ირაკლი ჯავახაძე – ნოკდაუნი

პირველი რაუნდი

_რა მომინდა,იცი?! – ვეუბნები მაკას – დალევა.

_არ შეიძლება – ძლივს ატრიალებს საჭეს,აქეთ-იქით იყურება დამფრთხალი.

რად უნდა ქალს ამოდენა მანქანა? ძლივს დაატარებს ქალაქის ვიწრო ქუჩებში. ორი თვეა ეს მანქანა აქვს და ორჯერ გაკაწრა უკვე.

_არ დავლიო? – ვკითხულობ დაეჭვებული.

არ მპასუხობს. სვლას ანელებს, ტროტუარზე აგდებს წინა ბორბლებს. მაინც უხეშად გამოსდის,ლამის ჭერს ვურტყამ თავს. არაფერს ვამბობ-აზრი არ აქვს.

_მომეცი საფულე – ხელს იშვერს ჩემსკენ.

_რად გინდა? – ინსტიქტურად ვაძვრენ საფულეს და ვაწვდი.

_ესეც ასე – კმაყოფილი გადადის მანქანიდან – ლუდს აღარ იყიდი. ხუთ წუთში მოვალ.

არ მიყვარს ეს ადგილი…

ცხრა წლის ვიყავი, სადღაც აქ რომ დავეკარგე დედაჩემს. დიდად არ მინაღვლია, სათამაშოების მაღაზიაში შევედი და სანამ არ მომბეზრდა იქაურობა, ქუჩაში არ გამოვსულვარ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ ხანს არ მომბეზრდებოდა სათამაშოების მაღაზია ცხრა წლისას. დღემდე მიკვირს, დედაჩემი როგორ ვერ მიხვდა სად უნდა მოვეძებნე. ქუჩაში დამხვდა. ორი-სამი კაცი იდგა იქვე, ამშვიდებდნენ. ახლაც მახსოვს მისი შეშლილი სახე. დამინახა თუ არა, გული წაუვიდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მთელი ბავშვობიდან მხოლოდ ეს ეპიზოდი მახსოვს, მეტი -არაფერი. მახსოვრობა, სადღაც, თხუთმეტი წლის ასაკიდან მეწყება. რატომ არის ასე, არ ვიცი. არც ვფიქრობ ამაზე.

არ მიყვარს ეს ადგილი. სათამაშოების მაღაზიაც აღარ არის – რომელიღაც ავიაკომპანიის ოფისია იმ შენობაში. არადა, ხანდახან მაინც მიწევს აქ მოსვლა, მაკას პარიკმახერი მოღვაწეობს ამ ქუჩაზე. შეაგდებს მაკა მანქანას ტროტუარზე, გადახტება, რომელიღაც არკაში შეირბენს, გამოვა ათ-ოც წუთში და მეკითხება:

_მოგწონს?

ხუთიდან ოთხჯერ კითხვითვე ვპასუხობ:

_რა?

_თმები.

მომწონს-მეთქი, ვუქნევ თავს…

აი,ახლაც გამოვა და იგივეს მკითხავს. უკვე მომზადებული ვარ და აღარ შევუნრუნებ კითხვას, პირდაპირ თავს დავუქნევ. თუმცა ამჯერად ვალის დასაბრუნებლად მივიდა. ისე, ნეტავ, მართლა სჯერა, რომ რაიმე ცვლილებას ვატყობ ხოლმე მის ვარცხნილობას?! “აი,ახლა გამოვა. აი, ახლა გამოვა -მეთქი”- ვფიქრობ და საიდანღაც ქალის კივილი მესმის:

_იდიოტო, იდიოტო!..

ოცი-ოცდაორი წლის გოგო ორმეტრიან ჯეელს უკივის. მერე უცბად წყნარდება, ჩურჩულზე გადადის. მეჩვენება, თითქოს რაღაცას ემუდარება, ხელს ავლებს მკლავში, თავისკენ ექაჩება, მაგრამ ფეხს ვერ აცვლევინებს. ”შიგა აქვთ” – ვფიქრობ ჩემთვის. გოგოს ისტერიული გამომეტყველება აქვს. ცრემლებსაც ვამჩნევ მის ლოყებზე. ვიძაბები, აქეთ-იქით ვიყურები-ქუჩას ვათვალიერებ. კაციშვილი არ ჩანს. გოგოს ქვითინი ეწყება. გაუჩერებლად ლაპარაკობს. თვალებში უყურებს იმ აყლაყუდას და ცდილობს, მხრებზე ჩამოეკიდოს-ერთი ფეხი უკვე ჰაერში აქვს. ის კიდევ, უცბად ტრიალდება, ზურგს აქცევს გოგოს და ნელი ნაბიჯით მიუყვება ქუჩას. გოგოს ფეხები ერთმანეთში ეხლართება. ხელებს ჰაერში იქნევს, წონასწორობა რომ შეინარჩუნოს, მაგარმ მაინც ეცემა-რბილად და ჩუმად.

ვუყურებ და მეცოდება. “იმ ჯეელს რომ დაენახა, იმასაც შეეცოდებოდა-მეთქი,”- ვფიქრობ. ისევ ქუჩას ვათვალიერებ. აღარც ის აყლაყუდა მოჩანს-ალბათ, სადმე ჩაუხვია. გოგო ადგომას არც აპირებს, მგონი. ზის ჭუჭყიან ასფალტზე და თავი ჩაუხრია. საცოდავი შესახედია. გული მოგიკვდება. ”მე რაღას მერჩოდნენ-მეთქი”- ვბრაზდები და ჩემთვის ვიგინები. და უცებ, გოგოსთან მწვანე ნივა ჩერდება, გადმოდის ის ჯეელი და იქით ეხევწება, წამოდიო. გოგო არ ინძრევა. სლუკუნებს. სულ რამდენიმე წამი და ადგება და ჩაჯდება მანქანაში.მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება დასაწყნარებლად, მაგრამ ამ ორმეტრიანს ნერვები არ ჰყოფნის. გაცოფებული წიხლს ურტყამს მანქანას და უკვე ვიცი, რაღაც ცუდი მოხდება. აი,ეს საშინლად უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება და კარს ვაღებ, მანქანიდან გადავდივარ. ვერც ერთი ვერ მამჩნევს, სადა სცალიათ ჩემთვის. აყლაყუდა გოგოს ჩაფრენია თმებში და თავისი მანქანისკენ მიათრევს. პირდაპირ ასფალტზე მიახოხიალებს, ძალზე უნამუსოდ ექცევა. ოთხ თითს ვიტენი პირში და მსუბუქად ვუსტვენ. მერე ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები:

_რა არი, რა წესია…

არ ვიცი,შემამჩნია თუ არა აყლაყუდამ, საქმიანობა არ შეუეწყვიტავს – ბორნლებიანი ჩემოდანივით მიაგორებს გოგოს. ახლოდან კიდევ უფრო დიდი ჩანს – ორ მეტრაზე გრძელია, ჩაფსკვნილი. ერთ ნაბიჯსაც ვდგამ და ვჩერდები. არ მინდა, მივუახლოვდე. რა ვიცი, რა დაარტყამს თავში.აშკარად სჯობს, მშვიდობიანად მოვაგვარო ყველაფერი. თუმცა რაღა მშვიდობაა – ოცი ხლის გოგოს მიახოხიალებს მიწაზე.

_იდიოტო, იდიოტო! – კივის გოგო.

-ეე! – ვეძახი მე, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ წინ და…

ვერ ვხვდები, რა ხდება. ასფალტზე ვიშხლართები, გოგოს გვერდით. ალბათ, ბორდიურს წამოვკარი ფეხი-საშინლად მტკივა მარჯვენა ტერფი. აყლაყუდა განცვიფრებით დამცქერის-მგონი, ახლა დამინახა პირველად. გოგოც გამოქლიავებული სახით მიყურებს, ციდან ჩამოვარდნილი ვგონივარ. “სად მოვეტენებოდი”- ვიგინები გულში. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. წამოვდგე? ვიწვე? რაღაც იდიოტურ მდგომარეობაში ამოვყავი თავი. ეს აყლაყუდაც არ მეშვება – თვალებში მიყურებს. გაიხედე, რა, სხვაგან. წაქცეულ კაცს, კიდევ შენი თვალიერება მინდა?!

და უცებ ის ისმის მაკას კივილი. “საიდან გაჩნდა, ამას რაღა აკივლებს-მეთქი”- ვფიქორბ და იქით ვიხედები.

_ხელი არ ახლო, გადი იქით – უკივის აყლაყუდას.

რაღაც უჭირავს და საშინლად დამფრთხალი გამომეტყველება აქვს. ვაკვირდები და ვარჩევ, გაზის პისტოლეტია. ეს პისტოლეტი მე ვაჩუქე ერთი წლის წინ. საცოდავად ჩაუვლია ორივე ხელი ტარისთვის, სასხლეტზე არც უდევს თითი. “გაგიჟდა?”- ვასწრებ გაფიქრებას. არც ვიცოდი ეს პისტოლეტი თან თუ დაჰქონდა. რამ მოაფიქრებინა ამის გაკეთება?! ეს ჯეელი ხამ მე დამყურებს, ხან მაკასკენ იყურება.

_არ ისროლო – ვუყვირი და ვდგები.

რისი მსროლელია, ყველაზე შეშინებული სახეთვითონ აქვს. კოჭლობით ვუახლოვდები. ახლა მე მიშვერს პისტოლეტს. ლულას ვავლებ ხელს და ჩემსკენ ვქაჩავ. პისტოლეტი უკვე მე მაქვს. წადი, დაჯექი, მანქანაში – ვეუბნები მაკას.

შეშინებული მირბის და საჭესთან ჯდება. ერთი წამით ვიხედები უკან-აყლაყუდა ისევ იქ დგას, გოგო ისევ ასფალტზე ზის. სასაცილო შესახედები არიან. ნეტავ, მე როგორი შესახედი ვარ? მინდა, სწრაფად გავეცალო აქაურობას, მაგრამ ნატკენი ტერფი ჩქარი სიარულის საშუალებას არ მაძლევს. ბოლო-ბოლო, ვაღწევ მანქანამდე და მაკას გვერდით ვთავსდები:

_დავითესეთ.

ტროტუარიდან უკანა სვლით ჩამოჰყავს მანქანა, ისევ ჭერს ვურტყამ თავს. ნერვიულობს, ხელები უკანკალებს. ვეხმარები – მე გადამყავს მარცხენა ხელით სიჩქარეების გადამრთველი:

_მიდი, დააჭირე გაზს.

და ვცილდებით იქაურობას. წამის მეათედით ვასწრებ ფეხებგაჩაჩხული, უაზრო გამომეტყველების ჯეელის შეთვალიერებას. ჩვენს მანქანას მოშტერებია.

_ეხლა დაწყნარდი და ნელა იარე – ვამბობ და პისტოლეტს ვათვალიერებ.

თყვია არც გადაუტანია ლულაში. მჭიდი გამომაქვს. სავსეა. პირველი ხალასტოი დევს. ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც მივეცი. მეცინება:

_ერთხელაც არ გისვრია?

_სად უნდა მესროლა?! – იჩეჩავს მხრებს.

_რა ვიცი?! ახალ წელს.

_ერთი ხალასტოი დევს, დანარჩენი სულ გაზის ტყვიებია. სად უნდა მესროლა?!

_ყოჩაღ,კარგად დაგიმახსოვრებია – მეცინება ისევ – რამ გაგაგიჟა, როდის მერე დაიწყე ამ პისტოლეტის ტარება?

_როცა დიდი ჩანთით დავდივარ, სულ მიგდია. რა იცი, რა ხდება.ხომ გამოგვადგა?!

_რა იცი, რა ხდება,ხო?!

_ხო. რომ მჩუქნიდი, ასე მითხარი – რა იცი, რა ხდებაო. გამოგვადგა?!

_რა გამოგვადგა, შენ თავი ხო არ მიგირტყამს რამესთვის. იმ ჩემისას რო ქონოდა იარაღი და დაეშვა შენთვის?

_აბა, გკლავდა. რა მოხდა, რა გაჩხუბებდათ?

_ოო – და ვყვები მთელ ისტორიას…

_მე მეგონა, იმან დაგარტყა. აბა, რა უნდა მეფიქრა, მიწაზე ეგდე. გტკივა ფეხი?

_აბა, არ მტკივა?! – ვაცოდებ თავს – მიეცი ვალი პარიკმახერს?

კიო, მიქნევს თავს.

_აჰა – ვაწვდი პისტოლეტს – დამიბრუნე საფულე

_ჩადე ჩემს ჩანთაში. შენი საფულეც იქაა. წავიდეთ ჩემთან?

_სადმე ბარში დავსხდეთ. დავაი, ქიაჩელზე.

_კარგი რა. აღარ შემიძლია ეს ტუკანი.

_აბა, ჩინური რესტორნის ფული არა მაქვს.

_მე მაქვს, მაგრამ იქაც არ მინდა. წამო, რა, ჩემთან.

-წამო – ვამბობ და პისტოლეტიანი მაკა მახსენდება – არა, არა ხარ დალაგებული. ჯერ გაგერკვია, რა ხდებოდა. პისტოლეტის ამოღება რამ მოგაფიქრებინა?!

ეღიმება:

_მერე, ვინ თქვა, რომ დალაგებული ვარ. ისე, როგორ ფიქრობ, იარაღი რომ ქონოდა, მესროდა?

საინტერესო კითხვაა. მე რა ვიცი, ესროდა? ის გოგო კი ათრია ასფალტზე და…

_შენ მაგ პისტოლეტს შეეშვი, გაიგე?! – ვუწყებ ჭკუის დარიგებას – შარს გადაეყრები.

_შარიც საინტერესოა – მეკეკლუცება.

_ვაფშე, წადი და გაიფორმე. მე მიყრია სადღაც მაგის საბუთები.

_რატო, ვინ გამჩხრიკავს?! აი,პრავაც არ მაქვს, მაგრამ დავდივარ.

ჩამოყალიბებული შიზოიდია, რა ველაპარაკო.

_არა, მაინც გადარჩი – აქეთ მამშვიდებს – იმას რომ დაერტყა, ადგილზე გაგათავებდა…

მეორე რაუნდი

მაკას სადარბაზოში აუტანელი სიბინძურეა. რაღაც სპეციფიური სუნი დგას. მგონი ვირთხები აყენებენ ასეთ სუნს. სანამ ლიფტი პირველ სართულზე ჩამოვა, სუნთქვაშეკრული ვდგავარ. ყოველთვის ასეთი სუნია ამ სადარბაზოში, სხვაგან არ შემიმჩნევია. ლიფტში კიდევ უარესია.

_რა არი, არ უვლით ამ სახლს? – ისე ვბრაზდები, თითქოს მაკას ბრალი იყოს რამე.

_ვირთხა მოკვდა, ალბათ. შახტაში დაძვრებიან, ლიფტის სახურავზე ეცემიან და იხრწნებიან. გუშინ არ ყარდა. ესე იგი, ახალი მკვდარია. სამ დღეს არ გავა ეს სუნი აქედან.

_ეხლა მკვდარი ვირთხა აგდია ლიფტის სახურავზე? – ვეკითხები შეშფოთებული.

მზარავს იმის გაფიქრება, რომ ნახევარი მეტრი მაშორებს მკვდარ, საზიზღარ ვირთხას.

_გტკივა ფეხი? – მზრუნველად მეკითხება მაკა.

_თითქმის აღარ. სისულელეა, გამივლის.

გამოვდივართ ლიფტიდან, მაკა კარს აღებს წინასწარ მომარჯვებული გასაღებით და ჯერ მე შევდივარ ბინაში. მაკაც შემოდის და ის-ისაა კარი უნდა მიხუროს, დაზაფრული ჩურჩულებს:

_ჩამოსულან.

მინდა, მივიდე, გავიდე ბინიდან, საერთოდ დავეთესო აქაურობას, მაგრამ მამაკაცის ხმა მესმის რომელიღაც ოთახიდან:

_მაკა, შენა ხარ? – და ადგილზე ვქვავდები.

_მამაჩემია – მეჩურჩულება მაკა.

ხელით ვანიშნებ, ჩუმად გავალ-მეთქი, მაგრამ არ მიშვებს – კარს კეტავს და მუჯლუგუნს მკრავს, შედიო. ვემორჩილები.რატომ, მე თვითონ მიკვირს. თავად დიდად არ ეტყობა შეშფოთება.

_როდის ჩამოხვედით? – გასძახის აქედან, თან მე მიბრიალებს თვალებს.

რა ვქნა-მეთქი, ხელებს ვშლი. გვერდს მივლის და შუა ოთახში შედის. მეც მივყვები. მამამისი შორტში გამოწყობილა. არაფერი აცვია შორტის გარდა. მაგარი სანახავია.

_ეს კოტეა, გაიცანი – ეუბნება მაკა

_სასიამოვნოა – მართმევს მარჯვენას და მაკას კოცნის.

ასჯერ მაინც მყავს ნანახი – პიჯაკით და ჰალსტუხით. შორტში სხვანაირია, სასაცილო.

_დედაშენი დეიდაშენთან დავტოვე, საბურთალოზე – ეუბნება მაკას – რაკი მოხვედი, იქნებ მოიყვანო. დაღლილი ვარ.

_ახლა?

_ჰო. დარეკა, წამომიყვანეო. მე და შენი მეგობარი როგორმე შევიქცევთ თავს. ნარდს ვითამაშებთ.

_არა. გავყვები მეც – ვამბობ გაუბედავად.

_რატომ? თუ ნარდი არ გინდა, ლუდი დავლიოთ, ბიტბურგერი. კაი ხანია, შენი ნახვა მინდა.

ამას არ ველოდი. ჩემი ნახვა რატომ უნდა უნდოდეს, საიდან იცის ჩემი არსებობის შესახებ?! მაკასკენ ვაპარებ მზერას. არ იხედება ჩემსკენ:

_წავალ, ჰო. ბარემ ჩაცმული ვარ. არ მოიწყინოთ.

ტრიალდება და გასასვლელისაკენ მიდის.

_ნამგზავრი ბრძანდებით… გავყვები მეც – ვამბობ თავაზიანად.

_მოიცა – ხელს მხვევს მხარზე – ხო გითხარი, შენი ნახვა მინდოდა-მეთქი. თხუთმეტ წუთში დაბრუნდება. დაჯექი.

სავარძელში ვეშვები. ლუდზე უარს ვამბობ – არ მინდა ამისი ლუდი. ის უფრო მაინტერესებს, რა იცის და რა არ იცის. სხვა ოთახში გადის და რამდენიმე წამში ბრუნდება, მაისური ჩაუცვამს.

_ესე იგი, ლუდზე უარს მეუბნები – მიღიმის – მაშინ არც მე დავლევ. გავსუქდი ამ ბოლო დროს – ღიპზე იტყაპუნებს ხელისგულს – თანაც, შუადღეს ლუდის სმა არ ივარგებს ამ სიცხეში – ჩემს პირდაპირ თავსდება სავარძელში – ჩაქვშიც მაგრა ცხელოდა – სიგარეტს ირჭობს პირში.

თუ არ ივარგებს, მე რატომ მთავაზობს, ვერ გავიგე. არადა, კბილები მიკაწკაწებს, ისე მინდა ბიტბურგერი. ლეგენდები მაქვს გაგონილი ამ ლუდზე.

_აქ სულ ცხელა?

_დიახ – ვეუბნები

-იქაც ცხელოდა. იქაც არ მომასვენეს. ხან იქ წადი, ხან აქ წამოდი. დასასვენებლად წავედი და არ გაჩერებულა ჩემი ტელეფონი. მთელი ზაფხული თბილისში ხარ? – შორიდან მივლის.

თავს ვუქნევ.

_მაკაც, მგონი შენს გამო არ წამოგვყვა. ცოდოა, დაისვენებდა გოგო.

რა ვუპასუხო?! მე რა ვიცი, მაკა რატომ არ გაყვა.

-რას აპირებთ? – მაჩერდება თვალებში.

“რა შენი ტრაკის საქმეა?”- ვფიქრობ გულში.

_მე ერთი გოგო მყავს, ძმაო – უცებ გადმოდის შეტევაზე – თბილისია, ხალხი ლაპარაკობს.

გაუშვა ქართული ხალხური. რა გააჩერებს ეხლა ამას?! შეიძლება აქედან პირდაპირ ქორწინების სახლში მიკრას თავი. რამე რომ ვუთხრა, უნდა დავაყარო კიდეც. არადა, ჯერ ერთი – მე ამის მომრევი არა ვარ, მეორეც – მაკას მამასთან ჩხუბი არ უნდა ჩამეთვალოს კარგ საქციელად.

_ხომ გესმის ჩემი?! – ისევ თვალებში მიყურებს – ხალხი ლაპარაკობს. განათხოვარი გოგოა, თავის გზა ხომ უნდა მონახოს. უკვე ერთი წელია, დადიხართ.

ამან რაღა იცის?! და უცებ მარტყამს თავში – მაკას ელაპარაკა. მაკამ ჩაუკარკლა ყველაფერი. მერე უფრო საშინელი აზრი მომდის თავში – ეს დღეს არ ჩამოსულა ჩაქვიდან და საერთოდ ჩვენი შეხვედრა დაგეგმილი იყო. ამან, მაკამ და მაკას დედამ დაგეგმეს. შეიძლება, საბურთალოელი დეიდაც ეხმარებოდა. ახლა მაკა იქ ზის, ქალებთან. სხედან და ამ საუბრის შედეგს ელიან. მაკა როგორ გამიკეთებდა ამას?! ამის მერე როგორ უნდა შემხედოს თვალებში?!

მშვენიერი სპექტაკლი მოაწყვეს. ეს აქ შორტებით მხვდება – ვითომ ახალი ჩამოსულია, დაქანცულია. ტელეფონის ზარებმა დაქანცეს. დილით მაკა მირეკავს და მეუბნება – პარიკმახერთან გამყევი, ვალი უნდა მივუტანოო. როდის იყო, მაკას ვინმეს ვალი ჰქონოდეს?! და უცებ, ვითომ გუშინ დაივარცხნა თმები და ფული არ ჰქონდა. ზღაპარია. თუ მამამისი თბილისში არ ბრძანდებოდა, დღეს სად იშოვა იმდენი ფული, ჩინურ რესტორანს რომ ეყოფოდა?! ღა თქმა უნდა ყველაფერი მოწყობილია.მე მომიწყვეს.

ეს მამამისი კიდევ, ტრაკია. ვენახე სადმე და კაცურად დამლაპარაკებოდა. ზის ეხლა და უნიჭოდ ასრულებს უნიჭო როლს. მიერეკება.

_ასეა, ძმაო, და უნდა გადაწყვიტოთ რამე. მე რამდენ ხანს ვუყურო ყველაფერ ამას?!

_თქვენ ნახეთ რამე? – უკვე ვეუზრდელები.

_რაა?

_ნუ უყურებთ, არ არის საჭირო.

_მომისმინე – მეუბნება დაყვავებით, არ უნდა სიტუაციის გართულება – კაცი ხარ და უნდა გადაწყვიტო.

_გადაგიწყვეტიათ უჩემოდ – ვდგები ფეზე – როდის შემოგიაროთ?

რაღაც ასეთი სისულელე რომ არ ვთქვა, მაშინ საფერფლე უნდა ვრეკო თავში. აბა, სერიოზულად ხომ არ დავუწყებ ლაპარაკს?!

_იცოდე, მაკას ვეღარ ნახავ – დგება ისიც.

_გასაგებია. წავედი.

გავდივარ შემოსასვლელში და კარს ვაღებ. არც მომყვება უკან. კიდევ კარგი…

ლიფტს არ ველოდები, კიბეზე ვეშვები. ისევ ის საშინელი სუნია სადარბაზოში…

ქუჩაში გამოვდივარ თუ არა, ტელეფონი მიწკრიალებს ჯიბეში. ვაძვრენ ტელეფონს და ვკითხულობ: MAKAKA.თვითონ ჩამიწერა ასე…

მოუსწრია მამამის გადარეკვა..

_ჰო! – ვპასუხობ

_გაგიჟდი?

_მგონი თქვენ გაგიჟდით, ყველანი – ვეუბნები მშვიდად.

_მამაჩემთან ჩხუბი შეიძლებოდა?!- ეწყება ისტერიკა – სახლიდან აღარ გამომიშვებს.

_ეგ მე აღარ მადარდებს. წავედი – ვუთიშავ და ველოდები, რომ კიდევ დარეკავს.

მაგრამ – არა, თავმოყვარე გოგოს მეთამაშება. ან,შეიძლება, არც არაფერს თამაშობს. ხვდება, რაკი სპექტაკლის პრემიერა კრახით დასრულდა, აღარ ღირს წარმოდგენების გაგრძელება.

დავყურებ ტელეფონის ეკრანს და გადასარევი აზრი მებადება. კლავიატუაზე რამდენიმე დაჭერით უმარტივეს ოპერაციას ვატარებ და MAKAKA სამუდამოდ ქრება ჩემი ტელეფონის მახსოვრობიდან…

————————

მოთხრობების კრებულიდან “კავალერები”

ტეგები: ,


%d bloggers like this: