გიგა ნასარიძე – მკვლელობა

მკვლელობა
(რჩევა ავტორისაგან: აუცილებლად წაიკითხეთ ბოლომდე, არაფერი გამოტოვოთ)

_ იქ… ჩქარა, ჩქარა იქ იცით… არა, არა ეს შეუძლებელია, ეს…
_ დაწყნარდით ყმაწვილო, დამშვიდდით და ყველაფერი თანმიმდევრულად მომიყევით _ წარმოთქვა მშვიდი ხმით მან, ვისადმიც იყო მიმართული ის გონგაურეველი სიტყვები.
_ ო, ეს საშინელებაა, იქ, წამოდით ჩქა…
_ დამშვიდდით მეთქი _ მრისხანებით გააზავა ხმის ხავერდოვანი ტემბრი მეორემ.
_ იქ გვამია _ გასაოცრად მშვიდი ხმით წარმოსთქვა პირველმა, რომელსაც მოდით, პირველსონი ვუწოდოთ.
_ სად იქ? _ ისევ სიმშვიდე დაუბრუნა ტონს მეორემ, რომლის სახელიც თუნდაც მეორმანი იყოს.
_ წამომყევით, გაჩვენებთ _ თითქმის ჩურჩულით თქვა პირველსონმა.

ერთად მიმავალნი თითქმის სასაცილონი იყვნენ. პირველსონი მეტად მაღალი და მეტისმეტად გამხდარი ყმაწვილი იყო, მოუსვენრად დარბოდა წინ და უკან, გარშემო უვლიდა მშვიდად მიმავალ მეორმანს და განუწყვეტლივ რაღაცას ელაპარაკებოდა, რაღაცას უხსნიდა, მაგრამ მისი ლაპარაკიდან ნაკლებად შეიძლებოდა რაიმე აზრის გამოტანა. პირველსონისაგან განსხვავებით მეორმანი დაბალი, ჩასუქებული და ცოტა არ იყოს მოუხეშავი მოხუცი იყო. მთელი გზა შემთხვევის ადგილამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა და წყნარად, თითქოს ყურადღებითაც უსმენდა პირველსონის აღფრთოვანებულ როშვას, იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა მან გვამი.

ბოლოს შემთხვევის ადგილამდეც მივიდნენ. სრულიად მშვიდ მეორმანს და სრულიად აღელვებულ პირველსონს შემდეგი სურათი წარმოუდგათ თვალწინ: საშინლად მოკრუნჩხული გვამი გულაღმა ეგდო, დასახიჩრებული კიდურები არაბუნებრივად გაეშალა აქეთ-იქით, თავი ისე ჰქონდა გაჭეჭყილი, რომ გვამის ცნობა შეუძლებელი გამხდარიყო და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს რაღაც ძალიან მძიმე დასცემოდა თავზე და შემდეგ უკვალოდ გამქრალიყო.

მეორმანი გვამს მიუახლოვდა, დაიხარა და ყურადღებით დააკვირდა იმ ადგილს, რასაც ჩვეულებრივ თავს ვუწოდებთ ხოლმე, მაგრამ რისგანაც ახლა თითქმისღა არაფერი დარჩენილიყო. შემდეგ რამდენჯერმე შემოუარა ცხედარს, რაღაც აიღო და ისევ გადააგდო, ბოლოს პირველსონისაკენ წამოვიდა, სახეზე გამარჯვებული კაცის იერი აღბეჭვოდა და ხელებს გამალებით იფშვნეტდა, ის ყოველთვის ასე აკეთებდა, როცა რამე ძალიან ესიამოვნებოდა.

_ ყველაფერი გასაგებია _ თითქოს თავისთვიას ჩაიბუტბუტა მეორმანმა.

უკვე დამშვიდებულ პირველსონს სახეზე კვლავ მღელვარება აღებეჭდა და ნერვიული ხმით აყვირდა:
_ რა არის გასაგები? არაფერიც არ არის გასაგები. პირიქით ყველაფერი გაუგებარია… _ ყვიროდა პირველსონი.
_ დამშვიდდით ყმაწვილო _ მტკიცე ხმით წარმოსთქვა მეორმანმა. მისმა წყნარმა, ხავერდოვანმა ხმამ საოცრად დამამშვიდებლად იმოქმედა აღელვებულ ყმაწვილზე.
_ ბოდიში _ წაილუღლუღა მანდა თავი ჩაქინდრა.
_ ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გაგება შეიძლება, მხოლოდ მცირეოდენი დაკვირვებაა საჭირო _ აუდიტორიას შეჩვეული ლექტორის ტონით დაიწყო მეორმანმა _ ხედავთ ამ კვადრატულ ნაჭდევს გვამის თავზე? ეს სწორედ იმ საშინელი იარაღის კვალია ისინი რომ იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.
_ როგორ?! ნუთუ ისევ, ნუთუ ყველაფერი თავიდან დაიწყო?! არა, მე ვეღარ გავუძლებ ამ გამუდმებულ დევნას, მე აღარ შემიძლია არა, არა, არა…

* * *

ოთახში აუტანელი სიცხე იდგა.

ტახტზე ბუზის საკლავით შეიარაღებული, ღიპიანი კაცი იწვა. კაცმა მაგიდას გადახედა, ნელ-ნელა წამოდგა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია მისთვის. ბუზის საკლავი მაღლა შემართა და ნელი ნაბიჯით ობიექტისაკენ გაემართა. ისე მიიპარებოდა, როგორც საფარის მინადირე ეპარება ხოლმე მრისხანე ლომს. მაგიდამდე ორი ნაბიჯიღა დარჩა, კაცი სულ გაინაბა _ ორივეს ერთად _ გაიფიქრა მან.

მაგიდაზე მკვდარი ბუზი ეგდო, რომლის გარშემო ორი ჯერ კიდევ არამკვდარი ბუზი დაცოცავდა. ბუზის საკლავმა ჰაერი შხუილით გაკვეთა და… მაგიდაზე უკვე სამი მკვდარი ბუზი გდია.

_ ორმოცდასამი _ თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა და ბუზებს ღია ფანჯარაში გადაუძახა, საიდანაც გაზაფხულის, თავისუფლების, სიცოცხლის და კიდევ რაღაცის აუტანლად სასიამოვნო სურნელი შემოდიოდა.

ტეგები: , ,


%d bloggers like this: