ბასა ჯანიკაშვილი – ფერადი ჩრდილი


არიან ადამიანები, რომელთა აღქმაც ძალიან ძნელია. ასეთია ეკატერინე ფანცქველაშვილი. ერთი შეხედვით ხელს არ გიშლის. ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავისთვისაა, ცოტას ლაპარაკობს და მხოლოდ “თქვენობით“.

ეკატერინე ფანცქველაშვილის უცნაურობა სახლიდან იწყება. სასაცილოდ ჟღერს _ ეკატერინე ფანცქველაშვილი; მგონია, რომ სასაცილოა. გაცნობისას ეკატერინე ფანცქველაშვილი არასოდეს ამბობს, რომ უბრალოდ ეკატერინე ჰქვია. იგი ხაზს უსვამს, რომ მისი სახელი ეკატერინე ფანცქველაშვილია. ხომ შეიძლება, უბრალოდ თქვა _ გამარჯობა, მე ეკატერინე მქვია. არავინ გთხოვს სახელი მოფერებით მოიხსენიო: ეკა, ეკუსი, ეკუნა, თქვი _ ეკატერინე, მაგრამ რა საჭიროა ფანცქველაშვილი? მესმის კარგი გვარი იყოს, სასიამოვნო მოსასმენი; მის ადგილას გვარს დავმალავდი.

თავად სახელი იმდენად ცინიკური და გამომწვევია, შეუძლებელია არ გაღიზიანდე. საკმარისია, რამდენჯერმე გაიმეორო: ეკატერინე ფანცქველაშვილი _ მიხვდები, რომ მისი პატრონი თვითდაჯერებული ქალი უნდა იყოს.
გასაკვირი არ არის, რომ თანამშრომლები მას ისე მოიხსენიებენ, როგორც თვითონ სურს. ვერავინ აღიქვამს როგორც ჩვეულებრივ თანამშრომელს, იგი ყველასთვის ეკატერინე ფანცქველაშვილია, მიუკარებელი, ხელშეუხებელი…

მასთან ურთიერთობისას ყველა სახეს იცვლის და ისეთები ხდებიან, როგორიც ეკატერინე ფანცქველაშვილია: მორიდებულები, ზრდილობიანები… ეკატერინე ფანცქველაშვილის ქცევა თანამშრომელთა მიმართ პატივისცემის გრძნობიდან გამომდინარეობს და ქვეცნობიერად ამასვე მოითხოვს სხვისგან, სანაცვლოდ კი პატივისცემასთან ერთად შიში უბრუნდება. შიშნარევი პატივისცემა _ ასე უფრო სწორი იქნება.
გამარჯობა, ეკატერინე ფანცქველაშვილო, როგორ ხარ, ეკატერინე ფანცქველაშვილო? როგორ გაატარე შაბათ-კვირა, ეკატერინე ფანცქველაშვილო…? საოცარია!

იგი იმდენად აღუქმელია, ქუჩაში რომ შეგხვდეს, ვერ იცნობ; ვერ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ეკატერინე ფანცქველაშვილია, ჩვენთან რომ მუშაობს. თუმცა, ვგონებ, არც არავის შეხვედრია. ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამთ _ ქუჩაში ეკატერინე ფანცქველაშვილი შეგვხვდა და ვერ ვიცანითო. ერთიც არის, თუ იცნობდნენ, როგორღა იტყოდნენ ვერ ვიცანითო, მაგრამ ეს როდია მთავარი.
სამსახურში მაღაზიის გახსნამდე მიწევს მისვლა. მე მევალება ვიტრინაში მდგარი მანეკენების მოვლა. სამუშაო დღის დაწყებისთანავე მანეკენებს ახლებურად უნდა ეცვათ. გამვლელი რომ მათ შეხედავს, უნდა შეშურდეს წესიერი და პატიოსანი მანეკენის დანახვა. ისინი წმინდა წიგნებიდან გადმომხტარ პერსონაჟებს უნდა ჰგავდნენ, ამქვეყნიური რომ არაფერი აღელვებთ. არაბუნებრიობა და წესიერების მაგალითის მიცემაა კარგი მანეკენის დანიშნულება.

საინტერესოა, როგორ მოდის ქუჩაში ეკატერინე ფანცქველაშვილი _ როგორ უახლოვდება მაღაზიას, აღებს კარებს, შიგნით შემოდის, იკავებს სამუშაო ადგილს.
ვიტრინას მიბჯენილი ველოდი მის გამოჩენას, გარეთ გასვლა ვერ გავბედე იმის შიშით, რომ ვერ ვიცნობდი. ისიც გამოჩნდა. ქუჩის თავში შუქნიშანმა ფეხით მოსიარულეთათვის წითელი ფერი აანთო და ეკატერინე ფანცქველაშვილიც შეჩერდა. ოდნავ წინ გადაიხარა, ერთი ფეხი განზე გადგა, ხელები ნახევრად გაშალა, თავი გვერდით მოატრიალა და გაშეშდა. კარგი სანახავი იქნებოდა…
აი, როგორ უნდა იქცეოდეს ეკატერინე ფანცქველაშვილი, რომ ადამიანმა აღიქვას: ნამდვილი მანეკენივით.

მას რომ ვინმე კეთილმოსურნე ჰყავდეს, ეტყოდა მანეკენი გამხდარიყო, ისეთი, საათობით მაღაზის ვიტრინებში რომ დგანან.

მანეკენი უდრტვინველი სახით გეუბნება _ მე წესიერი ვარ, აი, რა მაცვია, არ გინდა დამემსგავსო? ტთანსამელს დააკვირდები, შემდეგ სახეზე ეჭვის თვალით შეხედავ, მანეკენი კვლავ ცივად გიყურებს და გეუბნება _ მე არ გეხუმრებიო.

მადლობას უხდი თუ ლანძღავ, აკვირდები თუ გვერდს ჩაუვლი, მანეკენისთვის სულ ერთია, მაინც თავისას გაიძახის _ წესიერი ვარ, აირჩიე ჩემი ცხოვრების წესი! კონტაქტში არ შემოდის. ეკატერინე ფანცქველაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აკლია, რომ ნამდვილი მანეკენი გამოვიდეს.

კარგი მანეკენის ცხოვრების წესი მიმზიდველია, თავისკენ გიტყუებს. გინდა, რომ სხვებისთვის ისეთივე მისაბაძი გახდე, როგორიც შენთვის მანეკენი.

ამასობაში იგი მაღაზიას მოუახლოვდა. ქალაქის ალიაქოთსა და ჭუჭყში მის ტანსაცმელზე მტვრის ნამცეცს ვერ იპოვნიდა კაცი. უზომოდ პრეტენზიულია.

მას თან ქალი ახლდა. ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ უცნობი ეკატერინე ფანცქველაშვილზე გაცილებით მოხდენილი და ლამაზი ჩანდა. როგორც გამოირკვა, დედამისი ყოფილა. შვილი დედას ფერადი ჩრდილივით მიჰყვებოდა კუდში.

მოსვილის მიზეზი ეკატერინეს დაბადების დღე იყო. დედამისმა სათითაოდ თანამშრომლები წვეულებაზე დაპატიჟა. ყველა გამხიარულდა. ასეთი რამ კოლექტივში იშვიათად ხდება _ თითქოს არავინ დაბადებულა და მაღაზიაში ციდან ჩამოფრინდნენ. ჩემთან არ მოსულან.

მხიარულება სამუშაო დღის დაწყებისთანავე შეწყდა. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. ეკატერინე ფანცქველაშვილის დედა კი არ მიდიოდა. იგი მაღაზიის შუაგულში იდგა და ელოდა. ვიფიქრე, ჩემთან სურდა მოსვლა და ვერ ბედავდა. მაგრამ შევცდი. ალბათ მეც მანეკენი ვეგონე.

…რამოდენიმე წუთში ბუღალტერი გამოჩნდა. ეკატერინე ფანცქველაშვილმა _ რომელიც თურმე იქვე ყოფილა და ვერ ვამჩნევდი _ ჩუმად გადაულაპარაკა დედამისს. დედამ ბუღალტერი ხარბად შეისუნთქა. ეტყობა მასაც წვეულებაზე პატიჟებდნენ. ახლა დედა გასათხოვარი, მონდომებული გოგონასავით იქცეოდა. იმდენად თამამი და ამავე დროს მრცხვი იყო მისი ყოველი ჟესტი, არ შეიძლებოდა არ აღფრთოვანებულიყავი.

ერთ კაცს უთქვამს, რომ ქალის სილამაზესთან ერთად იზრდება მისი სიმორცხვის შეგრზნებაო. მე კი დავძენდი: ლამაზი ქალის ოცნებაა, იყოს მორცვი. ვისაც ბავშვობაში თავისდა უნებურად სიმორცხვე გამოუმუშავდა, შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობს ამ მარწუხებისგან განთავისუფლებას. თანდაყოლილი სიმორცხვე ხელის შემშლელია, ის სრულიად საპირისპირო შედეგს იღებს მაშინ, როდესაც ქალი ამ გრძნობას იძენს ქალიშვილობის შემდეგ; თუ გნებავთ, სწავლობს. გრძნობის შესწავლა _ არა მარტო სიმორცხვის _ ადამიანს საინტერესოს ხდის, რადგან შესწავლილი და გამოყენებული გრძნობის მხოლოდ დადებითი მხარე ჩანს. შეძენილი სიმორცხვის გრძნობა ხშირად კეკლუცობაში გადაიზრდება. ლამაზ ქალს ეს უხდება, შეუხედავს კი სასაცილოს ხდის.

ბუღალტერი დედით მოიხიბლა. დედა ამას მიხვდა და საუბარში ქალიშვილი ჩააბა. სამწუხაროდ , ეს იმდენად ხელოვნურად გამოვიდა, რომ ბუღალტერი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მეგონა, მან ხეირიანად მხოლოდ იმ წამს შეხედა ეკატერინე ფანცქველაშვილს.

კიდევ კარგი, რომ ეკატერინე ფანცქველაშვილი უბრალოდ მორცხვია.
სახელი “ეკატერინე ფანცქველაშვილი“ ატრიბუტად იქცა; ატრიბუტი შინაარსის განმსაზღვრელია. იგი იმდენად გამოიკვეთა და განსახიერდა, რომ დაკვირვებული თვალი ატრიბუტიკის კონტურებსაც გაარჩევდა. უკან გადაინაცვლა მისმა პიროვნებამ. ეკატერინე ფანცქველაშვილი საკუთარი სახელის ტყვეობაში მოექცა. აქ კი თავი იჩინა ატრიბუტიკის უარყოფითმა მხარემ _ მას სამსახურში მეგობარი არ ჰყავდა. იგი კოლექტივს ვერ შეეთვისა. სახელი განყენებულ ცნებად გადაიქცა და ვერავის
წარმოუდგენია მასთან მეგობრობა. შიშნარევი პატივისცემა თბილ მეგობრულ გრძნობებს თავისთავად გამორიცხავს.

ერთხელ ბუღალტერმა თქვა, რომ მის მაღვიძარას ზარი გაუფუჭდა და დილით აღარ რეკავდა. თანამშრომლებმა ახალი საათის შეძენა ურჩიეს, მაგრამ ბუღალტერი თავისას არ თმობდა _ სხვა მაღვიძარას ხმაზე ვერ ვიღვიძებო.

ჩვენი ბუღალტერი იმდენად ობიექტური ტიპია, რომ სულ აღშფოთებული დადის, ალბათ, ასეთი არაობიექტური სამყაროს შემხედვარე. მაშინაც აღელვებული ჩანდა. ეტყობა ფიქრობდა, რომ მაღვიძარასგან ასეთ არაობიექთურ საქციელს არ იმსახურებდა. ეკატერინე ფანცქველაშვილმა გამოკითხა საათის მარკა, გამოშვების ადგილი. რამოდენიმე დღე ბუღალტერი იგვიანებდა. ახალი სამუშაო კვირის დაწყებისას ეკატერინე ფანცქველაშვილმა სწორედ ის საათი მაღვიძარა მიუტანა და მოუბოდიშა, რომ ადრე ვერ შეძლო შოვნა. ბუღალტერი დაიბნა, ვერ მიხვდა, რითი იმსახურებდა თანამშრომლის ასეთ ყურადღებას. მისი ობიექტურობით თუ სამყაროს არაობიექტურობით და ეკატერინე ფანცქველაშვილს საათის საფასური შესთავაზა. ფანცქველაშვილს გულზე მოხვდა და უფრო განაპირდა. თანამშრომლებსაც უფრო შეეშინდათ მისი.

ეკატერინე ფანცქველაშვილს აქვს არაბუნებრივად თეთრი კანი, სხარტი ნაკვთები, ოვალური სახის მოყვანილობა, საფეთქლებთან ყბები უფრო განიერია ვიდრე ყურები; სწორად დახრილი წვეტიანი ცხვირი და თხელი ტუჩები, რომელიც მალავს მოყვითალო, მეჩხერად განლაგებულ კბილებს; ნიკაპი იმდენად გრძელია, რომ ლამის ხორხამდეა ჩამოზნექილი; თვალების ფერი ღია მწვანეა და სხვადასხვა მიმართულებით ანათებს. თითის ტოლა წამწამები საუბრისას ერთმანეთს ეხეთქება და დროდადრო გეჩვენება, რომ მათი ხმა გესმის. შავი თმები შუბლს მთლიანად მალავს და თვალებში ეყრება, კეფაზე კი აწეული და აბზინდითაა შეკრული; ყურებიდან დაშვებული დახვეული კულულები მხრებამდეა ჩამოშლილი, ევროპაში საახალწლო ნაძვის ხის მოსართავი ფერადი დაგორგილი ლენტების მსგავსად.

ვარცხნილობა იმდენად პრეტენზიულია, რომ მისი შემკვრელი ნამდვილად ქალწული იქნება. თვითოეულ დეტალში გაანგარიშება და ხაზგასმული წესრიგი ჩანს, თვით ჩამოშლილი თმის ნაწილზეც კი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მუდამ მოძრავი კულულიც პატრონის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და მის გარეშე გაქანების უფლებაც არა აქვს.

ყველაფერი თავის ადგილზეა: თვალები, ცხვირი, ნიკაპი, ყურები, ტუჩები… ყველა პირობაა შექმნილი, რომ აღსაქმელი იყო. მაგრამ არა!

…როგორც აკვარიუმის მღვრიე წყალში მოცურავე თევზი. დიდი ხნის გამოუცვლელი წყალი იმღრევა და ერთმანეთში გარდამავალ ჭაობისფერ მწვანე-მოყავისფრო ფერს იღებს. საკმარისია, აკვარიუმს ანთებული ნათურა მიუშვირო, რომ წყალს ყვითელი ფერი დაერთვება და მოცურავე ოქროსფერი თევზი ნისლში გაეხვევა. თევზს ვერ აღიქვამ, რადგან იგი ჰარმონიულად შეესაბამება მოცემულ მიკრო გარემოს. წყალიც სახეს იცვლის და აღარ აღიქვამ მას როგორც თევზის საცხოვრებელ ადგილს.
თევზი და მღვრიე წყალი იმდენად შეესატყვისებიან ერთმანეთს, რომ ორი დამოუკიდებელი ერთეულისაგან იქმნება ორერთობა. ძალაუნებურად იკითხავ: თევზი დაცურავს წყალში თუ წყალი აცურავებს თევზს? ჯიბრზე სურვილი გიჩნდება მონისნული თევზი დაინახო და დააფიქსირო.

ჯიბრზე გინდა უყურო ეკატერინე ფანცქველაშვილს და აღიქვა. ახლა ეკატერინე ფანცქველაშვილი იმდენად ყოველდღიურია, რომ შეიძლება მიამსგავსო იმ საგანს, რომლის ფონზეც მას ხედავ.
მაგალითად: ეკატერინე ფანცქველაშვილი ხან მაგიდას ჰგავს, ხან წიგნების თაროს, ხანაც სავაჭრო დახლს ან უბრალო საწერ კალამს. ესაუბრები თუ ჩუმად ხარ, აკვირდები თუ უცქერ, ვერ ხედავ. არავითარი ხელმოსაჭიდი თვისება არ გააჩნია. დედამისს ნათლად ხედავ, მას კი ვერა, თითქოს ფოკუსს მიღმაა დარჩენილი.

ბუღალტერმა ფანცქველაშვილის დედა კარებამდე მიაცილა. დედა ყველას ხმამაღლა გამოემშვიდობა და გარეთ გავიდა. დედა-შვილი ერთ ხანს ვიტრინის წინ იდგა და საუბრობდა.

რა შეიძლება დაამატო, რომ ოდნავ აღსაქმელი იერი მიეცეს? რა დეტალია საჭირო, რომ აღარ იყოს ასეთი ბუნდოვანი? სახის ფორმა შეცვალო? ნიკაპი რომ დაუმოკლო? თვალის სიმრუდე რომ გაუსწორო? კანის ფერი რომ გაამუქო? ფეხები რომ დაუგრძელო? ტუჩები რომ გაუსქელო? მკერდი რომ გაუზარდო? მეორე ცხვირი რომ მიაბა?

ეკატერინე ფანცქველაშვილი დედამისს რაღაცას გაცხარებით უმტკიცებდა. შემეცოდა იმდენად უსუსური იყო მისი გაბრაზება. ეტყობა ფიქრობდა, რომ ბუღალტერისგან ასეთ არაობიექტურ საქციელს არ იმსახურებდა. აღშფოთებულმა საუბრისას თვალებში ჩაყრილი თმები მოიცილა და შუბლი გამოაჩინა. მის სახეს შუბლი აკლდა!!!

სურვილი გამიჩნდა მეყვარა _ ეკატერინე ფანცქველაშვილო, თმებს ხელი აღარ ახლო, შუბლი გიჩანდეს, რომ აღარ იყო ასეთი აღუქმელი! მაგრამ თავი შევიკავე. ვერ მიხვდებოდა. . . არადა როგორ სჭირდება მას შუბლი.

ეკატერინე ფანცქველაშვილს შუბლი რომ მისცე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. აღარავინ განუდგება, აღარ იგრძნობს თავს მარტოდ, ბუღალტერიც სხვა თვალით შეხედავს… მაგრამ დედამისმა თმები კვლავ შუბლზე ჩამოუყარა. ახლა შუბლი კი არა, თვალებიც აღარ ჩანდა; ჭკუის დამრიგებლური ტონით დაემშვიდობა და წავიდა.

ეკატერინე ფანცქველაშვილი მარტო დარჩა და დიდხანს იდგა აღუქმელი ფერადი ჩრდილივით. ალბათ როგორც ბუღალტერი, ობიექტურია და მიხვდა, რომ ცხოვრება მას უსამართლოდ მოექცა.
გამიხარდა, რომ გარეთ არ გავედი და აქ, ვიტრინაში ვიმჯობინე ყოფნა.

ტეგები: ,


%d bloggers like this: