‎დებილი ხომ არ ხარ?

დაიბეჭდა “ფეისბუკში”, უნბესიტოსგან

შენ დღეს ჩემი მესიჯი მიიღე ფეისბუქში. ჩვენ შეყვარებულები ვიყავით. დიდი ხნის წინ. მაგხელა შვილი გყავს ეხლა. არც კი ვიცოდი როგორ უნდა გამეცანი, მომეხიბლე. რაღაცეებს ვლუღლუღები, ენას ვაწკლაპუნებდი, ვბლუყუნობდი. მერე გავთამამდი , შენც სხვათა შორის. ქუჩაზე გადასვლა მიხაროდა, მიზეზი მეძლეოდა ხელი ჩამეკიდა შენთვის.

პირველად რომ გაკოცე მეშინოდა არ გაგეგო რომ ზასაობა არ ვიცოდი. “მაგ…ნას” პაჭკა რომ დავაძრე პირველად , ჩუმ-ჩუმად გაკვირდებოდი, აბა თუ ვარ მაგის თვალში მაგარი როჟა მეთქი. “კუკუ-რუკუ”, იყო ასეთი ვაფლი თუ რაღაც ჯანდაბა, შენს პატარა დებს ვყიდულობდი მოკავშირეები რომ მეშოვა. მათაც ვუყვარდით.

ტრანსპორტი და მეტრო არ მუშაობდა. გვიანობამდე თუ დავრჩებოდი სტუმრად , მამაშენს მივყავდი სახლში მანქანით, მეც ჭარხალივით გაწითლებული მთელი გზა სარგადაყლაპულივით ვიჯექი. ის კი მახსოვს, როგორ მათვალიერებდა ჩუმი ღიმილით.

ტელეფონზე ლაპარაკში ღამეებს ვათენებდით, ბოლოს არ ვკიდებდით ყურმილს ისე ვიძინებით. ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა. ალბათ წარმოვიდგენდით ორივე რომ ერთად გვეძინა. მე სიზმარშიც გხედავდი. აი ცხადში რომ ვნახე შენი შიშველი სხეული და თანაც ძალიან ახლოდან, თვალს დამიბნელდა.

მას მერე ბევრმა წყალმა გაიარა, ალბათ თოთხმეტი, თხუთმეტი წელიწადია არ მინახიხარ, არც კი ვიცოდი როგორ გამოიყურები. დღეს შემთხვევით ფეისბუქსი წავაწყდი შენს ანკეტას. მგონი სულ არ შეცვლილხარ. ოჯახი გაქვს, შვილები გყავს. ხზ რატომ, გადავწყვიტე მომეწერა. უბრალოდ მოგწერე, თამრო , როგორ ხარ?

შენ ჯერ თვალებს არ დაუჯერე, მერე ყურებს , ჩემი სახელი და გვარი რომ რომ გიკარნახა. წასასვლელად გამზადებული ისევ სკამში ჩაებერტყე, ტუჩზე მწარედ იკბინე და თითები თმაში შეაცურე. ვერ შენიშნე ჩანთა როგორ ჩამოცურდა სკამის საზურგეზე. სწრაფად გადახედე ჩემს პროფაილს, მეასედ გადაიკითხე ჩემი მონაწერი. უაზროდ სწრაფად გაირბინეს გონებაში კადრებმა, ჩემთან ერთად გატარებული თინეიჯერული დღეები ნათლად დაინახე, ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დაგიარა, მგონი ცრემლიც კი გადმოგვარდა.

ორი წლის წინ დანებებული სიგარეტი ხელში აიღე, ერთ ნაპასში ჩაკალი. დიდხანს იფიქრე რა მოგეწერა. გინდოდა ბევრი რამ გაგეხსენებინა , აუ რა მაგრი იყო და რა სულელები ვიყავით, რა საყვარლები. ყველაფრის დაწერა და თქმა ერთად მოგინდა, ბევრჯერ აკრიფე ტექსტი , შეგრცხვა და ყველა წაშალე. მერე მრისხანე სახე მიიღე , დიდი შრიფტი მოამზადე , უცებ აკრიფე, გამოაგზავნე და ლეპტოპი მოისროლე.

მეც გამიკვირდა პასუხი რომ მივიღე და თანაც მალე. უცნაური გრძნობით გაჟღენთილმა კანკალით გავხსენი შეტყობინება:

“დებილი ხომ არ ხარ?”

ტეგები: ,


%d bloggers like this: