არ იცი, სადა ხარ! თქვენს გარდა სხვებიც არიან ამ წყეულ საავადმოფოში, რამდენად გავიჭრა! გამომყევი! აქეთ! აქეთ! მეორე სართულზე ვართ… პირველზე ჩავდივართ.

ტეგები: , ,