მოთხრობა 2 – ანა მაყაშვილი

The story of my dream has got the same old theme

Jay Jay Johanson

მოთხრობა 2

(Every me… He)

დღეს დილას პირველად 7 საათზე გამეღვიძა, რაც უცნაური იყო. ალბათ იმიტომ გამეღვიძა, რომ გუშინ ბევრი ლუდი დავლიე, პირველზე დავწექი და გიჟივით დამეძინა და სავსე შარდის ბუშტმა და პირის სიმშრალემ გამაღვიძა, რომელიც (პირი) ლიმნის ‘’ფანტით’’ დავასველე. მაგრამ გუშინდელი ამბები არ მინდა დღევანდელ მოთხრობაში გავრიო.

მეორედ რომ გამეღვიძა, 8 იყო. ჯგუფელმა, რომელსაც გუშინ ვთხოვე, ხვალ დილას დამირეკე და გამაღვიძე-მეთქი, დამირეკა და გამაღვიძა.

მესამედ 9-ის 15 წუთზე გამეღვიძა და მეოთხედ _ 9-ს რომ აკლდა 25. მეხუთედაც გამეღვიძა დღევანდელი დღის მანძილზე, ოღონდ ეგ მერე იყო და შესაბამისად _ ქვემოთ.

ჩავიცვი შარვალი, რომელიც ზუსტად ვიცოდი რომ უნდა ჩამეცვა, მაგრამ მაისურზე ვიყოყმანე: სამი სხავადასხვა ჩავიცვი და ბოლოს მაინც ის ჩავიცვი, რომელიც ამ სამიდან პირველი ჩავიცვი.

სამზარეულოში კატა შემეფეთა, თავს მისვამდა ფეხზე და ტიროდა, საჭმელი უნდოდა, რომელიც არ აღმოჩნდა მაცივარში. გამაგიჟა _ ვამპირივით იყო. მერე მეორე კატაც შემოვიდა ფანჯრიდან და იმანაც დამიწყო გაგიჟება. ბოლოს არაჟანი დავუდე ორივეს, მაგრამ არ უჭამიათ და ჩემ გაგიჟებას აგრძელებდნენ. იმდენად მომიშალეს ნერვები, რომ ვუყვირე და ხელიც კი მოვარტყი ორივეს ლოყაზე მსუბუქად. მერე პირი დავიბანე, მერე ტუალეტში შევედი, მერე ჩაი დავისხი, რომელიც ცხელი იყო და სხვა ჭიქაში გადავასხი, მაინც ცხელი იყო, ამიტომ ისევ პირველ ჭიქაში გადავასხი და იქამდე ვჟონგლიორობდი, სანამ არ გაგრილდა. დავლიე უცებ და გავედი გარეთ. ტაქსი გავაჩერე და წავედი ლექციებზე.

5 წუთით დამაგვიანდა, მაგრამ ლექტორი ჯერ არ იყო მოსული, ჯგუფელები ეზოში ისხდნენ. მეც შევუერთდი და ყველას იმედი გვქონდა, რომ ლექტორი იმდენად დააგვიანებდა, რომ თავს სახლში წასვლის უფლებას მივცემდით. მაინც მოვიდა. დღეს ის ლექცია გვქონდა, რომელიც არავის არ გვიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექციაზე ინტელექტუალურს არაფერს ვაკეთებთ, არც დავალებებს გვაძლევს ლექტორი და არც გამოცდა გვექნება, ანუ ისეთი ლექციაა, რომ შეგიძლია მიხვიდე, დაჯდე, ხმა საერთოდ არ ამოიღო საათ-ნახევარი და მშვიდად წახვიდე სახლში.

მოკლედ, ამ ლექციას ქვია ‘’თერაპიული ჯგუფები’’ თუ ‘’ჯგუფური თერაპია’’ და რა ფუნქცია აქვს, დღემდე ვერ გამირკვევია მაინცდამაინც. ოთახში სკამებს ვდებთ წრეში და ჩვენ 6 ჯგუფელი და მე-7 ლექტორი ვსხდებით ამ სკამებზე. ამ სხდომის განმავლობაში უნდა ვთქვათ ყველაფერი, რასაც იმ მომენტში იქ განვიცდით და რაზეც ვფიქრობთ. ეს წარმოუდგენელია იმის გათვალისწინებით, რომ იძულებით ვართ შეკრებილები და იმ მომენტში თავში ათასი ისეთი რამე მოგვდის (მე, ყოველ შემთხვევაში), რომლის თქმა არ გვინდება. მაგალითად, ვინმეს ვუყურებ ჩუმად და ვფიქრობ _ რას გავს, რა უშნო ფეხსაცმელები აცვია, მით უმეტეს ეხლა თან რომ დაცხა, ღია ფეხსაცმელები ჩაიცვეს და ზოგს ძალიან ცუდი ფრჩხილები აქვს ფეხის თითებზე. ასევე, იმის უფლებაც გვაქვს, თუ არ გვინდა, არაფერი არ ვთქვათ საერთოდ. მაგრამ ლექტორი ძლევამოსილი და პროვოკატორია და როცა პირველ ჯგუფურ თერაპიაზე ჩუმად ვერცერთმა გავძელით და სანაცვლოდ ძაან ბევრი სისულელე ვთქვით, გვითხრა _ ჩუმად ყოფნა და თქვენ თავებთან მარტო დარჩენა არ შეგიძლიათ და დისკომფორტს გიქმნითო. მერე შემდეგ შეხვედრებზე ხმას რომ არ ვიღებდით, პირიქით გვეუბნებოდა: ერთმანეთს არ ენდობით და გეშინიათ რამის თქმაო. ამიტომ ვეღარ გავიგეთ, როგორ ჯობდა მოქცევა და დავასკვენით, რომ სრული იდიოტიზმია ეს ჯგუფური თერაპია.

სინამდვილეში, მე ფეხებზე მკიდია. რამის თქმა და რამეზე იქ ლაპარაკი მგონია, რომ ხელოვნური და არაგულწრფელი იქნება ჩემი მხრიდან, ამიტომ, ძირითადად, ჩუმად ვარ, ან ვიცინი, ან ისეთ რაღაცეებს ვამბობ, რასაც ყველგან ვიტყოდი. ოღონდ, ეს თუ მოხდა, მერე ხდება _ ჯგუფის მუშაობის მეორე ნახევარში, თორემ თავიდან ჯგუფის თერაპია კიდევ უფრო ჯოჯოხეთურია: შევდივართ ამ ოთახში, ვსხდებით წრეზე, ლექტორი იტყვის _ ‘’დაიწყო’’ და იწყება… სიჩუმით.

დღესაც ესე იყო. ეს სიჩუმე მე მაინცდამაინც აუტანლად არ მეჩვენება, უბრალოდ დილაა, 9 საათი, ოფისში, სადაც ლექციები გვიტარდება, არავინაა და ამიტომ ამ სიჩუმეში ხმები ისმის ხოლმე _ ლექტორის მუცლის ყმუილი და კომპიუტერის ზუზუნი, ჩემი საათის წიკ-წიკი, სკამების ჭრიალი და ეგეთი უხერხული ხმები. ლექტორი გვეუბნება, რომ როცა ჩუმად ვართ, ჯგუფში არ ვართ ანუ სადღაც სხვაგან ვართ _ ჩვენ ფიქრებში. ასეც არის. მე თან ყოველთვის მეძინება და რაღაც ჩემ თავთან დაკავშირებულ ეგზისტენციალურ ფიქრებზე ვფიქრობ ალაგ-ალაგ, თან ვცდილობ ჯგუფზეც ვიფიქრო, მაგრამ რასაც ვფიქრობ ისაა, რომ არ მესმის, რა არის, ნერვებს მიშლის ყველა მონაწილე და განსაკუთრებით _ ლექტორი, რომელსაც სულ ტყვილა გონია, რომ რამე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ამით. საბოლოო ჯამში _ ფეხებზე მკიდია. ალბათ იგრძნობა და თითქოს იმასაც ვცდილობ, დავმალო ეს ინდიფერენტიზმი, რომელიც მაინც ემცოციურადაა მეტ-ნაკლებად შეფერილი და ალბათ ამიტომაც არ ეთქმის ‘’ინდიფერენტიზმი’’.

სიჩუმეს ყოველთვის ვიღაც არღვევს. მე ნამდვილად არ ვარ პირველი და ესეც ჯგუფის თერაპიის ფონი თუ რაღაც იდიოტური ქვეტექსტია, რომ ვიღაცეებს აქვთ ამბიცია ინიციატორები იყვნენ ლაპარაკის დაწყებაში და გამბედავები, გეგონება ძაან მნიშვნელოვანია ეს გაბედულობა აქ, და გეგონება, მნიშვნელოვანია საერთოდ ეგ თვისება ძალიან.

დღესაც ესე მოხდა. ვიღაცამ დაარღვია სიჩუმე და ლექტორს კითხა _ ჯგუფის თერაპიის ისტორიაში თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დროის მანძილზე ხმა არავის ამოუღიაო. ლექტორმა, ჩემი გამოცდილებიდან გიპასუხებთ _ მაქსიმუმი 40 წუთი იყოო და ისიც 3 მძიმე დეპრესიის მქონე მონაწილე იყო იმ ჯგუფშიო. კითხვის ავტორს გაეცინა, რომ ვითომ გამორიცხულია, რომ ჩვენ ჯგუფში ვინმეს დეპრესია ჭირდეს, რომ ეს სასაცილოა _ ალბათ იგულისხმა.

მერე არ მახსოვს, რასთან კავშირში, მაგრამ ლექტორმა ჩვენი ჯგუფის მუშაობა პანაშვიდს შეადარა, რაზეც გამეცინა. სინამდვილეში, გულით არ გამცინებია, იმიტომ რომ, ლექტორმა რაც არ უნდა თქვას ხოლმე, არასდროს არაა ჩემთვის სასაცილო. მაგრამ ალბათ იფიქრეს, რომ გულით გავიცინე. თუ გულით სიცილის რამე ელემენტი ქონდა ჩემთვის ამ სიცილს, ალბათ მარტო ის, რომ სანამ სიჩუმე იყო, მეც ვფიქრობდი, პანაშვიდს გავს-მეთქი აქ რაღაცა. მაგრამ ეს იმდენად ორდინალური ფიქრი იყო, რომ არ გავუმხიარულებივარ მაშინაც კი როცა გავიფიქრე.

მერე ერთ-ერთმა ჯგუფელმა იკითხა, დღიურებს თუ წერთ ვინმეო. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველას მოგვინდა პასუხის გაცემა (ნაწილობრივ იმიტომ, რომ, ვიგრძენით _ ლაპარაკი აქ ადვილი იქნებოდა ანუ ლაპარაკის შანსი მოგვეცა), კითხვის ავტორმა ჯგუფელმა არავის აცალა არაფერი და თვითონ დაიწყო ლაპარაკი _ დღიურს რომ ვწერ, ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, რომ ვიღაცისთვის ვწერო და არ ვიცი, ეს ბუნებრივია, თუ არაო. კაი ერთი-მეთქი, გავიფიქრე. ჯგუფელმა კიდევ თქვა რაღაცეები, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, ძირითადი აზრი ეს იყო. მე ვიფიქრე, მშვენიერი შანსია ეხლა რამე რომ ვთქვა-მეთქი და ვთქვი:

მე, მაგალითად, ამას წინათ წერილი დავწერე ჩემი მეგობრისთვის-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ წერილი ეს საერთოდ არ იყო-მეთქი, იმიტომ რომ, მარტო ჩემი განცდები ეწერა, რომელიც ალბათ მეგობრისთვის არ იქნებოდა-მეთქი საინტერესო _ იმას არაფრით უკავშირდებოდა-მეთქი და ეგოიზმი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ წერილის მიცემა მეგობრისთვის-მეთქი, ვითომ რა?! _ პატივი დავდე ჩემ მეგობარს, ადრესატად რომ ვაქციე, თუ რა-მეთქი?! ამიტომ აღარ მივცემ-მეთქი ამ წერილს. ვიგრძენი-მეთქი, რომ უბრალოდ ეგეთი ტიპის რაღაცის დასაწერად ადრესატი მჭირდება-მეთქი. სინამდვილეში, ეს, რაც ვთქვი _ წერილის ეგოიზმთან დაკავშირებით _ იმ წერილშიც მეწერა, ზუსტად რომელზეც ვლაპარაკობდი და მანამდე კიდევ ორ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანებისთვის დაწერილ წერილშიც. და ისიც ცოტა ტყუილი იყო, რომ ის ადრესატი არ იყო კავშირში ამ წერილთან და ისიც, რომ ვითომ გადავიფიქრე მისთვის ამ წერილის მიცემა. მაგრამ არ ქონდა ამას ჩემთვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ, იმ წუთას ამ ყველაფრის ისე თქმა, როგორც ვთქვი (და ზემოთ დავწერე), მშვენივრად ჟღერდა.

კიდევ ამ თემასთან დაკავშირებით ისიც ვთქვი, როცა დღიურს ვწერ-მეთქი, რაღაც სხვა მექნიზმი მერთვება-მეთქი _ მეტაკოგნიცია-მეთქი, რაც ფიქრებს ნიშნავს ფიქრების შესახებ; ანუ რომ ვწერ რაღაც ფაქტობრივს-მეთქი, იმაზეც ვწერ-მეთქი, რომ ვთქვათ, რატომ ვწერ ეხლა ამას-მეთქი, რატომ ვწერ ასე-მეთქი, მოკლედ, ხომ ხვდებით-მეთქი… ხო, ხო-ო მითხრა თემის ავტორმა ჯგუფელმა _ ანუ ცნობიერების ნაკადი ნაკადი გერთვება და ძაან შორს მიყავხარო. ‘’ცნობიერბის ნაკადი’’ დიდად არ მომეწონა, რაღაც პროტესტი მაქვს ამ სიტყვათა შეთანხმების მიმართ, ‘’ძაან შორს მიყავხარ’’-ს კიდევ არა უშავდა. მაგრამ საბოლოო ჯამში, დავეთანხმე, ხო, დაახლოებით-მეთქი.

ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ის ვთქვი, რომ დეიდაჩემი არ ცხოვრობს-მეთქი საქართველოში და იმ დროს, როცა წერილების გაგზავნა და ე-მაილ-ები ხელმიუწვდომელი იყო-მეთქი, მე დღიურებს ვუწერდი დეიდაჩემს და მერე, ვთქვათ, ერთი-ორი თვის მასალას ერთად ვუგზავნიდი-მეთქი. ანა ფრანკის დღირების პონტში-მეთქი. ესეც ტყუილი იყო, იმიტომ რომ, ესეთი რამე ერთხელაც არ გამიკეთებია, ამას ჩემი დეიდაშვილი შვებოდა. მაგრამ ჩემი ნათქვამი მაინც ეფექტური გამოდგა.

ერთმა ჯგუფელმა თქვა, მე დღიურებში იმას ვწერდი, რომ ეხლა აქ ვიყავი, ეხლა _ იქ, ეხლა ეს გავაკეთე, ეხლა _ ისო და მერე რომ გადავიკითხე, ძაან უინტერესო იყო და შევეშვიო. უბრალოდ ლამაზი ბლოკნოტები მქონდა ბოქლომიანები და შევსება მინდოდაო. კიდევ ის იყოო, რომ ჩემ დას უყვარდა წერაო და სულ წერდა დღიურებსო, ძაან ბევრი დღიური აქვს, სათაურებსაც კი არქმევდაო (ეს აზრი მომეწონა მე _ სათაურებს რომ არქმევდა და ვიფიქრე, ნეტავ, რას არქმევდა-მეთქი). ეხლა საბერძნეთში ცხოვრობს და იქაც წერს დღიურებსო, ოღონდ ეხლა მე მიწერსო, ყველა დღის ჩანაწერი ჩემი სახელით, ჩემთან მომართვით იწყებაო და მეუბნება, რომ ჩემთვის წერს, მერე უნდა წამაკითხოსო.

მეორე ჯგუფელი ამ ჯგუფელს დაეთანხმა _ მეც ეგეთ დღიურებს ვწერდი _ აქ ვიყავი, იქ ვიყავი, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო. და მომწყინდაო. შეიძლება მოდაში იყო მაშინ და იმიტომ ვწერდიო. ცოტა იძულებასაც ვგრძნობდი, რომ უნდა დამეწერა ყოველ დღეო. მოკლედ, შევეშვიო.

იძულების ამბავში დავეთანხმე, იმიტომ რომ, ეგეთ ყოველდღიურ, გამიზნულ რაღაცეებს იძულების მომენტი ყოველთვის ახლავს თან.

მესამე ჯგუფელმა მოკლედ თქვა _ მე არც მიწერია და არც ვწერ დღიურებსო.

მეოთხე ჯგუფელი (ან მეექვსე, თუ გავითვალისწინებთ ამ თემის ავტორ ჯგუფელს და მე) ყველა დანარჩენ ჯგუფელს ნერვებს გვიშვლის, იმიტომ რომ, საშინლად ფრთხილია და არაფერს ისეთს არ ამბობს ხოლმე და იმას ამბობს, რაც თავის ჭკუით, ლექტორს მოეწონება და ჩვენც ვერაფერ ნაკლს ვერ გამოვუძებნით მას ამ ნათქვამის საფუძველზე. მაგრამ პირიქით _ ზუსტად ეგეთი ნათქვამების გამო გვაღიზიანებს. ამის გარდაც, ბევრი რამე აქვს კიდევ გამაღიზიანებლი და მის ამ ჩემ მიერ ზემოთ გაკეთებულმა მოკლე აღწერამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ და სულ სხვანაირი წარმოგადგენინოთ ეს ჯგუფელი, მაგრამ არა უშავს. მოკლედ, ამ ჯგუფელმა თქვა, მეც, მეც-ო _ რაღაც ზოგადი ბუნდოვანი დათანხმება გამოთქვა ყველას ნათქვამზე და დაამტა, მე მეგობრობის დღიურს ვაკეთებდიო და ამას წინათ გადავიკითხე და ისეთი საინეტერესო იყოო… ოღონდ ძალიან არაგულწრფელი იყო და ალბათ მოიტყუა კიდევაც.

ლექტორის ნათქვამი ამ თემასთან დაკავშირებით ისეთივე ბანალური იყო, როგორიც მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენთაგანის, მაგრამ ისე თქვა, გეგონება, ძალიან მნიშვნელოვან და ახალ რაღაცას ამბობდა. სჩვევია. მახსოვს, რომ განცდა დამრჩა, რომ ჩემი და ამ თემის ინიციატორი ჯგუფელის ლაპარაკი მოეწონა თითქოს და დათანხმებისმგვარი რაღაც გამოხატა, რამდენადაც შეეძლო. თვითონ რაც თქვა, ის იყო, რომ დღიურს ყოველთვის ყავს ადრესატიო _ შეიძლება ეს კონკრეტული ადამიანი არ არისო, შეიძლება ეს ჩვენი ‘’მე’’-ებიაო. ჩვენი ალტერ-ეგოები იგულისხმა ალბათ. და მოდაა ეს თუ იძულებაო, თქვენ ზუსტად რომ დღიურების წერის პროფესია [ფსიქოლოგია] აირჩიეთ და უნდა წეროთო.

ამ ბოლო ფრაზაზე მახსოვს რაღაცის თქმის სურვილი გამიჩნდა _ იმის, რომ როცა მე ჩემ თავზე ვწერ, იქ ძაან არაობიექტური ვარ და მხატვრული და უსისტემოდ ვწერ ჩემ განცდებს. ამიტომ, მეცნიერული და პროფესიონალური ღირებულება ვერ ექნება ასეთ ჩემ ნაწერებს ან მაქსიმუმ მაშინ ექნება, როცა ბევრი წლის მერე გადავიკითხავ და ჩემი ემოციების და განცდების ობიექტივაციას თუ რაციონალიზაციას შევძლებ. მაგრამ აღარ ვთქვი არაფერი, დამეზარა აზრების გასაგებად ჩამოყალიბება. ისე, თან მეეჭვება, ჩემ ემოციებს როდესმე ობიექტური თვალით შევხედო ან თუ მოვახერხე ობიექტივაცია, არა მგონია, ჩემ ნაწერებში მხატვრულ ღირებულებას უფრო არ მივაქციო ყურადღება, ვიდრე რამე სხვას.

თემა ამით არ ამოწურულა. გაგრძელდა იმით, რომ ემოციების დაფიქსირება რა მნიშვნელოვანია, თუ რაღაც ეგეთი. ამასთან კავშირში, მგონი, ის ვთქვი, რომ რაც დრო გადის, ემოციები მიცვთება და ბავშვობის რაღაცეები მავიწყდება ანუ ემოციურად მავიწყდება-მეთქი. წესიერად ვერ გადმოვეცი, რასაც ვგულისხმობდი, ისევე, როგორც ეხლა. ამიტომ, დავამატე _ ხომ ხვდებით-მეთქი. და მინდა შემეძლოს ამ ემოციების შენახვა სადმე-მეთქი, რამეში ასახვა-მეთქი. ეგ მართლა მინდა, მაგრამ დღიურს არა აქვს ამის უნარი, დარწმუნებული ვარ. ეგ ემოციები რაღაც სუნებით და ნივთებით და ადგილებით და ფერებით და შუქებით და ადამიანებით და სიტუაციებით და სიზმრებით შედგება და მარტო წამებში შეიძლება განიცადო თავიდან და თუ განიცდი, ძაან სასიამოვნოა. აი, იმას ვგულისხმობ, რომ ბავშვობაში, მაგალითად, ბებიაჩემის სახლში რომ ვიწექი ღამეს, შუქი გვერდითა ოთახიდან შემოდიოდა და მანქანა რომ გაივლიდა, ჭერზე და კედლებზე მანქანის ფარების შუქი იხაზებოდა და რაღაცნაირი გრძნობები მიჩნდებოდა. თვითმფრინავის ხმასაც შეეძლო მსგავსი ემოციების გამოწვევა.

ეს ჯგუფის თერაპიისას არ მითქვამს. თემის ინციატორი ჯგუფელი ყველაზე მეტს ლაპარაკობდა: თქვა, რომ ძალიან ნანობს, ‘’ვარდების რევოლუციის’’ დროს რომ არ უწარმოებია დღიური. მაშინ უმცირესობაში ვიყავიო, მთელი ქალაქი მოჯადოებული იყო ამ რევოლუციითო, ჯადოსნურ ქალაქში მეგონა თავი, სადაც ყველას ჭკუა ქონდა დაკარგულიო, აი, ‘’ალისა საოცრებათა ქვეყანაში’’ იყო ნამდვილიო, თქვა და თავისდაუნებურად მე შემომხედა; გეგონება, ძალიან კარგი მეტაფორა გააკეთა ან მე ვიყავი ამ წიგნის ექსპერტი. ვიცოდი წინასწარ, რომ ეს კარგს არაფერს მოგვიტანდაო. უნივერსიტეტში მარტო ორი ჯგუფელი იყოო, ვინც ჩემ მხარეს იდგაო, ერთი ჩუმია და ხმას არ იღებდაო, მეორე კიდევ ცხოვრებაში არ ყოფილა ავად და მაინცდამაინც იმ დღეებში გახდა და არ დადიოდაო. ქუჩაში ამაზე იყო ლაპარაკი, ტელევიზორშიცო, ტრანსპორტშიცო, უნივერსიტეტში _ ლექტორიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული _ ყველა რევოლუციის მომხრე იყოო. დამლაგებელი მეჩხუბაო: მითხრა, ლექციებზე რა გინდა, მიტინგზე წადიო, მე ვუთხარი, არ ვიზიარებ მაგ სულისკვეთებას-თქო და მეჩხუბა, შენ  ქვეყნის მტერი ხარო. მეგობრებიც სულ ამაზე ლაპარაკობდნენო, ვერ ვეურთიერთებოდი მაშინ მაგათო. მოკლედ, მივხვდი, რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნაო.

გულში ვფიქრობდი, სულ არ დამაინტერესებდა უმცირესობის ემოციებით სავსე დღიურის წაკითხვა-მეთქი.

ლექტორი გაფაციცებით უსმენდა, შეიძლება თანაგრძნობითაც კი და თქვა, მახსოვს 1992 წლის 7 მარტიო _ ჩემი დაბადების დღე იყოო. ერთი მეგობარი იყო სტუმრად და ბიძაშვილიო, სხვები რატომ უნდა მოსულიყვნენ, საჭმელიც არ მქონდა მაშინ სახლში და არც არაფერიო. ერთი საუკეთესო მეგობარი მყავსო _ სამი წლიდან, რაც ჩემი თავი მახსოვს, ეს მეგობარი მახსოვსო, ჩემზე ორი წლით დიდიაო. და მირეკავს და მეუბნებაო, ეხლა მე შენ ვერ მოგილოცავ დაბადების დღეს, დიდი ბოდიშიო, მოსალოცი არაფერი მაქვს შენთან, ისეთ დღეში ვართო. მოკლედ, ეს მეგობარი ზვიად გამსახურდიას მომხრე ყოფილა, ჩემი ლექტორი _ არა. ჰოდა, დავკიდე ყურმილი და გავშრიო, 15 წუთი ვერ ვმოძრაობდიო, მაშინ მივხვდიო, რომ ე.ი. ადამიანებს არ შეუძლიათ ისეთი მიგიღონ, როგორიც ხარო, არის რაღაცეები, რაც მათ სიყვარულს ხელს უშლის შენ მიმართო.

მე ვთქვი, ხოო-მეთქი. უბრალოდ-მეთქი, ადამიანები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და ძალიან ჭირდებათ-მეთქი, როცა მათი შეხედულებები სხვისას ემთხვევა-მეთქი, მეგობრისგან განსაკუთრებით მოელიან ამას-მეთქი. ალბათ ამიტომაა, რომ ვინმეს რომ კითხო, როგორი უნდა იყოს მეგობარი, ერთგულების გარდა, გიპასუხებენ-მეთქი _ საერთო ინეტერესები უნდა გვქონდესო. უბრალოდ-მეთქი, ჩვენთან პოლიტიკა ძაან პერსონალურ დონეზეა-მეთქი აყვანილი, პოლიტიკა აღარაა ეს უკვე-მეთქი, ბევრი ჩხუბი ხდება პოლიტიკაში განსხვავებული შეხედულებების გამო-მეთქი. ეს ცალკე თემაა-მეთქი.

მგონი, დამეთანხმნენ. პრინციპში, ამდენი არ მილაპარაკია, რაც აქ დავწერე.

კიდევ თქვეს რაღაცეები ალბათ. არ მახსოვს, რა. ხელოვნური იყო დღიურის თემასთან დაბრუნება ლექტორის მხრიდან, მაგრამ მაინც დაუბრუნდა. ეტყობა მიხვდა, რომ ჯგუფის თერაპია კი არა, რაღაც ჩვეულებრივი საუბარი იყო, რომელიც ყველგან შედგებოდა თავისუფლად და იმასაც მიხვდა, რომ ჩვენთვის ესეთი ლაპარაკი უფრო კომფორტული იყო, ალბათ თავისთვისაც. მაგრამ არაა ლექტორის სტილი ესეთი, თავის ჭკუით, არაპროფესიონალიზმი. არადა, დღიურებიც არანაკლებ ადვილი სალაპარკო იყო.

მერე იმ გამაღიზიანებელმა ჯგუფელმა ლექტორს კითხა, აი, რომ ახსენეთ, დღიურები ვინმესთვის იწერება ყოველთვისო, მაინტერესებს, აი, მემუარებს რომ წერენ, ეგეც ვინმესთვის იწერებაო. სულელური კითხვა იყო შინაარსობრივადაც (იმიტომ რომ, წესით უნდა ცოდნოდა პასუხი) და ფორმალურადაც (იმიტომ რომ, ლექტორს, როგორც ექსპერტს მიმართა ამ კითხვით, არადა იდეაში _ ჯგუფის თერაპიაში ანუ _ ლექტორი ისეთივე ჯგუფის წევრი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ).

ლექტორმა უპასუხა, კი, ეგ სულ სხვაა, ვიღაცისთვის იწერება აუცილებლადო. მემუარები _ ეს არის, პირველ რიგში, შენი პოზიცია სამყაროს შესახებ და ფონად დაყვება შენი პოზიციის დაფიქსირებაო. მე დავამატე _ მემუარებში, წესით, მკითხველი ყოველთვის გათვალისწინებულია-მეთქი და მხატვრული დონითაც სხვა არის დღიურთან შედარებით-მეთქი.

აღარ მახსოვს, კიდევ რა სიბრძნეები ითქვა, მაგრამ როგორც იქნა, მორჩა ჯგუფის თერაპია _ 7 ეგოს თავშეყრა. რეალიზებულად არ მიგრძვნია თავი.

გარეთ გამოვედით. ჩამოვჯექით, მე მოვწიე. საბერძნეთში და რომ ყავს, იმ ჯგუფელს ველოდებოდი, როდის ჩამოვიდოდა შენობიდან _ მანქანა ყავს და განათლების სამინისტროში მუშაობს ანუ ჩემ სახლთან ახლოს და მივყავარ ხოლმე. მე ხომ არსად არ ვმუშაობ?! ლექციების მერე სხვები თუ საქმეებზე და სამსახურებში მიდიან ხოლმე, მე სახლში ვბრუნდები ჩემთვის. ამ გოგომ ‘’რედ ბული’’ იყიდა, უფრო სწორად ‘’B 52’’, ჩიფსები, 4 ცალი ‘’რაფაელო’’ (პირველად გავიგე, რომ ეგეც იყიდება ცალობით), ჩაჯდა მანქანაში, რომელიც ჯიპია და ნომრის ასოები მისი სახელის პირველ სამ ასოს (სულ ოთხი ასო აქვს სახელში) ემთხვევა (ამბობს, რომ შემთხვევით და ამ შემთხვევითობის მიწერა მისტიკაზე თავში აზრადაც არ მოდის), გაიკეთა შავი სათვალე, პირში ჩაიდო წვრილი სიგარეტი და გავეშურეთ.

შრომისმოყვარე ბურჟუაა, შრომის მთლად არა, მაგრამ უნივერსიტეტში სულ ხუთოსანი იყო, ეხლა სამსახურს უთმობს უფრო მეტ დროს და ხუთების მიღებას ვეღარ ასწრებს. ამავე დროს, დიდად არაფერზე ღელავს, ცოტა ჭკვიანია, ხშირად ხუმრობს და იცინის, რასაც საკმაო სიყალბე ახლავს თან. შაბათობით ‘’შარდენზე’’ დადის კეფეებში გოგო-მეგობრებთან ერთად, კვირას ალბათ უფრო სახლშია და დანარჩენ დღეებში _ სამსახურში და ლექციებზე. ‘’ზაგარი’’ აქვს წელიწადის უმეტეს დროებში, გარეგნული ღირსებებით არ გამოირჩევა, აცვია ყოველთვის მაღალ-სქელ-ქუსლიანი ფეხსაცმელები, მანქანაში ჩართული აქვს უმეტესად ძველი ჰიპ-ჰოპ-ჰიტები, ოღონდ უფრო უილ სმიტის მსგასვსი მომღერლები რომ მღერიან, ერთი-ორი ბავშვობისდროინდელი _ კლასელების დაბადების დღეების ჰიტი (მაგალითად, ‘’ალიანს ეტნიკის’’ Respect) და ერთი-ორი თანამედროვეც (მაგალითად, ესტელის American Boy), მაგარამ მაინცდამაინც არ მოწონს არაფერი. ამბობს, რომ მანქანის გამოცვლა უნდა და  მამამისს აუცილებლად აყიდინებს ‘’ინფინიტის’’. ორ მობილურს ატარებს _ ერთი კარგია, ერთი _ სამსახურის, არც ისე.

ყოვლეთვის მეზარება მაგასთან ისეთი მოკლე მანძილების გავლაც კი, როგორიც ბელინსკიდან მარჯანიშვილამდეა. მაგრამ მანქანით მირჩევნია. დღეს თან გზა გაგვიგრძელდა: ‘’ლაგუნა ვერესთან’’ ‘’ვისოლიში’’ ბენზინი უნდა ჩაესხა. გზაში, ძირითადად, ლექტორზე ვლაპარაკობთ და იმ გამაღიზიანებელ ჯგუფელზე, ზემოთ რომ ვახსენე ორჯერ, თუმცა უფრო დროის გასაყვანად ვლაპარაკობთ. ალბათ ორივემ ვიცით. ‘’ვისოლიში’’ არ ქონდათ ‘’პრემიუმ’’-ბენზინი და იძულებული გახდა, ‘’რეგულარი’’ ჩაესხა. ვითომ მაინტერესებდა და ვკითხე, რა განსხვავებაა, რომელ ბენზინს ჩაასხამ-მეთქი. თუ უხარისხოა, ცუდად დადის მანქანა და ძნელად იქოქებაო. ცოტათი მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობს _ როგორი ვგონივარ, მაგრამ მგონი, ბევრს არაფერს ფიქრობს, რაც უჩვეულოა, იმიტომ რომ, მგონია, ყველა, და მით უმეტეს ჯგუფელები, ჩემზე ფიქრს რაღაც დროს უნდა უთმობდნენ.

გზა გავაგრძელეთ და გზაში მოსალოდნელ საგზაო ორმოზე (‘’იამკაზე’’) მიყვებოდა. მარჯანიშვილზე TBC ბანკთან გვირაბი რომაა, იქ საშინელი ‘’იამკააო’’ და შანსი არაა, რომ ააცილოო. ეს ორმო სულ ფეხებზე მეკიდა. მაგრამ მართლაც ვერ ააცილა ამ ორმოს და კიდევ უარესი _ ამ გვირაბში საკმაოდ დიდხანს მოგვიწია გაჩერება, საცობი იყო. ამ დროს საცობთან დაკავშირებულ ტექნიკურ სისულელეებზე მომიხდა ჩემ ჯგუფელთან საუბარი. ცოტა გამაღიზიანებლად გაიწელა გვირაბში დგომა და გავიფიქრე, ეხლა რომ ჩამოვიდე მანქანიდან, ბევრად მალე მივალ სახში-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში, ეს ყველაფერი დიდად არ მადარდებდა. ჩემი ჯგუფელისგან განსხვავებით, რომელიც თბილისელი მძღოლისთვის დამახასიათებელი სულისკვეთებით იქცეოდა. გავიფიქრე, ეს სულ სხვა სულისკვეთებაა-მეთქი, როცა დღის პირველ საათზე ჯიპით საცობში ხვდები და თან სახელმწიფო სამსახურში გაგვიანდება. ირგვლივ ბევრი იყო ეგეთი მძღოლი და ამ ყველაფერთან ორგანულად მორგებული ‘’სტაიანშიკი’’.

როგორც იქნა, გავაღწიეთ გვირაბიდან. პრინციპში, გვირაბი ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს, იმიტომ რომ, გვირაბს მარტო ფორმით გავს, თორემ დიდი ქალაქების გვირაბების არც სიგრძე, არც სიბნელე და არც, ერთი სიტყვით, განწყობა არ აქვს. ამიტომ იქიდან გამოსვლა სინათლეში გამოსვლის ტოლფასი არ ყოფილა.

ჩემმა ჯგუფელმა თავისი სამსახურის ავტო-სადგომზე პრაქტიკულ ადგილას მოხდენილად გააჩერა თავისი მანქანა, ისეთივე ფორმალური სითბოთი დავემშვიდობეთ ერთმანეთს, როგორსაც გზაში გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ და მე სახლისკენ წავედი.

სახლში, თუ არ ვცდები, მამაჩემი დამხვდა. მე სასიამოვნოდ მეძინებოდა. დაძინებამდე კომპიუტერი ჩავრთე და გზაში ნაყიდი ანჩოუსების ჭამას შევუდექი. სინამდვილეში, ეს ანჩოუსები წინა დღეს მინდოდა ძალიან, რომ მეჭამა, ლუდთან ერთად. იმდენად მინდოდა, რომ მეორე დღეს წინა დღის ჯინაზე ორი პაკეტი ვიყიდე და ვჭამე.

მერე კომპიუტერთან ერთად ლოგინში გადავინაცვლე და დაძინების პროცედურებს შევუდექი. გადავწყვიტე, ძილის წინ მასტურბაციისთვის მიმემართა. საერთოდ, რაც შეყვარებულს დავშორდი, ხშირად მივმართავ ხოლმე. არადა, პრინციპში არც მანამდე გვქონია მე და ჩემ შეყვარებულს ბევრი სექსი, მით უმეტეს ბოლო დროს, უბრალოდ, მგონია, რომ რახან არ მყავს შეყვარებული, ხშირად უნდა ვანძრიო. მოკლედ, რაღაც მსუბუქი პორნო ჩავრთე და ორგაზმმაც არ დააყოვნა _ ალბათ ნახევარ წუთში გავათავე. და მალევე ძალიან ტკბილად ჩამეძინა.

ძილში ძალიან ლამაზი და უცნაური სიზმარი ვნახე. საერთოდ, ზუსტად ეს სიზმარი იყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ მოთხრობის დაწერას, უფრო სწორად, იმდენად მომეწონა ეს სიზმარი, რომ გადავწვიტე დამეფიქსირებინა რამე ფორმით. გაღვიძებულს ხასიათი საშინლად ამიმაღლა და აღფრთოვანებული და აფორიაქებული ფურცლებს და პასტას მივუახლოვდი. ეს აღფრთოვანებული და აფორიაქებული გუნება, ერთი მხრივ, ძალას მაძლევდა წერისას და მეორე მხრივ, ისე მფანტავდა, რომ წერაში კონცენტრირებაში ხელს მიშლიდა, წამდაუწუმ ვდგებოდი და ხან სარკეში ვიყურებოდი, ხან _ ფანჯარაში, ხან მუსიკას ვუწევდი ხმას და ხან რას ვაკეთებდი და ხან _ რას. მოკლედ, იმდენი ვქენი, რომ იმ დღეს _ 17 ივნისს _ სიზმრის აღწერამდე გადასვლა ვერ მოვახერხე და დღეს უკვე 6 იანვარია, მეტიც _ 7 თენდება და იანვარში დაწყებული ანუ მოთხრობის გაგრძელებული ნაწილი შავი პასტით წერია. თუმცა, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა და არც იმას, რომ ‘’ივნისი’’ და ‘’იანვარი’’ ორივე ‘’ი’’-ზე იწყება და ‘’ნ’’ ურევია შუაში. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ალბათ ისაა, რომ სიზმარი მაინცდამაინც კარგად არ მახსოვს, არც ისეთი ღირებულება აქვს, როგორიც მაშინ და არც ის აღფრთოვანებულ-ამაღლებული გუნება მაქვს, როგორც 17 ივნისს მქონდა.

ასეა, თუ ისე, სიზმარი ძალიან ლამაზი და უცნაური იყო-მეთქი, ვთქვი ზემოთ და კიდევაც გავიმეორე:

ვითომ მე, მამაჩემი და კიდევ ორი ქალი ჩემი სახლის სასადილო ოთახში ვისხედით, ტელევიზორის წინ. ეს ქალები ვითომ ჩვენი ნათესავები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში მსგავსი სულისკვეთება ქონდათ. ტელევიზორში ფილმი გადიოდა, შავ-თეთრი _ ქართულ ფილმს გავდა და მოქმედება წვიმიან ბათუმში ხდებოდა, თითქოს ქალი და კაცი იყო ამ ფილმში და ქოლგებიც ფიგურირებდა, ოღონდ მთლად ისე კლასიკურადაც არა, როგორც ალბათ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ. რაღაცნაირად თითქოს ამ ფილმის გმირები ჩვენ გავხდით, გმირებიც არა _ რაღაც უფრო ბუნებრივად იყო ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ, მგონი, შავ-თეთრი და ნაცრისფერი იყო გამოსახულება. თან თითქოს ვიყავით ამ ფილმში და თან თითქოს ისევ ისინი იყვნენ, ვინც თამაშობდნენ და ვისაც ტელევიზორში ვხედავდით. გამოსახულების ფერებმა შეცვლა მაშინ დაიწყო, როცა ამ ფილმის გმირებმა, რომლებიც თითქოს ჩვენ ვიყავით და ამავე დროს არ ვიყავით (რაც თავის მხრივ, უცნაურია, რადგანაც სიზმარში, როგორც წესი, რომელიმე გმირი შენ ხარ), გადაწყვიტეს LSD დაელიათ. რამე კარგი ადგილი გვინდა LSD -ს დასალევადო, ამბობდნენ, სასიამოვნოდ რომ გავატაროთ დროო. უცებ რაღაც უცნაურ ადგილას წავიდნენ, თითქოს ისევ ბათუმი იყო, ყოველ შემთხვევაში შავი ზღვის სანაპირო, მაგრამ ზღვა ოკეანეს უფრო გავდა, ვიდრე თავის თავს (ზღვას), სკალებიც იყო მგონი, სივრცე იყო ძალიან დიდი _ წყლის უკანაც და თვითონ წყალზეც, ხალხი არ იყო, ფერები იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ ცოტა არაბუნებრივი _ ცისფერ-იასამნისფერ-იისფერი. გადაწყვიტეს ფილმისთვის ეყურებინათ ჰორიზონტზე _ ვითომ ჰორიზონტზე, ცაში ეკრანი (ალბათ LCD _ ლიკვიდურ-კრისტალური ეკრანი) იყო დამონტაჟებული და ზედ ფილმი გავიდოდა. სინამდვილეში (სიზმარში ანუ), ეს ეკრანი ფიზიკურად არ არსებობდა _ ჰაერთან, ჰორიზონტთან იყო შერწყმული ანუ ტექნიკურად არ იყო ეკრანი, მაგრამ თან მაინც ეკრანი იყო, თან შორს იყო თითქოს ჰორიზონტზე და თან ყველაფერი კარგად ჩანდა (ოღონდ, არ მახსოვს, რა გადიოდა ზედ). ეკრანს რომ მიახლოვებულიყვნენ და ზღვაში რომ შესულიყვნენ, სპილოზე დასხდნენ. წყალი იასამნისფერი იყო უფრო და ძალიან უსასრულო, თითქმის ისეთი უსასრულო, რომ ორივე მხრიდან ჰორიზონტი ქონდა. სპილოზე შემსხდრები მიატოპებდნენ ამ წყალში, ეკრანიც ჩანდა. მგონი ოთხნი იყვნენ _ მამაჩემი, ერთი გოგო, ერთი ბიჭი და მე. თუმცა, არა ვარ დარწმუნებული. მე მაშინ მივხვდი, რომ მე ვიყავი, როცა უცებ ისევ ინტენსიური ორგაზმიდან გამომეღვიძა: მახსოვს, როგორ შევიგრძენი სპილოზე ჩემ უკან მჯდომი ბიჭის ერეგირებული პენისი!.. სიამოვნების მაქსიმუმს რომ მივაღწიე, გამომეღვიძა.

გამომეღვიძა. ამ დღეს მეხუთედ. და ამ დღის მეორე ორგაზმი იყო.

სიზმრის და რაღაც უცნაური ძალის გამო (რომელიც _ ძალა _ შეიძლება სიზმრისვე მოცემული იყო) თავი იმდენად განსაკუთრებულად ვიგრძენი, რომ გუნება ცამდე ამეწია. გაბრწყინებულმა სახლის ოთახებში დავიწყე სიარული და მახსოვს, როგორ მძაფრად მსიამოვნებდა შემწვარი კარტოფილის სუნში გაზავებული ზაფხულის საღამოს ნიავი სამზარეულოს შეღებული ფანჯრიდან. ალბათ კიტრის და პამიდვრის სუნიც განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ამ დღეს და ჩართული ტელევიზორის ხმაც, თუმცა არ მახსოვს ზუსტად.

მახსოვს, ვცდილობდი დედაჩემისთვის გამეზიარებინა სიზმარი და გაზიარების დროს, ეიფორული აგზნების მიუხედავად, მივხვდი, რა ძნელია სიზმრების გაზიარება და მით უმეტეს ამ სიზმრის და მით უმეტეს ფურცელზე.

ცოტა შევწუხდი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ დავწერდი ამ ყველაფერს… ხან მინათდებოდა გონება და ყველაფერი ნათლად წარმომედგინა და ხან კიდევ _ პირიქით.

ამასობაში მეგობარმა დამირეკა _ ნახევარი წლის მანძილზე ბერლინში მცხოვრებმა გოგომ, რომელიც არც ისე ხშირად მირეკავს ამ ბერლინიდან და რომელიც იქ ენის კურსებზე სწავლობს, ოღონდ ეს არაა მისი იქ ყოფნის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი ალბათ ხელოვნებას უკავშირდება და შესაბამისად, უფრო ბუნდოვანია. სინამდვილეში, უბრალოდ წავიდა, რომ აქაურობას გაცლოდა, დამოუკიდებლობა მოესინჯა 27 წლის ასაკში და მიზნებში გარკვეულიყო ალბათ, თუმცა მიზნებში გარკვევის ამაოებაშიც მშვენივრადაა გარკვეული და ამაზე ლაპარაკის უფლებას თავისი მკვეთრად გამოხატული ცინიზმი ხან არ აძლევს და ხან, პირიქით _ კი. ბევრი კი ვიცინე ამ გოგოსთან ლაპარაკისას _ აფრო-ამერიკელ და არაბ სტუდენტებთან ერთად დავდივარ ხოლმე კაფეებში, რომლებიც ამერიკას ვერ იტანენ რატომღაცო და ამის გამო ამოჩემებული აქვთ, რომ ‘’მარლბორო’’ არ უნდა მოწიონო და სულ ანტი-ამერიკულ, ანტი-გლობალისტურ საკითხებზე გვიწევს საუბრებიო. გავგიჟდიო. ეს საკითხები ამ ჩემ მეგობარს სულ არ აინტერესებს და ვერც წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს, რომ ამაზე ილაპარაკოს. მეც ჩემი მხრიდან ერთი-ორი ადგილობრივი კომიქსი მოვუყევი და მოკლედ, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ, ცინიზმით და ზიზღით გამსჭვალულებმა, გულიანად ვიცინეთ. ისე, ეს ორი გვაქვს მნიშვნელოვანი საერთო _ ცინიზმი და ზიზღი.

მერე ოთახში შემოვედი, ისევ ჩავრთე კომპიუტერი, msn-ში შევედი. შევდი თუ არა, მაშინვე ჩემი ყოფილი შეყვარებულისგან (იმისგან არა, ვისთანაც ბოლო დროს არც ისე ხშირი სექსი გვქონდა, იმის წინსგან) ფანჯარა ამომიხტა და რასაც მწერდა, იყო მარტო ‘’მიყვარხარ’’-‘’მიყვარხარ’’-‘’მიყვახარ’’ _ ალბათ 20-ჯერ, მე ‘’აააა’’ მივწერე და მეც მიყვარხარ-მეთქი და თვითონ ისევ აგრძელებდა თავის ‘’მიყვარხარ’’-ს და ბოლოს ‘’8’’ მიაწერა უსასრულობის ნიშნად (ჰორიზონტალური რვიანი). მესიამოვნა ძალიან, იმიტომ რომ, მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ იმ წუთას რატომღაც ვიფიქრე ალბათ ვინმე სხვაშია შეყვარებული ან ბედნიერია-მეთქი და ამიტომ მომწერა ალბათ-მეთქი. მაგრამ ამ ფიქრს არ მივეცი ნება ჩემ ამაღლებულ ხასიათზე უარყოფითად ემოქმედა.

ავდექი და ‘’პლასებოს’’ Every You Every Me ჩავრთე. სიმღერამ კიდევ უფრო ამამაღლა. ხმას ბოლომდე ავუწიე და სიმღერის ტექსტთან ისეთი ძლიერი იდენტიფიკაცია გავაკეთე იმ მომენტში, რომ მეტი არ შეიძლება. მგონი, მაშინ მომივიდა იდეა, რომ ყველა ესეთი ძლიერი გავლენის მქონე სიმღერის ტექსტებიდან ყველა ყველაზე ძლიერი გავლენის მქონე ფრაზა ამომეჭრა, დიდ მუყაოს ნაჭერზე დამეწებებინა ეს ფრაზები, ოღონდ ისე დამეწებებინა, რომ ამ ამოჭრილი ფრაზებით კიდევ ცალკე ჩემი მოგონებული ფრაზა ამეშენებინა (ალბათ მიხვდით, რასაც ვგულისხმობ). ამ იდეას, წესით, კიდევ უნდა გაემძაფრებინა ჩემი ისედაც გამძაფრებული გუნება. ‘’პლასებოს’’ ამ სიმღერას ვუსმენდი და ვუსმენდი (და კიდევ მოვუსმენ) და კიდევ უფრო მეტად შთამაგონებდა. ოღონდ, შთაგონება ბუნდოვანი იყო საკმაოდ, მაგრამ რაღაცას ვგრძნობდი ძლიერს, რასაც ალბათ ბედნიერება ქვია.

აქეთ-იქეთ დავდიოდი. _ სარკესთან, ფანჯარასთან, სამზარეულოში. მერე ისევ კომპიუტერს მივუახლოვდი, msn-ში ეხლა უკვე ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო (ანუ ბოლო ყოფილი _ ვისთანაც ბოლო დროს ხშირი სექსი არ მქონდა) და მგონი, პირველმა თვითონ მომწერა. ვერ ვიტყვი, ამას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი, რადგანაც ამ ბიჭთან, სამწუხაროდ აქვს ესეთ რაღაცეებს მნიშვნელობა (დაშორების მერე, რა თქმა უნდა). ესეთ დროს ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ადამიანებს არ ესმით, როგორ გუნებაზე ხარ (თან მე ხომ გახსოვთ, როგორ განსაკუთრებულ გუნებაზეც ვარ?!) და აცდენაა ურთიერთგაგებაში, თან ალბათ მარტო შენთვის. ამის გამო, ცხადია, ვერავის გაამტყუნებ, მაგრამ ყოფილი შეყვარებულისგან (რომელიც სულ რაღაც ორი კვირაა, გახდა ‘’ყოფილი’’) მეტს ელი და ხასიათზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ყოფილზე ყოფილი შეყვარებული. მაგრამ იცი რა, რომ ეს მარტო შენი პრობლემაა, თავს უფლება არ უნდა მისცე, ყოფილ შეყვარებულს ძალით ხასიათი აამაღლებინო (რომელიც ისედაც ამაღლებული გაქვს, როგორც თქვი). მიუხედავად ამ ცოდნისა, მე წარუმატებელი msn საუბრის მერე არაერთხელ დავურეკე და მისთვის გაუგებარი პრეტენზიები წავუყენე. ბოლოს, მგონი, ვუთხარი, რაღაცას ვაკეთებ, განსაკუთრებულად ვგრძნობ თავს და არ მინდა ხასიათი გამიფუჭდეს-მეთქი. მერე დაინტერესდა, რას ვაკეთებდი (მეორე დღესაც კი მკითხა), მაგრამ ჩემთვის ეს კითხვა კიდევ უფრო ცუდი იყო, ვიდრე მთელი msn / ტელეფონის საუბრები და არაფერი ვუპასუხე (ალბათ რომ მეპასუხა, ნერვები ისე მომეშლებოდა ჩემივე პასუხის შინაარსზეც და ფორმაზეც, რომ ფურცელს აღარც გავეკარებოდი). ბოლოს მითხრა, გიჟი ხარო.

ალბათ ეს ფრაზა ყველაზე მეტად მომეწონა და უკვე მესამედ აღვუდექი წინ ფარ-ხმალის დაყრას.

წერა გავაგრძელე ანუ.

(ამ დღის მერე, ისე, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა კიდევ ბევრჯერ მითხრა, გიჟი ხარო, მაგრამ უკვე აღარ მშველოდა…).

მერე გავწყვიტე, როცა ძაან მეძინებოდა. და (თვეების) მერე _ დღეს _ ისევ გავაგრძელე წერა:

აღმოჩნდა, რომ იმ დღეს სავსე მთვარე იყო. პრინციპში, ეს სულ არ მეჩვენებობდა რომანტიკულად, უბრალოდ, მთვარეს რომ გავხედე და მეორე დღეს დედაჩემმა რომ მითხრა, გუშინ სავსე მთვარე იყოო, ვიფიქრე, ჩავინიშნავ (და ჩავინიშნე კიდეც), ეგებ მოთხრობას მოუხდეს-მეთქი.

მოთხრობას არ ვიცი, მაგრამ მე კი მომიხდა სავსე მთვარე.

ამ (უკანასკნელ) ფრაზას (მეორე პირში) ამ მოთხრობის ერთგული მკითხველი იტყოდა ალბათ.

ამ (უკანასკნელ) ფრაზაზე კი მოთხრობის კრიტიკულ მკითხველს გაეცინებოდა ალბათ.

თქვით და იცინეთ, წერეთ და იკითხეთ.

და საბოლოოდ კი ყველა გაღიზიანდებოდა ალბათ.

ჩემი ჩათვლით.

იმიტომ რომ, დღეს უკვე 7 იანვარია, 17 ივნისის მაგივრად. ეს მოთხრობა 7 თვის გახდება ათ დღეში. იესო ქრისტე უკვე 2009 წლისაა, მე _ 23-ის, ჩემი ყოფილი შეყვარებული 29-ის იქნება 9 დღეში, მაგრამ მე მაინც მიყვარს.

და ჯონ ლენონმა თქვა, Dream is over-ო, მე კიდევ ჩემი მხრიდან დავამატე: ჩემი სიზმარიც მორჩა-მეთქი. თან დიდი ხანია, მგონი. და ეს მოთხრობაც მორჩა _ თავისთავად. ყველაფერი მორჩება ხოლმე, და ასეა ყველა მოთხრობაში.

17 ივნისი, 2008 წელი,

7 იანვარი, 2009 წელი.

ანა

ტეგები: , ,


%d bloggers like this: