გერგეზი – პეროვი

ყოფილი პეროვსკაიას ქუჩა რომაა ახლა რა ქვია არ ვიცი, ბევრი ბარებია მანდ.

იმ ქუჩაზე მოვხვდი ერთხელ, ირლანდიურ ლუდს დავლევ მეთქი, მანდ არის ირლანდიური -ლუდხანა სახელად “ვილსი”. ნამდვილ გინესს და კილკენის მხოლოდ მანდ დალევ კაცი. თან სამყურას ახატავს ოსტატურად ბარმენი, გინესის ქაფზე. ირლანდიური გარემო, მერე საღამოს ვიღაც მევიოლინე შემოდიოდა და ძალიან კარგად უკრავდა და რა გინდა მეტი??

შევედი ბარმენს მივესალმე და თითით ერთი კათხა გინესი ვანიშნე (ცერა თითი ავწიე ირგვლივ უცხოელები იჯდნენ და უხერხული იყო ქართული ერთიანის ჩვენება).

დავჯექი.. აჰა მოვიდა ერთი კათხა ლუდიც.

დავხედე ოთხყურა სამყურა ახატია.. ჰეეჰ გავიფიქრე.. რა იღბლიანი დღე გამით.. უფრო სწორად საღამო დამიღამდა მეთქი.. და ჩავიძირე მოგონებებში:

ბავშვობაში სვანეთში ვისვენებდი და დედაჩემი მისი მეგობარი ქალი შვილებით და მე პატარა გორაკზე ავედით, იქვე ნაძვნარი იყო ძალიან ლამაზი.. და იქ პატარა პიკნიკი გვქონდა. ბავშვებმა რაღაც ყვავილები დაგლიჯეს..და მოარბენინეს.. დედაჩემმა სამყურა გამოაძრო დაგვითხრა:

”იცით ბავშვებო ეს რა ჯადოსნური მცენარეა??
ვინც იპოვის ოთხყურა სამყურას და სურვილს ჩაუთქვამს, მას ეს სურვილი აუსრულდება! “

დედაჩემის მეგობარმა ქალმა ღიმილით დაამატა: თუ მამლის ყივილის დროს სამყურა ბალახზე ყურს დაადებ მის წინასწარმეტყველებას გაიგონებო!

მე ძალიან მჯეროდა დედაჩემის და დავიჯერე ესეც. ბავშვებმა გააგრძელეს თამაში.. მე კიდევ ავარჩიე უხვსამყურებიანი ადგილი და დავიწყე ძებნა. ასე 25 წუთიც არ იქნებოდა გასული რაც ეს გვითხრეს დედებმა, და მე ოთხყურა სამყურა ვიპოვე!

მოვწყვიტე დავხარე თავი და ჩავუთქვი სურვილი.. (ეეჰ, ძალიან ბავშვური სურვილი, ნეტა ახლანდელი ჭკუა მქონოდა მაშინ) და მერე მივირბინე ჩვენებთან და ვაჩვენე 4-ყურა 3-ყურა. ვიპოვე მეთქი..

კი გაუკვირდათ სად ნახე ასე სწრაფადო თან მაგრამ არ მიაქციეს ამას ყურადღება. კომუნისტების დრო იყო ალბათ იმიტომ.

ის სურვილი კი ამიხდა.

ვზივარ ლუდხანაში და ამან ყველაფერმა გაირბინა ჩემს თვალწინ. და დავხედე ისევ ლუდს და 4 ყურაა ნამდვილად.

მოდი ერთი ჩავუთქვამ რამეს მეთქი.. იქნებ ამიხდეს..

იმდენი მაქვს სურვილები კინაღამ ჩავუთქვი ორმოცდაათი ოთხყურა სამყურა მინდა მეთქი. (სულ მიკვირდა ბავშვობაში სამ სურვილს რომ პირდებოდა ოქროს თევზი მარტო რატომ არ ნატრობდნენ პირველ სურვილად კიდევ 70 სხვა სურვილს ვთქვათ).

მაგრამ იდმენად არ მჯერა მე თვითონ რომ ამისრულდება რამე ამ ლუდის ოთხყურა სამყურათი რომ, დავდექი ხუმრობის ხასიათზე მე ფეხქვეშ მიწა არ გასასკდომი..

და რატომღაც ერთი შოტლანდიელი კაცი ვინატრე კომპანიონად პირდაპირ გლაზგოვის რომელიმე ბარიდან.. და მოვსვი ლუდი…

ბრახ!!!!

კუთხის მაგიდასთან ვიჯექი, ჩემს მოპირდაპირე მხარეს კი ჩემსავე მაგიდასთან მიდგმულ სკამზე დაებრახვა ასე 50 წლის ჩასუქებული მამაკაცი ხელში მაგასაც კათხა ეჭირა და თვალებს აცეცებდა…

სად მქონდა გახარჯული სურვილის სინანულის დრო, გადავირიე კაცი..
მომიჭახუნა კათხაზე კათხა და დალია მაინც და მაინც შეშინებული იყო მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ კარგი გვარიანად კი იყო შეზარხოშებული.

ჩიირს მეთქი ვუთხარი და მოვსვი ლუდი..

სად ვარო.. ირლანდიურ პაბში მეთქი..

რომ არ გავსო ირლანდიურსო?

მოავლო თვალი .. მართლა მეთქი?

ჩვენს ქალაქში ირლანდიურს ეძახიან მეთქი..

არაო,
ირლანდიურ ბარს მარტო ლუდით თუ მიამსგავსებო.. ლუდის ჩამოსასხმელზე მანიშნა. თან ირლანდიურ ბარებში რადიო არა აქვთო ჩართული (მევიოლინე ჯერ არ იყო მოსული და როგორც წესი მანამდე შტერდიჯეებიანი რადიოა ხოლმე თბილისის ბარებში ჩართული)…

და ეს დაბალი მაგიდა და სკამები მეთქი?

სულაც არაა ირლანდიურიო..

საჭმელი ხომ არ გინდა რამე მეთქი… ჩემი სტუმარი იყავი მეთქი.. არა არ მინდა საჭმელი ვისკი დავლიოთ რაღაც უცნაურად ვგრძნობ თავსო..

რომელი გინდა მე მაინცდამაინც ვერ ვერკვევი ვისკებში მეთქი

ინგლისურად ლაპარაკობდა მაგრამ უცნაურად… კი მესმოდა ყველაფერი მაგრამ ზოგ სიტყვაზე დაძაბვა მიხდებოდა რომ მივხვედრილვიყავი რაღაცნაირ შორისდებულებს აყოლებდა… ჰეეჰ კარგი ბერიკაცი ჩანდა..
სახე სულ უცინოდა.. დაბალი იყო და ძალიან მაგონებდა მელ გიფსონმა რომ ფილმი გადაიღო ინგლისელებს რომ ხოცავენ იქაურ ერთღ მეომარს ოღონდ ორრქიანი ქუდი აკლდა..

კარგ ხასიათზე დავდექი..

ვისკებში თუ არ ერკვევი მე გეტყვი რა პრობლემააო: ჯეიმსონი შეუკვეთეო მაგრამ უბრალო წყალიც მოატანინე ყოველთვის უნდა დააყოლო უბრალო წყალიო.. ისე შოტლანდიური ვისკი ჯობია იმიტომ რომ ძირითადად მყინვარიდან ნადნობი რბილი წყლისგან აკეთებენ მაგრამ, რადგან ირლანდიურ ბარში ვართ დავლიოთ ირლანდიური ვისკიო არაა ცუდიო.

მაინც და მაინც არ ვარ მომხმრე ამ მაგარი სასმელების მაგრამ რომ დავლიე კი მესიამოვნა… თან ბორჯომის წყაროს წყალს ვაყოლებდით..

ვეუბნები ამ კაცს აქ როგორ მოხვდი იცი მეთქი?

რა მნიშვნელობა აქვსო.. ღამის განმავლობაში 6-7 ბარს ვიცვლი პარასკევი ღამეაო.. მე ვუთხარი აი გინესის დასხმისას რომ ახატავენ ზედ იმ მცენარის ისტორია თუ იცი მეთქი.. ჰეეჰ როგორ არა კაცო ვიციო..

მაგას LEAF CLOVER ქვიაო.. რა ერქვა კაცო იმ ბიჭსო…. შუბლი შეიჭმუხნა ჰოო წმინდა პატრიკის დღე რომაა ხომ იციო.. ადრე გველები ყოფილა ირლანდიაში ბევრი და ეგ (სამყურა რომ დავუძახე მე) LEAF CLOVER კლავსო გველებს.. ჰო და ჩამოუტანია და გაუშენებია ეს მცენარე წმინდა პატრიკს და ამოუხოცია გველები.. და ესაა ამ მცენარის ისტორიაო.
ჰო და შენს ქვეყანაში თუ არის ლეგენდა 4 ყურა LEAF CLOVER-ზე მეთქი.
კი სურვილებს გისრულებსო..

მერე დამაკვირდა ის კაცი.. შენ ხომ არ იპოვე მაგიო..

ჰო ასე გამოდის მეთქი..

მერე რა ინატრეო.. გადახარა თავი გვერდზე ღიმილით

მე ლუდის კათხაში ვიპოვე დახატული მეთქი..

მერე მერეო…

მერე ვინატრე კომპანიონად ერთი ნამდვილი შოტლანდიელი გამიჩინე მეთქი..

მერე მერეო.. მოიცაო სად ვარ ახლა მეო???

“ვილსში” ხარ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქის ვითომ ირლანდიურ ბარში მეთქი..

გაგიჟდა კაცი…

ვხედავ რომ ფხიზლდება და სასწრაფოდ მოვატანინე ჯეიმსონი.. დალია.. ამასობაში მოვიდა მევიოლინეც და დაიწყო დაკვრა.

რა ვქნა ახლა მე როგორ წავიდეო.. მოიცა მე ვუთხარი კაცო რახან გაჩნდი გაქრები კიდევაც მეთქი.. გაუფართოვდა თვალები

არა იქ ხომ გაქრი ესე იგი იქ შენს სახლში გლაზგოვიდან ვარო

ჰო გლაზგოვში გაჩნდები კიდევაც მეთქი

ბარმენს ვუთხარი ვინ დამისხა ლუდი მეთქი

ერთი ახალი ოფიციანტი იყოო მე საქმეზე ვიყავი გასული და მაგან დაგისხაო.

აბა დაუძახე მოვიდეს მეთქი

რამე პორბლემა ხომ არააო.. არა არაფერი მეთქი.. კარგიო და წავიდა

გაფაციცებული გვისმენდა შოტლანდიელი კაცი.. რა ენაზე ლაპარაკობდიო?

ქართულად მეთქი.

შენ საქართველოში ხარ და ახლა ვმუშაობ შენს დაბრუნებაზეო..

ლუდი ბლომად აქვთ აქო? კი მეთქი

მაშინ არ იჩქაროო.

დალია ასე 8-9 კათხა ლუდი… თან ვილაპარაკეთ ბლომად ის ოფიციანტი რომ მოვიდა მე ვკითხე ამ კაცის დაბრუნებას ეშველება რამე მეთქი

ნუ ღელავ ეშველება 12 საათამდე აქ გეყოლება მერე საიდანაც მოვიდა იქ წავაო..

შენ ვინა ხარ მეთქი.

მე ახალი ოფიციანტი ვარო და წავიდა. საქმეები მაქვსო.

მოკლედ გავაგრძელეთ სმა…

ენაწყლიანი აღმოჩნდა ეგ შოტლანდიელი ის კი არა მარტო რომ ვარ საკუთარ თავსაც ველაპარაკებიო.. პატარა კოტეჯები მაქვსო და კემპინგს ვაქირავებო.. ბევრი დამთვალიერებელი ჩამოდის ციხე სიმაგრეები გვაქვს ლამაზიო. რომ ჩამოხვალ გამოიარე უფასოდ გაცხოვრებო.

გალს მიყვარს ძალიანო.. რა უბედურებაა ვფიქრობ ეს გალს.. მერე მივხვდი თურმე ინგლისურად რაც ნიშნავს გელზ იმას გულისხმობდა გოგოები, ქალები მიყვარსო.

ათასი ხერხი ვიციო მაგათი შებმისო..

მასწავლე ერთი-ორი მეთქი მივუჩოჩდი ახლოს..

ჰოო მისმინეო გასწავლიო:
რომ ნახავ და მოგეწონება გოგო ეგრევე არ უნდა აჯახო რა გინდაო: მიდიო და კითხეო:

თან სერიოზული სახე მიიღო და წარბები აზიდა..და ვითომ ქალს მიმართავს: (სასაცილო იყო ძალიან)

“შეიძლება დაგისვათ მაღალ-პათეტიკური შეკითხვა???

ყველა გეტყვის დასმისვიო, ქალები ცნობისმოყვარეები არიანო.

წარმოიდგინეთ რომ ხართ “ფართიზე” და კარგა მაგრად დალიეთ..
მერე იცეკვეთ მთელი საღამო.. და უცებ ხალხს გამოეყო ერთი სიმპათიური მამაკაცი.. რომელმაც გაგიყვანათ ერთ-ერთ საწოლ ოთახში.. და მეორე ღამეს გეღვიძებათ საწოლში შიშვლად ამ მამკაცთან.. მერე რომ წახვალთ…. ამის შესახებ ვინმეს უამბობთ?

ოღონდ მართალი მითხარით…

არა?! ხომ გეტყვისოოოო,

ჰო დავუშვათ მეთქი.

YES!! თავისუფალი ბრძანდებით ქალბატონო ამ პარასკევს ფართი მაქვს და რომ მობრძანდეთ????

ასე უნდა უთხრაო..

დავუშვათ და “კი ვეტყვი ვინმეს”-ო რომ გითხრას მეთქი?

ჰოოო მაშინ გააგრძელა დამანჭული სახით..

კარგი ჯანდაბას მაგრამ თავისუფალი ბრძანდებით ქალბატონო ამ პარასკევს ფართი მაქვს და რომ მობრძანდეთ???? მაშინ ასე უნდა უთხრაო…

მივიხედ მოვიხედე და ერთი გოგო ზის და ყავას წრუპავს აგერ მეზობელ მაგიდაზე.

მარტო ზის , მიდი ერთ მაგასთან მაინტერესებს სხვა კულტურის მქონე ადამიანებში როგორ იმუშავებს ჩემი ფორმულაო და მოემზადა სეირის საყურებლად ეს კაცი, მეც მთვრალი ვიყავი უკვე თორემ ფხიზელი როგორ მივიდოდი და მივედი ამ გოგოსთან…

ჰო და თავს არ შეგაწყენთ ახლა გავუმეორე იგივე…

შენ რა გქვია ბიჭი?

ვუთხარი

ჰო და ჩემო გერგეზ! აგერ გარეთ 06 რომ დგას იმ ბიძებს 50 ლარი მიეცი და თუ გინდა ახლავე წავიდეთ რაიმე საღამოზე და ფართიზე და ვეჩერინკაზე და გარანტიას გაძლევ არავის არ ვეტყვიუ.

ხითხითებს შოტლანდიელი
რაო რა გითხრაო

მე ვუთხარი რომ ისეთი პასუხი გამცა რომ ფინალი ვერ ვუთხარი მეთქი

რაო კაცო ან კი უნდა ეთქვა ან არაო

მე ვუთხაროი ჩვენს კულტურაში კიდევაა მესამე მეთქი

ამაზე გამახსენდაო ერთი იაპონური ანეგდოტიო:
“რატომ გაქვს ცხვირი, სახის შუაში?
პასუხი “იმიტომ რომ ის არის ცხოვრების შუაში”

თურმე მეზობელ მაგიდასთან სამი იაპონელი მჯდარა რაღაც კონფერენციაზე იყვნენ ჩამოსულები და რომ მოჰკრეს ამ ანეგდოტს ყური აუვარდათ სიცილი მევიოლინეც კი გაჩერდა… დავარდნენ ძირს, დაიმტვრა თეფში… ხარხარებენ ვერ იკავებენ თავს.. წამოვხტი კაცო წამოვაყენე ერთი, მეორეს ასულიერებენ.. ამ ძლივს მოვათქმევინეთ სული და რომ მოვბრუნდი, სადაა შოტლანდიელი.

ცარიელი კათხებია მარტო..

არ მკითხოთ ანგარიში რამდენი იყო.

ტეგები: , ,


%d bloggers like this: