იუმორს არმოკლებული მოთხრობა

by Irakli Saginadze

თვითმფრინავის სალონში, ბორტგამცილებელმა გოგონამ შემოირბინა და აკანკალებული ხმით იკითხა- ექიმი არის აქ ვინმე?ამ ტრანსპორტის მგზავრთა შორის აღმოჩნდა ორი ექიმი, გოგონამ მათ სთხოვა გაჰყოლოდნენ, ორივე ექიმი პილოტების კაბინის მიმართულებით გაუჩინარდა.

სანამ ექიმები პილოტის კაბინას სტუმრობდნენ, ბორტგამცილებელმა გოგომ რამდენჯერმე გაირბინ – გამოირბინა სკამებს შორის, პირველ გარბენ -გამორბენაზე მხოლოდ შეშფოთებული სახე ჰქონდა, მეორეზე სახე აწითლებოდა და სასოწარკვეთილი გამომეტყველება მიეღო, მესამეჯერ უკვე ასლუკუნებული მოძრაობდა და ცრმლებს ხელის გულებით იცილებდა ლოყებიდან. ბორტგამცილებელი გოგონას პირველი ორი გამოჩენისას თვითმფრინავის მგზავრები გამოთქვამდნენ თავის ვერსიებს, თუ რა ხდებოდა პილოტების კაბინაში, მაგრამ მესამე გამოჩენის შემდეგ სალონში შიშნარევი სიჩუმე ჩამოწვა.

სიტუაციის დამძიმების მიზნით სადღაც ბოლო რიგებში ბავშვიც კი ატირდა. ყველა მოლოდინად გადაიქცა, ვიღაცამ ჩაახველა და გვერდით მჯდომი შუა ხნის დაძაბული ქალბატონი დააფრთხო და გაანაწყენა. დაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა წესით თვითფრინავს დაშვებაც კი უნდა დაეწყო, მაგრამ მხოლოდ 15 წუთი იყო გასული პილოტების კაბინაში ექიმების შესვლიდან, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა და შემზარავი ამბავი ამცნო თვითმფრინავის მგზავრებს.

ექიმის თქმით, ორივე პილოტი, შტურმანი, მეორე ბორტგამცილებელი გოგო და შტურმანის ნათესავი ვინმე ზაზა, რომელიც შტურმანის ნათესაობის გამო აღმოჩნდა პილოტების კაბინაში, ცოცხლები აღარ არიან და ამ მომენტისთვის თვითმფრინავი მართვის გარეშეა დარჩენილი და ავტოპილოტის დამსახურებაა ჯერ რომ ცოცხლები არიან. ერთ-ერთი ექიმის ამ ნათქვამს, მოჰყვა ლოგიკური კითხვა, თუ სად არის მეორე ექიმი?

– ისიც დაიღუპა.- მწუხარე სახით, მაგრამ უპირატესობის შეგრძნებით განაცხადა ცოცხალმა ექიმმა. – მისდა საუბედუროდ მანაც შეჭამა, ვინმე ზაზას მიერ, თავიდან მისი ნათესავი შტურმანისთვის შეთავაზებული და შემდეგ პილოტების კაბინაში იმ მომენტისთვის მყოფი ადამიანების მიერ შეჭმული, ოჯახის პირობებში დამზადებული ბადრიჯნის მარინადი, რომელიც, ბოტულიზმიანი აღმოჩნდა.

სალონში ისევ სიჩუმე ჩამოწვა, სადღაც წინა რიგებიდან ბუტბუტის ხმა გაისმა, ვიღაც ლოცულობდა, ბავშვმა ისევ დაამძიმა გარემო და ისევ ატირდა, ვიღაცამ ისევ ჩაახველა და კვლავ შეაშინა მის გვერდით მჯდომი შუა ხნის ქალბატონი, რომელმაც ვეღარ მოითმინა და ის კროსვორდის შესავსებად მომარჯვებული კალმისტარი, დამხველებელს პირდაპირ თვალში ჩაარჭო, ამაზე აკივლდა იმავე რიგში მჯდომი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ან სისხლის, ან თვალში ჩარჭობილი კალმისტრის შეეშინდა.

ამას მოჰყვა საერთო ფსიქოზი და სიტუაციაც საბოლოოდ გამოვიდა კონტროლიდან. გაოგნებული იდგა ცოცხალი ექიმი და ფიქრობდა: “ახლა მხოლოდ ისეთი ადამიანი გადაგვარჩენს, რომელიც შეძლებს საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, კონტროლს დაუქვემდებარებს ვითარებას და შეძლებს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე ფიქრს”.

ის იმასაც მშვენივრად აცნობიერებდა, რომ ამ მომენტში არავინ იყო თუნდაც ისეთი, ვინც იმას მაინც აცნობიერებდა რასაც თვითონ.

ერთადერთი შანსი რჩებოდა თავად უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მან თვალი შეავლო თვითმფრინავის სალონში შექმნილ სიტუაციას, ბორტგამცილებელი გოგონა იქვე პირველივე რიგში სექსით იყო დაკავებული იმავე რიგში მსხდომ სამ მამაკაცთან, კალმისტრით შეიარაღებული შუა ხნის ქალბატონს კიდევ რამდენიმე თანამგზავრისთვის მოეხერხებინა თვალების დათხრა, თავის მხრივ თვალდათხრილი მგზავრები საშინელი ყვირილით აწყდებოდნენ ყველაფერს, ბავშვი აღარ ტიროდა, უფრო სწორად ვეღარ ტიროდა, რადგან ვიღაც ღვთისნიერს მისთვის სკოჩით აეკრა პირი, მისი მშობლებისთვის კი ყელი გამოეჭრა.

ვიღაც სუსტი ფსიქიკის ტიპმა კი საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი. აქეთ მწვანე კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი სახეს იკაწრავდა და ილუმინატორს ურტყამდა თავს, მესამე რიგში მჯდომი მაღალი, ქერა მამაკაცი ვიოლინოზე უკრავდა თავდავიწყებით. მის გვერდით მჯდომ ქალს კი ყურებზე აეფარებინა ხელი და მონოტონურად იმეორებდა სიტყვას “მეზიზღები”.

მოკლედ სურათი არ იყო სახარბიელო, მაგრამ ექიმი ხვდებოდა რომ ეს იყო გარდაუვალი დაღუპვის გზა, სასწრაფოდ უნდა დაეწყო მოქმედება, ამ დროს მასში დიდი შინაგანი ომი იყო გაჩაღებული, სიზარმაცესა და გადარჩენის ისტიქტს შორის. ბოლოს ექიმმა ძალები მოიკრიბა და პირველ რიგში ბორტგამცილებელი გოგონას სექსუალურ თავგადასავალს ექსტრიმი დაუმატა.

ამ დროს სახლში ზაზას დედა ბადრიჯნის მარინადს ხუფავდა.

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: