ელენე კ. – ოთხი დღის სურათები

To:
Sent: Wednesday, January 19, 2005 12:43 PM

> privet,
>
> ert texts gigzavni…. dreamebis temaa, tavis droze scenaris saxit daicera,
> magram ver ganxorcielda.. literaturad mgoni ar agiqmeba.. mokled, tviton
> gadaxede, tu ar dagezareba.. tu survili geqneba da shens jurnalshi mxatvruli
> texts aris, shegizlia gaushva, ogond psevdonimit – elene k. (rogorc
> uceria)..
>
> best
>
> *******


ოთხი დღის სურათები

პირველი დღე

– მოვლენები ჩვენს გარე სამყაროში სტიქიურად მოქმედებენ, ცვლიან ადამიანების ცხოვრებას, მათი დინამიკა ძალადობრივია, რომელიც სახიფათო სიბნელეში გვაქცევს, იქ ვიკარგებით და იმედგაცრუებულნი ვუცქერთ მისი ნიღბების ცვლას, – ბოლო ფრაზაზე პერფორმერმა იისფერ კოსტიუმში თეთრი და ნაცრისფერი ნიღბებით მოხატული მარაოები გაშალა და რიტუალური ცეკვის შესრულება დაიწყო.

პერფორმერ ქალს სოფია ერქვა და ამ წუთებში თავისი როლის გადაჭარბებული თეატრალურობით ტკბებოდა. სპექტაკლის შემდეგ ის თავის მეგობარ იზაბელს უნდა შეხვედროდა, რომელიც ამ დროს საცობში გაჭედილ ტაქსში იჯდა და სასოწარკვეთილ აგრესიას გრძნობდა მთელი პოლიტიკური მღელვარებებისა და ქუჩის მომიტინგეების მიმართ, რომელთა წყალობითაც ჩახუთულ მანქანაში იხრჩობოდა. დაბურული მინიდან იზაბელს უფრო გაუგებარი ეჩვენებოდა, რასაც ხედავდა – სატვირთო მანქანაზე ათავსებდნენ ერთ-ერთი ყოფილი კერპის ქანდაკებას.

ბრინჯაოს ტლანქ გვამს ნასროლი კვერცხებისა და შესხმული საღებავების გარდა მასზე მოხტუნავე ამბოხებულების ცოცხალი ტრიუმფიც მიჰყვებოდა. იზაბელი არავითარ თანამოაზრეობას, ზიზღსაც კი განიცდიდა აღტკინებული ბრბოს მიმართ, არც არასდროს ისურვებდა მის ნაწილად ყოფნას, თუმცა ასეთ დროს გამძაფრებული მარტოობის გრძნობა იპყრობდა ხოლმე და ფიქრობდა, რომ ინტერესის გამო რამე სექტანტურ რიტუალშიც მიიღებდა მონაწილეობას პირველყოფილ არხებს რომ შეხებოდა.. “სოფია კი ამბობს, რომ
ყველა ექსპერიმენტს ერთი ბოლო აქვს – ხედავ, რომ ცდუნება მხოლოდ ზედაპირია და იმის იქით ან სიცარიელეა, ან უსიამოვნებები, ან ორივე ერთად.. თვითონ კი რაში აღარ გაყო თავი. ისე, ყველაფრიდან სუფთად გამოდის, ნამდვილი მონსტრია..ყველაფერს და ყველას ექსპერიმენტის ღირებულებას აძლევს, მართლა მონსტრია..აი მისი ერთ-ერთი მსხვერპლიც..” იზაბელი უკვე ვეღარ უძლებდა მძღოლის საზოგადოებას ასეთ ვიწრო სივრცეში და დავითი დაინახა თუ არა, მანქანიდან გადმოხტა..

– საით?
– უკვე აღარსად, შენ?
– შეხვედრაზე მივდივარ, მაგრამ ჯერ ადრეა და დრო გამყავს..თუ გინდა ყავა დავლიოთ..
– კარგი.
კაფის უსუფთაო ფანჯრებიდან სხვა რაკურსით ჩანდა კერპის დამხობასთან დაკავშირებული ორგია..
– ეს სანახაობა მისჯილი მაქვს..
– მე უკვე აღარ მაღიზიანებს, იმუნიტეტი მაქვს..
– ცდები, თუ ასე ფიქრობ, ამას ვერსად გაექცევი, მე და სოფიაც სულ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ შეგვეხება, მაგრამ უკვე ვიწყებთ აღიარებას, რომ საქმე ბევრად უფრო ცუდადაა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ..
– სოფია რას შვრება..
– როგორც ყოველთვის ენერგიას არ იცის რა უყოს.. მასთან მივდიოდი, ახალ სპექტაკლს აკეთებენ.. ალბათ, აღარ დამელოდება.
– ხვალაც იქ არიან? თუ გინდა ერთად წავიდეთ, სოფიასაც ვნახავ და იმასაც, რასაც აკეთებენ..
– გადმოვრეკავ, დაგეგმილი კი არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც… თუ გინდა სტუდიაში გამომიარე, ბოლო ნამუშევრებს გაჩვენებ..
– ეს ყველაზე კარგი აზრია, შევთანხმდით..

იზაბელს ცოტა ხნის წინ სიზმრად ნანახი დავითის ტრანსფორმაციის გახსენება ამძიმებდა და მათი საუბარი ხისტ ტონალობაში გადაჰყავდა. იმ ხილვაში დავითი ქალის ჩექმებში და შორტებში გამოწყობილი შუშის დაკეტილი კარის მიღმა იდგა და შეშვებას ითხოვდა, თან გეის მოძაობებით მიჰქონდა სიგარეტი პირთან.. “იქნებ კაცებთან ეცადა, ქალებთან მხოლოდ გაუგებრობები გამოსდის..ალბათ, ჰგონია მე და სოფია მასზე ბევრს ვჭორაობთ, ბარიერს ნამდვილად იგრძნობდა და სხვაგვარად ვერც ახსნის..”

იმ საღამოს სოფიას გეგმებიც შეიცვალა. ალექსთან ერთად უცნაურ ადგილას აღმოჩნდა.
ცენტრს მოშორებულ, მაგრამ არც გარეუბანში მყოფი გაუქმებული დაწესებულების საცურაო აუზთან მივიდნენ. ამ შენობაში მხოლოდ აუზი მუშაობდა, ისიც არალეგალურად. ალექსიც ნაცნობობით მოხვდა აქ და რადგან ყვინთვა და წყალი მისთვის მედიტაციას ნიშნავდა და აქ შეეძლო მარტო ყოფილიყო, სიხარულით დაივიწყა სხვა დანარჩენი დისკომფორტი.

კომპლექსი საბჭოთა პერიოდის გასაიდუმლოებულ სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტს ჰგავდა, უფრო სწორად იმ პერიოდის ფილმებში ნაჩვენებ ასეთი დანიშნულების ადგილს. ალექსი ძალიან კარგი მყვინთავი იყო. სოფია პირველად ცნობისმოყვარეობის გამო წავიდა ზღვის სიღრმეში და გაოგნებული დარჩა, დღემდის თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებად თვლიდა. ფიქრობდა, რომ მიახლოებით გაიგო, რა შეიძლება ეგრძნო კოსმონავტს სხვა პლანეტაზე, ან ღია კოსმოსში,სხვა ბუნების სხეულებს შორის, სადაც ყველაფერი სხვაგვარია, ვიდრე აქამდე იცნობდი.. განსაკუთრებით ფერი, მომწვანო ვერცხლისფერი.. ფერი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სოფიასათვის..ზღვაში კიდევ თუ ჩაყვინთავდა, ისევ იმ ფერის სანახავად. ალექსი ამგვარ ტკბობას არ განიცდიდა ყვინთვისას, ის უფრო საკუთარი სხეულის წყალთან განუყოფლობით ერთობოდა… ამის შემდეგ ეს ადგილი მათი ეროტიკის ადგილადაც იქცა, აქაურობა არც თეატრს უკავშირდებოდა და არც მიტინგებიან ქუჩას, უკაცრიელი და მიტოვებული შენობა დაწყებული კატასტროფის ნიშნად გამოიყურებოდა და ორივეში ვნებისა და სინაზის დიდ დოზებს აღვივებდა..

მეორე დღე

ეპიზოდი, რომელშიც სოფია პითიას როლს ასრულებდა, ყველაზე დეკორატიული იყო. წითელი მარმარილოს თერმებში აუზის პირას წითელთმიანი პითია იჯდა და წინასწარმეტყველებდა. ქურუმი ქალები სარიტუალო მოქმედებებს ასრულებდნენ და პითიასთან ლანგრით ნიანგის ხორცი მიჰქონდათ. ორაკული კბილებით გლეჯდა ხორცს და ამბობდა, რომ ორ დღეში მიწისძვრა დაანგრევდა პატარა ქალაქს..ქურუმი ქალები სამგლოვიარო მსვლელობას იწყებდნენ…

შესვენებაზე ბარში იზაბელსა და დავითს სოფიაც შეუერთდა. ბოლოს ალექსიც გამოჩნდა.
– დავით, როგორ ხარ და გარეთ რა ხდება?
– იგივე, რაც გუშინ, ოღონდ ჰაერი უფრო მძიმდება..კარგია, რომ თქვენს საქმეს მაინც რომ აკეთებთ..
– ბოლო წუთებით ვტკბებით, შეიძლება, ხვალ სხვა საქმის მოძებნა მოგვიხდეს…
– გასაქცევს იპოვი, ნუ გეშინია.. იზაბელის დეკორაცია ძალიან მომეწონა.
– დიდი მადლობა, სამწუხაროდ ჰონორარი არც ისე მოსაწონი იყო. თან მე უფრო მეტ მახინჯ პერსონაჟს ჩავსვამდი, მაგრამ არ მიჯერებენ.
– ჩვენ დაგტოვებთ,- სოფია და ალექსი ადგნენ, – შემოხვალთ მეორე ეპიზოდზე?
– დაველოდები იზაბელის ყავის სმის დასრულებას.
– კარგი, უჩვენოდ ნუ წახვალთ, ერთად გავიდეთ.
– შეხვედრამდე..

მომდევნო ეპიზოდი ანტიკური ხანიდან ფსიქოანალიზის ეპოქაში გრძელდებოდა და სიმბოლოების მოყვარულების ინტერესებს იცავდა. სოფიას პერსონაჟი უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა იყო და შემეცნების პირველ ნაბიჯებს აკეთებდა. სხცადასხვა ფორმისა და დიზაინის მქონე მრავალ კარებში გასვლის შემდეგ საბოლოოდ ხის ძველ ჭიშკარს მიუახლოვდა და მერყევად გაჩერდა. ზურგიდან ორი გოგონა მიუახლოვდა, რომელთაც ის იცნობდა, მაგრამ ახლა უცხოდ შეხედა. გოგონები ერთმანეთის მიყოლებით გაძვრნენ ხის კარის ქვემოთ დარჩენილ ღიობში. სოფია ხანგრძლივად დაფიქრდა, მისკენ უკვე სხვა სილუეტი გამოემართა – მაქმანებიან მოსასხამში გამოწყობილი ეკლესიის მსახური. სოფიამ კარი გააღო და სიბნელეში ჩაიკარგა..

იზაბელსა და დავითს ძველი ბიბლიოთეკის შენობასთან დაემშვიდობდნენ. მცირე მანძილის დაშორებით მიტინგი გრძელდებოდა, მაგრამ პატარა ქუჩა, სადაც შეჩერდნენ, უკაცრიელად გამოიყურებოდა და უსიამოვნო ფლუიდებს აფრქვევდა. წინ ნაცნობმა სილუეტმა ჩაიარა.. ბოგდანი, – გაუელვა სოფიას.

ეს ფიგურა თითქოს მისი წარსულიდან ამოძვრა..სოფიას ახსოვდა, როგორ ზიზღს განიცდიდა ერთ დროს ამ გაუგებარი პერსონის მიმართ, მართალია მთელ სურათს ვერ აღიდგენდა, მაგრამ ისევ ისურვებდა მისი გვამი ენახა. ბოგდანი მისი ყველაზე სისხლიანი ფანტაზიების ობიექტი საკმაოდ დიდ ხანს იყო და ეს კიდევ უფრო ზრდიდა სიძულვილის საბაბს. იმდროინდელი სიზმრებიდან ერთი განსაკუთრებული იყო, სადაც სოფია გველებს ხელით ახრჩობდა და მერე ცეცხლში წვავდა.

კრიზისების დროს ბოგდანი ისევ ჩნდებოდა ხოლმე ღამეულ სურათებში, უფრო ბუნდოვანი, სიბნელეში აღქმული ჰაბიტუსი ჰქონდა. თითქოს მდევრის სახეს იღებდა, რომელიც არც თუ ისე ფრთხილად, შეპყრობილად მისდევდა მსხვერპლს და ხანდახან ხელში დანა გაუელვებდა. ალექსს არ გაუკვირდა, როცა სოფიას საკუთარ სიღრმეებში ჩაძირვა იგრძნო. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა, მაგრამ ცოტა დაითრგუნა..”როდესმე ალბათ დავკარგავ. რთული გადასატანი იქნება..ზოგჯერ კი ძალიან მძიმე ლოდებს მაწყობს კისერზე..ნამდვილად არ მინდა მისგანაც სიყალბე ვიგრძნო”…

მესამე დღე და შემდეგ

სცენაზე თვითმფრინავის იმიტაცია იდგა, ცალ მხარეს გახსნილი..მოქმედება ინტერიერში მიმდინარეობდა. სოფია მონოტონურ ელექტრონულ მანტრას დანებებული იჯდა სავარძელში. ცოტა ხნის შემდეგ მის გვერდითა სავარძელზე მაცხოვრის მულაჟი გაჩნდა, სახე მაიოლიკის ქანდაკებას უგავდა. სოფია მის პროფილს დააკვირდა და შემდეგ ხელზე მექანიკურად ემთხვია. გუგუნი გაძლიერდა და აეროპორტის მკივანა ხმაში გადავიდა. ეს სცენა თავიდან ბოლომდე ალექსს ეკუთვნოდა, უნდოდა ქრისტეს ფიგურა ისე ჩაესვა, რომ სუფთა იდეაზე ყოფილიყო აქცენტი და თან რელიგიური აგრესიის შეუვალობაზე მინიშნებაც არ დაეკარგა.

იმ დღეებში წირვებზე დადიოდა და ეგზალტირებულ მრევლს აკვირდებოდა. ომის წინა ზღვარზე მისი დამკვირვებლური პოზიცია შეირყა და წითელ პარასკევს კუბოდ დადების ცერემონიალზე საკუთარი თავი მუხლებზე დამხობილი და ცრემლიანიც ნახა. ქადაგებიდან მხოლოდ ომის არსის განმარტება დაამახსოვრდა – “ხრწნის ხრწნა”… შემდეგ დღეებში ამ ექსტაზის კვალიც აღარ დარჩა. სპექტაკლზე მუშაობა შეჩერდა. გარეთ მანქანები კანტიკუნტად ჩნდებოდნენ. ადამიანები ქიმიური მიწამვლის მსხვერპლთ ჰგავდნენ. სიხარულის არსებობის კვალიც აღარსად ჩანდა. იზაბელი თავის მეგობართან გაემგზავრა.

სოფია ბავშვს ელოდებოდა და გადარჩენის იმპულსებით არსებობდა. იზაბელისაგან მიღებული წერილები გაუცხოებულად ეჩვენებოდა, დისტანცია სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სიზმრებში აგურის კედლებიანი ნახევრად დაშლილი შენობები ხან მორბენალი ცხენებით იცვლებოდა და ხან ოკულტური სექტის თავყრილობით, წევრების ავბედითი და დაზომბებული ჰაბიტუსებით. სოფიას ცხოვრება ხილვების მოლოდინად იქცა, ისინიც უხვად ეძლეოდნენ და მის შიშებსა და იმედებს აღრმავებდნენ. ამ დროსვე კამბოჯაში ექვსი წლის წინანდელი მოგზაურობის ფრაგმენტები უცნაურად გააქტიურდნენ. სურათებში ერთხელ პილიგრიმების მწკრივი გაჩნდა, შემდეგ კი ოკეანის ნაპირზე მდგომი სერაფიმი – ჯოხით ქვიშაზე გაურკვეველი ნიშნები გამოჰყავდა…მოსალოდნელ კატასტროფაზე ბუნდოვნად მიანიშნებდა.

მეოთხე დღე მრავალი დღის შემდეგ

სტამბულიდან დაბრუნების შემდეგ ალექსმა ისვევ დაიწყო უცნაური ადგილების ძებნა..სოფია აეროპორტთან მდებარე პატარა დასახლებაში წაჰყვა. ალტერნატიული ხელოვნების ფესტივალიდან, რომელიც ჭრელი იყო და აზიური ხელოვნების სიჭარბე მონიტორების რიცხვთან ერთად ყოველგვარ საზღვრებს სცდებოდა, სოფიას მხოლოდ ერთი რუსი მხატვრის ნამუშევარი ახსოვდა – ეს იყო აკვალანგისტის გამოსახულება, თითქოს სიღრმიდან გამოდიოდა და ახალ განზომილებას თუ უცნობ არხს უკავშირდებოდა…

ეს სახე ფარდულთანაც ამოტივტივდა და სხვა სიუჟეტთან შეერთდა. კადრი ფაუნის მისტერიებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან იყო. კამერა ძალიან ახლოს მიდიოდა ცხოველებთან და ერთგან შვლის თავი ისეთი პორტრეტული სიცხადით ჩანდა, რომ თვალი ასეთ ინტენსივობას ვერ უძლებდა.

ოპერატორის შემდეგი რეპორტაჟი ეკოლოგიურ კატასტროფას ეხებოდა. ოკეანის ნაპირზე გამორიყული სხვადასხვა ზომის ცოცხალ-მკვდარი დელფინები ეყარა. წყლიდან მძიმე ნაბიჯებით გამოდიოდა აკვალანგიანი მყვინთავი და დაჭრილ ცხოველებს ათვალიერებდა..

სოფია დიდხანს იდგა კარისკენ ზურგით და თვითმფრინავის დაშვებას უყურებდა. მიტოვებულ უზარმაზარ ფარდულს საკმაოდ მყარი რელსზე მოძრავი კარი ჰქონდა, მაგრამ მის დანარჩენ ნაწილებს მალე ნანგრევებად ქცევა ელოდებოდათ.

თვითმფრინავის გაქრობის შემდეგ, ცაზე გიგანტური ზომის სარეკლამო წარწერიანი ბუშტი გამოჩნდა.

ელენე კ.

ტეგები: ,


%d bloggers like this: