სლავა მესხი

ომი

– ალო, ნანა, შენა ხარ?
– მე ვარ, ნინიკო, მე ვარ. როგორა ხართ, რას შვებით?
– ნანა, გაზი არის თქვენთან?
– არა, ნინიკო, არა, დილით შეწყდა. ტელევიზორი არ გქონდა ჩართული?
– არა, რამე გამოაცხადეს?
– ომია, ქალო, ომი.
– როგორ გააჭირვეს ამ გაუთავებელი ომებით! ვის ეომებიან ახლა?
– არ ვიცი, ნინიკო, არ ვიცი. მე თვითონ არ მომისმენია, მამიდამ მითხრა, ხომ იცი, სულ ჩართული აქვს. ეხლა უკვე სერიალს უყურებს – რას გაიგებ. მერე და, რა მნიშვნელობა აქვს? გაზი ორი კვირა არ იქნებაო.
– რა საშინელებაა! ელეკტროზე ძალიან ძვირია, ძალიან. კარგი, გეყოფათ, რა სისულეებს ამბობთ! არა, ნანა, ეს შენ კი არა, ბაბუას ვეუბნები – სულ მობილიზაციით მაშინებს, ნიკო ხომ სკოლას ამთავრებს წელს. რამდენი ხანია უკვე კონტრაქტზეა ჯარი, და ვერაფრით გავაგებინე.
– ნინიკო, თუ გაიგებ ვისთანაა ომი მეც გამაგებინე, რა. მამიდა სერიალს უყურებს – კიდევ ორი საათი სხვა არხზე ვერ გადავრთავ.
– აუცილებლად. გურამი ხომ არ აპირებს ჩამოსვლას?
– რას ამბობ, ქალო, სამუშაოს როგორ დაკარგავს. მე ალბათ წავალ ერთ თვეში.
– კარგი, ნანა, კარგი ჭირიმე. მხოლოდ ეს გვაკლდა – ეს ომი. წინა ომის დროს სულ ტრაბახობდნენ – ზუსტი იარაღი, ზუსტი იარაღი, და გაზსადენი მაინც დააზიანეს, საშინელებაა, რა ხდება, პირდაპირ არ ვიცი. გკოცნი, ჩემო კარგო!
– ბაბუა მომიკითხე!

გაინძერი!

ორი მათხოვარი უიმედოდ იდგა გაჩერებაზე ბაზრის წინ. უცებ ერთმა ხელი დაუქნია გამვლელ მანქანას.
– ნათესავია, ალბათ წაგვიყვანსო. – იფიქრა.
ნათესავთან ახლოს, წინა სავარძელზე, იჯდა სქელო. ერთ ხელში პარკი ეჭირა ცხელი ხაჭაპურით და კიტრ-პამიდვრით სავსე, მეორეში კი პარკი შამპანიურით. სქელო ლაპარაკის ხასიათზე იყო – დილა მართლაც მშვენიერი ჩანდა. თანაც, თითქოს, პატარა ინტერესიც გაუჩნდა მათხოვრების მიმართ.
– დედას ვფიცავარ, რას დაემსგავსა ეს თბილისი, ძმაო! – თქვა სქელომ, – მე სვანი მიყვარს სვანეთში, მეგრელი _ სამეგრელოში და კახელი – კახეთში. მეც ახლა ძველი თბილისელი კი არა ვარ, სულ რაღაც მეხუთე – მეექვსე თაობისა, მაგრამ ეს ამბავი ნერვებს მიშლის მაგრად, ძმაო. ამ ბოლო დროს მოსკოვში ვცხოვრობ. იქ ეხლა ბევრია ქართველი. ძვირია ცხოვრება, მაგრამ შეიძლება, რა…
– მერე, როგორ ახერხებენ, ამ სიძვირეში? – ჰკითხა მათხოვარმა.
– რა მოხერხება უნდა, ძმაო? – გაიღიმა სქელომ, მათხოვრებისადმი ინტერესი უცებ გაუქრა და კისერი უკანა სავარძლისაკენ შვიდი გრადუსით მოაბრუნა. – ცოტას თუ გაინძრევი, ფულიც გექნება.

არ დაგეკარგებათ!

კარები გაიღო და შემოვიდა სამი სქელო.
– სასწრაფოდ გვჭირდება აი, ეს ორი ფურცელი, ოღონდ ყველგან ამ სიტყვის მაგივრად აი, ეს უნდა ეწეროს. შეძლებთ? – თქვა ერთ-ერთმა სქელომ, რომელსაც ტყავის პალტო ეცვა.
სანამ ორი მათხოვარი კომპიუტერს ეჩალიჩებოდა, სქელოები დიდი ინტერესით უყურებდნენ მათ მოქმედებას.
– ბავშვებს ხომ არ აიყვანდით? ჰკითხა ტყავიანმა სქელომ ერთ მათხოვარს, – მინდა, რომ ბავშვმა იცოდეს ეს ყველაფერი.
როცა მათხოვრებმა ჩალიჩი დაამთავრეს, უტყავო სქელომ ჰკითხათ:
– რამდენი მოგართვათ?
– არაფერი, არ გვინდა, – უპასუხა მათხოვარმა.
– გმადლობთ, ბიჭებო,- თქვა ტყავიანმა სქელომ და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარებისაკენ, – ჩვენ კიდევ მოვალთ.
– ჩვენთან არ დაგეკარგებათ, – დაადასტურა მეორე სქელომ კარებში.
მესამე სქელო სულ ჩუმად იყო.

დათარსული დილა

დილით სქელომ ბავშვები მომავალ სქელოების სკოლაში მიიყვანა. მერსედესის მარჯვენა კარები გაიღო და პატარა სქელოები სკოლისაკენ გაეშურნენ. სქელომ საჭე მარცხნივ აიღო და საბურავებით, რომელსაც ეწერა “Radial 207 Yokohama”, კინაღამ გაჰკრა ორ მათხოვარს.
– თფუი, დილიდანვე დამთარსეს! – ჩაილაპარაკა სქელომ.

http://web.sanet.ge/meskhitb/stories/

© სლავა მესხი

ტეგები: ,


%d bloggers like this: