დათო უჯმაჯურიძე – დაკარგული გმირის ძიებაში

არსებობს ფილმები რომლებიც გაფიქრებენ და არსებობს ფილმები რომლებიც პირიქით…, უფრო სწორად რომლებიც გართობენ,  მხოლოდ გართობენ. მესმის რომ უმრავლესობა ზოგადად კინოხელოვნებისგან მეტს არც არაფერს მოითხოვს და ეს გასაგებია. კიდევ არსებობს ფილმები რომლებიც ბევრ სხვა რამესაც გაკეთებინებენ, მაგრამ ისინი მაინც გართობენ და მეტი არაფერი. ვერ ვხვდები რატომ ვერჩი ამ გართობას, თითქოს და თვითონ არ მიყვარდეს. ვგიჟდები გართობაზე და მემგონი სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავერთო.  ზოგიერთი ამბობს, ფიქრიც გართობააო…

ნანახი გაქვს პაზოლინი, ანუ მისი ფილმები? მეც ვერ ვიტან გახუნებულ კადრებს, ნესტიან და ჩაშვებულ მუსიკას. გეთანხმები, დრო სასტიკია და ზუსტი. მაგალითად, ტელევიზორში არხების ძებნის დროს ერთი-ორი წამი გყოფნის რომ რამე ფილმზე შეჩერდე და შანსი მისცე კიდევ უფრო მეტხანს მიიპყროს შენი ძვირფასი ყურადღება (რაც არ უნდა უსაქმურად იყო). მაგ დროს ყველაზე სამართლიანი ხარ და მექანიკურად ხან სადმე რჩები ხან ისევ სხვა არხებზე ხტომას აგრძელებ ისე, რომ გონება თვითონ ირჩევს. მომხიბლელი რამაა პოლიგამია. ვისი სული გსურს. ვისიც გინდა. რაღაცით ეს გლადიატორების ბრძოლას მაგონებს: ფილმები ტელევიზორში თითქოს კოლიზეუმის არენაზე სხვა და სხვა კუთხეებში გაფანტულები ერთმანეთს ებრძვიან: ვის შუბი ხვდება გულში, ვის თავს აჭრიან ზიზღით, ვის ლომი ახევს სახეს. ეს სცენა თუ არ მოგწონს შეგიძლია გადართო.

ამბობენ სექსუალური გემოვნება ბავშობაში აღბეჭდილ კადრების ნაკუწებიდან შედგებაო. ალბათ, ეროტიულ დეტალებს გულისხმობენ. უცებ ისეთი დეტალები ამომიტივტივდა მახსოვრობიდან, რომ ამ ჰიპოთეზაზე კარგად უნდა დავფიქრდე. არ ვიცი რა შუაშია, მაგრამ როცა ისევ რომელიღაც არხს ვუღალატე და გასართობად მომართული  დაზომბებულმა მორიგ არხზე ვისკუპე, ჩემი ყურადღება რაღაც დაობილმა კადრმა მიიპყრო, არ ვიცი იმიტომ რომ კადრი მეხსიერებიდან რომელიმე ნაკუწს დაემთხვა, თუ იმიტომ რომ სამი დღის წინანდელი სიზმარი მომაგონა, თუმცა არაფერი მსგავსი არ ხდებოდა – გოგო და ბიჭი თეთრი კედლებით გარშემორტყმულ მოედანზე ჩაივლიან, კადრი პატარა თეთრ ტაძარზე გადადის რომლის გუმბათზეც თეთრი ჯვარია აღმართული. დიდი არაფერი არ ხდება თან გითხარით – გახუნებული კადრები არ მიყვარს (რა თქმა უნდა ჩარლის გარდა). მიუხედავად ამისა შევჩერდი და თვალს ვერ ვაშორებდი, ალბათ მინდოდა სიზმარი აღმედგინა? ორ-სამ წუთში ჩემ თავს ვიჭერდი რომ რაღაც ფერმკრთალ, შავ-თეთრ და რაც მთავარია რაღაცნაირ ღატაკ ფილმს  ვუყურებდი, ესეთი რამე ჯერ არ მომსვლია, პირდაღებული მივჩერებოდი ამ მომაჯაოებელ კადრებს… პირდაღებული მეთქი, რა თქმაუნდა გადავამეტე, მაგრამ მინდა ჩემი მდგომარეობა აგიხსნათ.საერთოდ იშვიათად ვაღებ პირს რამეზე. ბოლოს, როგორც მახსოვს, გიბსონის ქრისტეს გვემაზე დავაღე პირი და მანამდე თორნიკე ბზიავას ბოდვაზე, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო.

ეს ფილმი იყო ზღაპარი, ოღონდ განსხვავებული ზღაპარი. ვხვდებოდი, რომ ცხოვრება მართლა ასეთი რთული და მძიმეა და თან ზღაპარი იყო. ფილმის შინაარს არ მოგიყვებით, ერთს გეტყვით რომ გმირი საკუთარ საფლავთან მიდის და მესაფლავეს თხოვს, სადაც მზის შუქი მეტად ეცემა საფლავი იქ ამოუთხაროს. სული მეკვრება ამას რო გიყვებით. არ მეგონა თუ ოდესმე მსგავსი კინო გამიტაცებდა. მეორე ღამეს უცნაური სიზმარი მესიზმრა კოლიზეუმის ვიპ ლოჟაში ვიჯექი და არენის სხვა და სხვა კუთხეში მიმოფანტულ გლადიატორების გააფთრებულ ბრძოლებს ვადევნებდი თვალს: ვის შუბი ხვდება გულში, ვის თავს აჭრიან ზიზღით, ვის ნახტომში ლომი კბენს სახეზე, ამ დროს შევნიშნე როგორ მიჩანჩალებდა არენის ერთი კუთხიდან მეორეში ეულად, დაჭრილი მებრძოლი, ის გლადიატორს სულ არ გავდა. რო დავაკვირდი მასში იმ ჯადოსნური ფილმის გმირი ამოვიცანი. მას თითქოს ვერავინ ამჩნევდა. გვერდზე აღგზნებულმა ლომმა ჩაურბინა და ახალ მსხვერპლს ბეჭში ეცა. ჩვენმა გმირმა არენა დინჯად გადაკვეთა, კუთხეში ჩამოჯდა და სისხლისგან დაიცალა.

კოლიზეუმი გაისუსა, გლადიატორები გაშეშდნენ. სიხარულისგან ცრემლი დამცდა, ნამდვილ გმირს გლოვობდა მთელი რომი, მაგრამ მხურვალე ტაში და ყიჟინი რო გაისმა მივხვდი შემოსწრებულ იმპერატორს ესალმებოდნენ. მისკენ გახედვა არ მინდოდა, მეშინოდა მასში ვინმე არ ამომეცნო. ამ აურზაურში გმირი დავკარგე, არსად ჩანდა.
ამ დღის შემდეგ ველოდები, ფეხბურთს ვუყურებ თუ ფიგურულ სრიალს, იპოდრომზე ვარ თუ ცირკში, ასე მგონია გამოჩნდება დაღლილი, არენას  გადაკვეთს, კიდესთან ჩამოჯდება და სისხლისგან დაიცლება.

იმის შემდეგ რაც მივხვდი რა განსხვავება იყო ფილმებში, რომლებიც გაფიქრებენ იმ ფილმებისგან რომლებიც გართობენ, აღარ ვიცი რა ვაკეთო, გლადიატორების ბრძოლები აღარ მიზიდავს და გმირიც არა და არ ჩანს…

ტეგები:


%d bloggers like this: