აკა მორჩილაძე – ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები (ნაწყვეტი)

აკა მორჩილაძე “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”
(ნაწყვეტი პირველი)

უკვე გარეთ ვარ. გაქუცული და მოფარღალავებული მრგვალი ბაღის კიდეზე ვდგავარ. ადრე აქ ტაქსისტების ბირჟა იყო. ჩაჯექი, სამმანეთიანი დაუგდე და იარე. ავოეეეე… ახლა კი ფეხით უნდა დავაწვე რედაქციამდე, სხვა გზა არ არის. მეტრო და რაღაც სიგიჟეები ისე მიჭირს, თითქოს კუჭი მქონდეს შეკრული. მივდივარ და ვფიქრობ: ”კოტე ამერიკაშია, ჯავახა ესპანეთში, ცქვიტა ჰოლანდიაში, თუშმალა პარიზში, შეშიკა ლონდონში, სხვები ან მოსკოვში, ან სადმე სხვაგან.” სხვა რომ არაფერი იყოს, უბრალოდ, ისე, ადამიანურად მოგენატრება ვინმე. მე შენ გეტყვი და დარეკავ.

იმ დღეს სახლში ვიყავი და… ეგრე, საღამო იყო, ცხრა საათი, გააბა და გააბა ტელეფონმა. მეთქი რაიონია. რაიონიდან ვინ უნდა დამირეკოს? მაგრამ ხომ იცი, ერევათ ხოლმე. ავიღე. ისეთი რაიონი გამოდგა, კინაღამ ყურმილი გამივარდა ხელიდან.

ალიკა იყო კანზას-სიტიდან. ექვსი თვეა არაფერი და უცებ რეკავს. მეგონა გვერდით მიზის და ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ავტომატიდან ვრეკავო. მოკლედ, ვიყვირეთ მე აქედან და იმან იქიდან. იქ გოგო ჰყოლია, ლესლი… კანზას-სიტი თურმე ორია, ეს უფრო კარგ კანზას-სიტიში მოხვედრილა და მთელი ამბავი. ისე, ერთი ჩუმი ლესლი მეც არ მაწყენდა. ოღონდ ჩუმი და… მინიმალური იმით, რა ჰქვია, თბილისში რომ არის გავრცელებული.

ჰო, სნობობით. აი, ეგ მკლავს, როგორც ღამეულ პიკეტიდან გამოსროლილმა ტყვიამ მოკლა ის ამერიკელი_ნატახტარის გზაზე. მაქვავებს ადგილზე, როგორც იმ ამერიკელს – ბენზინის გულისთვის შუბლგახვრეტილ რემბოს.

ნახე, რა მძლავრად ვთქვი?

რა, არის ჩემში რაღაც მსხვერპლშეწირულის, არის რაღაც პუბლიცისტური. ტყუილად კი არ დავხურე ხუთი ჰუმანიტარული კურსი. აი, ეს სნობიზმი მაგიჟებს. თუ მოსწონთ, ისეთი რამეები მოსწონთ, რომ… არ ვიცი, რა. თან რაც ყველაზე მთავარია უცებ ჩაკლანდნენ. ხელოვანთა კლანები, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით. თუ რომელიმეში მოხვდი, კაცი ხარ, აქეთ მარლბოროს ყიდი, იქით წიგნებს წერ. იდეალებს არ ივიწყებ, მოკლედ. ხე-ლო-ვან-თა კლა-ნე-ბი. წარმოიდგინეთ, მაგათი ხელოვნება. აი, ადრე რომ იყვნენ “ცისფერყანწელები” და ვიღაც-ვიღაცეები, ორდენები და მთელი ამბავი, ახლა კლანებია, ამ ორდენების მაგივრად. ძირითადად ასეა. ვთქვათ, კომპანია “ჯყტ”: ჯემალა-ყარამანა-ტრისტანა ფიქჩერზ. კინოს გარდა ყველაფერს იღებენ: სნიკერსს, კრედიტს და წამალსაც კი. მერე მსჯელობენ. მიდი რა მიახვიე, შენც მყავხარ ჟორჟ სადული, თუ ვიღაც კიდევ – ისა, რა ჰქვია? გასტონ ბაშლიარ.
———————
(ნაწყვეტი მეორე)

_მისმინე. ბაბუაჩემი დიდი მწერალი იყო. ნახე, ოღონდ არ გააბაზრო.
და რაღაც დაფლეთილი წიგნი ამოაძვრინა.
_აი, 1928 წელი, გამომცემლობა “ფედერაცია”, კონსტანტინე ბანძელაძე, “შორეული ცისარტყელა”. აი, ამას გაჩუქებ; ოღონდ არ გააბაზრო. ოჯახური რელიქვიაა. აი, იკაიფე: “შორიდან მოიკლაკნება მდინარე იორი. სიჩქარეს უმატებს და მოსახვევებს მოაპობს ისეთი დაუნდობლობით, რომ შორიახლო გაშენებული სოფლები კანკალებენ, ვაითუ არ დაგვინდოსო. ადოლინი იდგა და უმზერდა ბუნების ამ დაუნდობელ სტიქიის ბრუნვას.

“სწორედ აქ, აქ უნდა აშენდეს წყალსაცავი, ზემო იორის სარწყავი სისტემა. ოთხ წელიწადში დაქსელავს მთელ კახეთს და გაიხარებენ საუკუნო სიბნელიდან გამოსული გლეხები – ფიქრობდა იგი.
ადოლინი მთავარ ინჟინერს მიუბრუნდა”

_ა! როგორია? მარკ ტვენის დონეა. მსოფლიო იუმორი. ივლინ ვო…ნახე, რას გჩუქნი.
_ძალიან მაგარია.

მართლა ძალიან მაგარია. მე თუ მკითხავ, ბოლშევიკური წიგნები მხოლოდ ასე უნდა იკითხო. იკითხო და იცინო, იცინო და იკითხო, ვინმე გულჯავრიანი პატრიოტი შეიძლება კითხულობს და ამბობს სახელგანთქმულ აფორიზმს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო, მაგრამ მაგათი გონება ხომ სხვანაირადაა მოწყობილი.

საერთოდ, ამ საზოგადო მოღვაწეების ტვინი ისეა შეკოწიწებული, რომ გამუდმებით ჩანს მათი მამულიშვილური დრტვინვა.… ნახე, რა სიტყვა გამახსენდა? და შეჭმუხნული შუბლები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ლოთებიც იყვნენ, ბოზებიც და შულერებიც და არც იმაში უშლით ხელს, რომ იძახონ, ჭორია, ძმაო, ჩემი ლოთობა და ბოზობაო.

მე თუ მკითხავ, ამ სამ ჰობიში, თუ პროფესიაში სასირცხვილო არაფერია და ზოგჯერ კაი ბოზი უკეთესია, ვიდრე გლახა რეჟისორი. ზოგჯერ კი არა, ყოველთვის. მაგრამ ესეც ბოლშევიკების ბრალია. აბა, როგორ შეიძლება ოთხასი მწერალი, სამასი აკადემიკოსი და ათასასი მსახიობი ერთ სახლში, თერთმეტსართულიანში ცხოვრობდეს? ესეც სოსელომ მოიგონა. დააქლიავა ხალხი.. ახლა ეს დაფები კედლებზე… “აქ ცხოვრობდა პრივატ დოცენტი ჯაშიაშვილი ინდიკო პოლიევქტის ძე”. შეიძლება ჰამსუნის სახლზეც დაფა იყოს და აგრონომ ჩარექიშვილის აპარტამენტზეც?

ნიცაში მინდა.
——————
(ნაწყვეტი მესამე)

ზაზამ დამარქვა_ატირებული სიცილიელი ქალი შეყვარებულის საფლავზე, შეყვარებული კი მოსისხლეებმა მოკლეს. მერე ამ სიგრძე სახელის თქმა დაეზარა და პირდაპირ ვენდეტას მეძახდა. უეჭველად შავები უნდა გეცვასო, შავები ბევრს აცვია და სისულელეა, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა გეცვას და ორი დღის მშიერი უნდა იყოო. მაშინ იქნები მომხიბვლელი და ცოლობას გთხოვს ფედერიკო გარსია ლორკაო. ესეც რაღაც უცნაურად მოიგონა, აჩემებული ჰქონდა, დამინახავდა თუ არა, შესძახებდა, ვენდეტა, ჩემო ერთგულო მეგობარო, როდის დასახლდები პალერმოში და ვიზას როდის გამომიგზავნიო. მერე დაავიწყდა ეს ყველაფერი, მითხრა, კოკას ეწყინებაო. კოკა ჩემი ძმაა და მთელი ეს სიცილიური ისტორია მის გამო მოიგონა.

კოკა მთელი დღეები მანქანით დაქროდა და პისტოლეტებს ატრიალებდა, საშინლად აშაყირებდა ზაზა, კაპო დი ტუტო კაპის ეძახდა და ეკითხებოდა, რას გრძნობ, როდესაც გამოჩენილ ადამიანებს იცავო, ალბათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, რადგან ასეთო რანგის ბოდიგარდი ხარო. კოკა რომ ავსტრიაში წავიდა და იქ შვილიც შეეძინა, ზაზამ მთხოვა, გადაეცი ჩემგან, ჯანკანა დაარქვასო, მე, რა თქმა უნდა, არაფერი გადამიცია, რადგან კოკას ეწყინებოდა. ფხუკიანია და რად მინდოდა. ისე, კი უყვარდა ზაზა, მაგრამ არ უყვარდა, რომ დასცინოდა ხოლმე. ვის უყვარს, რომ დასცინიან? მგონი ზაზას.

ერთხელ მოვიდა ჩვენთან და მთხოვა, ორიათასი მანეთი მასესხეო, მართლა არ მივეცი? მოკვდა სიცილით. რა იყო-მეთქი და არა, არაფერი, ერთი გიშრისთვლიანი, მაფიოზური ბეჭედი შევარჩიე და კოკას უნდა გავუგზავნო ქალაქ ზალცბურგში, სადაც მოცარტი მიმოდიოდაო.

კოკამ კიდევ პარკერი გამოატანა დედაჩემს, კობახიძეს მიეცით ჩემგანო.

აი, ასეთი დაუმთავრებელი და ცოტათი სულელური რაღაც იყო და საერთოდ იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, რომ იმ დღეს, ზაზა რომ შემხვდა და ერთად რომ ვიბოდიალეთ კარგა ხანს, კოკაც მოაგონდა. მე გაზაფხულზე უნდა გავფრენილიყავი ვენაში და მითხრა, წერილს დავწერ და კოკასთან გაგატანო. მეგონა ხუმრობდა, ან, ვფიქრობდი, ისეთ რაღაცას მისწერს, რომ სულ გააგიჟებს-მეთქი, მაგრამ ძალიან სერიოზულად გამიმეორა, საქმე მაქვსო, თავისივე გამოგზავნილი პარკერით მივწერო.

ჰო, ვაკის პარკთან შემხვდა, ზემოთ ამოდიოდა, ხელი მომხვია და აღარ გამიშვა, მაბოდიალა პარკში და ბოლოს გამომიცხადა: _ღმერთო ჩემო, რა მოსაწყენი ხარ? “ვაზის ყვავილობაზე” უფრო მოსაწყენი.

აბა, რა ვქნა? უზრდელო _ რა უნდა მეპასუხა, მიჩვეული ვიყავი.

უნდა გაერთო _ მითხრა _ აი, მე უკვე ხუთ ადგილას ვიყავი, ოცი ხინკალი ვჭამე, ფილმი ვნახე, ორი ჭიქა ჩაი დავლიე, ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოვწიე და მშვენივრად ვარ. ფაქტიურად, გამოსული ვარ სიგარეტის საყიდლად, ვერ ვყიდულობ და დავდივარ. ხომ ხედავ, რა საინტერესო ცხოვრებაა.

ძალიან საინტერესო _ გავუცინე მე და სკამზე დავჯექი შადრევნის პირდაპირ.

ბავშვობა გამახსენდა, ამ შადრევნის გარშემო რომ დავრბოდით.

ახლა არ მკითხო, როდის ჩართავენ ამ შადრევანს, თორემ მიგატოვებ სამუდამოდ _ ისე თქვა, თითქოს გული ამოაყოლაო.

როდის ჩართავენ ამ შადრევანს? _ ვკითხე და თითქოს რაღაც მეწყინა.

Advertisements

ტეგები: ,


%d bloggers like this: