სოფო კირვალიძე – სიყვარულით ყველაზე საყვარელს

“ჩემგან დაიმახსოვრე: კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება.”

ლაშა ბ.
“ა მოჟეტ ტაკაია ი ესწ ტვოია ნა კარტახ ნაგადანნაია, კარმიჩესკაია ლიუბოვ?”

მაია კ.
ბერლინი 2000

ამ ხნის ქალებთან მიმართებაში იხმარება ერთობ ნიშანდობლივი სიტყვა-ნაბოზარი.

ან ნაბოზვარი. როგორც გერჩიოთ. გარკვეულწილად მართალია: 30წლის შემდეგ ზნეობრივ სახეზე საუბარი სიბრიყვეა, ჰოდა, ჩემი ერის მამაკაცებიც ბურუსით მოცულ წარსულს თუ გადაწვდებიან ხოლმე.
ოცდაათს გადაცილებულს შეგიძლია თამამად განაცხადო: “მოია ჟიზნ, კაკ ხოჩუ, ტაკ ი ექპერიმენტირუიუ”. ოცდაათს რომ გადააბიჯებ, ყველაზე მეტი გინდა და შეგიძლია, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ვინმეს მართლა მოუნდება და შეეძლება შენი ატანა, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ფიქრადაც არ ღირს. ტყუილად ნუ დაიძაბები საყვარელო.

ჩემი ხნის ქალების მამრებთან ურთიერთობას-გამონაკლისი თითოოროლა თუ დარბის სადღაც და ყოფნის იმის ჭკუა, რომ ჩემისთანებთან საქმე არ დაიჭიროს – ხელჩართული ბრძოლის სახე აქვს. სრული უაზრობაა მათთვის იმის მტკიცება, რომ არაფერი გინდა. რა ფული – იქით უნდა აჭამო და ასვა და სახლში ტაქსით გაუშვა, რომ რამე არ დაემართოს;

არც ბინა – ასი კაცი ერთადაა შეყუჟული (მამამ გადაწყვიტა,რომ მაინცდამაინც ოთხოთახიანიდან უნდა გაასვენონ) რძალს ტოქსიკოზი აქვს და სანამ არ ჩაიფსამ ტუალეტიდან არ გამოაღწევს, ლოჯში – იქაა მაგის ადგილი! ფსევდოინტელიგენტი ჩეკას ბოზი ბებო ახველებს, ნაპროვინციალარ დედას სძულხარ – რა უნდა ამას ჩემს ვარსკვლავბიჭუნასთან?! ღმერთო ჩემო!

ბიჭო, ვის რად უნდიხარ, შე უხასიათო და უბედურო? მაგრამ დედამ დაგარიგა და ალბათ ნაძველბიჭარმა გონებაჩამორჩენილმა უფროსმა ძმამაც – კი ძნელი წარმოსადგენია, მისი ლექსიკური მარაგი წესით ამდენს ვერ უნდა წვდებოდეს – რომ ქალი, თანაც 30ს გადაცილებული(!) საშიშია, შეგაჯდება. ჩვენი ბიჭი წარმატებით შეიძლება იყოს 25-საც და 45-საც, მერე რა, მაინც სათუთი არსებაა, ქალი კი, თან 30ს გადაცილებული, ნაბოზვარია, ბიტი, და შესაბამისად ძალიან საშიში.

ცხადია, არსებობენ არასაშიში ქალებიც. გოგოები. გოგოები არ ტყნაურობენ. გოგოები უბრალოდ იძლევიან, თუ დიდხანს შეეხვეწები და ცოლობას დაპირდები. როგორი გოგოები მოგწონს? მაღალი, გამხდარი და რა ვიცი. მოკლედ კარგი ოჯახის შვილი გოგოები ცოლად უნდა შეირთო და ამის შემდეგ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სამ ჯგუფად იყოფიან: ცოლი; დაქალები (ეს არიან მდედრები,რომლებიც სხვადასხვა მიზეზების, ძირითადად სიმახინჯის გამო, არ მოიტყვნებიან) და ქალები, რომელთაც სახმარი ღირებულება არ გააჩენიათ. ეს უკანასკნელები შეიძლება სატანცაოდ წაიყვანო ან შინდისში ხინკალზე დაპატიჟო. რაც მთავარია, მათთან შეგიძლია შენს საშინლად გასაიდუმლოებულ სექსუალურ ფანტაზიებს შეასხა ხორცი – უბანი. ბიჭები. მერე მაგ პირით დედაჩემს უნდა აკოცო?

ეს ქალები ძირითადად ზაფხულში წამოტივტივდებიან ხოლმე. როცა ცოლებს დასასვენებლად უშვებენ. აქვე ახლომახლო: წყნეთი, კოჯორი, მანგლისი. მშვენიერი ადგილებია, სუფთა ჰაერი, ნახევარ საათში თბილისში ხარ (მე ერთ ძაან მაგარ ვადილასაც ვიცნობ, შვიდ წუთში ჩამოვიდა თბილისში) სამ დღეში ერთხელ წყალიც მოდის და ყველაფერი. შაბათ-კვირას მამაც ამოვა, საზამთროთი და ძმაკაცებით. დალევს და კდემამოსილად გარუჯულ ცოლს – მაისური და შორტი უნდა ეტყობოდეს, აბა, ბოზი ხომ არაა,მთლიანად გაიხადოს? – შეძლებისდაგვარად მთლიანად მოიხმარს, რომ ემანდ რამე არ შეეშალოს.

მსგავსი არაჯანსაღი და ცხადია უსაფუძვლო ეჭვებისაგან თავის დასაცავად, სასურველია, რომ იმავე კოტეჯში ძმაკაცმა თავისი ნაშიერები და ცოლი აუშვას. მერე რა, რომ შენს ცოლს იმის ცოლი გოიმად მიაჩნია. აბა რა, პადრუგასთან ერთად ხომ არ გაუშვებ, იმ ნაბოზვართან, მთელ ევრაზიაზე რომა აქვს ტრაკი გადებული?! იმას თბილისში ესტუმრები.

სამშაბათს ან ოთხშაბათს, ჯანზე რომ მოხვალ, და რომ არ მოგცემს, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ნაბოზვარია და მინეტშიცა, მაგის დედას შევეცი.

მაგრამ კაცი, რომლის შესახებაც გიამბობთ, ამ არაჩვეულებრივ ყოფას ჯერ არ ზიარებია. ნუ იჩქარებ საყვარელო! ცხადია, ყველაფერი წინაა, საამისოდ ყველა წინაპირობა გაგვაჩნია: გარეგნობასა და მამაკაცურ მონაცემებს წუნს ვერ დაუდებ, პროფესიაც საპატიო და პერსპექტივაში ფულიანი გვაქვს,უბრალოდ სულ ერთი თვეა რაც სამსახური დავიწყეთ, ჯერჯერობით სათანადოდ არ გავთახსირდით, ადამიანობა შეგვრჩა და დადებული ფიცის შინაარსი ალკოჰოლსა და წამალს არ ჩაურეცხავს, ძმაც გვყავს, სიმპატიჩნი, განათლებული, წარმატებული, ზრდილობიანად და სათანადო ეჭვითაც კითხულობს: რა გადავცე? არაფერი გენაცვალე. შტო ია სამ სებე ვრაგ?

კარგი რამაა კაცობა, განსაკუთრებით, როცა ასეთი ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ გჯერა, რომ ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება. აი ნახე: ამ ქალისათვის ორი სიტყვაც არ გითქვამს და ეგრევე დაგიწვა, თან გითხრა, არაჩვულებრივი კაცი ხარო. მართალია, მთლად ის არ უგულისხმია, რაც გინდოდა, იროშა რაღაც დიდი და თბილიო. შენ ხომ არ იცი, საყვარელო, რომ იმ ქალს წინა ღამე წყალში აქვს გატარებული-ცივი ყოფილა ჰერკულესო შენი სამარე! რომ ალიონზე ძლივს გათბა, რომ შენამდე ასი წელი გათავება არ ღირსებია და ახლა კმაყოფილი ლამის ამღერდეს “დედი,დედი და ძენ პობედი”.

აბა, მაგას შენ ვინ გეტყვის საყვარელო. მერე ეს ქალი კვლავაც გხვდება, შემთხვევით, აბა, ხომ არ დაურეკავდი – ვინაა რო? მოკლედ, გხვდება და სახლში მიყავხარ. ჰოდა სძელალი-პაკურილი. ცხადია, შარვალს არ გაიხდი, ჩაიწევ. შენ ხომ არ აძლევ ბოლოსდაბოლოს! სდელალი-პაკურილი. ეს ქალი საეჭვო ჩანს. თავზე ხელი რატომ გადაგისვა? რამე ხომ არ ელანდება? საშიში ამბავია. ამიტომ სწრაფად უყვები, რომ გოგჩო-ჰა,რა სიტყვაა-გყავს. ლამაზი ძაან და ახალგაზრდა. ჰა,ხო გამწარდი? რამე არ გეგონოს. ეს ნაბოზვარი რეებს ბედავს, ნახე რა თქვა? გაატყანი აქდანო! არ გააბლატავო, ზნაი ბაბა, მესტო!

გინებას აზრი არ აქვს, ნაბოზვარია, ამიტომ ერთ-ორს მოსდებ, დარწმუნებული ხარ – ეი ნე ვპერვოი – გადაიტანს. ცხადია შეგრჩება და კვლავაც სდელალი-პაკურილი. სდელალი-პაკურილი.
იქნებ ასეც გაგრძელებულიყო, უბრალოდ ზაფხულია და ეს ნაბოზვარი შარაზეა გადებული, ფულს აკეთებს რაღაც საეჭვო მოგზაურობებით საეჭვო კაცებთან ერთად.

მაგას ხომ არც ქმარი ყავს და ვერც კიკეთში ისვენებს და ვერც ვერაფერი – და კაცმა არ იცის როდის მოდის-მიდის. აბა,ხომ არ დაურეკავ? სექტემბერში კი გოგოც ჩამოვა შეკვეთილიდან, ზაგარი, ტატუ (სამდღიანი) და რამე. პრინციპში ცოლის მოყვანის დროცაა. ცოლიც გეყოლება და ყველაფერიც.

ხოლო როცა ცოლი მეორეზე იქნება ორსულად – რომ ბავშვი ეგოისტი არ გაიზარდოს –ფანჯარაში შუქს დაინახავ და ნებრეჟნად მიუკაკუნებ იმ ქალს, იმხანად უკვე ბიბლიურ ასაკში მყოფს და რომ მოგცემს, კიდევ ერთხელ დარწუმნდები, რომ ნაბოზვარია.

დაიბეჭდა ჟურნალ “არილში”, 2002 წლის 3 ოქტომბერს

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: