გერგეზი – დაბადების დღე

ჰაი, ერთაოზ!

მე მგელთაოზი ვარ :) მოკლედ, ძალიან ქართულ ისტორიას მოგიყვები წელს გადამხდა:

სამსახურში ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ერთ-ერთი ჩვენი ძმაკაცის ნაცნობის დაქალის კურსელის მამიდაშვილის მეზობელთან გაცნობილი გოგოს ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვართ მიწვეულიო. მეც ახლა სახლში მაინცდამაინც ცხელი ვახშმით არავინ მელოდა (მარტო ვცხოვრობ, ჩემთვის დანარჩენ 36 მეზობელთან ერთად, ერთ 5 სართულიანში), ჰოდა, შევხვდი ტელევიზიასთან, ხილიანის ასახვევთან (ხომ ძალიან ქართული ამბავია). ვდგავართ აქ და ვუცდით მიკროავტობუსს, და ეს მიკროავტობუსები უკვე იმდენია თბილისში, რომ მხოლოდ ესენი დადიან, თან ინფლაცია გაიარეს – გამოჩნდა უკვე 127, 209, 300 ა.შ.

ჩვენ გვინდოდა რომელიღაცა და ერთი კი გავაჩერეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამათ კიდევ ქვე-ნომრები აქვენ A, B და ჯანდაბა, რომელიც სხვაგან მიდის. ამითომ ის გავუშვით მძღოლის ბუზღუნითა და სხვა ქართველების მთრული გამოხედვებით.

მერე ბოლო-ბოლო გავაჩერეთ და ჩავეკვეხეთ. მიკროავტობუსი, ალბათ რომ გამოუშვეს ქარხანაში, 6 გერმანელზე იყო გათვლილი, მაგრამ შიგნით 19 ქართველი დაგვხვდა. თან კარგი მოსულები. მე, რომელიღაც ცხოვრებაში საერთოდ შეწუხებული ქალის გვერდით ვიჯექი (ორჯერ დამაბიჯა ფეხი სპეციალურად, და აქეთ-იქით დაატრიალა). ჰაერში საძაგელი ხინკლის და ლუდის ადამიანური სუნი იდგა, ეტყობოდა ვიღაცას არ შიოდა.

ერთი კუთხე იყო აუთვისებელი და მძღოლი მიდიოდა აჩქარება-შენელებით, აჩქარებით არიქა, სხვა ავტობუსმა არ გამასწროსო, და შენელებით – ტროტუარზე თუ ვინმეს ნახავდა ახლოს მიუყვანდა მანქანას და ლამის გამოვარდებოდა და ძალით ჩასმისთვის მზად იყო.

აჰა ჩამოვედით რომელიღაც უბანში.. ირგვლივ ბნელა. მივიწევთ წინ და მესმის ამ ჩემი მეგობრის ლანძღვა-გინება ინტიმურ საწყისებზე…გუბეში მარცხენა ფეხი ჩაუვარდა და ნასკებამდე რომ ცივი სისველე იგრძნო არ მოეწონა კაცს… მე უფრო გავფრთხილდი, მაგრამ რაღაც რადიატორის თუ რაღაც რკინის ნაჭერს ფეხი გამოვდე, რომელზეც გამოწელილი ზამბარის ბოლო იყო და ჩემი შარვლის ლამაზი გვერდითა ბადისებრი ჯიბე შევაფხრიცე..

სასიამოვნოდ გავიღიმე და საქართველოს ჰიმნი ჩავიღიღინე-მეთქი, რომ გითხრა, ჩემო ერთაოზ, ხომ არ დამიჯერებ?

ჰო და მაგრად შევიგინე..

– ჩემი ძმა, ერთი აქეთ მოიწი?
სიგარეტის მოქაჩვის გამო სახე წითლად გაუნათდა იკვე კედელზე მიყუდებულ ვიღაცას.
– მე? – ვკითხე.
– ჰო შენ აბა მე? რომელ უბნელები ხართ ძმა?
– ფრდაკფჯა-ლები ვართ – ვუთხარი ჩემი უბნის სახელი.
– ჩემი დედა!!! – შეიგინა – იმ უბნელი.. რამდენი ფრდაკფჯა-ლეში რამდენი კაი ბიჭს ვიცნობ. შენ მანდ უბედურას უცნოობ ძმაო?
– უბედურას ვინ არ იცნობს…
– ჰო და ეგ უბედურა შარშან მე დავჭერი ….
– ამ უბანში თუ იცნობთ ვინმეს? – სიბნელიდან გაისმა მეორე ჩახლეჩილი ხმა.
– ლიფჩიკას ძმები ვართ – შეეპასუხა ჩემი მეგობარი.. – ორი თვის წინ რომ კერთალუგელე-ბნელები იცემა მაგრად, იქ ვიყავი, ტამპონას სანაგვე ყუთი თავზე მე ჩამოვაცვი.
– აუუ ჩემი დედა…. – გულიანად შეიგინა საკუთარ თავზე ბნელში მდგომი კაი ბიჭი – … მახსოვს ტო.. ეგ ამბავი მახსოვს, კაი ძმა, გაიარეთ.

ჩვენც გავიარეთ ფეხების თუ ხელების ცეცებით და მივადექით ცამდე ასვეტილ შავ უშნო კორპუსს…

– მეშვიდე! – ამოიხნვეშა ჩემმა მეგობარმა.

ავუყევით.. სიბნელეში იქაურ მეზობელს შევეფეთეთ. ნაგავი გადმოჰქონდა კორპუსის წინ რომ დაეყარა (აბა დღე დაინახავდნენ), და სულ თავზე გადამეყარა ნაგავი…
დიდი არაფერი იყო, მაგრამ ნაგავია მაინც.

დავაკაკუნეთ, მაგრამ ელექტროგენერატორის ხმის გამო 10 წუთი ატუზულები ვიყავით კარებთან, სანამ ერთი წყვილი საკოცნაოდ არ გამოიპარა გარეთ და კარი არ გააღო..

შევედით. სუფრა გაშლილია, ყველა კარგ ხასიათზე, ასე ჩვენი ხნის ხალხია ბევრს არ ვიცნობთ. თამუნას დაბადების დღე მივულოცეთ და ვაჩუქეთ პატარა, ლამაზად შეფუთული საჩუქრები… თამუნამ სუფრაზე მეგობრები ჩააჩოჩ-ჩამოაჩოჩა და თეფშები და დანა-ჩანგალი შემოარბენინა.

– ჰო და გავაგრძელებ, რომ სანამ ჩვენს შემოსწრებულ სტუმრებს მივხედავდე… ქართველ კაცს გაუმარჯოს! – თამადა იყო ვინმე რეზო. ბანჯგვლიანი კოტიტა თითები ჰქონდა, ჭიქას ისე უჭერდა ხელს, გეგონებოდა აგერ-აგერ გახეთქავსო და სულ გაბრაზებული სახე ჰქონდა..:
– ქართველი კაცი არის უნიკალური!! გარდა იმისა, რომ ის არის ვაჟკაცი!!! ნამდვილი მეომარი!! ამასთანავე ჩვენ ქართველებმა გავავრცელეთ ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში (ამოასლოკინა რეზომ) აი ინგლისური ბევრს გეცოდინებათ და თურმე ინგლისურად კავკასია ნიშნავს თეთრკანიანს!!!
– არარატი კი ზანგს ნიშნავს (ჩაიჩურჩულა ვიღაცამ).
– ჰე ჰე ჰეჰეჰეჰ – ძალით გაიცინა ერთმა და ატყდა სიცილი..
მაგრამ რეზო შეუპოვრად თამადობდა, ჭიქას ახრჩობდა და ამობობდა:
– ანუ ეს რას ნიშნავს! ეს ნიშნავს იმას რომ თეთრკანიანი რასა კავკასიიდან ჩავიდა!!! ჩემო ჯუმბერ!

ჯუმბერი რათომგაც ერთი დალეული სუსთი ბიჩი იკო. წამოდგა ჯუმბერი და ჩიკა ძლივს ასწია.

– აი შენ რომ იხუმრე არარატიო!! მართო ქართველს შეუძლია ასე მოსწრებულად იხუმროს. ასე კვიმატურად გააცინოს ყველა. ეს ქართველს და გეპეის სტუდენს თუ შეუძლია მხოლოდ. აბა იტალიელი მიხვდებოდა ამას? იტალიელმა სულ არ იცის, რომ არარატი სომხეთშია თუ აზერბაიჯანში არ მახსოვს..

– რატომ არ მიირთმევთ რამეუუს!!! გაიპრანჭა ჩემს გვერდზე მჯდომი ვარდისფერკაბიანი უხვად იაფფასიან სუნამო-მიპკურებული, მაგრამ რატომღაც მაინც იმ მარშრუტკიდან რომ ამყვა, მე მაინც იმ თამბაქოს ნაზ-სურნელიანი მაკა..

მე გავუგიმე და თან ლუკმა გადავკლაპე..

– შემდეგი ორი საათი მაკა გვერდითა გოგოს უვყებოდა თუ როგორ იცხოვრა ორი თვე იტალიაში ფერარაში და როგორ უკვირდათ იტალიელებს მაკას იტალიური აქცენტი.. და რომ “ზანზარონე” სულაც არ არის ჭიანჭველა და რომ “ძანძარა” არის კოღო და რომ რწყილი არის “პულჩე” და რომ ქერა და ცისფერთვალებები მაგარი პოპულარულები არიან იტალიაში და კერძოდ ფერარაში და რომ ეხვეწებოდნენ და რომ არ დარჩა არაფრით იმიტომ რომ … მოკლედ აპრილში ისევ მიდის…

მე ვჭამდი.

– ზვინგო!! რა ცეკვაა ეს შე ოხერო! გაუშვი ხელი!!! დაუყვირა რეზომ მოცეკვავე ზვინგოს.
მივიხედე და ზვინგო და ჯუმბერი ცეკვავდნენ თურმე.

თამუნას ყურთან სულ მობილური ჰქონდა და გაღიმებული სახით ვარდისფერდებოდა ხოლმე.. მერე მთელ სუფრას თვალებს გადაავლებდა, მზერას ერთ-ერთ დაქალზე შეაჩერებდა და თავს დაუქიცინებდა, რაც სამხრეთ კორეულად ალბათ “ის არის” ნიშნავდა.

მე ვჭამდი. თან აქეთ-იქით ვიყურებოდი და ზოგჯერ ჭიქას ჭიქაზე ვიღაცეებს ვუჭახუნებდი. საერთო ანეკდოტზე ვიცინოდი..

და ვისმენდი იტალიის ამბებს, რომ “კაცო” თურმე არ უნდა თქვა, იმიტომ რომ მაგარი უზრდელობაა.


გერგეზი
დ. ჭელიძის “დელფის” ფორუმიდან

სექტემბერი, 2003

ტეგები: , ,


%d bloggers like this: