მიჩინიო – მარტო და ორი

ფრაგმენტი I

ლაშას ქონდა თავი, ტანი და ოთხი კიდური, ზედ ხუთ-ხუთი თითით. გააჩნდა თვალები, ყურები, ნესტოები – ორ-ორი, ოცდაათიც – კბილი… მოკლედ, ყველაფერი, რაც ერთ ადამიანს უნდა ქონდეს.
… მაგრამ ლაშა ორი იყო.
ყავდა დედა, მამა, და და ბლომად ნათესავები, ცოტა ნამდვილი მეგობარი და ბევრი კარგი ნაცნობი…
… მაგრამ, ლაშა მარტო იყო.

@ @ @

მისი გაჩენა მშობელს საშინელ ტანჯვად დაუჯდა. ჯერ კიდევ დედის წიაღში გამოხატა ჯიუტი პროტესტი, არადა საკუთარი სახლი კედლებიდან სდევნიდა და მიაქანებდა წინ, შეუცნობელისაკენ. ეს სიჯიუტე, თბილ ალაგს დარჩენის სურვილი და ცნობისმოყვარეობა ერთმანეთში იხლართებოდა, მაგრამ მნიშვნელობა არ ქონდა, რომელი აჯობებდა – უნდოდა თუ არა მაინც ტოვებდა შეჩვეულ ადგილს, თუმცა ძალიანაც არ ეხალისებოდა. ამიტომ იყო მშობიარობა ასე ხანგრძლივი და მტკივნეული.

თვალგახელილი დაიბადა. ბებიაქალი ხშირად ყვებოდა როგორ გამოყო ლაშამ თითქმის გულწასული დედის საშოდან მოშავოდ ლურჯი თავი, თვალებში შეხედა და როგორღაც, უხერხულად გაუღიმა, ისე, როგორც დამარცხებული უღიმის ღირსეულ გამარჯვებულს. შემდეგ, მიმოიხედა და ახალი სამყაროს შესწავლა დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა – მოვიდა სიბნელე, სიჩუმე და სიმშვიდე… დაიძინა.

… ხო, თვალები სხვადასხვა ფერისა ქონდა: ერთი – გაურკვეველი, თითქოს მომწვანო-მორუხო, ანცი და გამჭვირვალე, მეორე კი – დინჯი, თაფლისფერი.

სუსტი ბავშვი გამოდგა, ნამეტანი. ცელქიც არ ეთქმოდა, ეგ კი არა, როცა შიოდა ტირილი ეზარებოდა… არა, კი არ ეზარებოდა, უბრალოდ არ უნდოდა, თითქოს, მისთვის არაარსებითი იყო, შეჭამდა თუ არა რამეს. მოკლედ, როგორც უფროსები ამბობდნენ, ძალიან პასიური ბავშვი იყო. სამაგიეროდ, ლაპარაკი დაიწყო მეტად ადრე, თავიდანვე ეტყობოდა, დიდი ტლიკინა ვინმე რომ გაიზრდებოდა. სიცელქეც კი გაუჩნდა, ოღონდ სხვანაირი, უფრო ჩუმი და ბოროტი. ბავშვობისდროინდელი გასართობი იყო ერთი: მიდიოდა საკუჭნაოში, კარგად მოკალათდებოდა ქილებთან და დინჯად, აუჩქარებლად ურევდა ერთმანეთში ფქვილს, შაქარს და პილპილს. საღამოს მშობლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჩაის მლაშე გემო ქონდა, ხოლო ჭადი, რატომღაც, ტკბილი იყო და ეჭვის თვალით უყურებდნენ ლაშას, რომელიც მრავლისმეტყველი სახით დასქეროდა საზიზღარი ფაფით სავსე თეფშს, აკვირდებობდა, როგორი გულისამრევი ტყლაპანით ეცემოდა მასში კოვზი და იმ წუთში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გაეპარებინა ფაფა უკან, ქვაბში.

სამი წლისა რომ იყო დაც გაუჩნდა. არა, ეჭვიანობა არ დაუწყია, არც შურს გრძნობდა, როცა ხედავდა თავს როგორ ევლებოდნენ მას დედიკო და მამიკო, როგორ ეფერებოდნენ მარტო იმ “ვიღაცას”. პირიქით, ცხოვრებაში პირველად მაშინ იგრძნო სიმარტოვე და ძალიანაც მოეწონა. მამა ბაღიდან რომ მოიყვანდა, მოჩვენებასავით დაბორიალობდა ოთახებში, თითქოს არც არსებობდა საერთოდ. აძვრებოდა სკამზე და შეეძლო საათობით ეყურებინა როგორი მზრუნველობით ეპყრობოდა ყველა “ახალს”, არც კი აინტერესებდა ვინ იყო, საერთოდ. უბრალოდ, მასთან მშობლები სულ სხვანაირები ხდებოდნენ, თითქოს უსუსურები და ისე საყვარლები…

ნელ-ნელა ცნობისმოყვარეობაც მოეძალა და ერთხელ ახლოს მისვლაც გაბედა. ეძინა პატარას. ლაშამ მიმოიხედა, ოთახში არავინ იყო, ნელა მაგრამ მტკიცედ წაიღო ხელი ჩვილისკენ, თავზე დაადო… დედა, რა ნაზი და ფაფუკი იყო! ვეღად მოაშორა თითები, თმებზე ალერსიანად უსვამდა, თან სიამოვნებისგან კრუტუნიც დაიწყო… და მიხვდა, მიხვდა, რომ სულერთი არ იყო მისთვის ეს უმწეო არსება. რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდათ რას გრძნობდა, პატარა იყო, ჯერ, თვითონაც, მაგრამ თავისივე სისხლისა და ხორცის სიყვარული ერქვა ამას, მერე მიხვდა. ადრე ამდაგვარიც არაფერი უგრძვნია. მშობლები როგორ არ უყვარდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, სულ სხვა…

ფრაგმენტი II

– ლაშას გაუმარჯოს!
– გაგიმარჯოს, რავა ხარ?.. “ვინაა, ღმერთო, გამახსენე”.
– ნიჩევო. თავად?
– ვაარ რა,- გაუღიმა… ცალყბად… “ვა, საიდან ვიცნობ?!”
– აბა ჰე!
– კარგად.
… “ვინ იყო, ნეტა?”… ციოდა. შარფში ცხვირჩარგულს დიდი ქუდი ეხურა და თვალები უჩანდა მხოლოდ, მაგრამ ყინვა იყო ისეთი, ეჩვენებოდა, თითქოს ტვინშიც ატანდა სიცივე.
– გამარჯობა ლაშა.
– ვაააა… გაგიმარჯოს. ბოდიში, უცებ ვერ დაგინახე… “დედა, რა ლამაზია!”
– არა უშავს. რას შვრები, როგორ ხარ?.. ინსტიტუტისკენ?
– აბა! შენც, არა? რას მიყვები?
– ოთხმოცდათექვსმეტს. შენ?
– არა, მე ეგ არ მაწყობს… “აფსუს”.
– კარგი, წავედი მე…
– ნახვამდის. ჰმ, არ დამივიწყო…

…”სხვა დროს ყავაზე მაინც დავპატიჟებ სადმე, რა იცი, რა ხდება”… ციოდა ძალიან. მოყინული ფეხები მიწაზე დაატყაპუნა და გზას გახედა. აგვიანებდა უკვე, მაგრამ ახლა ეს არ ადარდებდა… საშინლად ციოდა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე სკამზე იჯდა და გალურჯებულ თითებს ითბობდა, თან ხალხს ათვალიერებდა. ასე იქცეოდა ყოველთვის, ცდილობდა სახეზე მიმხვდარიყო ვინ რას წარმოადგენდა. ცუდი ის იყო, შემოწმების საშუალება რომ არ ქონდა, მაგრამ ზოგს იმდენად პატარა შინაგანი სამყარო ქონდა, შემოწმებაც არ ჭირდებოდა, სახეზე ეტეოდა მთლიანად… ვერ იტანდა ასეთებს. მოკლედ, მიმოათვალიერა იქაურობა, ფანჯარას თავი მიადო და მოეშვა.

მარტო უყვარდა მგზავრობა.

მხოლოდ ეგრედ წოდებულ “საზოგადოებრივ ტრანსპორტში” გრძნობდა თავს სრულიად მარტო. თვალწინ წამიერად გაელვებული, ერთფეროვანი, უკვე ათასჯერ ნანახი საგნები გრძნობას არანაირს იწვევდა, მაგრამ რაღაც ჰიპნოზისმაგვარად კი მოქმედებდა. ყველანაირი ხმაური, ლაპარაკი, მუსიკა (თუ ამას, საერთოდ ერქვა მუსიკა), სადღაც ყურთან იკარგებოდა და ლაშას შეეძლო ეფიქრა ყველაფერზე… თითქმის ყველაფერზე. მარტოობა უყვარდა, მაგრამ სხვანაირი, თავისებური, როცა გარშემო რაღაც ხდებოდა, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო, აზრი არ ქონდა – თავის სამყაროში გამოკეტვა მხოლოდ მაშინ შეეძლო, როცა სხვა სამყაროსაც გრძნობდა; რაც მეტ ახალს ხედავდა, მით უფრო ახლო და საყვარელი იყო მისთვის საკუთარი ძველი… ამით ცხოვრობდა.

ფრაგმენტი III

რატომ უყვარდა მედიცინა?.. ადრე ეგონა, რომ ავადმყოფებთან ურთიერთობისას უპირატესობას გრძნობდა, სიამოვნებდა რასაც ამ დროს განიცდიდა, პაციენტისთვის ის ხომ ღმერთი იყო! მაგრამ, ნელ-ნელა მიხვდა, რომ არ უნდა ყოფილიყო ეს მართალი… კაცმა რომ თქვას, სულ უამისობაც არ იქნებოდა, მაგრამ მთავარი მაინც სხვაა – ადამიანი მაშინ უფრო უყვარდა, როცა მის უმწეობასა და უსუსურობას ხედავდა, ამ დროს იყო ადამიანი უფრო სუფთა, ალალი და საყვარელი… მოკლედ, მაშინღა აფასებდა მას, როცა ეცოდებოდა. ამას ნამდვილად არ თვლიდა საკუთარ დადებით თვისებად, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცეოდა.

ტეგები: ,


%d bloggers like this: