აკა მორჩილაძე – კაიბიჭისცხოვრება@hotmail.com

ერთხელ კაი ბიჭებში ვიჯექი. მე თვითონ ვერა ვარ კაი ბიჭი, მაგრამ ასე მოხდა, რომ ვიჯექი. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ანუ პატიოსანი ბიჭი, ამიტომ, შესაძლებელია, რომ ერთიორჯერ, კაი ბიჭებთანაც მოვხვდე ხოლმე.

ესე, რო ვთქვათ, მე კი არ მოვხვდი იმათთან, ისინი მოხდვდნენ ჩემთან. ერთმა კაი ბიჭმა მოკითხვის ამბავში შემომიარა და თანაც ორი კაი ბიჭი ახლდა. იმ ორს არ ვიცნობდი, ეს კი ჩემი ძველი ნაცნობი იყო, თუმცა ნაცნობი არც ეთქმის. ნაცნობი კი არა, ბევრი დრო გაგვიტარებია ერთად ბავშვობაში.

სააგარაკო დრო იყო და აგარაკზე ვიყავით, ჰოდა კაი ბიჭებმაც იქ შემოიარეს. გაღმელი კაი ბიჭები იყვნენ, აქედანვე რომ იცოდეთ და არ იფიქროთ, რომ ფართე საზოგადოებისთვის ნაცნობი კაი ბიჭები იყვნენ.
თან საზამთრო და რამდენიმე ბოთლი არაყიც ესაგზლათ, რათა მოკითხვა- წამუსაიფება უკეთ გამოსულიყო და აივანზე დავსხედით.

როგორც წესია, ძირითადად მე და ჩემი მეგობარი კაი ბიჭი ვლაპარაკობდით, ის ორი ახლადგაცნობილი კაი ბიჭი კიდევ ჩუმად იყო და და ჩემს მეგობარს ეთანხმებოდა ხოლმე. საუბარი ინტერნეტს გადასწვდა.

ამის მიზეზი ის იყო, რომ კაი ბიჭებს ტოტალიზატორზე თამაში ჰყვარებოდათ და ჩემს მეგობარს შეეტყო, რომ, თურმე, ინტერნეტშიაც არსებობს ტოტალიზატორები. აქაურებთან თამაშს, არ ჯობია იმათ ვეთამაშოო, ამბობდა და მეკითხებოდა, როგორ მოხერხდებოდა ინტერნეტით თამაში.
აღმოჩნდა, რომ იმ ორმა კაი ბიჭმა არ იცოდა რა არის ინტერნეტი.

თქვენ თუ გიკვით, მე არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ აღარაფერი მიკვირს და საერთოდაც, ოცი წლის წინათ ჩვენი მთვრალი მეზობელი მეუბნებოდა, ჯინა ლოლობრიჯიდა გაიმასქნილი მყავსო. კვირა დღე იყო, ტელევიზორში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს” უჩვენებდენ, ის კი შემოეხეტა მთვრალი იმის იმედით, რომ მამაჩემი დაუხვდებოდა და ჭიქას შესთავაზებდა. შინ მარტო ვიყავი, ამიტომაც ლოლობრიჯიდას გადასწვდა. სისულელეა, მაგრამ ერთი წამით მაინც დავიჯერე. ასაკი მქონდა ასეთი და თანაც, რას გაიგებ? საბჭოთა კავშირი იყო მაინც, კვირა დღე, სკოლის მოწაფე და. . . რა გასაკვირი ის არის რომ ორმა კაი ბიჭმა ინტერნეტის შესახებ არაფერი იცოდეს?

იმათ ხომ თავისი საქმეებიც თავზე საყრელად აქვთ?
ჩემმა ნათქვამმა, რომ ინტერნეტი არის მსოფლიო საინფორმაციო ქსელი, ვერაფერი გაარკვია. რაც შემეძლო გასაგებად ავხსენი, მაგრამ, ამ ამბიდან დარჩა მხოლოდ ის, რომ რაღაც არის კოპიუტერში.
თანაც, შევატყვე, რომ დიდად არ ესიამოვნათ, მე რომ რაღაც გამეგება და ვუხსნი.

ჩემმა მეგობარმა კაი ბიჭმა დაატყო, რომ რამდენიც არ უნდა მელაპარაკა, ისინი მე ვერ მომისმენდნენ, რადგან უფრო იმას ფიქრობდნენ, ამან რა უნდა გვასწავლოსო და სრულიად გენიალურად აუხსნა რა არის ინტერნეტი:

-მე შენ ეს და ეს ვთამაშობთ პოკერს(პოკერი, როგორც საერთაშორისო თამაში ისე თუ აირჩია, იმიტომ რომ მსოფლიოში ბურას ბევრი არავინ თამაშობს. ის კი სწორედ ოციოდ წუთის წინ მიამბობდა, როგორ წააგეს მან და ამ სამიდან ერთ-ერთმა ბურაში თვრამეტი ათასი ვიღაცეებთან). დარიგდა. მე ვარ თბილისში, შენ ხარ მოსკოვში, ეს არი პარიზში , ეს კიდე სადღაცას (მეოთხე უცებ სახსენებელი ქალაქი, ვთქვათ ნიუორკი, ენაზე აღარ მოადგა). დარიგდა. და ვთამაშობთ. მე შემოვდივარ ჩიპს, მერე შენ შემოდიხარ, მერე კარტებს ვცვლით. ვთამაშობთ, კაროჩე. . .

-მერე თავანი?-იკითხა ერთ-ერთმა.
-რა თავანი?-გაუკვირდა ჩემ მეგობარს.
-თავანი როგორ ჩააქთ?

მთლად სულელი გამოდგა. მაგას რა მიხვედრა უნდოდა. თავისი მასტერკარდის ბარათის ნომერს და წაგებულ თანხას საჭირო ადგილზე ჩაბეჭდავენ და მიდიიი….. . თანხას ჩაბეჭდვა არც უნდა, თვითონ მოჭრის საჭირო პროგრამა. ეს უკვე მე მოვიფიქრე.

ეს ამბავი დიდად არ მოეწონათ, ესე იგი, თუ ბანკში ფული არა გაქვს, ვერ ითამაშებო.
ამან ჩემი მეგობარიც დააფიქრა.მერე კი თქვა:
-იასნია, თუ მაგ დონეზე თამაშობ, ბანკშიც ფული გაქ . . .
-ფუფლო აღარ ყოფილა. რო უნდოდეს, მაინც არ გამოუვა, დაასკვნეს იმათ. -მილიანერები ყოფილან. ეგ მარტო ფაშისტებს შეულიათ.
-იმენნა სერიოზულ იგროკებს, -განუმარტა ჩემმა მეგობარმა.
ამ ლაპარაკიდან მაინც ვერ გაიგებდი მოეწონათ თუ არა ინტერნეტი. მე ვცადე ელექტროფოსტის ამბავი ამეხსნა.
გაირკვა, რომ ფოსტა არ ჭირდებოდათ, მარამ მაინც მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ელექტრონით ხდება.
-ესე იგი, შუქი თუ არ არი, ეგეც არ არი.
მობილური ამჯობინეს, შუქი თუ არ არი ერთხანს მაინც მუშაობს და უკვე რეზბალნიცაზეც არი მობილურებიო. ინტერნეტი კი აბა როდის იქნებოდა რეზბალნიცაზე?

მთლიანად რომ მოვთვალოთ, კარგი, გულთბილი საღამო გავატარეთ. უკვე ბნელდებოდა, როდესაც თავიანთ გახუნებულ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კიდევ საზამთროს კანები ჩავალაგე პარკში და მეზობლის ღორებს გადავუტანე.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩემმა ცოლმა ყოვლად მოხერხებულად დაიძვრინა თავი კაი ბიჭების მიღებისგან. როდესაც ამ ჩემმა მეგობარმა დარეკა მის ტელეფონზე, ჩემმა ცოლმა უთხრა, სახლიდან შორს ვარ, დაქალის აგარაკზე, მაგრამ ჩემი ქმარი სახლშია და სიამოვნებით დაგიხვდებათო. ამის შემდეგ, მართლაც წაასხა ბავშვები თავის დაქალთან და მეც არ მივძალებივარ, აბა, ქალისთვის რა საინტერესოა, როცა ოცდარვაჯერ ეტყვიან, ჩემო დაიკოო და თანაც, ქურდების ცხოვრების შესახებ უამბობენ.

ეს ამბავი იყო და ღამით ისევ არ დარეკა ამ ჩემმა მეგობარმა კარგმა ბიჭმა ჩემი ცოლის ტელეფონზე? მისახვედრი ქათინაურების და თბილი მოკითხვის შემდეგ, ცხადია, მე მომითხოვა.

კარგად შემთვრალი იყო, უფრო მეტად, ვიდრე აქედან გავისტუმრე თანაც, რაიმე სხვა დაემატებინა, იმიტომ, რომ ხმა და სიტყვები თავის ნებაზე მიეშვა, რაც კაი ბიჭებში არცთუ გავრცელებული რამ არის.

საერთოდ კი, ის გამოირჩეოდა კაი ბიჭებისგან. კაი ბიჭი რომ არ ყოფილიყო, მართლა კარგი ბიჭი იქნებოდა, იმდენად წესიერი და ერთგული კაი ბიჭი იყო. კაი ბიჭობის აუცილებელ კანონად რომ მძიმე მარხვა შემოეღოთ, ერთხელაც არ გასტეხდა, რომელიმე შახსეი-ვახსეი რომ შექნილიყო საჭირო, იმასაც მოიმოქმედებდა. ჩიოდა ხოლმე, რომ კაი ბიჭობა უკვე სხვანაირად ესმით და გარშემო ყველაფერი იცვლება, ანუ ცუდისკენ მიექანება.

ჭკუაში დაჯდომოდა ინტერნეტის საკითხი, ბიჭო, აი, ეხლა რო წარმოვიდგინე მაგარი რამე უნდა იყოსო. მოკლედ, ეგებ როგორმე მართლა გამარკვიო რა არი, მარტო სათამაშოდ და ტოტალიზატორისთვის ხო არ მოიგონებდნენ ამხელა რაღაცასო. როგორც მივხვდი, წარმოედგინა, რომ მთელი მსოფლიო ბოჭკოვანი კაბელებითაა დატოტვილი და ისიც წარმოედგინა რომ ეს კაბელები ისეთივე რამაა, როგორც სისხლძარღვები ადამიანის სხეულზე. ისე, კაცს რო ტყავი გააძრო და უყუროო, მითხრა. ეტყობა, თვალწინ სულა ამ კაბელებში გამოხვეული დედამიწა ედგა და ხედავდა მილიონობით ერთმანეთში გადაბლანდულ კაბელს. ამ ლაპარაკზე მივხვდი, არაყისთვის რა დაემატებინა და ამ საუბარში ჩავყევი, რადგან არ მინდოდა მისი ხილვები დამენგრია. რაღაც წარღვნისეულ სურათს ხედავდა იმ წუთში და სიმართლე ვთქვა, ვიცი ამ სურათების ფასი. თუ შიში, სხვანაირად კი იზმენა არ აეკიდებოდა, უსიამოვნო არაფერი ჩაუჯდებოდა თავში. ის უსაზღვრო ძალას გრძნობდა, ამ ბოჭკოვანი კაბელების იმედი ჰქონდა, თითქოს ამათ კალაპოტებში უნაპირო სიკეთე და იმედი მოედინებოდა.

სოფლად არც კომპიუტერი იყო და არც მოდემი, არც სხვა რაიმე ასეთი. ჩვენს სოფელში არ იყო ინტერნეტ კაფე, მხოლოდ კომპიუტერული თამაშების ფარდული მუშაობდა და ისიც ზაფხულბით. ამიტომ, ვუთხარი, ქალაქს რომ ჩამოვალ, დაგირეკავ და გაგარკვევ-მეთქი.

აგარეკზე პარასკევობით ამოვდიოდი ხოლმე, ორშაბათ დილით კი ისევ სამსახურისკენ, ანუ ქალაქისკენ გავწევდი, როგორც თფილისიელი კაცების წესია. მთელ კვირას ქალაქში ვიყავი, მაგრამ, ცხადია, არ დამირეკია, ან სად უნდა დამერეკა, ან რატომ უნდა დამერეკა.

პარასკევ დილით სამსახურში მომაკითხა, შენს ცოლს დავურეკე და მომასწავლა ეს ადგილიო. მცირედ დააბნია ჩვენი ოფის-მენეჯერი, რომელიც სულ არ იყო ნაზიარები კაი ბიჭობის სიტყვა-პასუხს და იმ ყაიდის ოფის მენეჯერი გახლდათ, ცხოვრებისეული გამოცდილებით კი არა, უცხოეთში მიღებული სწავლით რომ ცდილობენ შიდასაოფისე საქმეების მოგვარებას.

გვერდით მოვისვი და ახსნა დავუწყე. ან რა იყო ისეთი ასახსნელი, რომ დიდი სიბრძნე სჭირდებოდა. მცირე ზოგადი განმარტებების შემდეგ ვუთხარი, აი, ამ ცისფერ ე-ს დაჰკრავ ისარს დაგამოვარდება ფანჯარა, სხვანაირად კი ვინდოუ, რომელსაც ეწერება ან “გუგლი,” ან “ალტავისტა,” ან ”იაჰუ,” ან კიდევ რამე სხვა, იქ შიგნით პატარა ფორტოჩკა იქნება და იქ ჩაიწერ რაიმე სიტყვას ან ცნებას, მერე გვერდით დაჰკრავ ისარს და წავიდა მეთქი. ფორტოჩკაში “ლას ვეგასი” ჩავწერე და პრაქტრკულად ავუხსენი ყველაფერი. მივყევი და მივყები, მისამართების ამბავიც ვუთხარი, ფავორიტებისაც, წაშლის და ახალი ფანჯრების იქვე გახსნისას.

მოკლედ, ყველაფერი ვუამბე და დაიმახსოვრა კიდეც, თუმცა, ოდნავ შემცბარი ჩანდა, აქ ყველაფერი ინგლისურად ყოფილა და მე მაინც ვერაფერში გამოვიყენებო. რუსული საიტებიც ვაჩვენე, მაგრამ არ მოეწონა, მთავარი, ესე იგი, ინგლისური ყოფილაო.

ვიფიქრე გავართო-მეთქი და ი-მეილის გასნა ვასწავლე, თავადაც გავუკეთე მისამართი, თუმცა, საეჭვო იყო, რამეში დასჭირვებოდა.

კაიბიცჰისტსხოვრება@ჰოტმაილ.ცომ დავარქვით, ფასვორდის ამბავში კი თავად მოიგონა სიტყვა “განაბი” და ის ჩავწერეთ. დიდად გაახალისა ამ ამბავმა და რამდენიმეჯერ შევიდა და გამოვიდა თავის ყუთში. მერე, საჩვენებლად წერილიც გავუგზავნე, საპასუხო წერილის მოწერაც ვასწავლე და კლავიატურასთან გაშინაურებაც კი სცადა. აკრიფა, “რავა ხარ” და ჩემს მისამართზე გამოაგზავნა.

მეცადინეობა ამით დასრულდა და ის კმაყოფილი, თუმცა ოდნავ დაბნეული წავიდა. მერე კარგახანს აღარ გამოჩენილა, მიმავიწყდა კიდეც, იმიტომ რომ თვეობით არ ჩანდა, მხოლოდ ზაფხულში უხშირებდა ხოლმე შემოვლას.
უკვე აციებული იყო, ნოემბრის ბოლო, თუ რაღაც ამგვარი და შებნელებულზე სახლში მოვედი. იქ დამიხვდა, ყავისფერ ჯემპრში ჩაცმული და ულვაშებდამშვენებული, ცდილობდა ჩემს ქალიშვილთან ეთამაშა, მაგრამ ეს უკანასკნელი ორ სამ ნაბიჯზე ახლოს არ მიდიოდა, მას კი წამოდგომა ეზარებოდა, რომ დაეჭირა. საერთოდ, ბავშვები უყვარდა, მაგრამ სიმკაცრეს ემხრობოდა, ტყუილად ხომ არ იყო კარგი ბიჭი. ჩემს ვაჟს, მაგალითად, სულ უბღვერდა და ჭკუას ასწავლიდა. რა თქმა უნდა მეგობრულად, ოღონდ კაიბიჭური მეგობერობის ხერხებით და შეხედულებებით.

ჩემმა ცოლმა ჰოლშივე მითხრა, რომ ერთი საათის მოსულია და მელოდება, რადგან რაღაც საქმე აქვს. ცოტა დაელია და ჩვეულ ღლაბუცის ხასიათზე იყო, კარგი ხუმრობა იცოდა, ოღონდ იშვიათად ხუმრობდა, ახლა კი სასაცილოდ ყვებოდა კაიბიჭურ ამბებს.

ეგ რა ულვაში დაგიყენებია მეთქი, მეც ვკითხე, რადგან არ უხდებოდა ულვაშები და საერთოდაც სხვა, მეტად უბრალო ვინმეს ჰგავდა. საქმის ამბავიაო, ის თქვა, მივხვდი, ან ახალი გაძარცვული ჰყავდა ვინმე, ან დრედღეზე უნდა გაეძარცვა. ალბათ უკვე გაძარცვული ჰყავდა, რადგან ულვაშს სულ ახლად ამოკოკორებულობა ეტყობოდა. ამ ულვაშმა მაფიქრებინა, რომ ან ჩვენთან უნდა დასახლდეს რამდენიმე დღით, ან სხვა რაღაც საშიშარ ამბავში უნდა გავეხვიო. ისე, როგორც ერთხელ მოხდა, როცა ვიღაცეებტან გამატანა ორი სიტყვა, იმათ კიდევ წვრილად გამოკითხვა დამიწყეს, სად ცხოვრობო, ვინ ხარო და ასე დაუსრულებლად.

სამი წლის წინათ იყო ეს ამბავი და კინაღამ წავხდი. აბა, ეგეთი ლაპარაკისა რა გამეგება?
ახლაც რაღაც ასეთი უნდა ყოფილიყო და მისი ლაპარაკი არც კი მესმოდა, იმას ვფიქრობდი, რა მომელოდა. ის კიდევ ყვებოდა რაღაცეებს და სხვათა შორის, როცა ზრდილობის გულისთვის მოვიკითხე ის ორი კაი ბიჭი, ზაფხულში რომ მაწვია. ერთი იმათიცაო, იმათთან ყველაფერი გავაიასნეო, არაკაცობაში ვამხილე და საკადრისიც მივუზღე ქურდის წინაშეო. წაიბურტყუნა, ეგ ბოზებიო და აღარ გაუგრძელებია, რამაც კიდევ უფრო დამამწუხრა.

სათქმელს კი არ ამბობდა, თითქოს განგებ მაწვალებდა და მეც გულგაწვრილებული ველოდებოდი. ჩემი ცოლის სამგზის შეთავაზებაზე ეთქვა უიარი, ვერ ვივახშმებ, მეჩქარება და არცა მშიაო. მე მეოთხედ შევთავაზე და გამომიტყდა, სიმართლე გითხრა, ძალიან მეჩქარება, ქვემოთ, მანქანაში ერთი კაი ბიჭი მელოდება და წასასვლელები ვართო. მე, როგორც წესია, საათნახევარის მანქანაში მჯდომის ამოპატიჟება მოვითხოვე, მაგრამ ესეც იუარა, შენთან მაქ საქმე, იმასთან კი არაო. ჩემი ცოლი მიხვდა, ქალიშვილს ხელი მოავლო და ოთახიდან გაიყვანა.

გავიდნენ თუ არა, მან შესავლისა და მომზადების გარეშე მომახალა, ინგლისურის სწავლა მინდა და კაი მასწავლებელი მიშოვნეო. ამ ამბავმა იმდენად გამახარა, რომ ვეღარ გამაოცა. რაღაც საშინელებას ველოდი და იმიტომ.
ოღონდ ეგ ამბავი საერთოდ არავინ არ უნდა იცოდესო, საერთოდ არავინო.
აბა, რაღა რჩებოდა მისი გაღმური კაი ბიჭობიდან, ვინმეს რომ შეეტყო, “ჰედვეის” რვეულებით დარბის აქეთ-იქით და დროებსა და ზმნებს იზუთხავსო.

მე დახმარება აღვუთქვი, სამსახურში გავიკითხავ-მეთქი. ერთადერთ რამეს ითხოვდა, მასწავლებელი ქალი იყოს, სრულიად არ არის აუცილებელი, რომ ახალგაზრდა და ისეთი, მე რომ იოლად გადავიხვევ ხელზეო. რა თქმა ინდა, მივხვდი, რაც უნდოდა, მაგრამ იმანაც დამაფიქრა, იმ მასწავლებელს რა დაემართებოდა, ეს რომ წარუდგებოდა პირველ გაკვეთილზე. არ იფიქრო, რომ გადავაგდებ, თუ უნდა, ნახევარი წლის ფულს წინდაწინ მივცემო.
დამიბარა, ორ დღეში სამსახურში გამოგივლიო და დაუმშვიდობებლად წავიდა.

ის კაი ბიჭი იყო, მე კიდევ ცუდი ადამიანი ვარ. წავიდა თუ არა, ჩემი ცოლი შემოვარდა ოთახში, მომეცი, მე დავმალავ, ბავშვმა არ ნახოს სადმეო. ახსოვდა, ერთხელ რომ პისტოლეტი მომაბარა შესანახად.მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ინგლისურზე უნდა სიარული მეთქი. მეგონა ჩემი ცოლი გახალისდებოდა და იმიტომ ვუთხარი, მაგრამ სახე რომ მოეღრუბლა, ფიცება დავუწყე, არსად წამოგცდეს-მეთქი. სად უნდა წამომცდესო, კიდევ უფრო შეწუხდა, რატომ მოისურვა ინგლისურზე სიარულიო.

ეს ამბავი უცებ ვერ დავაკავშირე ინტერნეტთან და ახლაც მგონია, რომ ინტერნეტის გამო არ გადაეწყვიტა ინგლისურის სწავლა. რაღაც უნდოდა და ეს ინტერნეტიც და ინგლისურიც იქედან თუ გამომდინარეობდა.
მასწავლებელი კი იოლად ვუშოვნეთ. რა უნდა თბილისში ინგლისურის მასწავლებლის შოვნას? არც მთლად თანამედროვე იყო და არც ძველი ხერხების მიმდევარი. ყოველ მოთხოვნას დაჰყაბულდა, ჯგუფში ეს არ ივლიდა და მე თვითონ მოვიფიქრე, რომ ცალკე მეცადინეობა მომეთხოვა მისთვის. ქალი დაჰყაბულდა, ჩემი თანამშრომელი ელაპარაკა ტელეფონით და ყველაფერი მშვენივრად აეწყო. ორ დღეში შემომიარა და ამ მასწავლებლის ტელეფონი დავახვედრე. დავრეკავო, თქვა სერიოზული სახით და წავიდა. ეჩქარებოდა, მანქანაში ერთი კაი ბიჭი მელოდებაო.

იმის შემდეგ აგე რამდენი დრო გავიდა და აღარ მინახავს.
საერთოდ აღარ მინახავს, შუა ზაფხულია უკვე და არც აგარაკზე გამოჩენილა რომელიმე თანმხლებ კაი ბიჭთან ერთად, რათა ნაირგვარ საკითხებზე მოგვესაუბრა.

ერთ დღესაც სამსახურში აგარაკიდან წამოსული პირდაპირ სამსახურში მივედი და ჩვენმა მდივანმა მითხრა, უკვე ორჯერ დაგირეკა ვიღაც ქალმა და ბოლოს ტელეფონის ნომერიც დამიტოვა, როგორც კი მოვა, დამიკავშირდესო. გვარი და სახელი მეცნო, სწორედ ის ქალი უნდა ყოფილიყო, ეს ჩემი მეგობარი რომ მივაბარეთ ინგლისურის სასწავლად. სანამ დავრეკავდი, ვიფიქრე, რომ გადააგდო და ახლა ეს ქალი თავისი ჰონორარის მოპოვებას ცდილობს. ჩემს თანამშრომელს გამოვკითხე და მითხრა, კიო, შენ დაგეძებს ჩემი ნაცნობი ის ინგლისურის მასწავლებელი, შარშან რომ ვიღაც გავუგზავნეთო. ნომერს რომ ვკრეფდი, ვფიქრობდი, რომ ინგლისურის მასწავლებლის მეზობლის ბინა შეათვალიერა და ერთ ღამესაც გაწმინდეს მან და რომელიმე კაი ბიჭმა, ან სულაც შეცვივდნენ და სახლის პატრონები გაკოჭეს. ამიტომ, ვცდილობდი, ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავი დ აუკვე საჭირო პასუხებს ვალაგებდი თავში. თუმცა, როგორ იქნები ყველაფრისთვის მზად?

ქალს სასიამოვნო, იდუმალი ხმა ჰქონდა. ჩემის გამოთვლით, ორმოცდათორმეტი წლის იქნებოდა. შინაურულად, ისე მელაპარაკებოდა, ბევრი რამ რომ უნახავთ და განუცდიათ ცხოვრებაში, მაგრამ ოცნებებს რომ ვერ გადაჩვევიან. საქმე ჩვენს საერთო მეგობარს ეხებაო, ყოველგვარი ავი ინტონაციის და ნიშნისმოგების გარეშე მითხრა და შეხვედრა დამითქვა, სამწუხაროდ სატელეფონო საუბარი არ არის და უნდა შეგაწუხოო. რა შეწუხებაა-მეთქი, დავიღვარე, ოღონდ კარგი მაინც ცოტა ჩანდა ამ ამბავში, ამ ქალის ხმის გარდა, არაფერი იყო სანდო და საიმედო.

ზაფხული იყო და ქალაქში მყუდროება შეიგრძნობოდა, ვაკის პარკის თაღებთან შევხვდი. დიდად კულტურული ქალი იყო, რომ მოგეწონებათ ისეთი. სამ წუთში შევიტყვე, რომ ერთი შვილი ამერიკაში ჰყავს, მეორე ინგლისში. სხვაგვარს არც ველოდი “მონტე კარლოს” ეწეოდა და ძალიან ლამაზი, ძველი ჩანთა მოეგდო მხარზე, იქედან კი საქაღალდეები მოჩანდა.
გადამკოცნა, ბოდიში, რომ გამოგიყვანე, მაგრამ სამსახურში მოსვლა არ მინდოდაო. რაასა ბრძანებთ-მეთქი, უკვე დრო მოდიოდა ეთქვა, შენმა მეგობარმა ფული არ გადამიხადაო.

-უბედურება რა არის იცი, ჩემო კარგო? შეიძლება ადამიანს უნდოდეს, რომ კარგი იყოს, მაგრამ არაფერი გამოუვიდეს. გარემოს ვერ მოერიოს. ძალიან მწყინს ეს ამბავი. ორი დღეა ვფიქრობ და თავიდან ვერ ამოვიგდე,-ასეთი რამ მითხრა-დღეს უკვე გაზეთებშიც წერია.

მოკლედ ეს ჩემი მეგობარი და ინგლისურის მასწავლებელი დიდად დამეგობრებულიყვნენ. როგორც ვხვდები, მასწავლებელს ის მოეხერხებინა, რაც მე არც კი მიცდია ოდესმე და კაი ბიჭი, კარგი ბიჭობისკენ გადმოექაჩა. როგორც დავატყვე, ეს ამბავი თანდათანობით მომხდარიყო, რადგან ამ კარგ დეიდას თანდათანობით დაეტყო რა შვილიცა ბრძანდებოდა მისი მოწაფე და ასევე თანდათანობით მისდგომოდა მისი ციხე-სიმაგრეების ნგრევას. ერთი დროც ჩამომდგარიყო და გულახდილ საუბარზეც გამოეწვია ეს ჩვენი კაი ბიჭი. ძალიან კარგი დეიდა იყო, ისიც კი მითხრა, სულ იმას ვფიქრობდი, ეს ურთიერთობა, რომელიც ამ ნადირთან წამოვიწყე რაიმე უხამს ისტორიაში არ გადაიზარდოსო. უხაროდა, რომ ბეწვის ხიდზე გაიარა და ბიჭს არა მხოლოდ ინგლისურს ასწავლიდა, არამედ მართლა ასწავლიდა რაღაცეებს.

ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ღამღამობით სრულიად გონებადაბინდული მირეკავდა და ლამის ფსიქოთერაპევტად ვიქეციო, ესეც მითხრა. ეგ ეხერხება-მეთქი, მივუგე. არ ვნანობო, რადგან მართლაც ძალიან გულიანი და ალალი ბიჭი გახლავსო, ღმერთო, რა იქნებოდა, ვინმეს რომ ადრიდანვე მიეხედა მისთვისო. კარგი დედა ჰყავდა მეთქი, მახსოვდა დედამისი, ბავშვობისას რამდენჯერ ვყოფილვარ მათთან, ეზოში.

ეს რომ ვთქვი ძალიან ნაწყენმა შემომხედა, ეტყობოდა, ჩემზე მეტი იცოდა მისი თავგადასავლისა.
მთავარი კი რა მომხდარიყო: ორი დღის წინათ დაერეკა მასწავლებლისთვის და ეთქვა, სამწუხაროდ, ვეღარ ვივლი თქვენთანო და ამ თვის ფულს მერე როგორმე მოგაწვდით, ოღონდ ძველი პირობა დაიმახსოვრეთ, არავის უთხრათ რომ თქვენთან დავდიოდიო. ქალი ცხადია მიმხვდარა, რომ რაღაც ცუდი ამბავია და უკითხავს, ხომ არ დაუპატიმრებიხარ, რამე ხომ არ ჩაგიდენია, თუ ასეა, იცოდე, რომ ყველანაირად დაგეხმარებიო. არაო, უპასუხია, არავის დავუპატიმრებივარ, მაგრამ შეიძლება დამაპატიმრონ, რადგან კაცი მოვკალიო. კაცი კი არა, არაკაციო და მეტს ვეღარ დავრეკავო.
მასწავლებელს გულს შემოყრია ეს ამბავი და მეც, რაღა დაგიმალოთ, შევცბი. ერთი-ორჯერ კი გამეგონა მისგან, ვიღაცაზე ნათქვMამი, თუ ასე მოქცევას გააგრძელებს, გავხვრიტავო, მაგრამ ეს იმდენი ხნის ამბავი იყო, რომ წელიწადი ვერც კი გავიხსენე. ერთი იმის მეშინოდა, რომ ძარცვისას არ მოეკლა ვინმე, ან აკივლებული ქალი, ან შემოსწრებული მეზობელი.
მასწავლებელმა დაკეცილი გაზეთი მოზებნა ჩანთაში და იქ პირდაპირ ეწერა ყველაფერი, სახელებიც და გვარებიც. სწორედ ის თავისი დოსტი მოეკლა, მანქანაში რომ ელოდებოდა ხოლმე. გაზეთში წესიერად რას განგიმარტავენ, კრიმინალური გარჩევა იყოო და მანქანაში ისხდნენ ეს ორნი და ერთი მეძავიო. თუ კრიმინალური გარჩევა იყო, მეძავს რაღა უნდოდა მანქანაში.

მოკლედ, ლაპარაკი მოსვლიათ, ამას დაუხლია ექვსი ტყვია, გადმოსულა მანქანიდან და მიმალულა. ცოტ-ცოტა რაღაცეები კი გამეგებოდა ამ ისტორიისა, მაგრამ კეთილშობილ დეიდას ხომ ვერ მოვუყვებოდი. რაღაცნაირი ძმაკაცობა ჰქონდათ, იმას თითქოს რაღაც შურდა ამისა, ეს კიდევ არ იმჩნევდა და მანამდე იცდიდა, სანამ ის საბოლოოდ არ გასკდებოდა. მე მგონია, რომ მოკვლას ის უფრო დაუპირებდა, მაგრამ ეს ჭკვიანი იყო და დაასწრებდა, ხოლო მეძავი გოგოს იქ ყოფნა იმას თუ ნიშნავდა, რომ ყველაფერი უცებ მოხდა.

ცხადია, მე მასწავლებელს ვერ გადავარწმუნებდი: სჯეროდა, თითქოს ყველაფერი იმიტომ მომხდრიყო, რომ ეს საბრალო ბიჭი (ასე თქვა) სწავლას დაეწაფა. მასში ცვლილება შეამჩნიეს, გაუგეს და იმათებურად ანგარიშის გასწორებაც დაუპირეს, რასაც ის, როგორც მამაცი, მაგრად დაუხვდა და იძულებით შეიქნა მკვლელი. ანუ, რასაც უნდოდათ, მიაღწიესო.

ჩემს დუმილს, ამ ამბის დაუჯერებლობა რომ დაატყო, შემომიტია, როგორ, ჯერ მარტო წიგნებს რომ უპოვნიდნენ სახლში, ხომ მიხვდებოდნენო. მალკოლმ ბრედბერის წიგნს ვაკითხებდი უკვე და ვათარგმნინებდიო.
ეს მაინც იყო სანუგეშო, რომ თურმე ინგლისურს დიდი მონდომებით სწავლობდა და საერთოდ, ნიჭიც გამოსჩენოდა ენების დაუფლების საკითხში.

ძალიან უყვარდა ამ ქალს თავისი კაი ბიჭი მოწაფე, მაგრამ აბა რა შეგვეძლო? დავიშალეთ დარდიანად და მე სამსახურისკენ წამოვედი, ის კი თავისი ინსტიტუტისკენ წავიდა.
ძალიან კულტურული მოსიარულე იყო, უკნიდანაც.
და საერთოდ, მგონი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მართლა წუხდა მისი ბედის გამო. მეც ვწუხდი, მაგრამ რა მექნა? ვიცოდი, რომ ადრე, თუ გვიან რაღაცას მოახდენდა.
ის ქალბატონი კი ამის შემდეგ აღარ მინახავს, არც ის ვიცი, დაუბრუნა თუ არა მალკოლმ ბრედბერის წიგნი. საიდან დაუბრუნებდა. არც ის ქალბატონი მინახავს და არც თვითონ ის. არადა, სულ ვფიქრობდი მის შესახებ, ასავალ დასავალს ვერაფრით შევიტყობდი, რადგან მისი ბოლო მისამართი არ ვიცოდი. მთელი თეორია ავაგე, რადგან უზარმაზარი ზღაპარი შევაკოწიწე ადამიანის შესახებ, რომელმაც საშინელი, ათასტაბუიანი სამყაროდან კარი გამოიჯახუნა. დიდ ტრაგიკულ გმირად შევრაცხე ეს ჩემი მეგობარი, რომელმაც რაღაც საქმეზე თავისი მეგობარი მოკლა და ეს მკვლელობა განთავისუფლების სისხლიან სიმბოლოდ წარმოვიდგინე, ლამის რიტუალურ მკვლელობად, მსხვერპლშეწირვად დავსახე. ის რომ გცნობოდათ, სხვანაირს ვერც თქვენ წარმოიდგენდით რამეს. თავიდან ბოლომდე მითებით გაჯერებული კაცი იყო მეტად სჯეროდა თავისი კერპებისა. ურყევი იყო, უშიშო და უხორცო. ჯოჯოხეთის კარზე შინაურულად მიაკაკუნებდა.

უცნაური კი ის იყო, რომ ინგლისურის მასწავლებელთან შეხვედრიდან ერთი თვის თავზე სამსახურში ერთი გოგო მომადგა. ტყავის შარვალი, ტყავის კურტკა ეცვა და ოცი წლის იქნებოდა. შარვალი, ისევე როგორც მძიმექუსლებიანი ფეხსაცმელი შავი ეცვა, კურტკა კი ისეთივე შავი შეერჩია, როგორიც თმის საღებავი. ხელში შავი ცელოფანი ეჭირა და მხარზეც შავი ჩანთა მოეგდო. უპეებიც კი ცაშავებული ჰქონდა, ხოლო მანიკური მუქი შინდისფერი. საერთოდ ვერ მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამაგებინა, რომ სწორედ ის ბოლო ქალი გახლავთ, ვისთანაც ჩემი მეგობარი ცხოვრობდა.

მე, რა თქმა უნდა, ყავაზე დავპატიჟე, ბოლოსდაბოლოს მეგობრის ცოლი იყო. ცოლი თუ არა, მეგობრის მეგობარი და დიდად ნაწვალები გოგოც ჩანდა, რაღაცნაირად მოდუნებული და მოძრაობაშენელებული. მრავლობით-მხოლობითს თავისებურად ურევდა, ადრევე გვინდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეო. კაფეში ჩასვლაზე კი უარი მითხრა, ძაღლები (სწორედ ასე თქვა) მიყურებენ(სწორედ ასე თქვა) ხოლმე და თუ ახლაც მიყურებენ, შარი რათ გინდაო. შენ იმას ძალიან უყვარხარ და ეგრე დამიბარა ფრთხილად მიდიო.

ყავა მაინც დალიე-მეთქი არ მოვიშალე და ოფისში დავტრიალდი, მადუღარაც მოვართვი და დაფქული ყავაც. თვითონ მოადუღა, ორონდ მხოლოდ ჩემთვის და ბრწყინვალედაც გამოუვიდა. იმის გემო ახლაც მახსოვს. რა თქმა უნდა, არ იცოდა სად იყო ჩემი მეგობარი, თუმცა მანამდე რაც მომხდარიყო, ყველაფერი იცოდა. სწორედ ის მჯდარიყო მანქანაში, როცა კაი ბიჭებს ლაპარაკი და სროლა მოუხდათ ერთმანეთში.

ამას რომ არ მოეკლა ის მოკლავდაო, ასე ამიხსნა. იმ დღეს თუ არა, მეორე დღესო. თურმე იმ მოკლულს მოუხერხებია და ეს ჩემი მეგობარი ძალიან სწრაფად შესძულებია ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რადგანაც ამას მისთვის ნაირგვარ საქმეებში მხარი არ დაუჭერია. გარეგნულად მაინც ერთობას უჩვენებდნენ უბნის ხალხს, რადგან იმათ არ შეეტყოთ, რომ ჩემმა მეგობარმა თავისი მეგობარი აღარ მოიწონა. ამასაც ჩემი მეგობარი აკეთებდა თურმე, რადგან მისი სახელი დიდად შველოდა იმ ციხიდან ახლადგამოსულს, რომელიც ასევე ყველას შესძულებოდა და ერთი სული ჰქონდათ, სანამ რამეში გამოიჭერდნენ, მაგრამ რახან ჩემი მეგობარი ედგა გვერდში, ითმენდნენ. ის კიდევ თავზეხელაღებული ბიჭი ყოფილიყო და ეს სურათი ეუკადრისა. ამიტომ, ჩემი მეგობრისადმი ბრაზი სიმთვრალეში გამოაჩნდებოდა ხოლმე და ძმურ ლაპარაკში მეტისმეტს ეტყოდა. ამიტომ ნაირგვარ შემოწმებებს გაუმართავდა ხოლმე ჩემს მეგობარს.
მაგელითად ეტყოდა, ძმაო-ჯან, ხო ვარ პაპა რიმსკიო. ანუ პირველი ხო ვარო. ეს კი ასევე არ იყო დამთმობი და უაპსუხებდა, პაპა რიმსკიც რა ვთქვი, ძმები ვართ და კაი ბიჭები, მთავარიც ეს არისო. იმას კიდევ ამგვარი პასუხები გულზე ხეთქავდა, მაგრამ ითმენდა.

იმ ღამეს, მთვრალი ყოფილა და მანქანაში უთქვამს, ქურდი ვარო. თქვენთვის და ჩემთვის არაფერი, მაგრამ გოგომ ამიხსნა, რომ ამ ბოლო დროს ასეთი თქმები გახშირდა, რაიც გაუგებრობებს და მთქმელი თვითმარქვიების წახდენას იწვევს ხოლმე. ჩემს მეგობარს მიუგია, მთვრალი ხარ და ეგ აღარ გაიმეოროო. იმას კიდევ, მოგკლავო, თუ არ მოგკლა ნახეო. ქურდი ვარ ბიჭოო. ის უიარაღოთ ყოფილა, მაგრამ ისეთები უთქვამს, რომ ამას ამოუღია და პირდაპირ მანქანაშივე უსვრია. ყველაზე ცუდი ის გამოდგაო, რომო, ამ გოგომ თქვა, რომ ეს მოკლულიო, თურმე მართლა სიტყვას ელოდბოდაო, ხუთი წუთიღა აკლდა ქურდობამდეო და გასვენებაში ითქვაო, რო ქურდათ იმარხებაო.

ამის მერე ვინ გამოდიოდა ჩემი მეგობარი, სიტყვას აღარ გავაგრძელებ. აბა, ქალს ხომ არ ალაპარაკებდნენ იქ, მოკლული უტრაბახებელს ტრაბახობდაო.

ამეებს მიამბობდა ეს გოგო და სულ ბოლოს გადმომიდო მაგიდაზე ის შავი ცელოფნის პარკი, აი, ესო, ამისთვისა ვარ მოსულიო. სულ ერთხელ დამირეკა რაც გაქცეულიაო და მითხრაო, შავი პარკი რო დევს, ის ამადაამ ჩემ ძმას წაუღე და იმან იცის რასაც უზამსო.

პარკში გამოდგა ჩალაგებული: “ჰედვეის” სახელმძრვანელოები ( სულ მთლად შევსებული გაუწაფავი კალიგრაფიით), ემილი ბრონტეს “ქუხილიანი უღელტეხილი” (ინგლისურ ენაზე, პირველ თვრამეტ გვერდზე უცხო სიტყვები ვარდისფერი მარკერით გადაჭრელებული და ზედვე დაწერილი ქართული მნიშვნელობები) და “გარიბალდის ცხოვრება” რომელირაც რუსი ავტორისა (ქართულ ენაზე).

იმწამსვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გოგოს თანდასწრებით არ უნდა ამომელაგებინა, რადგან მან არაფერი იცოდა ჩემი მეგობრის გატაცებებისა და მეცადინეობებისა.

ო,ო, ეს ჩემი წიგნებია ერთხელ მანქანაში დამრჩა მეთქი-მაგათთან, ასე წამოვიძახე და მის ქებას მოვყევი, რა კაცია, ასეთ დღეში მყოფს ეს როგორღა გაახსენდა-მეთქი. გოგომ ისე შემომხედა, რომ ქალს ვერაფერს გამოაპარებო და თქვა: შენ იცი, ეგ იმას გავს, რო შენ მომპარავობა დაიწყოო.

სხვანაირი ბიჭია-მეთქი,წავიბურტყუნე.
ხო, სხვანაირი გახდაო.
აღარ გაუგრძელებია, ეტყობოდა იცოდა, რომ ის რაღაც არაკაიბიჭურს საქმიანობდა. მხოლოდ ეს თქვა, ფეხმძიმედ ვარო და ადრე სულ ვიკეთებდი აბორტს, ახლა კიდე აღარ გავიკეთებო.

ჩამწყდა სული, გული და ყველაფერი რაც შეიძლება ჩაწყდეს კაცს. ან სად მოასწრო ამდენი აბორტები. თუ მშვიდობა იქნა, ხო მომინათლავო, თქვა, შეისწორა ჩანთა მხარზე და წავიდა.

აგე, რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ, იმ გოგოს ასავალ-დასავალი კი ვერ დავადგინე. მხოლოდ ამ შობას, ი-მეილის ყუთი გავხსენი და იქ წერილი დამიხვდა: ”merry christmas, friend.”
მისამართი ნაცნობი იყო: kaibichiscxovreba@hotmail.com მე ამ მისამართის ფასვორდიც მახსოვდა, თუმცა სხვის ყუთში ტრიალი პატიოსან ბიჭს არ შეშვენის. ბოლომდე სიმართლე რომ ვთქვა, ფასვორდი შეეცვალა, “განაბი”-ზე კარი არ იღებოდა. შეცვლიდა. ყველაფერი შეცვალა და ფასვორდს აღარ შეცვლიდა? ძალიან შემრცხვა, რომ მის საფოსტო ყუთში შეღწევას ვლამობდი, მაგრამ ასე მეტს შევიტყობდი ჩემი მეგობრის შესახებ.

წიგნები ინგლისურის მასწავლებლისთვის არ დამიბრუნებია. მქონდეს სახსოვრად.

ტეგები: ,


%d bloggers like this: