“OLD STUFF”

ედუარდი და ეკატერინე

გარეთ სრული ანარქია სუფევს, როგორც იტყვიან…ორი დღეა მაააგრრა თოვს და დღეს ინტერნეტი გაითიშა. არაა საჭირო ბევრი საუბარი, ისედაც ცხადია, რომ საქმე ცუდადაა ძალიან. ეხლა არის პრედექსტრემალური სიტუაცია. ცოტაც და რაიმეს ოფიციალურად გამოაცხადებენ ტელევიზიით: ექსტრემალური სიტუაცია. ეხლა შუქი რო წავიდეს აქ ხო იქნება ექსრემალური სიტუაცია? მოვლენ მაშველი რაზმები და მოიტანენ პეტერე გენერატორებს, რათა ხალხი დამშვიდდეს. არაფერი არ ხდება, არაფერი არ ხდება მეგობდრებო, წინასწარაა მიღებული უშიშროების ყველა ზომა, ნუ ინერვიულებთ, არაფერია საშიში.

გარეთ ინგრევა ყველაფერი, შენ შეგიძლია იჯდე წყნარად და უსმინო ჯარეტს, არავინაა შემწუხებელი. ჰა-ჰა მაქსიმუმ ინტერნეტზე ვერ გახვიდე, მაგრამ ხომ შეგიძლია ცოოოტა ხანი მოითმინო? უეჭველია სერვერის ადმინისტრაციამ უკვე შეძლო დაზიანების ადგილის გამოთვლა და ეხლა მორიგე ჯგუფი მუშაობს. ხვალისთვის ყველაფერს მოაგვარებენ. ხვალისთვის ყველაფერი კარგად იქნება.
არა საოცრებაა პირდაპირ გარეთ რატო არ გადის ვინმე? ესეთი საზიზღარი ქარბუქი როდის გამეორდება კიდევ?

შესასვლელში დიდიდიდი გაფრთხილებები კიდია იმის თაობაზე, რომ მეზობელი ტბა გაყინული კი არის, მაგრამ მაინც არ შეიძლება მისი ნდობა და შეძლებისდაგვარად საჭიროა გაყიინულ ტბაზე სეირნობისგან თავის შეკავება. ნუ რას იზამ…ტბაზე სიარული კი გაასწორებდა ისე. ტბა-ზე სიარუ-ლი.
გარედან შემოდიან ედი და ქეთუშა. ქეთუშა ლამაზ თვალებს მიბრიალებს და იღიმება. ნეტა სად იყვნენ ედი და ქეთი ამ ქარბუქში? ედიც იღიმის. სასადილოშიო, მეუბნებიან.

წამოდით, ვთავაზობ მე, მანქანით გავიდეთ დაუნ-თაუნში. ედი ოღონდ ქეთთან ამყოფე და ყველაფერზე დაგთანხმდება. გავდივართ გარეთ მანქანის სადგომებისკენ. ღმერთო ჩემო ოღონდ ეხლა გამახსენე სად დავაყენე მანქანა? სად დავაყენე მანქანა….სად დგას ჩემი მანქანა. თან თოვლი ადევს ყველას და თოვლის ქვეშ ყველა მანქანა ხომ ერთნაირია? აბსოლუტურად იდენტური, როგორც იტყვიან…

მანქანას ვპოულობთ და ვაღებთ. თოვლი იყრება სკამზე. დიდი ამბავი, ეყაროს.. ეხლა დავჯდები და გადნება. ქარი ისე უბერავს, ისე უბერავს რომ საწყალი ქეთა ძლივს აღებს კარს და წიოკით ჯდება. ედს უხარია, ძააააან უხარია.

შუშა გაჭირვებით იწმინდება. უჭირს ჩემს საწყალ მანქანუშკას და რა ქნას? ბებერი როა უკვე? მე მაინც მიყვარს, რა მნიშვნელობა აქვს თოვლს თუ ვერ ერევა? მე ხომ თოვლში მანქანით ხშირად არ დავდივარ. ესეთ სილამაზეში ხშირად რო იარო, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის.

ვქოქავ და მივდივართ. ქეთუშა რამდენს ლაპარაკოოობს? ესეთი ლამაზი რო არ იყოს ნამდვილად დამღლიდა. ეხლა კიდე ასწორებს. მივდივართ ჰა-ჰა 20 მილით. დიდი მადლობა უფრო ჩქარა არ მინდა. ჯერერთი ერთხელ ვისიამოვნე თოვლში მანქანით და ბეწვზე გადავრჩი, მეორეც ასეთ ქარბუქში და ბარდნაში ნეეეეეელა, ნეეეეეეელა უნდა იარო თუ კაიფი გინდა. თან გზაზე რათქმაუნდა არავინაა, ყველა თავს უფრთხილდება. მანქანაში მააგრად თბილა და ჩვენ ჯარეტს ვუსმენთ. გეგონება ჯარეტმა ეს მელოდია თოვლში მანქანით სიარულისას დაწერა…. მემგონი ეგრეა…ნამდვილად ეგრე იქნება.

მანქანუშკა ძლივს დადის. თოვლი ჯერ არ გაუწმენდიათ გზაზე. ჯერ კიდევ თოვს და იმიტომ. მე მოწევა მინდა და დიდი სიამოვნებით გავაბოლებდი, მითუმეტეს, რომ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ქეთს არ ევასება სიგარეტის სუნი და ეხლა ცუდად ხო არ გავხდი? არც ედი ეწევა.

ვაჩერებ ტყის გადასხვევთან. ედი მეუბნება რო ქალაქში ჩავიდეთ. ვიცი რომ ტრასა ცარიელია და გზას არც ვუყურებ ისე ვატრიალებ მანქანას უკან. წავედით უკან. ქალაქშიც არავინაა, აბსოლუტრად არავინ. მარტო მაღაზიებში ანთია შუქები. რამ გადარია ეს ქარი?…

ვაჩერებ. ჩვენ სწრაფად გადმოვდივართ მანქანიდან და სახეზე ხელებაფარებულები შევრბივართ ნახმარი ტანსაცმლის მაღაზიაში. აქ საკაიფოდ თბილა. რატომღაც, ყველა სექ’ნდ ჰენდის მაღაზიაში ერთნაირი სუნი დგას. დეზინფექტორია თუ რა ჯანდაბაა…

მე სერიოზული სახით ვათვალიერებ საქონელს. ედი და ქეთ მაიმუნობენ და იცინიან. ქეთ საიდანღაც ჩითავს ძააან სასაცილო შლიაპებს, ჰალსტუჰებს, ლიფებს, პენსიონრების პალტოებს, მაზალო პიჯაკებს და პერანგებს… ზოგს თვითონ იზომებს, ზოგს ედს აცმევცს და მერე ორივე სიცილით კვდება. აფსუს, აპარატი რატო არა მაქვს თაან? აფსუს……. მაგარი კომპოზიცია იქნებოდა: ნახმარი ტანსაცმლის უშველებელი მაღაზია. ყველგან ტანსაცმელია დიიიდ-დიიიდ ჭრელ შეკვრებად. ვიტრინაში ჩანს ჩემი დათოვლილი მანქანუშკა და თოვლიანი, ფსიქიურად ავადმყოფი ქარი. თვალებბრიალა ქეთ და ედი კუთხეში, სარკესთან დგანან. აცვიათ კეთილი ხალხის მიერ შემოწირული, სასაცილო, ადამ და ევას დროინდელი, 89 ცენტად შეფასებული ტანსაცმელი და სიცილით კვდებიან.

აი ეს მესმის.


ქარბუქი, 6 მარტი, 1999


მუხოსრანსკის თეთრი ღამეები

შევედით:
– გამარჯობა.
– გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ?
– ჯაჭვი.
– პარდონ?
– ჯაჭვი.. ჩვენ აქ ვეძებთ ჯაჭვს. თქვენ ყიდით ჯაჭვს, ასე არ არის?
– ააა ჯაჭვი, რასაკვირველია… რასაკვირველია, აქეთ მობრძანდით, ჯაჭვებს… და საერთოდ ამგვარ სათუთ საგნებს ჩვენ ზედა სართულზე ვინახავთ. აქეთ მობრძანდით თუ შეიძლება… აქეთ… ფრთხილად კიბეებზე.. ხომ იცით მაინც რკინეულობის მაღაზიაა და ამიტომ კიბეებსა და ინტერიერის გაფორმებას ჩვენ მაინცდამაინც ყურადღებას არ ვაქცევთ. მერიას ინტერიერი არ ადარდებს… არც მყიდველს. ალბათ იმიტომ რომ, მყიდველი კიბეებით არ არის დაინტერესებული, მყიდველს აქ, ხომ ხვდებით, აინტერესებს ლურსმნები, ქაფჩები, ჭანჭიკები, თარაზო, ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა, ნაჯახის პირი, ბოქლომები, შიფრიანი საკეტები, კომპასი…
– ??
– დიახ, დიახ.. ჩვენ კომპასსაც ვყიდით. დღემდე არ ვიცი რატომ, მაგრამ მერიაში გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ კომპასი რატომღაც რკინეულობის მაღაზიაში უნდა იყიდებოდეს..ამას გარდა, კომპასების საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, კარგად საღდება… აი ჯაჭვი… ჯაჭვზე სულ არ არის მოთხოვნილება. ამიტომ მოვათავსეთ აქ, მაღლა. აი ისიც: ჯაჭვი. ხომ ხედავთ, რამხელა არჩევანია…
– ღმერთო ჩემო, რა შესანიშნავი ხედი გქონიათ მეორე სართულიდან. გარედან ვერც კი იფიქრებ რომ რკინეულობის მაღაზიიდან ამგვარი ხედი შეიძლება გადაიშალოს.
– ოოო.. გმადლობთ ბატონო, თქვენ პირველი მყიდველი ხართ, რომელმაც ეს ხედი შენიშნა… მართლა, არ ვპირფერობ… აქ ხალხს ხომ რკინეულობის მეტი არაფერი აინტერესებს, ვერც გაამტყუნებ. მე კიდევ საერთოდ მავიწყდება ხოლმე ამ სართულის განიავება. მომიტევეთ ტაოტის სუნის გამო… ერთი წუთით, ფარდებს კარგად გადავწევ… უკეთ დაინახავთ. თქვენ შესანიშნავი თვალი გაქვთ, ბატონო… ეს ხედი ჯერ არავის დაუფიქსირებია…
ლურჯისფერი ლურჯი ფერი იღვრება. თოლიები ყივიან.
– შეიძლება მოვწიო?
– მმმ… საერთოდ წესდება კრძალავს აქ სიგარეტის მოწევას… მაგრამ მოწიეთ, აქ ჩვენს მეტი მაინც არავინ ამოვა და დაბლა მყოფი მყიდველებიც არ შეწუხდებიან – კვამლიც ხომ საერთოდ ზევით მიიწევს ხოლმე…. შეიძლება ერთი ღერი?..
– ო, რასაკვირველია.. ინებეთ..
– გმადლობთ.. ერთი წუთით ფანჯარას გამოვაღებ, იქნებ ეს ტაოტის სუნი ცოტათი მაინც გავიდეს… აი ასე..
თოლიების ხმა…
საიდან თოლიები? ეს ხომ ზღვის სანაპირო არაა… არც რაიმე დიდი მდინარე ჩადის. თოლიები ხომ მხოლოდ ზღვებსა და დიდ მდინარეებს ამშვენებენ…
– რა უნდათ აქ თოლიებს? აქ ხომ ზღვა არ არის?
– ეს ბატონო, ჩვენი დასახლების ამოცანაა. ვერავინ ხვდება რა უნდათ აქ თოლიებს, წყალი აქ არაა… ის კი არა, ერთი-ორჯერ მეცნიერებიც იყვნენ ჯგუფებად ჩამოსულები. მიზეზის მიგნება სურდათ. ორ-ორი კვირა დასდევდნენ თოლიებს, რამდენიმე დაიჭირეს, ცდები ჩაატარეს… არაფერი. ჩვეულებრივი თოლიებიაო, მხრები აიჩეჩეს და წავიდნენ… შემდეგ წელს მერიამ რაღაც სიმპოზიუმი მოაწყო ლოზუნგით – “მუხოსრანსკის ჯიუტი თოლიები – გადაუჭრელი დილემა”. იმდენი ხალხი იყო ჩამოსული… თქვენ როგორი ჯაჭვი გსურთ?
– მმმ… როგორი და ჩვეულებრივი… არ ვიცი.
– აი შეხედეთ… შეგიძლიათ იატაკზე დააფერფლოთ… აი ესეთები გვაქვს…
პირველად ვხედავ ერთად ამდენ ჯაჭვს. აქ რამის არჩევა ძაან ძნელია.
– თქვენ რისთვის გსურთ ჯაჭვი ბატონო?… აქ ძნელია ესე არჩევა, მე ხომ ვიცი…
– მეე? მე სპეციფიურად არაფრისთვის, უბრალოდ მინდა ჩვეულებრივი, სტანდარტული… როგორ გითხრათ…
– გასაგებია, ანუ არც ძაან გრძელი და არც ძაან მოკლე, ამასთანავე არც ძაან დიდრგოლებიანი და არც ძაან პატარა, პლუს არც გაპოხილი, არც უჟანგავი და არც დაჟანგული… სწორედ მიგიხვდით?
– დიახ… ჩვეულებრივი ჯაჭვი, თქვენ როგორიც თქვით ზუსტად ისეთი.
ჰმ…რა სასაცილოდ დააბიჯა ფეხი დაგდებულ სიგარეტს… რატომ იღიმის?
– ბატონო ჩემო…. მე როგორიც აგიღწერეთ, ის არაჩვეულებრივი ჯაჭვია. ჩვენ ესეთებით არ ვვაჭრობთ… მაგათი ყიდვა ქუჩის გასწვრივ შეგიძლიათ, სუვენირების მაღაზიაში…
– სუვენირების????
– დიახ… ხომ იცით, ზუსტად ჩვენი კომპასებისმაგვარი შემთხვევაა… მერიაში ვიღაცამ ესე გადაწყვიტა………. თანაც ცუდი არარის……………..
უსსაღდებათთთთთ.

16 აპრილი, 1999


მარი

ნოემბრისვის უჩვეულოდ თბილა.
უფრო სწორედ ცხელა.
ყველა ბაღშია გამოფენილი. მე და მარი სოკოსთან ვსხედვართ. მე მარის მოცემულ ტანკებს ვკითხულობ, მარი კი სულ გვერდიდან იჭვრიტება. მაკვალიანებს:
_ აუ აი ეს კარგია..
_ აი ესეც..
_ ხო მაგარია?
მეღიმება თავს ვუქიცინებ. ვეთანხმები.
_ აი ეს არის მაგარი _ გადმომედო, ვაკვალიანებ და სტროფს ვაჩვენებ.
_ აჰა _ მარი თავს მიქნევს.
კითხვას ვამთავრებ, სტაფილოსფერ წიგნაკს მარის ვაძლევ და აქეთ-იქით ვიყურები:
_ რა ამბავია არა? _ ვგულისხმობ ბაღის სტუდენტობას.
_ მზეა _ ლაკონურად ხსნის და დგება _ წამო რა ისინი ვნახოთ _ თავის დაქალებზე ამბობს და ზურგჩანთას ისწორებს.
ვდგები.
სოკოს შემოგარენიდან ბაღის სიღმისკენ ვიკვლევთ გზას. მარი მოულოდნელად კორპუსის წინ დამრეც პანდუსზე ჩერდება, იგრიხება, ჩექმას თუ წინდას ისწორებს და თან ცდილობს დაქანებაზე მოხერხებულად დადგეს რომ არ დაეცეს. თანაც იღიმება, ცდილობს მე შემომხედოს, მაგრამ მზე უჭყიტინებს თვალებში.

როგორც იქნა გაისწორა ჩექმა თუ წინდა, იმართება და მეწევა.
შევხედე. წარმოვიდგინე მარი, რომელსაც
მოულოდნელად კორპუსის წინ დამრეც პანდუსზე ჩერდება, იგრიხება, ჩექმას თუ წინდას ისწორებს და თან ცდილობს დაქანებაზე მოხერხებულად დადგეს რომ არ დაეცეს. თანაც იღიმება, ცდილობს მე შემომხედოს, მაგრამ მზე უჭყიტინებს თვალებში.

მეღიმება.
_ რა იყო? _ თანდაყოლილი გუმანით რაღაცას ხვდება ეშმაკი მარი.
_ მერე გეტყვი _ ვატყუებ მე, და ჩვენ ბაღის ჩრდილში ეკლესიისკენ შევდივართ, სადაც კარტოჟნიკები, მზესუმზირით კონტრაბანდულად მოვაჭრე პარტიზანი დეიდები და ჩუმად მწეველი ქართველი გოგონები ბინადრობენ.

+++

შემოდგომა, 1996


ტეგები: , ,


%d bloggers like this: