შეკითხვა ბატონ რექტორს

Nat Noideaz

გამარჯობა,

თსუ-ში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში) ვსწავლობ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სპეციალობა ფსიქოლოგია) მესამე (III) კურსზე. უკვე სამი (3) წელია ამ უნივერსიტეტში ვარ და სამი (3) წელია ბაზას, რომელიც  იდეაში უნდა გვაძლევდეს საგნების დამოუკიდებლად, უპრობლემოდ და სურვილისამებრ არჩევის საშუალებას, არანაირი სარგებელი არ მოაქვს, რაც თქვენც მშვენივრად, იმედი მაქვს ჩემზე უკეთ, მოგეხსენებათ.

წესით ეს ბაზობანა (ელექტრონულად საგნების არჩევობანა) უნდა გვაძლევდეს საშუალებას ვირჩევდეთ საგანს, დროს და ლექტორს სურვილისამებრ, რაშიც უნდა ვიყოთ თავისუფლები და რისი მეშვეობითაც უნდა ვადგენდეთ ცხრილებს დამოუკიდებლად (როგორც დიდ გოგო-ბიჭებს შეშვენით). :)

სინამდვილეში კი – ბაზობანა ასეთი თამაშია: წინასწარ დათქმულ დროს არ იხსნება ბაზა, რაღა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვერ უძლებს ამდენ სწავლამოწყურებულ სტუდენტს, თუ იხსნება – საიტი ყოველ კლიკზე აგდებს ერორს და ისევ თავიდან გიწევს შესვლა, ბოლოს და ბოლოს (ბაზის გახსნიდან რამდენიმე წუთში), როცა შედიხარ საიტზე გხვდება სავალდებულო (არჩევითი თავისთავად) საგნების გადავსებული ჯგუფები, რომლებიც რატომ გადაივსო უფალმა უწყის. რუსის ჯარი ან სააკაშვილის დამქაშები რომ არ გადაავსებდნენ ამ საგნებს ეგ გასაგებია, ჩემმა თანაკურსელებმა გადაავსეს, მაგრამ უკვე სამი წელია მაწუხებს შეკითხვა: რატომ არ შეიძლება ყოველ სავალდებულო საგანს მაინც ჰქონდეს იმდენი ადგილი რამდენიც სტუდენტია, რომელიც ვალდებულია/რომელსაც შეიძლება სურვილი გაუჩნდეს ეს საგანი გაიაროს? :) თვლა თუ გვიჭირს, მაღლიველებისთვის გვეთხოვა, მაგალითად? ნუ კარგი, ბაზის გამოსწორება შეუძლებელია იმიტომ, რომ ჩვენ რამდენნი ვართ და ბაზა ერთია.

რა ხდება მას შემდეგ, რაც საგნები ვერ ავირჩიეთ ან “ოღონდ საგანი ყოფილიყო” და რამე ავირჩიეთ?

ფსიქოლოგები მივდივართ თამუნებთან (საკუთარ სახელებთან მრავლობითი არ არის საჭირო, მაგრამ ეს იმ ოთახის საკუთარი სახელია), სადაც ვდგავართ რიგში დაახლოებით 2 საათი და 13 წუთი, ბოლოს და ბოლოს შევდივართ შიგნით და ვიგებთ, რომ ეს საგნები გადავსებულია და აბა როგორ დაგვამატებენ იმ ჯგუფებში? იქაც ორ საგანს ვამატებთ “ოღონდ საგანი იყოს და” პრინციპით (განურჩევლად დროისა, ლექტორისა, საგნის აღწერილობისა, სილაბუსისა, ზომისა, წონისა), რის შემდეგაც გვამისამართებენ მეექვსე (VI) კორპსუსში ას მეხუთე (105-ე) ოთახში, სადაც ზის ერთი ძალიან საყვარელი გოგონა, რომელიც იწერს საგნების დასახელებებს, ჩვენს სახელებს და გვარებს, ლექტორების სახელების და გვარებს (თუ ზედმეტი ფუფუნება მოვინდომეთ) და ტელეფონის ნომრებს, რის შემდეგაც გვიხსნის, რომ ამ ყველაფერს კი აკეთებს და კი გადასცემს და კი დასხდებიან და დაითვლიან, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ მე მაგალითად სავალდებულო “ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას” გავივლი იმიტომ, რომ ან ვერ დამამატებენ არსებულ ჯგუფებში ან ახალ ჯგუფს კი შექმნიან, მაგრამ როდის შექმნიან და როდის გამოჩნდება ბაზაში არც იმათ იციან და არც მე მეცოდინება წინასწარ, შესაბამისად ის ჯგუფიც რომ, სანამ მე მეძინება ან sms.tsu.ge-ს თაბიდან აქეთა თაბში ვიქნები გადმოსული, შეივსება მე დავრჩები ჰაერში გამოკიდებული.

ზემოთ აღნიშნულ სიკეთესთან ერთად მოვდივარ სახლში, ვხსნი ჩემს ცხრილს და ვხედავ, რომ თამუნებთან არჩეული საგნები მემთხვევა ჩემ მიერ არჩეულ საგნებზე (ანუ დროიები ემთხვევა), რის შემდეგაც ვცდილობ 5 საგნიდან დავტოვო ისევ სამი, რომელიც სავალდებულოა იმიტომ, რომ ასე აზრი არ აქვს, ჰარი პოტერი მე არ ვარ ან ჰერმიონა რომ ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ლექციებზე ვიჯდე, შესაბამისად ვცდილობ საგნების (ორი საგნის) ამოშლას და ამასაც ვერ ვაკეთებ იმიტომ არ იშლება და ვერ ვიგებ ამაში ვიღას ლოცვა-კურთხევა და განცხადება მჭირდება. :)

ჰოდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მიჩნდება შეკითხვა, ახლა რა უნდა გავაკეთო? განცხადება სად დავწერო? ვის კართან ვიდგე რიგში 3 საათი, ვის მივუტანო რკო ან ვის დავუგრიხო ბაწარი? :)

და ნუ, რაღა თქმა უნდა, ვიცი, რომ გზა გხსნილია და სხვა უნივერსიტეტებიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის არც იმდენად ხსნილია გზა, ფსიქოლოგია მხოლოდ თსუშია, შესაბამისად აქ მიწევს ყოფნა და ნერვების შლა და შესაბამისად გთხოვთ, რომ იქნებ გამონახოთ დრო და რჩევა მომცეთ?

დიდი მადლობა. :)

პ.ს. ინბოქსში კი მოგწერეთ, მაგრამ seen არ დაეწერა და ვნერვიულობ. :)

ტეგები: , , ,