ბუბა მარანელი

LIVE

მაკო, ლამაზობს თავისი თოჯინებით. ის პატარა დედოფალა, ის მარტოა და მას უყვარს, სულგარიდებული თოჯინები, რომელიც შექმნა. ის იქ დებს სიყვარულს და სულის ნათელს, ბერი მწიგნობარია, მეომარი – ვაჟკაცია, დიასახლისი მწიფეა, ვაჭარი მსუქანია, მებაჟე ფლიდია, მილიციელი _ ტეტია და სადისტი. ჩინოვნიკი პატარა და კმაყოფილი, ექიმი _ მექრთამე, მხატვარი გაღიზიანებული და მშიერი. რეჟისორმა თავი მოიწამლა და გადაარჩინეს. ტიკინა _ სტატიკურია, მათი გამკეთებელი ებრძვის სტატიკას. ყველაფერი რიგზეა, ძველი ბიჭები ბლატაობენ. ბოზები უფასოდ _ ვაჭრობენ სხეულით, ფეხბურთელები კაიფობენ, პატიმრები _ სწავლობენ, მეზღვაურებს გემი აღარ ჰყავთ, მუშებს ინსტრუმენტები გაუყიდეს, სოფო კეთილია, მარიკა – კეკლუცი, სანდრო _ შტერი, ოთო _ რეგვენი, დათო –დეპუტატი ვერ გახდა.

ნარცისსი

საშინლად დაჟანგული ნოემბრის საღამო. ჟამი, როცა ძალიან ახლოსაა ბნელი ზამთარი და ძალიან შორს – გაზაფხული. ნოემბერი მარტო სულების შეყვარებულია, მათი ვისი სტიქიაც მარტოობაა, მათი ვინც იკვებება მარტოობით. ორმაგი შუშა, ჩამოწუწული ფანჯრებით, დაღლილი თვალები მასში არეკლილი. თვალებში მძლავრობს შიში და არარაობის პერსპექტივა. როცა უბედურებით ტკბები, შენ გეცოდება შენი თავი და ამით ტკბები. მთელი სამყარო დამნაშავეა, ოღონდ შენ არა, და შენ ამით ტკბები. შენ დგახარ ცივ ბატარეასთან ფანჯრის პირას და შენ, მარტოობით ტკბები. შენ არ გინდა გარეთ ყოფნა, იქ ქარია, იქ წვიმაა, იქ ქუჩაში ჩხუბობენ, იქ, ვინმეს შეიძლება დასჭირდე, ან ვინმეს უბრალოდ გაუხარდეს შენი დანახვა. _ არა! _ შენ გსიამოვნებს ჩაის ოხშივარი, ტუჩმობზარული ჭიქიდან. შენ უყურებ როგორ აწვიმთ გამვლელებს, როგორ სცივათ ძაღლებს, შენ კიდევ შენი ეგოიზმით დამძიმებული, უპრობლემო, ბინძური ცხოვრება გეცოდება, და ეტრფი “ნარცისს”…

P.S.
(აქ უნდა იგრძნო კალიგრაფია, ისე არ გამოვა…
1999/17/11 ვკაიფობ პასტაზე, რითითაც ვწერ, ვიყიდე დღეს:)


ოთხშაბათს

მაშინაც წვიმდა, იმ ოთხშაბათს, ვითომ არაფერი, მაგრამ მარტოობამ დამღალა მაინც. რა არის ეს წვიმა? – ყველაფრის ხალისს გიკლავს. ფორტუნაზე უბერავს ფურცელაძე, რეზონანსზე – ჩვენი ანზორი და გოგია, მე მცივა სახლში უშუქოდ. წიგნის წაკითხვა მინდა – ნავთი არ ყოფილა. როგორ ასწორებს, “ხარლამას პადვალი” – ნავთის წერტია რა. წერტიც მაგარი სიტყვაა ისე. წერტი და ისა.. კიდე ენერგეტიკის მამებს. სპორტულ ტუფლს, ბოტასს, პირი დაუღია ოდნავ. “ბოტასიც” მაგარია არა? “კურტკას” “ზმეიკა” არ ეკვრება. ფანტასტიურია რა! რა გვინდა საერთოდ? ტელევიზორი, ჭამა, სმა და საპირფარეშოა ნეტა ეს ცხოვრება? გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი და რეაქტიული კლუბის დაცალებული ფრთაა “ქართველი ხალხის” იდეური წინამძღვარი? 100%-იანი საეთერო ექსპანსია. ალტერნატივა: შარაძე, გიორგაძე, აბაშიძე… ზღაპარია, საოცრება.

მანქანა მიმუხრუჭებს ფეხებთან. გიორგა გადამწვარი ცხვირით გუდაურში მიდის. მაკო, ხათო და ნინიჩკა, ცეკვა-ცეკვით და ჟრიამულით მეპატიჟებიან მთაში __ ვიღიმი და ვემშვიდობები. მაკოს ღიმილი გულზე მაწევს. ნავთის “კანისტრით” ხელში. დარჩელიანი “ნაუშნიკებს” მაწვდის ჯო კოკერითურთ. ბაღათურია მშიერია და გალურჯებული ტუჩებით წოვს “ვაისროის” “ბიჩოკს”. “წამალს უნდა გავეშვა, ძმაო, წამალს…” რა მორცხვი ხარ თეოკა? ასეც კი არ შეიძლება. “…თუ, ვერ თხოვდები, WHY შენს პატრონს!” ლეო გატანჯული თვალებით მიყვება, ჩაჩანიძეს როგორ დაურეკია “მაიამი ბიჩიდან” – მაიამი “ძუკნა”.

ნავთის რიგში ანდრო ტურიაშვილმა ქართველების და საერთოდ ალაროდიელების ეთნიკური ფესვებიდან დაწყებული, ქვეყნის დასასრულამდე შეახსენა მეზობლებს, ქართველების გაჭირვება. გოგიძე ორი “სეტკით” ხელში მოიძუძგება ბაზრიდან. “+6” ზომის სათვალიდან უყურებს ნაცრისფერ გარემოს. 2 მეტრში, რომ მომიახლოვდა მერე მომესალმა. ასლან აბაშიძის პაარტიის “ზნაჩოკი” გამიკეთა გულზე. შეთ! როგორც იტყვიან პატიოსანი ამერიკელები. სახლის კუთხესთან გოგა, ავთანდილა და ბაჩო… მაგარი სერიოზული სახეებით ელოდებიან ქურდობას, ცალ-ცალკე. გენიალურია! ბაჩას თვალები მაინც ზღაპრულად ელავს. ლონგერას რამდენ ადგილას “უცხოვრია” მეფურად. ყვება დალნი ვასტოკში, ეხლაც იჩოქებენო მის სახელზე… ზონაში ვიდეო და ჩახოხბილი ყოველდღე… ხო, კიდე, ვამეხა მონასტერში წასულა. 6 თვეა უკვე. “ზონას კი ჯობია ძმაო…” – ესეც ბაჩაა. “წახვედი? ნუ იკარგები რა…”, “მოკვდები ძილში, შე ჩემა…”, ეს ავთანდილა იყო. ტელეფონზე ვრეკავ. ხათო სახლში არ არის, ბებოსთან წასულა. “შემოევლოს ბებო” ამასწინათ, “ფეჩი” აფეთქებია და სახე დაუწვავს ოდნავ. ხათოსნაირი გოგო და ნავთქურა? – ზღაპარია, ზღაპრი… არივედერჩი გაიზ…

აქა ამბავი მარტო ყოფნისა

რა არის მარტოობა? _ რა თქმა უნდა გცივა, ბნელა, ოთახი არეულია, ჰალსტუხი გიკეთია და მოხსნა გეზარება. კიდო, ელოდები და არ მოდის. არ მოდის და მორჩა. არ აინტერესებს არანაირად რა. იღიმის, გიყურებს, დაკავებულია, ყველაფერს აფიქსირებს და შენთვის შუშაა, შუშა და ყინული, ბროლი _ ქვას არ ვიტყვი.

რას აკეთებს მარტო კაცი? _ ზის, სამსახურში საქმე უფუჭდება, ცივა. ბუაძე ეძებს, მიშა ეძებს, თემური ეძებს, დარეჯანი ამშვიდებს და თავს იიმედებს. ფერმერებს ფული უნდათ, და ვაი – ის მარტოა და ელოდება. რას! _ ეს არის ბორკილი? _როდემდე…

რა არის შეყვარებული? _ ვიღაც გოგონა, რომელსაც რეალურად არც კი იცნობ, გინდა აშკარად, მაიმუნობ მისთვის, ყველაფრისთვის მზად ხარ და რა? _ ის ხომ ავტონომიური ადამიანია _ არა? ვააფშეტა, რა არის ლოდინი და მარტოობა? – არ ვიცი რა. მოკლედ, გცივა, გეფსია, ჰალსტუხი გიკეთია და ელოდები. ურთიერთობის ერთად ერთი ფორმაა – არა, არა და მორჩა. ტოო! არა – ვაა, რაი გინდა რაი? -ხაჭაპური ხოჩეშ?… _ წაგიყვან ხონში… _ არა! აფსუს! _ვაი, შენ პატრონს.

თეონა

საავადმყოფო, პალატა. შემორბიან ბიჭები ქშენა-ქშენით:
_რა ხდება? რა არის? ექიმო გადარჩება? როგორ არის? დიდი ჭრილობები აქვს? მოუვა რამე? წვეთოვანი ხომ არ გინდათ, დაჭირდება? რა წამალიც გინდათ თქვით, ყველაფერი იქნება. ექიმო ამოიღე ხმა! კვდება?
ექიმი წყნარი ბიჭია, წარბები ზემოთ აწია და ამბობს:
_სიგარეტი გააქვს?
_კი ექიმო აი…
_რა გაწევინებს ამას, რა უბედურებაა.
_გვეტყვი რა ხდება?
_გადარჩება. პატრონი სად არის?
_ჩვენ ვართ პატრონი, ნუ გყავთ ამ ვირთხებიან ოთახში რაა!
_500$ ეხლა, 500$ მერე, 1500$ ოპერაციისთვის… რა გაწევინებთ ამას? _ ექიმი გადის
_რა გაწევინებთო… გაიგე? ახვარზე კაიფობ? მოწევს კარგს აბა რა იქნება, ამდენ ფულს თუ აკეთებს.
_ნეტა რა ჭირს ამ ჩემისას?
_სად არის მამამისი?
_ესპანეთში არიან
_აააა…!?
_მაყუთზე რა ვქნათ?
_ცოტნეს დაერხა…
_არ დავეძებ
_რაო, თეონამ გაიტანა?
_შეყვარებულიც ესეთი უნდა.
_საავადმყოფოშიც არ გაიყვანა არა?
_მეორედაც უნდა გადაევლო თურმე.
_რა ეტაკა?
_ამას რო რამე მოუვიდეს დავბრიდავ, მაგ ბოზს ქალს.
_თუ ჩამოგივარდა მაგის ძმა.
_აბა დაიკარგაო?
_ხო, პიტერს წმინდავენო ქურდებისგან.
_რაო დაიკარგაო?
_ხო, ოჯახს ატყუებენ, ავსტრიაშიაო. რავი, ესე ამბობდა ეს ტუტუცი _ მიანიშნა ავადმყოფზე.
ოთახში შემოდის ექთანი, დაბალი, დიდი ბიუსტის მქონე გოგონა.
_ავადმყოფი უნდა გავიყვანოთ.
_მიდი, მიდი
_მოგეხმარო?
_არა, გმადლობთ.

ბიჭები გადიან ოთახიდან, გარეთ გოგონა დგას, მაღალი, შავგვრემანი, შავი თმები უკან გადაუწევია, ოდნავ სქელი წარბები გადაჭიმვია თმების გასწვრივ, ცხვირი – რომაული პროფილი, ტუჩზე ოდნავ შესამჩნევი ხალი, ნიკაპი ხაზგასმული. ეწევა დინჯად. ხელის მოძრაობა დაჯერებული და მბრძანებლური. აცვია მოკლე კაბა მომასნილი, თითქმის მთლიანად უჩანს ათქვირებული მაღალი თეძოები. ცალი ფეხი მიუყუდებია კედელს… ბიჭები გაშრნენ, დაიბნენ. გოგონამ არ შეამჩნია ვაჟები. კოტეს ბოღმა მოაწვა, ყელმა ბურთს ვეღარ გაუძლო. გაიწია და უთხრა:

_ეს რა უქენი, შეჩემა?

გოგონამ ვერ მიიღო შეურაცხყოფა, გვერდზე გააბოლა და თითქოს უთხრა კოტეს: _შენ პასუხს აგებ მაგ სიტყვებისთვის!
კოტემ წამში დაკარგა მთლი თავისი ^ვაჟ-კაცობა^
_რატომ დაჭერი? _ უპასუხა გაბზარული ხმით

გოგონამ სიგარეტი კედელს მიაწვა, ჩანთიდან ნიკელის პისტოლეტი ამოიღო და დერეფნის სიღრმეში გაემართა დაჯერებული ნაბიჯით…
გოგონას გაეკიდა ერთი, ყვირილით:
_რას შვები გოგო შენი…
გოგონამ პისტოლეტი მას მიუშვირა.
_შენ ძმას გაფიცებ!
_ამან მოაკვლევინა ჩემი ძმა…
გოგონა გაიქცა საოპერაციოსკენ მთელი სისიწრაფით, მას გაეკიდა გაგა, სხვები იდგნენ, გოგონას ფეხი დაუცდა, წაიქცა, იატაკს გაეკრა მისი სხეული. ნიკელის ფისტოლეტი ხელიდან გაუვარდა. გაუცურდა… პალატიდან ექიმი გამოვარდა ხმაურზე.
_რა მოხდა, რა ამბავია?
_არაფერი, ფული მოგიტანეს და შემწვარი გოჭი ვახშმად _ პასუხობს გაგა. მას ერთ ხელში ნიკელის პისტოლეტი ეჭირა, მეორე გოგონას გაუწოდა. გოგონა იატაკზე წამოჯდა. ის მარტო იყო, მას მაინც ძმის სისიხლის აღება სწყუროდა…

2000-2001

ეკა

ბიზნესტრიპი მაქვს ბათუმში, ეკამ მითხრა მატარებლით წადიო. კიდევ მაგრათ ვარ. გამიშეშდა კისერი, ინდური კინოს ყურებაში. გვერდით გოგონა მიზის ვოლქმენით. ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. იძახიან ბორბლები, ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. თეთრი, პატარა, წვრილი თვალებით, ხალებიანი სახე; ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. გოგონა მაწვდის ვოლქმენს. უსმენდა მწვანე ტალღას. ისმის სამოციანი წლების, ნაკლებად ცნობილი, ინგლისური ჯგუფი, ნატურალური როკით. ის გავს მიკ ჯაგერს, მაგრამ ისე ვერ ქაჩავს. ეკა-ეკა!.. ღიმილი უაზრო; ეკა-ეკა!.. ბავშვი გაბარიტებით. ყველაფერი ადგილზე. მატარებელი ღამით, არავითარი რომანტიზმი _ ცივა ბოლოს და ბოლოს. ეკა-ეკა!.. მოვწევდი სიგარას. მწვანე თვალები და ლამაზი ტანი. მაგრამ იყო მასში რაღაც არასრულყოფილი. შორს რიგებში ზის მზიკას დაქალი, დიდი გავით და წითელი პომადით. ნეტავ სად მიდის? ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. ნეტავ მეკოცნა ოდესმე… რა უაზრო ვარ. მე მგონი დამინახა მზიკას დაქალმა _ ვარიდებ თვალს, ჩემს გაყინულ ფეხებს და დაჭიმულ კისრის კუნთებს ნამდვილად არ აკლია მისი კიკინი. დავლევდი ბრენდის; ეკა-ეკა-ეკა-ეკა!.. ერთხელ ვიცეკვე მარტო, მეტი არ მახსოვს, მერე წავიდა და მორჩა. არა, მარტო ვნება არ იქნება; ეკა-ეკა!.. ცეკვა პლაჟზე. მერე ვიჩხუბე, გამიტყდა ცხვირი, დამიჭირეს და ეკამ დამტოვა… ზოგმა დარდი იცის.. მერე ხათუნა ულამაზესი ბიუსტი და სრული ხაზები. კბილები ოდნავ წინ გამოწეული და ჩლიფავს ენას. ყველაზე საინტერესო მომენტში ჩამოუვიდა ძმა… არა, მაგრა მცივა რა! გოგონა მართმევს ვოლქმენს. ჩემი და რომ იყოს, ათასი მეთოდით გავაწვალებდი. ეკა-ეკა… ეკა-ეკა… მოტკუცულ შარვლიანი მაკა, განიერი წელით, რომ გახდეს 8 კგ. იქნება ულამაზესი. ეკა-ეკა.. ეკა-ეკა!.. ერთ სიტყვას ვერ ჩააკვეტებ ისე ლაპარაკობს. სულ მავიწყდება რისთვის არსებობს ქალი, როცა ტვინს ბურღავს. ეკა-ეკა!.. თენდება მგონი. ეკა-ეკა!.. აი უკვე ზღვაც. ეკა-ეკა!.. ცოტაც და ბათუმი, ეკა-ეკა!.. წლები წავიდა, წლები და მოვიდა ეგოიზმი. ეკა-ეკა!..

მაისი 2001


ჩემი თაობის ცხოვრების ქრონიკა,
ანუ
მისტიური სცენები საქართველოს სამხრეთში

უაზრო პრობლემებით დატვირთული. უაზრო ხალხით გარემოცული. ძალიან დაღლილი მაგრამ ენერგიული ბიჭი, ავტობუსში.

გზა მიდიოდა როგორც ტანი გველის.

რაც დრო გადიოდა უფრო მბეზრდებოდა ყურსაცმი ბებერი შერის ახალი სიმღერებით, ისე ყურსაცმი მერჩივნა, თანდილას ლუღლუღს. იქ ლიკა, ოდნავ გოიმი, მაგრამ მაგარი სექსუალური. ავთუა დაძინებული, თანდილა კბილებდაკრეჭილი… გვერდზე კაცი ზის უხარისხოთ დაბეჭდილი ეროტიული სტატიებით.

ვცდები თბილისს და ნელდება ჩემი რადიოს არხები. ვცდები ქალაქს და ვერთვები იძულებით, თანამშრომლების ყაყანში: რამდენს სვამდა გურამ მაცაბერიძე, წალენჯიხაში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, ლიკა იხსენებს თამაზ ვაშაკიძეს, იარაღით მოარულს და ქალების გულისმკვლელს… კოკა იამანიძე… ასტამურა…

ავტობუსს მიაქვს რეგიონში თბილისი: შფოთით, ჭორებით, ორპირობით, ლოთებით, ბოზებით. “დე-დე-ტე” უმღერის შემოდგომას. ქალაქის შფოთი იშლება ტრასაზე. მარტივი სუბიექტები იცინიან უაზრო ანეკდოტებით. მეც ვითომ მაგარი, სერიოზული სახით. ვაი ჩემს პატრონს! ერთი ანეკდოტის პერსონაჟს ვგავარ, ყელამდე სიბინძურეში და მომღიმარი.

მივდივარ მორიგი სავაჟკაცო საქმისთვის, რევიზიაზე. ბათუმი რამე, ფოთის გავლით.

კაია ბათუმი ნოემბრის ბოლოს, როცა ღრუბლის სისქე კილომეტრს აღწევს, ფერი შავს უახლოვდება. ავტობუსში წყალი ჩამოდის წვეთებად.

აზრი წარსულს ვერ წყდება: “თაკოს ლამაზი თვალები, ენა ოდნავ ეჩლიფება ნეტარებით. არ ლაპარაკობს. უყვარს უაზრო ბიჭი, რომელიც ვერ აფასებს წუთს რომელიც უძვირფასესია ცხოვრებაში. თაკო ულამაზესი გოგო უბანში, სკოლის დედოფალი, და მე, დებილი ბიჭი, რომელის ვერც კი ხვდება, რომ ბედნიერია…”

-კოსტა გახსოვს კოსტა?

გავხედე მოძალადე მომუსაიფეს გაკვირვებულმა, შემეშვა. “თაკოს თმას ყველაზე კარგი სუნი ჰქონდა. რას ნიშნავს ხარისხი. მე დავცინოდი… თოხივით კბილები გარეთ.”
ავტობუსში ხალხი ამოდის, რაც უფრო ვცილდებით თბილისს უფრო გასაწყლებული ჩემი სისხლი და ხორცი.

სადღაც ხაშურთან შავებში ჩაცმული ქალები ამოვიდნენ. გულზე 4-5 სურათი ეკიდა თითოს, შავი თავსაფარი წარბებს უფარავდათ. მებურიშვილმა სახე აქცია ქალებს. ლიკა ადგა და ადგილი დაუთმო ერთ-ერთს, მოხუცს მოერიდა ლიკას შეწუხება, ლიკა ბრწყინავდა მშვენებით, მოხუცს შავებიც გახუნებოდა. ლიკა აღარ დაუბრუნდა ადგილს. მე გულგრილად ვუყურებდი სცენას. არ შემეძლო ადგომა, მერე წამოვიწიე მარა ლიკამ მანიშნა მერე დამსვიო, მე მერეც არ მინდოდა ადგილის დათმობა…

რა დრო იყო მაშინ. რევოლუცია, რა უბედურებაა უაზრო და გაბრუებული ატმოსფერო, ფსიქოზი, ეგზალტაცია, პანიკური თავაშვება. არარაობის სამსხვერპლოზე სასისხლოდ გამზადებული ათეულები. კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა… ენერგია დახარჯული უძირო კასრის ავსებაში. გაუმაძღარი მგელ-ძაღლების კვება ლეშით. აუვსებელი მუცლების ავსების მზარდი სურვილი. იქვე, მომავლისთვის ანთებული პატარა თვალები, სითბო, სიყვარული, გართობა მხოლოდ ერთმანეთის საზოგადოებით. უფულობას სადღაც სიამოვნებაც მოჰქონდა. თითქოს გვიფარავდა რაღაც ღრუბელი.

თაკუნა, გამქრალი და შორეული, რა მომაშორებს ამ ზმანებას. გადნა თაკო ჩემს ხელებში, როგორც სიზმარი მიუწვდომელი, როგორც წარმოსახვა ნეტარების, 16 წლის, ანგელოზივით, მაშინ როდესაც ხარობდა ჩვენი ტოლი მთელი მსოფლიო. თაკო ჩემს ხელებს მოჭიდებული, უბიწო თვალებით გაცილდა დედამიწას. ვეღარ ვუშველე ვერც გულში ჩაკვრით, ვერც ვედრებით, თან წამიყვანე მეთქი, ვერა.. ვერა… სარკომა, რა უნდოდა სიმსივნეს თაკოსთან?

10 წელი გავიდა მას შემდეგ. რა უბედურებაა 10 წელი დედას არავინ გლოვობს.

_ტირიხარ ბიჭო? – ავთუა.
_გაცურდი რა. _ მე.
_ესე უნა ელაპარაკო, ბიჭო, ამხელა კაცს. _ თანდილა
_დავაი რა. _მე

რამდენი ხანია ბათუმში არ ვყოფილვარ, ვინ იცის? მე, კოწო და თაკო ვიყავით 8 წლის წინ. კოწო მთელს ქვეყანას ერთად აღებულს ჯობდა, ალბათ. უბედური სულელი. სად მიდიოდა, საიდან მოდიოდა?… მოხუცი ბებია ჩინური ფაიფურის ჭიქასთან, მასაც კოწოსავით ნაღვლიანი თავლები. ავარიაში გარდაცვლილი შვილისა და რძლის სურათების გარემო. კოწო უაზროდ ჩაცმული და მაინც ელეგანტური, ალბათ არსით. კონსტანტინე გურამიშვილი… ომის შემდეგ ვიპოვეთ მხოლოდ ერთი ძვალი, სავარაუდოდ მისი…

_რა გჭირს ბიჭო, მართლა ხომ არ ტირიხარ? _ ლიკა
_არა, არა.. მოთბა ჩემი სიტყვა. ნეტა შემეძლოს დაძინება და გაღვიძება ბათუმში. არ მინდა ეს გზა. თან მალე ფეხზე ადგომა მომიწევს და მოკლედ…

ზესტაფონიდან ქუთაისამდე ფეზე ვიდექი… რომ დავჯექი მალე დამეძინა: “თაკო ცისფერ კაბაში, ცისფერი თვალებით, ცისფერი თავსაფრით…” მერე იყო და საბურავი გაუსკდა ავტობუსს, მერე მახსოვს კიდევ მოგონებები, სიზმარში ნაზავი: “ბათუმი, ძველი სახლი, კაკლის ბუფეტი 200 წლის, გრაფინით ყვავილი, სახლის პატრონი მდიდარი კაცი, მეუღლე თბილისელი გოგო ხათუნა, მოუტაცია 16 წლის; პატარა გოგონა ქეთი, ჭორფლიანი ცხვირით და ხორბლისფერი კანით, თვალები ლურჯი, მომწვანო. იჯდა თაკოს კალთაში, როგორც შველი. მე არ მეკარებოდა თავიდან. მერე მახსოვს ქობულეთში წამიყვანა მარტომ. იქ ნამდვილი დედა ჰყოლია, ხათუნას უშვილია. Aხოდა სიზმარში ნამდვილად დიდი ვნახე. დიდი, ლამაზი, მწიფე, ნაზი, თავდახრილი, ჭორფლი ღაწვებზე, როგორც ზაფხულის თბილი ღამის ვარსკვლავები.

შემაშინა ჩემმა ზმანებამ, ვიზე ვფიქრობ? ბავშვი რომელიც კალთაში მეჯდა. პრინციპში ალბათ ახლა უკვე გაზრდილიც არის.
-იუზგარ გაიღვიძე ფოთში ვართ.
-რა გვინდა ფოთში?
-ადე გაგვიფუჭდა “ავტობუზი”

უქმად, უაზროდ, უიმედოდ წვიმიან ფოთში. შემაწუხებელ ხალხის საზოგადოება. მეთათბირებიან, მეკამათებიან, მედავებიან: როგორ მოვხვდეთ ბათუმში? რა გვეშველება, რა გვეშველება? –გაცურდი რა!

მერე გამოტყვრა არახალია, დაურეკა სელიმხან-ვაჟა ნიჟარაძეს და შეატყობინა ჩვენი უბედურების ამბავი. ზუსტად ორ საათში მოვიდა მისი მძღოლი _ წითური, გამხდარი. რატომღაც ქადა იყიდა, იქვე ციგნისგან და დაიწყო ღეჭვა, თან იკრიჭებოდა. მერე დაქოქა ლურჯი ,,ტრიცატადინი’’ და … ,,_ მიდი, გაიხარე! ”

ლამაზი ქალაქია ფოთი, მშვენიერი ასულებით სავსე. თვალები უბრწყინავს თანდილას, ულვაშებში იცინის ავთუა. მკერდი უჩანს ლიკას ალაგ-ალაგ _ მძღოლი საჭესთან ცუღლუტობს თანდათან. აი, დიდი გუბე, მის გვერდით ორი გოგონა გაშლილი ქოლგით. რაღა უნდა ოქროს კაცს მეტი, გაუშვა მანქანა, მიადო პედალს ფეხი და გავწუწოთ! გააქანა ,,ტრიცატადინი” და შევარდა წყალში. მერე, მახსოვს აკივლდა ლიკა, მერე თანდილა და მერე ავთუა. თვალები დავხუჭე, მერე ძლიერი დარტყმა იყო. ზუსტად ერთ მეტრემდე წყალში ვიყავით ჩავარდნილი. გაოგნებაც ვერ მოასწრეს რევიზორებმა, რომ წყალი მანქანაში შემოვიდა. ნოემბერია, 12 რიცხვი, წვიმს, ცივა, ღამის 22 საათი და 18 წუთია… გამთენიისას შევედით ქათქათა ბათუმში. ოდანვ სუსხავდა. ნომერში რომ შევედი თაკოს სურათი ამივიღე, შევხედე: მე და ის პირველ სკოლასთან. თაკოს მანტო აცვია მოკლე, მე _ კოსტუმი ,,ორ ბორტიანი”, სქელი. თაკო აწურულია, ცივა, მე _ ვიღრიჯები, ალბათ დავცინი. დავეგდე ლოგინში, დავიფარე სახეზე ბალიში და დავიწყე ბღავილი … დამესიზმრა გიორგა, კოწო და თაკო. გიორგა მეჩხუბება თაკოს გამო, მერე მომეხვია, ჩემი ძმა ხარო, მერე თაკოს გაუფრთხილდიო. საცოდავი თავის დას უფრთხილდებოდა და სხვისი და გააუბედურა. მერე იმ გოგოს ძმამ, ყველას თვალწინ სახლის წინ თხუთმეტი ტყვიით მოკლა გიო…

დილა დაიწყო გენიალური სცენით. ჯერ, რა თქმა უნდა, ყვირილმა გამაღვიძა. სარკეში ჩავიხედე: თვალები ჩაცვენილი, თმა გაბურძგნული.Mმკლავი მოვხარე, რატომღაც კუნთის დაჭიმვა გავიფიქრე, არაფერი გამომივიდა, მოვეშვი. გარეთ კიოდა ვიღაც საცოდავად. ტრუსის ამარა გავედი. ვიღაც 40 წლის მუტრუკი დასდევდა ჩვენს მძღოლს და ურტამდა პირდაპირ ჩვენი ფანჯრის წინ, ეს ყოფილა ნიჟარაძე, კაცი, რომელიც უნდა შეგვემოწმებინა, ძლივს გააშველეს საცოდავები. იდიოტობის აპოგეა…

,,დიდი ხანია მინდა “ _ მღერის კაი კაცი, ფანჯრიდან ფანჯარაში გადადის ხმა. მერე დარეკეს ზარებმა ეკლესიაში, მერე აყვირდა მოლლაჰ… შორს ზღვაში ირწეოდა ეულად გემი, თოლიებს მიჰქონდათ ყურთასმენა. ხუთი წელია სიგარეტი არ მიმოწევია, რომ ვეწეოდე გავაბოლებდი ნაღდად. როგორ იყო… ეჰ, არ არის საჭირო. _ გოგა… გოგა… იძახის ვიღაც გოგო, ოდნავ პუტკუნა ჭორფლიანი, მაღალი, თმა აუკეცია ძველი მინოსური ფრესკის ქალივით. ვიღაც მოვიდა მანქანით, გოგონა ჩაჯდა, მანქანა წავიდა

ეს, ხომ შეიძლება ქეთი ოყოს? მე ხომ ესეთი დამესიზმრა. ვა, არა, _ რატომ არა? _ რა ლამაზია, რა ლამაზია. ეე, რა მაგრა გყავს?!

საღამოს ბანკეტი ბრტყელი სიტყვებით. ჩახუტება ტუჩზე კოცნით. ახალი საკონსერვო ქარხანა, ოქროსფერი ქილებით… ნიჟარაძემ სასახლეები აგვიშენა ბათუმში. ვის ადარდებს, ნეტავ, ეს ყველაფერი? ინდაურის ხორცი გადაიღე, ინდაურის…

…საწარმოს მარაგების ინვენტარიზაცია მე დამევალა. დამყვება ვიღაც შავგრემანი, ენერგიული ჯეელი და ყველფერზე მეკითხება: ეს, იცი რა არის? მე ვეუბნები _ არა. ბიჭი მაგარი კმაყოფილია, რომ ჩემზე მეტი იცის… როდემდე?

საღამოს კაფეში დავპატიჟე ლიკა. ცხვირი ჩამოუშვა ავთუამ, გული დაწყდა თანდილას. ზღვის პირას იყო ლუდის რესტორანი ვითომ ირლანდიურ პონტში გაკეთებული, რა თქმა უნდა, ცოტა გოიმური. წვიმდა უაზროდ. ლიკა ტიტინებს თავისთვის, თანამშრომლებზე მეჭორავება… არც ერთი სიტყვა არ მესმის. აფორიაქებული ვარ. ვერ ვიხსენებ რისგან, რას შეიძლება მოველოდე ამ წვიმაში ნათელს, ლამაზს. ბოლო ხანს სულ ვეჩხუბებოდი თაკოს, რატომ, მეც არ ვიცი. თითქოს შარზე ვიყავი. როგორ ტეხავს. მერე ვნანობდი მარტოობაში. რას უნდა ველოდე… გოგონა, ვიღაც ქეთი. აი რა მიხარია ქვეშეცნეულად. ქეთი პატარა და დიდი. ქეთი ულამაზესი. მისი ნამდვილი დედა მზესუმზირას ჰყიდდა ქობულეთში _ საწყალი.
ფანჯარასთან გოგონებმა გაიარეს, თვალებით ქეთის დავუწყე ძებნა. თან ჩემს თავზე ნერვები მეშლება, რამ შემომიძვრინა სულში ამ ბავშვზე ფიქრი? კიდევ გამოიარა რამოდენიმე ჯგუფმა. არსად არ ჩანდა ქეთი. ლიკა ტიტინებს. მერე ხმა გავიგე ჩემს ზურგს უკან, ოდნავ მჭახე, ოდნავ ბოხი, ოდნავ ხავერდოვანი. მოვიხედე. ქეთი იდგა ერთ გოგოსთან ერთად. ყელზე შარფი მოეხვია აბრეშუმის. გრძელი კაბა სხეულის კონტურს იმეორებდა. შემომხედა და გაეცინა. ნუთუ მიცნო? _ არა. ან იქნებ… _ არა. ისე იცინოდა ახლობელივით, მარა _ არ ვიცი. მინდოდა მეთქვა რამე, მინდოდა მისვლა _ მიზიდავდა ძალიან მარა – რა…
ვინ არის ეს გოგო? Aიქნებ არც არის ქეთი, რატომ დარჩა ასე ჩემში. ლიკამ შეამჩნია ჩემი გონების არევა. ვინ არისო, იკითხა, არ ვიცი მეთქი, ვუპასუხე, ლიკას გაეცინა. იციო, მითხრა. აღარაფერი მითქვამს. ქეთი გავიდა, გასვლისას მომხედა, გაეცინა. მერე ფანჯრიდან შემომხედა, გაეცინა და წავიდა. მაგრა ტეხავს, 27 წლის ვირი და ბავშვივით აცუნდრუკებული, ან ვაფშე… რა მომდის? რა დროს ქეთია, ვიღაც ბათუმში, ალბათ 17 წლის ბავშვი, საერთოდ რა პონტია, მეზიზღება ჩემი თავი. ლიკას დავუწყე ხარბი თვალით ყურება. ლიკამ იგრძნო, ცოტა სახე აერია. მეც ვიგრძენი უხერხულობა, ავარიდე თვალი. ამერია ტვინი. რატომ გაჩნდა ნეტავ, ქალი? როგორ ტეხავს, როგორ ტეხავს.

ღამე გიკამ დამირეკა მობილურზე, შაბათ-კვირას ჩამოდიო. ირინას უნდაო შენი ნახვა. მოვრჩი მეთქი მაგასთან ყველაფერი. საქონელი ხარო მითხრა, რატომ? _ არ ვიცი.

წარმატებით მიდიოდა ჩვენი რევიზია. გაიქაფა ავთუა, გაისარჯა თანდილა. კეკლუცობდა ლიკა. საღამოს დამირეკა გიკამ. ირინა თხოვდებაო, _ კიდევ მე ვარ საქონელი?

ამოვიღე თაკოს სურათი, ღმერთს ვთხოვე მასთან წავეყვანე. ღამე ცუდად გავხდი. შემეშინდა, მართლა ხო არ ვკვდები-მეთქი. მერე დილამდე ვევედრებოდი უფალს სიციცხლეს. დავიღალე. ძლივს გათენდა შაბათი. ეკლესიაში დავაპირე წასვლა, თაკო ცხოვრობდა ეკლესიურად. მეც იქ გამიწია გულმა. ერთი წამი უნდა კაცს. რა ტკბილია ეს სული.

დიდი ეკლესია ყოფილა ბათუმში. სავსე იყო ხალხით. დამასველა წვიმამ, მცივა. ქურთუკის საყელო აწეული მაქვს. სანთელი ვიყიდე. ხელი მიკანკალებს. ,,შეიძლება ცეცხლს გადავუკიდებ?” ,,რა თქმა უნდა’’, _ ქეთი იყო. ლამაზი, ეშხიანი, მწიფე. ჭორფლი გაფერკმთალებოდა ხორბლისფერ კანზე. გამიცინა და რაღაც უნდოდა თითქოს. მერე გამშორდა, წავიდა. დამერკაგა ხალხში, ვეღარ ვნახე. არც მინდოდა ეკლესიაში თვალების ცეცება. თამარ მეფის ხატი ვნახე. მასთან დავანთე სანთლები. ვევედრე თაკოზე და ჩემზე. გვიან დამთავრდა ლოცვა. მციოდა, მტკიოდა, მარტო ვიყავი. ვერაფრით ვერ ვნახე ქეთი. ვეძებე მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან. რომ მენახა მივიდოდი, დაველაპარაკებოდი, მარა ვერა, ვერა. წამოვედი. ციოდა, მტკიოდა, ვმარტოობდი.
გულის ჯიბეში აღებული ქრთამი დამსველებოდა. წვიმას გადაეღო. ბინდდებოდა. მზემ თავი გამოყო ღრუბლებიდან და ჰორიზონტს შეუერთდა. გავუყევი სანაპიროს. მერე ერთ ადგილას შედიოდა პატარა კონცხი სალი კლდეებით. ტალღები ეხეთქებოდა კლდეს, მზე წითლად ანათებდა ღრუბლის ძირებს და ზღვის ზედაპირს. მერე შევამჩნიე, კონცხზე თითქოს ვიღაც იყო. შევდექი ქვებზე, გადავედი, მივიწევდი წინ, ფეხი დამიცდა რემდენჯერმე, მერე ერთგან, თითქმის ბოლოში, დავცურდი, ვიხოხე კინაღამ გადავეშვი ტალღებში. ჯიბიდან ქრთამათ აღებული ფული გადმომიცვივდა სულ. ძლივს მოვეჭიდე ქვას, დავეყრდენი, ამოვედი. ,,ხომ არ მოგეშველო?” _ მესმის გოგონას ხმა. ავედი ზემოთ. მზის სხივები აბნელებდა სილუეტს. გოგონამ თმა გადაიწია, მოვარიდე სხივებს თვალი. ქეთი იდგა. “მე შენ გიცნობ”, “მეც ქეთი”, “მეც”, “მეც”…

ზღვის ტალღები ეხეთქებოდნენ კლდის ქიმებს, თითქოს დანგრევა უნდოდათ, თითქოს ეზიზღებოდათ მისი მახვილი ქიმები. თითქოს შთანთქმა უნდოდათ, მაგრამ ამაოდ…

მზე, კლდე, სიყვარული, მარადისობა, სითბო, სინაზე… ლაზიკა, საქართველო…

1995-2001

ნახატი

მიკრო ავტობუსში ვზივარ. უფრო სწორად, მიკრო ავტობუსზე დიდია და ავტობუსზე პატარა. მძღოლი ლეკიშვილს ჰგავს. ზოგჯერ მგონია, რომ ის არის. ბუზღუნებს რატომღაც. ჩემს გვერდზე მაკო ზის, ნერვიულობს. გარეთ ნისლია, არაფერი არ ჩანს. ვიღაც ქალი წკმუტუნებს, ეჩქარება და მძღოლს აგინებს გულში. მე არ მაინტერესებს დრო, წინ_უკან. სულერთია ახლა ჩემთვის. მაკო ნერვიულობს. ქალი წკმუტუნებს, მძღოლს პირში ასანთის ღერი უდევს და მაგრად უყვარს თავისი პროფესია.
მიკრო ავტობუსში კაცი ამოვიდა. ქვედა ყბაზე წინა კბილები არა აქვს. იღრიჯება, “ბოდიში” მეუბნება რატომღაც. “გაიხარე” გავიფიქრე გულში. მაკომ მომხედა, რაღაცის თქმა უნდოდა, გადაიფიქრა, ან დაეზარა თქმა. მეც მაინტერესებდა, რა უნდოდა მაკოს, მინდოდა მეკითხა, მარა მეც დამეზარა თქმა, გადავიფიქრე.
ჩვენს უკან ორი გოგო ზის. ლაყბობენ უაზროდ. ნერვებს მიშლის სისულელე. მათი მშრალი გონება აშკარად ვერ იტანს ცხოვრების სიღრმეს. ერთი მათგანი ცხვირს არ ამოძრავებს. “მამენტ” ბანძია, მაგრამ მაკიაჟი შველის. მანქანა ამუხრუჭებს, მაკო ხელს მკიდებს ხელზე. შემომხედა შეშინებული თვალებით. მე გამეცინა, ოდნავ გადავიხარე მისკენ. თვალებში ჩავხედე, წამი უნდა და იტირებს, მაგრამ ძლიერად დგას. მეცოდება სადღაც, მინდა ვანუგეშო, მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებს ნუგეშს, რატომღაც მაშინებს მისი რეაქცია.
სადღაც მანქანაში კაცი ამოვიდა. ქალაქის ლომბარდის ყოფილი დირექტორი. ის ახლაც უმდიდრესი ადამიანია ამ ქალაქში და ყველაზე ღარიბულად დადის მაინც. ქამარი გაქექვია, ლაბადა მოღრეცილი, ტუფლი-უგემოვნო. საცოდავი კაცია, მთელი ცხოვრება სოროში.
მაკო თავს მადებს მხარზე, მერე იღებს. მინდა, რომ სულ ასე ედოს თავი, მაგრამ ჩუმად ვარ. მძღოლი აჩქარებულ ქალს ეჩხუბება, ქალი მძღოლს. მგზავრებს არაფერი არ აინტერესებთ. მგზავრები მხოლოდ გულგრილობით არიან ურთიერთსოლიდარული.
გარეთ ნისლია. მანქანაში გამონაბოლქვის სუნი დგას. ნეტა უკან რას უნდა გამოვყვე? მაკომ სურათი მომაწოდა, მე და ის, კიევში. მაშინაც წვიმდა, ნისლი იყო, მე შავი ქოლგა მიჭირავს, მაკოს ბასეტის ლეკვი, ლაბადა დამსვრია ალაგ-ალაგ.
გავიღიმე. მაკომ სურათი უხმოდ ჩამიდო ჯიბეში. მე ხელი მოვხვიე და თავზე ვაკოცე. მაკომ ღრმად ამოისუნთქა. ის გაცილებით უფრო სერიოზულად იღებს განშორებას. გზა გაიწელა, რაც უფრო გაიწელა უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა მაკოსთვის. მე ვეღარ ვითმენ გზის სიგრძეს. ვეღარ ვიტან შეწუხებული მაკოს ყურებას, არადა მსიამოვნებს მაკო.
ვიღაც ქალმა, რომელიც ალბათ ბაზრობაზე ვაჭრობს, დიდი ჩანთა ჩამიდგა ფეხებთან. მაკომ გაიღიმა. მანქანა გაჩერდა, ხალხს გადაუკეტიათ ქუჩა, დენი უნდათ. სითბო გრძელდება. მაკომ ხელი ხელში გამიყარა. მე გავიტრუნე. ხვალიდან მაკოს ვეღარ ვნახავ. მთელს ქვეყანაზე, მარტო მოპიკეტეები გვიწყობენ ხელს. მაკოს სიყვარული უნდა, მოპიკეტეებს დენი. სადამდე გაგრძელდება ასე? ნეტა უკან რას უნდა გავყვე?…

უსათაურო პიესა რომელიც არ უნდა დადგათ!

ორ მოქმედებად

სცენა: დეკორაცია შეზღუდული, უკან ფარდებზე ახატია მთები. იატაკზე არის ჭაობის ეფექტი.

მოქმედი პირები:

_ მგელიკა ვეფხვაძე _ ომონელი ბიჭი. მისი იდეალია: ქალაქის პოლიციის შეფი, სახინკლე “ოლიმპია”, ისნის რაიონის კურტიზანი ქალები
_ ომარ თავაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი _ ძირითადად, აკონტროლებს სამარშუტო ტაქსების ბიზნესს ქვეყანაში.
_ ლადო ქათამაძე _ სათვალიანი ბიჭი, პროფესიით ექიმი, ბოლო ოთხი წელია ინტენსიურად მიეძალა მარიხუანას და სპირტიან სასმელებს. უყვარს სიტყვა “ალტრუისტი”, ხშირად ხმარობს ლაპარაკში. ცხვირი აქვს მოიისფრო.
_ ლამაზმანი ხათუნა _ საშუალო ტანის, მრგვალი ბიუსტით. ლაპარაკის დროს კისკისებს.
_ ბატონი გაიოზი _ ბიზნესმენი, აქვს ორი პროფილაქტიკა და ბანკის კრედიტი, რის გამოც ხშირად აწუხებენ. ატარებს ვარდისფერ სათვალეს.
_ ერთი მანქანა უბნის ბიჭები – ძველი მონაცრისფრო “აძინაცატით”

მოქმედება I

სცენაზე შემოდის ლადო ქათამაძე ჯიბეებში ჩაუყვია ხელები, იყურება გაკვირვებით. ცივა, ბნელა, არავითარი მუსიკა, ისედაც ყველაფერი ნათელია.

სცენაზე შემოდის ერთი მანქანა უბნის ბიჭები:
_ლადო, მოწევ ბრატ?
_არა გავეშვი

ეშვება ფარდა.

ეს იყო მხოლოდ აქცია, უმუშევარი ბიჭის.

არავითარი ტაში, ისედაც ყველაფერი ნათელია.

მოქმედება II
სცენა I

სტუდენტურ მერხთან ზის ლამაზმანი ხათუნა, უხერხულად. აცვია მოკლე კაბა და სქელი წინდა. ცივა, მაგრამ ამიტომ არ კანკალებს, მასთან მუსაიფობს ომონელი ბიჭი მგელიკა ვეფხვაძე.

ბიჭი:
_აუ ხათო, კააროჩე რა, რო არ ვგლიჯე… სუფთა ძონძი იყო რა, მე კიდე 150 კილოგრამიანი დარტყმა მაქ, რა. ჰოდა რო არ ვგლიჯე… ეგ რა არის, ჩვენთან ბიჭები არიან რა, 500 და 800 კილოგრამიანი დარტყმები აქვთ რა. და თამაზოვიჩს კიდე 1000 კილოგრამიანი აქვს რა…

ლამაზმანი ხათუნა:
_მეჩქარება უნდა წავიდე, ნიშანს ვერ მივიღებ.

ბიჭი:
_ლექტორი ხო არ გაბრაზებს, ხო არ ვცემო, რო არ ვგლიჯავ…

ნელ-ნელა ქვრება შუქი. ისმის რომანტიული მუსიკა.

სცენა II

სათვალიანი ბიჭი ლადო ქათამაძე, ზის მრგვალ მაგიდასთან, მასთან ზის მოხუცი ქალი, ეტყობა ავად არის.

ლადო:
_არ შემიძლია დედა, მართლა არ შემიძლია. სად მე და სად ეგ პროფილაქტიკა

დედა:
_მოგიკვდეს დედა.

ლადო:
_მაგრამ წავალ, აბა რა ვქნა. ველაპარაკე გაიოზს. საბურავები უნდა დავბერო. თუ კარგად იმუშავებ, დღეში 10 ლარი დაგრჩებაო. _ იცინის, 10 ლარი და ბერე საბურავებიო…

დედა:
_თუ გეუხერხულება ნუ წახვალ, დედა.

ლადო:
_არა.

მუსიკა მძიმე და წყნარი, შუქი ქრება.

სცენა III

კარგად დაბანილი და სუფთათ ჩაცმული მამაკაცი. ტელეფონზე:

_გაიოზ არ მცალია მაგისთვის რა… რა ერთი წუთი კაცო, ქვეყანა იღუპება. რაა? მე არ ვიღუპები. შატილი დაბომბეს, შატილი, გესმიის! ჰოდა მორჩა. რა დროს პროფილაქტიკაა, რაც გინდა ის ქენი… ჰა, რაა? ეგ არ ქნა! ხო კაი მოდი მოდი, ნახევარი საათით…

სცენა IV

პროფილაქტიკა. მაღალი შავი მამაკაცი, ვარდისფერი სათვალით და გამხდარი თეთრგვრემანი ბიჭი:

შავი კაცი:
_მიეჩვიე?

ბიჭი დამცინავად:
_პირველ ხანებში გამიჭირდა.

კაცი:
-რა იყო შე კაცო, თავიდან მეც მასე ვიყავი.

ბიჭი დამცინავად:
_ეხლა?

სცენა V:
კორპუსი, გოგონა შედის სადარბაზოში, იქ ბიჭი დგას:

ბიჭი:
_პატარა! როგორა ხარ?
გოგო:
_ვაა, რავა ხარ?
ბიჭი:
_შენ რაღაც მოფერიანდი ხო იცი. _ დაცინის
გოგო იცინის პასუხად:
_ჩემთან ამოივლი?
ბიჭი:
_დაღლილი ვარ, მუშაობა დავიწყე.
გოგო:
_სად?
ბიჭი:
_პროფილაქტიკაში
გოგო არ იჯერებს:
_ამოდი რა…
ბიჭი:
_კაი

სცენა VI:
პროფილაქტიკა, შემოდის შავი “ლენდ კრუიზერი”, ქალაქის მილიციის-ომონის შეფის, იწევა ფანჯარა, ჩნდება უზომოდ დიდი თავი:

_ძმაკაც, პაკრიშკა გამოგვიცვალე რა.

ბიჭი მიდის მანქანასთან, იქ გოგონა ზის ლამაზმანი ხათუნა, გვერდით ომონელი ბიჭი. ხათუნას თვალები გაფართოვებია, ბიჭს ხათუნას ელვარე მუხლებზე უდევს ნავარჯიშები ხელი. სცენაზე ბნელდება. სხვა არაფერი…

სცენაVII:

გაიოზი:
_ვერ გაგიშვებ კაცო, ეგრე სად არი, მე კაცი მჭირდება. ცარიელს მაგ ადგილს ვერ დავტოვებ. თან ოჯახში ხომ ვიცი არ გილხინს, დედაშენი ჩემი ახლობელია. სად უნდა წახვიდე, ვერ გაგიშვებ.
ბიჭი:
_მე არ გთხოვ, მე მივდივარ.
გაიოზი:
_კაი ძმაო, მაშინ მომიტანე რაც აქ ფული გააკეთე და წადი.
ბიჭი:
_რაა?
გაიოზი:
_ჰო, მარტივია ყველაფერი 300 ლარი და მორჩა.
ბიჭი დააპირებს რაღაცის თქმას და ამ დროს ოთახის კარს შემოანგრევს სამი ორმეტრიანი ტყუპი ძმები, თითქმის ერთნაირი.
ტყუპები:
_გაიოზ, შე ნაბოზვარო, როდის გინდა გაისტუმრო ჩვენი ბანკის 300,000 აშშ დოლარი?
შუქი ქვრება, ისმის ცემა-ტყეპის ხმა…

სცენა VIII:
კორპუსის კიბესთან დგას სათვალიანი ბიჭი, კიბეს მოუახლოცდა ლამაზი გოგონა ბავშვით.
_პატარა! რას შვება შენი ლომი?
_მაწვალებს, რა ვიცი
უცბად აივნიდან ისმის ბოხი ხმა:
_ხათუნა! მანქანაში ჩემი ფორმაა და არ დაგავიწყდეს ამოიტანე რა?
_კაი _ პასუხობს მორიდებულად გოგონა და მიდის.
მერე ეზოში შემოდის თეთრი “კია”, იწევა ფანჯარა ნელ-ნელა, ჩანს საოცრად პატარა თავი, “ლადიკოო” ამბობს ნაზად:
_ააა, ბატონო ომარ, როგორა ხაართ?
_კარგად, კარგად. კაი ამბავი მაქვს შენთვის ნათლია, მგონი სამსახური გიშოვნე. ბევრი არაფერი, მაგრამ წავა
_კერძო კლინიკაა რამე? _ გახარებული ლადო
_არა არა. პროფილაქტიკა მქონდა თუ იცი ბაზართან, ხო იქ რაღაც მმართველმა გაახურა და გავაგდე, წახვალ?
_კი, ალბათ, რა თქმა უნდა, წავალ წავალ.

სცენაზე შემოდის ერთი მანქანა უბნის ბიჭები:
_ლადუშ, მოწევ ბრატ?
_კაია?
_რაზეა ბაზარი
_!?…

2001, 8 მარტი

ტეგები: ,


%d bloggers like this: