ალეკო შუღლაძე – სამსარა

წერილი მოვიდა:

გახსოვს, ერთხელ ნაწყვეტი რომ გამოგიგზავნე ალეკო შუღლაძის “სამსარადან”? დღეს წავაწყდი სულ რაღაც ორ ლარად მის მოთხრობებს და წავიკითხე კიდეც ზოგიერთი.მე მომეწონა.

აბა ნახე თუ მოგეწონება. სხვათაშორის ამისი არაფერი შეიტანეს, დაჯილდოება რომ იყო მწერლების და საკმაოდ განაწყენებული დარჩა, რასაც მე მინუსში ვუთვლი. კარგად წერა მაინცდამაინც იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მერე დაგაჯილდოონ.

აი სად ჟენია (იგულისხმება პოეტი ევგენი ვადაქარია – რედ.) და სად ჯანსუღ ჩარკვიანი, მაგრამ ამ უკანასკნელს ჰონორარებსაც კი აძლევდნენ. ჰმ…

გადავწყვიტე ქართულად ავკრიფო,იმიტომ რომ ასე უფრო კარგი წასაკითხი მგონია.:)
—————-

ექსპოზიცია

ბერი-რას იტყვი,თუ მე შენთან მოვალ არაფრით
ძესიუ-დააგდე ეგ მიწაზე
ბერი—ხომ გითხარი,რომ არაფერი მაქვს,რაღა უნდა
დავაგდო?
ძესიუ-თუ ეგრეა, მაშინ თან ატარე!

ძენ-ბუდისტური მონდო

დანიელი. მე ვარ დანიელი. ვბანაობ დღეში ორჯერ. დილას ცივი წყლით. საღამოს კი ცხელით. მიყვარს ნისლიანი ამინდი. მკერდზე ამოსვირინგებული მაქვს თევზი. თევზაობა არ მიყვარს. მყავს მეუღლე, რომელიც ამ წუთში აქ არ არის. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.
ბ-ნი ემილი. მე ვარ ემილი, დანიელის მეგობარი. მან არ იცის, რომ ახლა მტკივა მუცელი და აშლილი მაქვს კუჭი. ვარ მასწავლებელი. მიყვარს პიტნა და არ მიყვარს ძილის წინ სეირნობა. ცოლი არ მყავს და არც არასოდეს მყოლია. მყავს მოხუცი მამა. მამაჩემი დამნაშავე არ არის. რაც შეეხება დანიელს, შეიძლება ითქვას, რომ ის არასოდეს მიექანებოდა უფსკრულისაკენ. იგი კეთილი უფროა ვიდრე ბოროტი; იგივე შეიძლება ითქვას ჩემზეც.

ქალი. მე მანუელის ცოლი ვარ. მიყვარს ქმარი. უფრო კი შვილი ჩემი. პატარა მანუელი. ვაწოვებ ძუძუს, ვეფერები მუცელზე და ვუკოცნი ლოყებს. ის რომ მომიკვდეს, მეც მოვკვდები. მეშინია დაბურული ტყის, შიშველი კედლის დიდხანს ყურების, ფართე და ღრმა მდინარეზე გადებულ ბეწვის ხიდზე გავლის. არ მიყვარს სოკო. მიჭირს თქმა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. მე მეძავი არ ვარ და არც ჩემი ქმრის მონა. მიყვარს ცეკვა და არ მიყვარს ღამის ქარი.

მანუელი. ჩემი მეუღლე ფსიქიურად ჯანმრთელია. აი ცნობა. ვცხოვრობთ ტყეში, მთაზე. არაფრის მეშინია. ბავშვობაში კრამიტების მტვრევა მიყვარდა. ბუზისათვის არასოდეს დამიგლეჯია ფრთები. ბუზები არ მიყვარს. უდანაშაულო ვარ, არა ვარ ბოროტი. რა ჩემი ბრალია, თუ ჭა აქედან ასე შორსაა? წყალი ჩემს ცოლს მოაქვს. ის არ არის მონა და არც მეძავი. მიყვარს ცეკვა და არ მიყვარს ქარი. შვილი ჯერ არ გვყავს. აქ რომ ზის,ეს კაცი ჩემი მეგობარია. რატომ ხარ ჩუმად? თქვი რამე.

კაცი. შენ ხომ იცი, რომ მე მუნჯი ვარ? და მინდა გკითხო, რა ვთქვა და როგორ ვთქვა, როცა მუნჯი ვარ? ვერ გეკითხები, იმიტომ რომ მუნჯი ვარ.

მანუელი. ჩემი მეგობარი მუნჯია და იგი ვერაფერს გეტყვით.

მანუელის ცოლი. მანუელის მეგობარი მუნჯია და ვერაფერს გეტყვით.

მამა. შვილს თოფი ვაჩუქე, ერთლულიანი. დღეს დილით, მზის ამოსვლამდე. ვიცი, ნადირობა არ უყვარს. მიხარია. საჭმელი ისედაც თავზესაყრელი გვაქვს. მიყვარს ღინღლი მის ტუჩებზე. არ მიყვარს ქოსა ადამიანი. პირს ვიპარსავ ყოველ დილით. მიყვარს ის ქალი, ტბასტან რომ ცხოვრობს. განა დამნაშავე ვარ, ის რომ დაქვრივდა? შვილს თოფი ვაჩუქე. დღეს დილით მზის ამოსვლამდე. და ერთი ყუთი კოხტა ვაზნების. იმ ქალს კი, ტბასტან რომ ცხოვრობს, არ უყვარს ტბა. არ უყვარს ჭუჭყიანი ზეწარი და არც თავის ქმრის საფლავი. არც მე ვუყვარვარ და არც ჩემი შვილი. ჩემს ბიჭს არ უყვარს ნადირობა, და ის ამაში დამნაშავე არ არის.

შვილი. მე ვარ შვილი. მამა მამას მეძახის. ვსწავლობ სკოლაში. სკოლის მერე გაკვეთილებს ვამზადებ. ვფიქრობ იმ ქალზე, ტბასთან რომ ცხოვრობს. მიყვარს ის ქალი. არა მყავს დედა. არ მიყვარს ნადირობა. თოფი ლამაზია, მამასავით ძლიერია. მიყვარს კარაქიანი პური და მტრედის წითელი ფეხები. როდესაც მტრედს წითელი ფეხები არ აქვს, მაშინ არც მტრედი მიყვარს და არც კარაქიანი პური. მიყვარს ცურაობა და ის ბიჭი, გოგოსავით კარგი კანი რომ აქვს. არ მიყვარს სიბნელე და გადამწვარი ნათურა. მამამ არ იცის, ნადირობა რომ არ მიყვარს. ეს მისი ბრალი არ არის.

ალექსანდრე. მე მქვია ალექსანდრე და აქვე მინდა განვაცხადო, რომ დამნაშვე არა ვარ. ვცხოვრობ ქალაქში. მთავარ ქუჩაზე.ქუჩიდან მტვერი შემოდის და ამიტომ ფანჯარა არასოდეს გაგვიღია. მიყვარს სისუფთავე. აი ისეთი, როგორიც აშრამშია. ექვსი საათის ძილი არ მყოფნის. წვერს ვიპარსავ კვირაში სამჯერ. ლოყა არასოდე გამიჭრია.ვინმემ რომ მითხრას ყოველ დილით ექვს საათზე ადექი და უბრალოდ ერთი ჭიქა წყალი უნიტაზში ჩაასხიო, ალბათ ვერ შევძლებ. სასმელებიდან მიყვარს ლუდი. მიყვარს თვითმფრინავით მგზავრობა. ილუმინატორიდან ყურება არ მიყვარს, ღრუბლები მეტი არაფერი ჩანს… ჰო,კიდევ მიყვარს ბეღურა.

ანა. პარკში ვიჯექი. კიერკეგორის რომანს ვკითხულობდი. გვერდით მომიჯდა: მიყვარს ზღვა და არ მიყვარს გემით მგზავრობა, თავი მტკივდება და გული მერევაო. შუა ზღვაში, გემზე მეც იგივე მემართება. ამ წუთში კი თქვენთვის არ მცალია. კიერკეგორის რომანს ვკითხულობ მეთქი. წიგნები არ მიყვარს და არც დღიურების წერა-მიპასუხა. მეორე დღეს სახლთან დამხვდა. ხელში ქილა ეჭირა, არაჟნით სავსე. მითხრა:ეს არაჟანია. თუ გაქვთ ცოტაოდენი კარტოფილი, ცოტა მწვანილი, დამიჯერეთ, მშვენიერ სალათას გავაკეთებთ. თქვენ ხომ წიგნები არ გიყვართ და არც დღიურების წერა?-ვკითხე. ორი დღის შემდეგ კვლავ სახლის კარებთან დამხვდა. წავიკითხე ეგ თქვენი რომანი და შემიძლია თავიდან ბოლომდე მოგიყვეთო. სახლში დავპატიჟე და შემწვარი კარტოფილით გავუმასპინძლდი. ცეკვისას ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:სად არის შენი საწოლი? ხელი საძინებლისაკენ გავიშვირე და ვთქვი:აი იქ. პერანგის ბოლო ღილი გამიხსნა და მკითხა:ვალერიანის წვეთები ხომ არა გაქვს? აღგზნებული ვარ და იქნებ დამაწყნაროსო. მოვუტანე. დალია. თავი ბალიშზე დადო და თქვა:რა საშინელებაა,როცა ადამიანს ჰო-სა და არა-ს გარდა არაფრის თქმა არ შეუძლიაო.

ედგარი. ედგარი მქვია. გარეუბანში ვიშენებ სახლს. ვცხოვრობდი ქალაქში, მაღალსართულიან შენობაში. მეშინია ლიფტის და ამიტომ გარეუბანში ვიშენებ სახლს. ყველაფერი რიგზეა. მთავარია არ მოხდეს მიწისძვრა. საჭმელებიდან მიყვარს ახალი ნიგოზი, რძე და შემწვარი კარტოფილი. სასმელებიდან ლუდი. მიყვარს ცხენები. ვბანაობ ორჯერ:დილას ცივი, საღამოს კი ცხელი წყლით. ცხოველებს არ ვაწვალებ. მიყვარს აცეტონის სუნი. ვაშენებ სახლს ისეთს, მიწისძვრა რომ არ მოერიოს. არ მიყვარს ცივი ქარი. მიწისძვრა რომ იყოს, არ ვიცი როგორ მოვიქცევი.. ალბათ გავიქცევი.

გაბრიელი. მწერალი ვარ.ბევრი თქვენთაგანი მიცნობს. ეს მე მეკუთვნის მოთხრობა:”ამბავი იმ კაცისა,რომელიც სულ გაიძახოდა უჰ, უჰ, უჰ”. შუაღამის მერე აღარ ვმუშაობ. ვიცნობ ადამიანს, რომელსაც არც ხელები აქვს და არც ფეხები:ყრუა,მუნჯი და ბრმა. მასტან კავშირი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ ხელს თუ შეახებ მუცელზე ან სახეზე…მოეფერები. თუ გაბრაზდი და ნერვებმა გიმტყუნა, შეგიძლია გადმოატრიალო და ზურგზე წკეპლა გადაუჭირო. დედამისმა მითხრა,ზოგჯერ ესეც სიამოვნებსო. არ მიყვარს საავადმყოფო. განსაკუთრებით საავადმყოფოს საპირფარეშო. მიყვარს დელფინი, მისი ხმა და მისი მუდმივი ღიმილი.

პოლიციელი. ვიცოდი სადაც იმალებოდა. ეს ლოგიკურად გამოვთვალე. სადარბაზოში დავიმალე, კიბის ქვეშ. დიდხანს ველოდე. ღამე ჩამთვლიმა კიდეც. სიზმარი ვნახე….ვერ ვიხსენებ. როგორც კი გვერდით ჩამიარა, კონდახი ჩავარტყი კეფაში. დაეცა. ბორკილები დავადე და მანქანაში შევათრიე. დავძარი და სიჩქარეს ვუმატე. მივქროდი. ათი წუთის შემდეგ გონს მოეგო. ატირდა. ყველაზე ძალიან რა გიყვერს მეთქი, ვკითხე. ჯერ ხმა არ გამცა, მერე მთხოვა, გამიშვი, ხომ იცი სიკვდილი არ ამცდებაო. არ შეცდა, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

ფოტოგრაფი. მაქვს წაბლისფერი თვალები, ოდნავ გრძელი ცხვირი და საშუალო ზომის ყურები. ამბობენ, ვისაც დიდი ყურები აქვს, ის დიდხანს ცოცხლობსო. უდანაშაულო ვარ. არ მიყვარს სარკეში ცქერა. ძილის წინ არასოდეს ვჭამ. წყლის დალევა დიდი ჯამით მიყვარს, ასე უფრო გემრიელია. მეგობრები დამცინიან იმის გამო, რომ დიდი მაბია. ჩემს ძმას პატარა აქვს, მაგრამ მასაც დასცინიან.

ქერათმიანი. იცოდა, სადაც ვიმალებოდი. ეს მან ლოგიკურად გამოითვალა. სადარბაზოში დაიმალა, კიბის ქვეშ. დიდხანს მელოდა. ღამე ჩასთვლიმა კიდეც. სიზმარი ნახა. გვერდით ჩავუარე. კონდახი ჩამარტყა. დავეცი. ბორკილები დამადო და მანქანაში ჩამსვა. დაძრა და სიჩქარეს უმატა. ავტირდი. ყველაზე ძალიან რა გიყვარსო, მკითხა. ჯერ ხმა არ გავეცი, მერე კი ვთხოვე, გამიშვი, ხომ იცი სიკვდილი არ ამცდება მეთქი. არ შევცდი. სიკვდილი მომისაჯეს.

მოსამართლე. ახლაც არ ვიცი, რისთვის გავასამართლეთ ის კაცი:იმისთვის რომ პლაჟზე ადამიანი მოკლა. თუ იმისთვის, დედის დასაფლავებიდან მეორე დღეს შეყვარებულთან ერთად ზღვაში რომ იჭყუმპალავა და საღამოს კინოში წავიდა, რაღაც სულელურ კომედიაზე. ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მოსკოვი, შანხაი, ტოკიო—მილიონობით, მილიონობით ადამიანი. ცხოველები, ფრინველები, მწერები, თევზები… ძალიან მიყვარს შვილიშვილი. გუშინ ასანთით თამაშობდა და თითები დაიწვა. ამბობენ ჩევნი ეპოქა კიდევ 400 000 წელი გაგრძელდებაო.

დაბალი. არც ისე დაბალი ვარ. მეზიზღება ქონით გაპოხილი ჭიქა და ის არაყი, გუშინ რომ დავლიე ქონიანი ჭიქით. სასმელებიდან მიყვარს არაყი. არ მიყვარს რძიანი ბრინჯი. ჩემი ცოლი მერვე თვეში იყო, როცა ექიმმა ნემსები დაუნიშნა. ნაყოფი არანორმალურად ჩამოყალიბდა და გამოსაძევებელიაო. ბავშვის გვამი შავ, გამჭვირვალე პარკში ჩამიდეს. პარკი-მუყაოს ყუთში და გასაკვეთად გამატანეს ლაბორატორიაში. მივდიოდი და სიტყვა “ნაყოფზე” მსხალი მახსენდებოდა. ნაყოფის წითელ კანზე შემწვარი გოჭი, ხოლო მუყაოს შავ ყუთზე – შავი ლაკის ფეხსაცმელები. არც ისე დაბალი ვარ. მეშინია ცოფიანი ძაღლების. ერთი კვირის წინ კედები გადავყარე, ფეხებს მიოფლიანებდა.

ჯარისკაცი. არ წავქცეულვარ და არც ფეხი მიღრძია. უბრალოდ დავიღალე. ტბასთან წყალი დავლიე და სირბილი განვაგრძე. შინელი გავიხადე და გადავაგდე. გადავაგდე სავაზნე და თოფიც ზედ მივაყოლე. ტყე არც ისე დაბურულია, მაგრამ ბილიკი, რომელსაც მივყვები, ხან მარჯვნივ უხვევს, ხან მარცხნივ. ერთ ადგილას უკან მიბრუნდა, იქით საიდანაც მოვრბოდი ალბათ სადმე კვლავ იცვლიდა მიმართულებას. მაგრამ შემეშინდა და გზიდან გადავედი. საბედნიეროდ კვლავ ვიპოვე სხვა ბილიკი. შეიძლება იგივეა და ტყუილად ვიბოდიალე ტყეში. მზე როცა ჩავა, არ ვიცი, რას ვიზამ. ბილიკის გარჩევა თუ შევძელი, ორიენტაცია მთავრეზეც შეიძლება. არა,ვფიქრობ ღამე გავჩერდები. შეიძლება ხეზე ავძვრე, გავიტრუნო და ის მაინც გავიგო, მომდვს თუ არა ვინმე. თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევენ. გზა რამოდენიმე ადგილას ორად გაიყო და იმედია, არჩევაზე დროს დაკარგავენ. ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ჭკვიანი მეთაური ეყოლებათ. თუ ქალაქს მივაღწიე, ვიცი სადაც დავიმალები. ისინი ხვდებიან ამას, შეიძლება ამ წუთას იგივე გაიფიქრეს და სირბილს უმატეს. სუნთქვა მიჭირს. ბევრი წყალი არ უნდა დამელია.

მოხუცი. გინდ დამნაშავე ვიყო, რა მერე? ერთი წლის მანძილეზე ჩემმა საჯდომმა ნემსის ათასამდე ჩხვლეტა აიტანა. თვალთ ისე დამაკლდა, რომ გამადიდებელი შუშითაც ვერაფერს ვარჩევ. მზიან ამინდში ბაღში ვზივარ და ჩიტებს საკენკს ვუყრი. მახსოვს ერთხელ შეყვარებულთა წყვილი მომიჯდა. დიდხანს კოცნეს ერთმანეთი. შემდეგ სპერმატოზოიდებზე, ოვულაციის პერიოდზე და ჩასახვა-განაყოფიერებაზე დაიწყეს საუბარი. წასვლას ვაპირებდი, რომ უცბად ხველება ამიტყდა. მანამდე ვახველე, სანამ პირიდან პროთეზი არ გადმომვარდა და მიწაზე არ გაგორდა. ჭლექი მჭირს და თავს ვერ ვიკავებ მეთქი, ვუთხარი. ნუ სწუხარ, ეგეთი რაღაცეები ჩვენ ცხოვრებას ვერ შეგვაძულებსო, მომაძახეს შორს წასულებმა.. არ მიყვარს ცივი, უშაქრო ჩაი. არც ის მიყვარს, ვისაც არ სჯერა, რომ არ მიყვარს ცივი უშაქრო ჩაი.

ქრისტინე. მეშინია და ჩემთან დარჩიო. თვალი რომ გავახილე, ფანჯარასთან იდგა. ჯერ არ გათენებულა მეთქი. ჰო-დამეთანხმა და მერე მკითხა:შენ დარწმუნებული ხარ, რომ მიცვალებულს ფრჩხილები დავაჭერით?

ვაშლის ხე. მე ვარ ვაშლის ხე. მიირთვით ჩემი ნაყოფი. დაბარეთ და მირწყეთ მიწა ჩემს ფეხებთან და მიირთვით გემრიელი წვნიანი ვაშლი. გასხალით ტოტები, ისე, რომ ჩემი სხეულის ყველა ნაწილს თანაბრად დაეცეს მზის სხივი. შეწამლეთ იგი და კირი წაუსვით ჩემს ძირს, თუ ასე გნებავთ და შემდეგ მიირთვით ნაყოფი. აჭამეთ ბავშვებს და დაისვენეთ ჩემს ჩრდილში. ოღონდ ნუ დამიმტვრევთ ტოტებს, ნუ ივლით ჩემს გარშემო ცულით და შეძახილით:თუ ნაყოფს არ გამოისხამ, ძირში მოგჭრითო. მეშინია. მე ხომ ვერსად გავიქცევი. აქ დავიბადე და ფესვები ღრმად ნაქვს გადგმული იმ მიწაში, რომელიც არ მიყვარს.

აღმზრდელი. როცა დაგამთქნარებს, ეცადე დიდი პირი არ გააღო და ხელი აიფარე. თუ დაგაცემინა, ცხვირსახოცი მოიშველიე. ცხვირი თითებით არ მოიწმინდო და ნუ ისრუტუნებ. ხველების დროსაც ხელის ან ცხვირსახოცის აფარებას გირჩევ, რომ უნებლიეთ სხვას არ მიაფურთხო. როცა სუფრას გააწყობენ, მაგიდას პირველი ნუ მივარდები, როგორი მშიერიც არ უნდა იყო. პირველად ქალები დასხდნენ, შემდეგ კაცები. უმჯობესია მაგიდას მკლავებით არ დაეყრდნო. არც იდაყვებით, მხოლოდ მაჯები ჩამოსდე. მოემსახურე იმ ქალს, რომელიც შენს გვერდით აღმოჩნდება შესთავაზე სხვადასვა კერძები, დაუსხი სასმელი, ყურადღებას ნუ მოაკლებ, მაგრამ არც თავი მოაბეზრო. თუ კერძი შენგან შორსაა, თვითონ ნუ გადასწვდები. სთხოვე და გადმოგაწვდიან. როცა პირში ლუკმა გექნება, ნუ ილაპარაკებ; ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგად გაგიგონ; მეორე, პირიდან საჭმელი რომ არ ყარო; და მესამე, რომ არ გადაგცდეს და არ დაიხრჩო. შენც ნუ დაუსვამ შეკითხვას და ნუ გაუბამ საუბარს იმას, ვისაც პირი სავსე აქვს, რათა იგივე არ დაემართოს. როცა სასმელს დალევ, ტუჩების წკლაპუნს ნუ მოჰყვები, ცოტ-ცოტა შესვი და თავს კი ნუ გადასწევ ძალიან უკან, ჭიქა ასწიე. ჭიქას მაგიდაზე ნუ დაარტყამ, ნაზად დადე. ხმამაღლა არ ილაპარაკო, არ იცინო დიდი ხმით, არ ჩაცურდე სკამზე და ფეხები მაგიდის მეორე მხარეს არ გაჰყო.პიჯაკს ნუ გაიხდი, თუ დაგცხა და სხვა გამოსავალი არ არის, მოუბოდიშე იქ მსხდომთ, გაიხადე და ოფლი ცხვირსახოცით მოიწმინდე. თუ რაიმე ჩაგივარდა ძირს, იატაკზე, ძალიან ნუ შეიცხადებ და ნუ მოიკლავ თავს ძებნით. საერთოდ, ეცადე ცოტა დალიო, რათა არ დათვრე და რაც გასწავლე, ყველაფერი არ დაივიწყო. ეს დღეს, დანარჩენი ხვალ.

პირველი მესაფლავე. მაშ იმ ქალს ქრისტიანულად დამარხავენ? თავი რომ მოუკლავს?

მეორე მესაფლავე. გეუბნები, ქრისტიანულად მეთქი. ნუღარ უყურებ, თხარე საფლავი. ხელმწიფის მოხელემ აკი შეამოწმა და თქვა, ქრისტიანულად უნდა დაიმარხოსო.

იოანე. თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა. და მის გარეშე არაფერი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს. და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

1996 წელი

ტეგები: ,


%d bloggers like this: