შოთა იათაშვილი – წარღვნა

შოთა იათაშვილი [IATASH-71] – 7.433; 151 სტრიქ.

უცებ გადაწყვიტა, სახლი დაენგრია.
სკამებით დაიწყო.
აყირავებდა, წიხლს ურტყამდა და საზურგეს აძრობდა.
გამძლე სკამებს ხერხით ახერხავდა საზურგეს.
ფეხებს ჩაქუჩით ატეხავდა.
ცოლი გულგრილად უყურებდა.
ბავშვები გამხიარულდნენ, ირგვლივ შემოეხვივნენ, შეკითხვებს აძლევდნენ, სკამების ნატეხებს ბინაში დააჩოჩიალებდნენ.
სკამებს რომ მორჩა, ტელევიზორის დაშლას შეუდგა.
უკნიდან ჭანჭიკები მოხსნა, მავთულები და სქემები ააგლიჯა, ეკრანი გამოიღო.
ბავშვების ინტერესი გაიზარდა.
_აბა კონკია სად არის?~
_და ტომი და ჯერი?~ _ ეკითხებოდნენ.
რეზო უხსნიდა ბავშვებს, რომ მავთულებში მოძვრებიან ისინი და მერე ეკრანზე გამოდიან.
_და მავთულები რომ დააძრე, როგორღა გამოვლენ?~ _ შეშფოთდნენ ბავშვები.
რეზოს ცოლმა გაიღიმა.
_მოგეხმარო?~ _ ჰკითხა რეზოს.
_თუ გინდა.~
ნანა გავიდა საძინებელში და უმცროსი გოგონას საწოლის დაშლას შეუდგა.
_დე, სოფო სადღა დაიძინებს?~
_მოუნდება ძილი და დაიძინებს. ბავშვებო, ფეხებში ნუ მებლანდებით…~
_ნანა, გაანებე საწოლს თავი და ჭურჭელს მიხედე, მაგას მე მოვუვლი.~
ნანა გავიდა სამზარეულოში და ჭურჭლის მსხვრევას მიჰყო ხელი.
_აქეთ არ გამოხვიდეთ, ნამსხვრევებს ხელი არ ახლოთ!~
_დე, მეც გამატეხინე, რა…~
_მეც!~
_მეც!~
_ჰო, კარგით, ოღონდ ფრთხილად!… აი, ასე, ყურში მოავლე ჭიქას ხელი… ახლა ძირს დაანარცხე!.. გაგა, გაიწი იქით… ჰო, ყოჩაღ! ახლა შენ მოდი… ეს თეფში აიღე…~
_ეს სოფოს თეფშია, დე…~
_ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, მიდი, გატეხე!..~
რეზო მაგიდაზე აძვრა და ჭაღი ჩამოხსნა. ფაიფურის ექვსნათურიანი ჭაღი იყო, ზედ ანგელოზები ეხატა. ის იყო, ანგელოზებს ჩაქუჩი მოუქნია, რომ ტელეფონმა დარეკა.
_ალო!.. ჰო, მე ვარ… ორ საათში?.. კარგი, ნუ იჩქარებ… კი, ყველაფერი რიგზეა…~
რეზომ ყურმილი დადო და ჭაღის ანგელოზების ნაცვლად ტელეფონის ციფერბლატს დაალეწა ჩაქუჩი. თუმცა არც ჭაღის ანგელოზები დაუნდია. მათაც აჩვენა მკლავის ძალა.
სოფო, მამამისს რომ უყურებდა, ატირდა.
_მო, ნუ გეშინია… ცუდს არაფერს აკეთებს მამიკო~ _ დაუყვავა რეზომ უმცროს ქალიშვილს, მაგრამ უშედეგოდ. სოფომ ტირილს უმატა.
_ნანა, გამო, მიხედე, მაგისთვის არა მცალია!~
ნანამ სასალათე მიალეწა კედელს, გაგა და ნინუცა სამზარეულოდან გამოყარა და სოფოსთან მივიდა.
_სოფო, შენ ხომ დიდი გოგო ხარ… მე და მამა ვერთობით… რა არის აქ სატირალი…~
ვერ გააჩერეს სოფო. ის კი არადა გაგაც აყვა მას.
_დაანებე ერთი თავი, იტირებენ და გაჩერდებიან!~ _ გამოსძახა რეზომ, რომელიც გასაშლელ კიბეზე მდგარი, ამ დროს კარნიზებს გლეჯდა.
_სკამები თავიდანვე არ უნდა დამემტვრია… კიბის თრევა არ დამჭირდებოდა… როგორ ვერ მოვიფიქრე…~
ნანამ ფარდები გაფხრიწა.
ნინუცა ნაფხრეწებში აიბლანდა. პატარა მოჩვენებას დაემსგავსა. ხელებს აფრიალებდა და დახტოდა.
სოფომ და გაგამ ტირილი შეწყვიტეს და ნინუცას მიაჩერდნენ.
რეზო წიგნის თაროებს მიადგა.
_ამდენ წიგნს რაღა ვუყო?~ _ იკითხა ხმამაღლა.
_იტალიურად!~ _ თქვა ნანამ.
_ეგ როგორ?~
ნანამ ფანჯარა გამოაღო და ქვემოთ ჩაიხედა.
_გვიანია უკვე. ხალხი თითქმის აღარ დადის. იტალიურად, ფანჯრიდან ვისროლოთ.~
_კაი აზრია! ბავშვებო, აქეთ მოდით!~
რეზომ მტირალა სოფოს და გაგას ქეჩოში ხელი ჩაავლო და ერთმანეთის გასწვრივ დააყენა.
_ახლა კაი თამაში იქნება. მე გაგას მივაწვდი წიგნებს, გაგა სოფოს, სოფო დედიკოს, დედიკო კი ფანჯრიდან მოისვრის. გასაგებია?~
გაგა და სოფო ტიროდნენ.
_გასაგებია?~ _ იღრიალა რეზომ.
გაგამ და სოფომ ხმა გაკმინდეს, დამფრთხლები მიაჩერდნენ მამას.
რეზომ დოსტოევსკის პირველი სამი ტომი გადმოიღო და გაგას მიაწოდა. გაგამ მექანიკურად გამოართვა და გაშეშდა.
_სოფოს მიაწოდე!~ _ უყვირა რეზომ.
მიაწოდა.
სოფომ დედას.
დედამ ისროლა.
ნინუცა, პატარა მოჩვენება, ოთახიდან ოთახში დაფარფატებდა.
IV, V, VI ტომი.
გაგა.
სოფო.
ნანა.
ფანჯარა.
VII, VIII, IX ტომი.
გაგა.
სოფო.
ნანა.
ფანჯარა.
ნინუცა უკვე დაშლიგინობდა.
მარტო რუსულ ლიტერატურას ოცი წუთი დასჭირდა.
_ჯობია დავწვათ~ _ თქვა ნანამ.
_მართალია… ოღონდ მაშინ სულ ბოლოს…~
ნანა დაეთანხმა.
რეზო ნახევრად დაცლილ წიგნის კარადას მთელი ძალით დაეჭიდა და გადმოაყირავა.
ნანა ხატებს მიადგა.
_წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა…~
რეზომ ხატებს წაავლო ხელი.
_არა, ჯერ არა!~ _ იკივლა ნანამ.
და განაგრძო:
_…და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდეგობისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.~
ნინუცა-მოჩვენება გვერდში ამოუდგა დედას, ბუტბუტებდა და პირჯვარს ისახავდა.
რეზომ პროდუქტები გამოყარა მაგიდიდან.
ყველას მოშიებოდა.
დაესიენ.
ძირს ისხდნენ, იწვნენ და ჭამდნენ, იღმურძლებოდნენ.
ძეხვი დაგორავდა, კარაქი მასტიკად წაეცხო პარკეტს, პომიდვრები იატაკს დაეჭყლიტა.
ჭამას რომ მორჩნენ, გაგას ვაშლებით ფეხბურთის თამაში მოუვიდა აზრად და დები ჩაითრია ბურთაობაში.
ნანამ და რეზომ მაცივარი ძირს დასცეს.
გაგამ გოლი გაიტანა ანტონოვკით შუა ოთახის კარში.
ნინუცა-მოჩვენება დაძრწოდა და შესისხლიანებულ ფრთებს აქნევდა.
დამსხვრეულ ჭურჭელზე თითები გაიჭრა, მაგრამ დედას დაუმალა. ზურგზე მოგდებულ ფარდის ნაგლეჯს აქნევდა და ვერც კი ამჩნევდა, რომ ქსოვილი თანდათან წითლად იღებებოდა.
რეზო სანტექნიკას მიადგა. ონკანებს შლიდა, მილებს ხერხავდა.
წყალმა იხეთქა.
ნელ-ნელა მოედო იატაკს.
ჭურჭლის ნამსხვრევები აატივტივა, წიგნის ფურცლებს შორის გაჯდა.
თავიანთი პატარა ფეხები ააჭყაპუნეს ბავშვებმა.
აკისკისდნენ. წუწაობა დაიწყეს.
საწოლები და მაგიდებიც ააყირავეს ამასობაში რეზომ და ნანამ, სარკეები ჩალეწეს.
წყალი მოედინებოდა და მოედინებოდა.
კარზე ბრახუნის ხმა გაისმა.
_არ გააღო ჯერ!~ _ გადასძახა რეზომ ნანას.
_ჰო, ვხვდები მაგდენს.~
წყალი ერთ მტკაველზე იდგა უკვე მთელ ბინაში.
რეზომ ერთი მოტივტივე წიგნი აიღო და დახედა.
_რა წერია?~
მხრები აიჩეჩა და წიგნი ისროლა.
_გადღაბნილი იყო ასოები, ვერაფერი გავარჩიე.~
კარზე ბრახუნმა იმატა.
_დე, ვიღაც მოვიდა!~ _ უთხრა ნანას სოფომ, რომელიც თავის სათამაშოებს წყალში აცურავებდა.
ნანამ რეზინის დათუნია ამოიყვანა წყლიდან და დააკვირდა.
_რა იყო, დე?~ _ დაინტერესდა სოფო.
_არაფერი… ყოვლად წმინდაო დათუნია, შეგვიწყალენ ჩვენ; დათუნია, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან. დათუნია, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; დათუნია, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის… დათუნია შეგვიწყალენ, დათუნია შეგვიწყალენ, დათუნია შეგვიწყალენ…~
ნანას რეზინის დათუნია ხელიდან გაუვარდა.
ტყაპ.
ნინუცა მუხლებზე იდგა. ხელები წყალში ჩაეყო და დაჰყურებდა, მის ირგვლივ როგორ წითლდებოდა წყალი.
გაგამ მაგნიტოფონი ჩართო.
ლუი არმსტრონგის _ჭჰატ A ჭონდერფულლ ჭორლდ~ გაისმა.
_ბოლომდე აუწიე!~ _ დაუძახა რეზომ.
გაგამ ბოლომდე აუწია და არმსტრონგის ჯადოქრულმა ხრინწმა კარზე რახუნის საშინელი ხმა თითქმის გადაფარა.
წყალი რეზოს და ნანას უკვე ლამის მუხლებამდე მისწვდა.
_ხომ არ დავიხრჩობით?~ _ იკითხა სოფომ.
ნინუცას ირგვლივ წყალი სულმთლად გაწითლებულიყო.
ნანამ ნინუცას ხელი სტაცა და გულზე აიკრა.
_ნი… რა გჭირს, ნი… ცუდად ხომ არა ხარ, ნი… ხელები მანახე, ნი… ჩემო ნი… დედის სასწაულო ნი…~ _ ბუტბუტებდა ნანა.
რეზომ გაგა მხარზე შეისვა და ტყაპა-ტყუპით მთელი ბინა შემოარბენინა.
_ვაშააა!~ _ გახარებული ყვიროდა გაგა.
_ხომ არ დავიხრჩობით?~ _ მეორედ იკითხა სოფომ.
მას წყალი უკვე წელამდე სწვდებოდა.
_არ დავიხრჩობით~ _ უთხრა მამამ, გაგა ჩამოსვა და ახლა ის შემოისვა მხარზე.
_მართლა?~
_ჰო, მართლა… წარღვნაა, მაგრამ არ დავიხრჩობით…~
ნანამ ბუტბუტი შეწყვიტა და რეზოს გახედა.
_რა თქვი?~
_წარღვნაა, მაგრამ არ დავიხრჩობით…~
არმსტრონგის სიმღერა ჩათავდა.
კარზე ბრახუნიც შეწყდა.
გაგა აყირავებული მაგიდის ფეხს ეჭიდებოდა და მის ირგვლივ ბზრიალებდა.
_მა, მიდი!~ _ დაუტყაპუნა სოფომ რეზოს კინკრიხოზე თათი.
რეზომ მუხლებამდე წყალში კიდევ ერთი წრე გააკეთა და საწყის წერტილს დაუბრუნდა.
ნანა ნინუცას ხელებს უკოცნიდა.
ნინუცას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.
_შეუწყდა სისხლის დენა~ _ თქვა ნანამ.
გაგა ბზრიალებდა.
_რაღაც გულს მომეშვა~ _ ჩაილაპარაკა რეზომ.
_მეც.~
_არ დავიხრჩობით?~ _ მესამედ იკითხა სოფომ.
რეზომ და ნანამ გაიღიმეს.
წყალი მოედინებოდა.

10-13 მარტი. 2004 წელი.

ტეგები: ,


%d bloggers like this: