დიტო გელოვანი – შუკაბეიბილა

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9257

დიტო გელოვანი: შუკაბეიბილა [video]

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – „ვერსია“]
ქალაქი საგონებელში ჩავარდა, ვერ ხვდებოდა, რა დაეშავებინა, მაგრამ ვერც უსიამოვნო შეგრძნება მოეშორებინა, თვითონაც რომ არ იცოდა, რა დაერქმია, საიდან გამომტყვრალიყო, რატომ არ ანებებდა თავს, რატომ ავალდებულებდა რაღაცის გახსენებას, გაჭირვეულებული მთვრალივით. ხალხს რაღაც დავიწყებოდა, ურომლისოდაც არ ჰქონდა შინიდან გამოსვლის უფლება. ამას უკვე გრძნობდა, ხვდებოდა, მაგრამ მისი გაჯიუტებული მახსოვრობა ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან, კარს არ უღებდა, ბრაზიანი ცოლივით, ღვინის სმას გადაყოლილი ქმრის დასჯა რომ გადაუწყვეტია. ის საკუთარი სახლის წინ იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რა დაეშავებინა, რატომ არ უღებდნენ კარს, თუ ეს მართლა მისი სახლი იყო. უკან გამობრუნების თავი აღარ ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა, ისე ტრიალებდა ქვეყანა, საკმარისი იყო, სახლის კედელს მოშორებოდა, ვეღარ მოაგნებდა.
(ოთარ ჭილაძე, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“)

„ქალაქი ქანაობს. ტფილისი მთვრალია“ – თქვა გრიგოლ რობაქიძემ. ეს ქალაქი ქვეყანაა, ყველაფერი აქ ხდება. რაც ამ ქალაქში ხდება – ხდება ქვეყანაში, რაც არა – არა, რაც კი – კი. „კი, კი, კი“ – დაიკიკინა ვერაგმა ბეჰემოთმა, ტოტიდან ტოტზე ისკუპა და ბუჩქებში გაუჩინარდა. ტყემ მოისხა პერაშკი, აგერ ჩაქუჩიც გალობს, ტყიდან გამორბიან ბაზღავატები, მას… რა ჰქვია მას? ის გადარჩა და სახელად ეწოდება… რა ეწოდება? საქართველო… საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ სწუხდნენ… სწუხდნენ ამაზე. ამაზე… ქვეყანა ქანაობს. მთვრალია.

„თბილისი. 19 თებერვალი. „ინტერპრესნიუსი“ – თმის მოვლის საშუალებების იმპორტი საქართველოში 5%–ით დაიბეგრება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის, რომლის ინიციატორი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძეა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 12%–იანი განაკვეთით იბეგრებოდა მხოლოდ შამპუნების იმპორტი, დანარჩენი საშუალებები კი გათავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადისგან. კანონპროექტის ინიციატორის განმარტებით, საბაჟოზე ერთი და იმავე სახეობის პროდუქციის სხვადასხვა ტიპის დაბეგვრის რეჟიმში ყოფნა მებაჟეებს პრობლემას უქმნიდა და გარკვეულ კორუფციულ საფრთხესაც ქმნიდა. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთნაირი სასაქონლო ნიშნის მქონე პროდუქცია დაბეგვრის ერთნაირ რეჟიმში მოექცეს. შესაბამისად, შამპუნებიც და თმის მოვლის სხვა ნებისმიერი საშუალების იმპორტი ერთნაირად, 5%–ით დაიბეგრება“.

ეს ნიუსი ძალიან მომეწონა, გადავწყვიტე, რომ თქვენც მოგეწონებოდათ და ამიტომ მოვიტანე სრულად. მადლობა ძმობილ „ინტერპრესნიუსს“, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც სააგენტო ჟურნალისტს აგზავნის და კონკრეტულ დავალებას აძლევს, ან ჟურნალისტი ადგილზეა, რამე მნიშვნელოვანი ხდება დაწერს, აგზავნის, ქვეყნდება… უბრალოდ, საკანონმდებლო ორგანოს პრეს-ორგანომ ჩათვალა, რომ „ღამის ორი საათია და ყველაფერი გენიალურადაა“, რომ საქართველო უკვე გაბრწყინდა, ერთი პრობლემაღა დარჩა მოსაგვარებელი და აჰა – ისიც მოგვარდა, მოაგვარა ვახტანგ ბალავაძემ. დაწერეს ეს ყველაფერი და ყველა რედაქციაში დააგზავნეს.

არადა, ვახტანგ ბალავაძე არაფერ შუაშია. თმის მოვლის საშუალებების იმპორტის საკითხი ჯონდი ბაღათურიას და კახა ბენდუქიძეს ადარდებთ და კანონპროექტიც მათ მიერ არის ინიცირებული. არც ის გამიკვირდება, ამ საქმეში ფანტომასის ხელი რომ ერიოს.

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ემსახურებიან პარლამენტარები და პარლამენტის აპარატის თანამშრომელბი თავის ქვეყანას და დემოკრატიის განვითარებას“, – თქვა ბრიტანელმა პარლამენტარმა სემინარის შემდეგ. სემინარი ეძღვნებოდა „პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და იმ პროგრამას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულობის შემდგომ განვითარების ისახავს მიზნად“.

შემდგომ განვითარებას… 90-იანი წლები მახსენდება – არა შუქი, არა წყალი, არა გაზი, არა სამუშაო (როგორც ახლა), პურის რიგები, პანაშვიდები, გასვენებები… და რადიოთი და ტელევიზიით ყოველდღე ტრიალებდა სიმღერა „იდღეგრძელე, საქართველოვ, კიდევ უფრო აღორძინდი“. პარლამენტარიზმი გვაქვს, დემოკრატია გვაქვს, მაგრამ საჭიროა მათი შემდგომი განვითარება. ეტყობა, იმ ბრიტანელმა პარლამენტარმა „თმის მოვლის საშუალებების“ კანონპროექტი ნახა და იფიქრა, რომ სხვა ყველაფერი წესრიგშია.

სემინარი თბილისში გაიმართა და პარლამენტის წევრებთან (გოგორიშვილი, კუბლაშვილი, კვერნაძე…) ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა. სემინარს გაგრძელება ალბათ ბრიტანეთში ექნება და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები მასში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებენ. მათთვის ხელისუფლებამ ახალი საქმე გამონახა.

„თბილისის მერის არჩევნებზე გიგი უგულავას მხარდასაჭერად მოძრაობა „ჩვენი ხმა გიგი უგულავას“ დაფუძნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობიდან აცნობეს არნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდებმა დააფუძნეს“ – გასულ კვირაში „ინტერპრესნიუსი“ უგულავას ახალგაზრდული ორგანოს პრეს-ორგანომაც გააბედნიერა.

როგორც ირკვევა, ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ვინმე ცუცქირიძე, ვინმე ფოფხაძე და თვით კონსტანტინე თოლორაია, რომელსაც მსოფლიო შოუ-ბიზნესი კოტიკოდ იცნობს. ისე, სადაც კოტიკო კონსტანტინედ გადაკეთდა, ლოგიკური იქნებოდა მოძრაობისთვის „ჩვენი ხმა გიორგი უგულავას“ დაერქმიათ. შემდეგ, ნიუსში წერია: „მოძრაობის წარმომადგენლების განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი საარჩევნო კამპანიაში გიგი უგულავას მხარდაჭერა და თბილისის მოსახლეობის იმაში დარწმუნებაა, რომ ხმა მერის არჩევნებზე სწორედ უგულავას მისცენ“.

ჰო, მაგრამ გიგის მხოლოდ ხმა რომ არ ეყოფა? გიგის უნდა ხმაც, მხედველობაც, სმენაც, ყნოსავაც… მოძრაობის წევრები კი მხოლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. როგორც ჩანს, ყველაფერ დანარჩენს თვითონ მისცემენ.

აბა, რა გითხრათ? წესით და რიგით, ამის შემდეგ უგულავას ხმა იმანაც კი არ უნდა მისცეს, ვისაც ეს უკვე საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ქვეყანაში ასე არ ხდება. დარიგდება ორ-ორი კილო შაქარი და კიდევ ერთხელ დაადებილებენ იმ ხალხს, რომელსაც Sugar Babe Love ჯერ კიდევ შუკაბეიბილა ჰგონია.

გავტეხე ფანჯარა, ვჭამე ირისი, გიგის შესცქერის მთელი თბილისი.

უგულავასი არ იყოს, საკუთარი ახალგაზრდები ნოღაიდელსაც ჰყავს (ეს უკვე პედოფილიას ემსგავსება). ჰოდა, ამ ახალგაზრდებმა იმდენი შეძლეს, რომ ერთი დღით ბათუმის თეატრი დაიქირავეს, კონფერენცია ჩაატარეს და სახელისუფლებო ახალგაზრდებს საკადრისი პასუხი გასცეს – დაგმეს „ხელისუფლების დაკვეთით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული სტუდენტური აქციები”.

„პატრიოტიზმს ამოფარებული ნაძირალები დღეს ჭკუას გვასწავლიან. ხელოვნურად ორგანიზებული კამპანიით კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებენ. ეს ბრძოლა ჩვენ კიდევ უფრო გამოგვაწრთობს“, – განაცხადა ნოღაიდელმა კონფერენციაზე.

კიდევ უფრო გამოაწრთობთ… იდღეგრძელე, საქართველოვ, კიდევ უფრო აღორძინდი. გავტეხე ფანჯარა, ვჭამე მურაბა, ბავშვებს აბოლებს კოჭლი ზურაბა.

„კონტაქტები გვაქვს ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ასევე, ვგეგმავ ვიზიტს ბრიუსელში, აზერბაიჯანსა და სომხეთში”, – აღნიშნა ექსპრემიერმა. გავტეხე ფანჯარა, ვჭამე ბადრიჯანი ზურაბას ელის მთელი აზერბაიჯანი.

მოკლედ, საქართველოს ახალგაზრდობა პოლიტიკურ ბატალიებში ჩაერთო და ჭკუაზე არ არის. თუმცა, არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ზის და ფიქრობს. გასულ კვირაში ამ ჯგუფიდან ერთ-ერთმა დიდი ფიქრის შემდეგ სლოგანი მოიფიქრა – „ახალგაზრდობა უდანაკარგოდ“. სლოგანის ავტორმა ჯილდოდ კომპიუტერი და, რაც მთავარია, დიმიტრი შაშკინის შექება დაიმსახურა. კომპიუტერი დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაფუჭდება, შაშკინის შექება კი თაობიდან თაობას გადაეცემა.

ახალგაზრდობა უდანაკარგოდ… არ არის ცუდი სლოგანი და მოწოდებადაც კარგია, თუმცა დაგვიანებულია – ახალგაზრდობამ დაკარგა ახალგაზრდობა. შეხედეთ კონსტანტინე თოლორაიას, შეხედეთ ნოღაიდელის გოგო-ბიჭებს… რას დაემსგავსნენ! შეხედეთ პალიკო კუბლაშვილს, რომელიც 35 წლის ასაკში 65 წლის ვალერიან ადვაძეს ჰგავს.

ჯერ კიდევ ბათუმში ვართ და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ მალე აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი აშენდება. ეს უკვე გადაწყვეტილია – გოგა ხაჩიძემ გადაწყვიტა. იმედი მაქვს, სადმე, ოდესმე ისტორიის ნაგავსაყრელიც აშენდება, სადაც ჩვენთვისაც გამოიძებნება მეტ-ნაკლებად მოზრდილი ფართი. სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკური ნაგავი გადამუშავებას არ ექვემდებარება.

გასულ კვირაში მიშა კანადელ ქართველებს შეხვდა და საკმაოდ მწარე სიტყვებიც თქვა: „ხალხი, ვინც გაბოროტდა, რადგან ქართველ ხალხს მათი სიყვარული არ აღმოაჩნდა, ქართველ ხალხზე გაბრაზებულია. ისინი შურს იმით იძიებენ, რომ მტერს ღიად ეხუტებიან“. ვერ გეტყვით, ვის გულისხმობდა. ალბათ, ძირითადად, თავის ყოფილ დაქალებს და ძმაკაცებს.

ამის შემდეგ მიშამ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვების მიერ ქართული ენისა და კულტურის სწავლების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვებიც, რომლებმაც პრეზიდენტი დაამშვიდეს და უთხრეს, შენს ყოველ სიტყვას ვუღრმავდებით და ვიმახსოვრებთო და მაგალითისთვის რამდენიმე სიტყვა თქვეს: წკავწკავი, წკმუტუნი, ბუყბუყი, ყიყინი, ჩმორი, ბანძი… მიშას გაეხარდა და თქვა, 6-7 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრაციის ეკონომიკური მიზეზი არ უნდა არსებობდესო. ჰო, მაგრამ, 6-7 წლის შემდეგ აღარც დარჩება ვინმე და, შესაბამისად, ემიგრაციაშიც აღარავინ წავა.

გასულ კვირაში „უცნობმა“ ამინდის გაუარესება იწინასწარმეტყველა – არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჭექა-ქუხილია მოსალოდნელიო. „უცნობის“ ამ განცხადებაში გოკა გაბაშვილმა სამოქალაქო დაპირისპირების სურვილი შეამჩნია. 6-7 წელიც გავძლოთ და არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდება.

„ქართული სახელმწიფო მარგინალური ჯგუფების მოწოდებებით ქვეყნაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს“ – თქვა კობა ბექაურის სამართალმემკვიდრემ, ნუგზარ წიკლაურმა. გასულ კვირაში როგორც იქნა გაირკვა, რა არის „ბარამბო“, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცის, რა არის ქართული სახელმწიფო და ვინ არის ნუგზარ წიკლაური.

გასულ კვირაში, ასევე, გაირკვა, რომ ზურაბ ნოღაიდელი არ არის ერთ-ერთი და არის ერთი. ეს მაშინ გაირკვა, როდესაც ალიანსმა ახალი ფორმულა გამოაცხადა – „ყველა მინუს ერთი“. ამ ფორმულის მიხედვით, ალიანსი ყველასთან დაჯდება სალაპარაკოდ, გარდა ზურაბ ნოღაიდელისა. პეტრე მამრაძეს გაუხარდა, მე არ მებუტებიანო, მაგრამ მამრაძე არის ნული და გინდა ღობის იქით დააბი გინდა – ღობის აქეთ, მაინც არაფერი შეიცვლება.

გია ბარამიძე „სამუშაო ვიზიტით“ ამჯერად იტალიაში გაემგზავრა. ბარამიძის მოგზაურობებს უკვე შევეჩვიეთ და იმასაც შევეჩვიეთ, რომ ამ ვოიაჟების შედეგად არაფერი იცვლება. ბარამიძე და მამრაძე ორივენი ყოფილი „მწვანეები“ არიან და ორივე ნულია, მაგრამ მამრაძისგან განსხვავებით, ბარამიძე არის საერთაშორისო ნული.

ადგილობრივი მნიშვნელობის გიჟებს, როგორც იქნა, თავში ნათელი აზრი მოუვიდათ – აიღეს ნიჩბები და მთაწმინდის პანთეონში თხრას შეუდგნენ, თუმცა, ისევე როგორც ყველა ნორმალური ჩანაფიქრი, ხელისუფლებამ ესეც ჩანასახშივე მოსპო.

მე რომ ამ მთავრობის შემდეგი მთავრობის ადგილას ვიყო, ზემოთხსენებული გიჟებისთვის სადმე ქალაქგარეთ თბილისის მაკეტს გავაკეთებდი, სადაც ეს კონკრეტული გიჟები იწივლებდნენ და იკივლებდნენ, გამოაცხადებდნენ შიმშილობებს, მოაწყობდნენ დემონსტრაციებს, ამოთხრიდნენ საფლავებს და ყოველდღე იყვირებდნენ, რომ „უნდა აღდგეს ხალხის მიერ კანონიერად არჩეული უზენაესი საბჭო“.

საქართველოს კონკრეტული პრეზიდენტი კი მთელი კვირის განმავლობაში უცხოეთში იმყოფებოდა. მასთან ერთად ჯერ ვანკუვერში და შემდეგ ლონდონში იმყოფებოდა ლევან ვარშალომიძე. მიშა ზამთრის კურორტების გამოცდილებას სწავლობდა, ხოლო ვარშალომიძეს კვებეკის გამოცდილება აინტერესებდა. ვანკუვერი შეადარეს მესტიას, აჭარა – კვებეკს, ხოლო რაც შეეხება ლონდონს, იქ მიშამ საკუთარი თავი უინსტონ ჩერჩილს შეადარა – ეგეთი ვარო. და თუ მართლა ეგეთია, მაშინ უკვე აქტუალური ხდება შემდეგი შაირი: გავტეხე ფანჯარა, ვჭამე ლობიო, ჩვენ შემოგვნატრის მთელი მსოფლიო.

დიდი უვარგისი კვირა იყო – სულ პოლიტიკა, არჩევნები, ნოღაიდელი… სულ გადავქექე ნიუსები და კულტურასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ ნიუსს გადავაწყდი:

„გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე პროექტის „მომავალი შენია“ პრეზენტაციას დაესწრო. გოგა ხაჩიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან და ქალაქის ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანთან ერთად, თბილისის 161-ე საჯარო სკოლას სტუმრობდა. პროექტის პრეზენტაცია ფონდ „წამის“ პრეზიდენტმა, ზაზა კორინთელმა (ზუმბა) სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა. დღესვე, გოგა ხაჩიძემ მოსწავლეებისთვის ბუნების დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხზე ლექცია წაიკითხა“.

ამ ზუმბას რაღა უნდა?

დიდი უვარგისი კვირა იყო და ეს, სხვათა შორის, დანიელმა პარლამენტარებმაც აღნიშნეს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ლადო ვარძელაშვილს ესაუბრნენ.

დიდი უვარგისი კვირა იყო და, ვფიქრობ, დროა დაგემშვიდობოთ. იმედი მაქვს, მომავალ კვირაში კარგი ამბები მოხდება. იმედი მაქვს, ოპოზიცია გაერთიანდება, ხოლო მანანა არჩვაძე წარმატებით დაამთავრებს სასაფლაოზე დაწყებულ საქმეს. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები რეგისტრაციაში გაატარებენ გიგი უგულავას მხარდამჭერ ახალგაზრდულ ორგანოს.

ჰოდა, კარგად ბრძანდებოდეთ.

თ.პ.ქ. (თბილისიც პატარა ქალაქია) …მაგრამ უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა მისი ნაბიჭვრობა, უკვე კი არა, მასზე ადრე, მის გაჩენამდე და ეს აცოფებდა სწორედ, უფრო ადრე რომ იცოდნენ სხვებმა ის, რაც მარტო მას ეხებოდა.
(ოთარ ჭილაძე, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“)

ტეგები: , ,


%d bloggers like this: