ქეთი კვიტატიანი

იყო და არა იყო რა

იყო ერთი კაცი, რომელსაც მშობლები მკვდარი ყავდა, ცოლი და შვილებიც მკვდარი ჰყავდა და მეგობრებიც… და თვითონ ცხოვრობდა მაინც…

ის ყოველ დღე დგებოდა საკუთარი ჩრდილის გვერდით და ამბობდა: -გამარჯობა, რა ვიცი, მე კარგად შენ?.ხო, წავიდეთ სამუშაოდ, უმაქნისობა ბნელ აზრებს ბადებს… _ და ამის შემდეგ მიდოდა კაცი ჩრდილთან ერთად, შემოივლიდა ქალაქის ქუჩებს, შეაგროვებდა გადაყრილ ბოთლებს და ჩანაბარები ბოთლების ფულით იყიდდა პურს. გატეხდა შუაზე, ნახევარს ჩრდილს ჩაუდებდა მუჭში, ნახევარს თვითონ დაიტოვებდა. მოფრინდებოდნენ მტრედები და ნისკარტებით კენკავდნენ პურს ჩრდილის ხელიდან და კაცის ხელიდანაც… და გრძელდებოდა ასე მთელ ზამთარს და გაზაფხულზე, როცა ერთ დღეს, კაცმა ჩვეული რიტმით მოირბინა ქალაქი და ვერც ერთი ბოთლი ვერ იპოვნა, თქვა:_ აი, მოსულა დრო ჩემი სიკვდილისა! _ და როცა დაწვა და დაიძინა, მიცოცდა მასთან გველი და უკბინა მკლავზე, მოუწამლა სისიხლი და მოკლა ის.

ამ კაცის საფლავი არ შემოუღობავთ, არც რაიმე ნიშანი დაუდგამთ მასზე. ერთი ხე ამოვიდა თავისით, რომელიც ჩრდილს სცემდა საფლავს, მის ქვეშ, მზიან ამინდებში ბიჭები იკრიბებოდნენ და ღვინოს სვამდნენ, ისე რომ არც იცოდნენ საფლავის არსებობაზე, ქეიფის შემდეგ დარჩენილ ღვინის ბოთლებზე მტრედები სხდებოდნენ და კენკავდნენ პურის ნამცეცებს, გველი კი იქ არასოდეს მისულა.

———

უნებლიე ამაგი

ბიჭი კიბეზე ასკინკილით მოხტის და თან მამაზე ფიქრობს, როდის მოვა სამსახურიდან და ხის სათამაშობს გაუკეთებს. გუშინწინ პატარა ნაჯახი გამოუთალა, მას შემდეგ არ ეშვება ბიჭი შეშას, მამის პოზას იღებს და მასავით ურტყამს სათამაშო ნაჯახს მორებს, მერე დიდი კაცივით იფერთხავს ტანსაცმელს და საქმიანი იერით იბანს ხელს.

როცა ყველაფერს მორჩება „ომობანას“ თამაშს იწყებს, მამის გამოთლილ ფიგურებს აწყობს რიგებად და მერე, თავებით აჯახებს კაცუნებს ერთმანეთს. ბიჭს უნდა ამოირჩიოს მათ შორის ყველაზე მამაცები და სახელები დაარქვას მათ, მაგრამ ვერ ახერხებს, მამა არცერთ მათგანს არ უკეთებს თავს. ხისგან გამოჩორნილი უშნო სახეები მას ცალკე, ფანჯრის რაფაზე უწყვია. ბიჭს შეუძლია, ისინიც გამოიყენოს სათამაშოდ, მაგრამ, რაღაცნაირად აშინებს მათი გამომეტყველება…
_ დედიკო, მალე მოვა მამა? _ დედა მზეს ახედავს და თავს დაუქნევს შვილს. ბიჭს გაუხარდება და შეშაზე ხის ნაჯახის რახუნს გააგრძელებს.

ბიჭმა არ იცის რომ მამამისი ჯალათია, რომ მისი წინაპრებიც ჯალათები იყვნენ, რომ მათ, დროთა განმავლობაში გაუქრათ ადამიანური ემოციები და ერთნაირი უშფოთველობით აკეთებდნენ ყველა საქმეს, რომ მალე თვითონაც ასეთი გახდება. მხოლოდ იმას ხედავს ბიჭი, რომ მამას არ ეტყობა დაღლა, ისეთივე დინჯი ნაბიჯით და რწევა- რწევით მიდის სამსახურში, როგორითაც უკან ბრუნდება, უსიტყვოდ ჯდება მაგიდასთან და ცოლი სუფრას უშლის…

ვახშმის წინ ხელებზე დახედავს ჯალათს ცოლი, სველი თითებით მოწმენდს მაჯებიდან სისხლის შხეფებს და წინსაფარზე შეიხოცავს. ჯალათი ფულს ამოიღებს ჯიბიდან და ამ წინსაფარში ჩაუცურებს ცოლს:

_ ამ თვეში მეტი აღარ იქნება! _ ეტყვის მშვიდად. ბიჭი ხალისით გააყოლებს თვალს მამის ხელს და მოუნდება მამასავით ბევრი ფული იშოვნოს, მასავით ძლიერი გაიზარდოს და კარგად ისწავლოს ჩეხვა. მამა კი ზის და ჩორკნის თავებს, თვითონაც არ იცის რატომ, სხეული თუ სული თხოვს რაღაცნაირად, თავისით მოძრაობს ხელი.

ბიჭს გაახსენდება რომ მეზობელი ზღვაში გემების ცურვაზე ლაპარაკობდა. ბიჭმა არ იცის როგორია გემი და სთხოვს მამას გამოუთალოს. მამა უჩუმრად ასრულებს შვილის სურვილს, თუმცა არც მამას უნახავს გემი არასდროს. მაინც დაიწყებს ხის ჩორკნას და შვილს ეშაფოტს გამოუთლის. ბაშვი ღელისკენ გაიქცევა გახარებული, გემზე პატარა სათამაშოებს შემოსვამს და წყალში ჩაუშვებს, გემი ჩაიძირება, სათამაშოები მიცვალებულებივით ატივტივდებიან წყალზე, ბიჭს ეწყინება, მზეზე გააშრობს ეშაფოტს და ისევ ჩაუშვბს ღელეში, გემი ისევ ჩაიძირება, ბიჭი გაბრაზდება და გადააგდებს სათამაშოს. ეშაფოტი დედას წინსაფარზე მოხვდება, ცოტა ეტკინება და გაუწყრება შვილს. მერე აიღებს დამტვრეული სათამაშოს ძირის მსხვილ ფიცარს და ხორცის გასატარებელ მანქანას გასამაგრებლად შეუყენებს.

ასე რომ არ ჩორკნის მამა ტყუილუბრალოდ, მისი გაკეთებული სათამაშოები შვილს ძალიან მოსწონს, რაც არა და დედა იყენებს საქმეში. ბიჭი ამაყობს მამის ხელმარჯვეობით და უნდა თვითონაც წავიდეს იქ, სადაც მამა მუშაობს,სადაც ასე კარგად ასწავლიან თლას.
მიდის მამა და მიჰყვება შვილის ცნობისმოყვარე მზერა, მიდის მამა და არ ფიქრობს, რამდენი ექნება დღეს სამუშაო, მას დაკეტილი აქვს გულისყური, გულისთვალი… და მის მიღმა აკეთებს ყველაფერს, არ ჩნდება მის სახეზე მწუხარება, არც ღიმილი, არც ჭმუნვა და არც სიხალისე…

მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მოხდა რაღაცნაირად _ ერთი წვეთი ცრემლი, მარჯვენა თვალიდან გადმოვარდნილი, ერთი წვეთი ცრემლის დიდი მარცვლი, რომელიც ნელა ჩამოგორდა სახიდან, ხელზე დაეწვეთა და ერთი წვეთი სიხლი წარეცხა მისი მკლავიდან და როცა ამ მკლავით ცოლს შეეხო, მასზეც გადავიდა ერთი წვეთი ცრემლის მადლი და იქიდან შვილზე, რომელიც მაშინ ქალის საშოში იმყოფებოდა და დიდი ხნის შემდეგ ეს შვილი აღარ გამხდარა ჯალათი, ის ყასაბად მუშაობდა მამისეულ სახლში.

——

***
ჩვენ უფრო მეტად ჩავხლართეთ გზები
და ოცნებამდეც შორია თითქოს,
შენ დღეს ლექსებს წერ ისეთი გზნებით,
რომ შენს ლექსებზე მე ხელებს ვითბობ.

ნუ მეტყვი უფრო ახლოა მთვარე,
მე უკვე მზეზე დავიდე ბინა
და ვარსკვლავებად ქცეულ მზის სხივებს
საღამოობით ჩემს მკლავზე სძინავთ.

ტეგები: ,


%d bloggers like this: