ლაშა ბუღაძე – Moralite

ლაშა ბუღაძე / MORALITE ანუ რა ესიამოვნა ზაზა კოშკაძეს
პიესა

მოქმედი პირნი:

ჟურნალისტი – ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის მახინჯი, მაგრამ გულკეთილი ქალბატონი –სადღაც უკან პირის ღრუში, ოქროს კბილი უბრწყინავს.

ცოლი – ოცდაათიოდე წლისაა – ბოჰემური ყაიდის, თუმც, ფინანსურად ფრიად წარმატებული ოჯახის შვილი.

ქმარი – ოცდაათზე ცოტა მეტის – შავბნელი წარსულის მქონე, შესაბამისად უსაშველოდ პოპულარული, მავანთა აზრით “განათლებულიც” (“იჩხირავს,მაგრამ დოსტოევსკიზეც კაიფობს”) – ასევე ბოჰემური ყაიდისა.

პიესის ტონი – თავიდან მშვიდი და კეთილგანწყობილი, მერე…
მოქმედების ადგილი – ცოლ-ქმრის ისა…
დეკორაცია: ავეჯი

სახელები: ევა, თაკო, ზაზა. (ქვემოთ მკითხველი თავად გაერკვევა,ვის რომელი სახელი ჰქვია)
გვარები: ტუღუში; კოშკაძე; ბეჟუაშვილი.
წელიწადის დრო: ზაფხული, თავისთავად ცხადია.

სურათი პირველი (და უკანასკნელი)

ჟურნალისტი. თაკო,ზაზა… დღეს თქვენ ჩვენი ჟურნალის სტუმრები ხართ.ზაზას ორი კვირა ვეხვეწებოდი და ბოლოს(ლასის დეფექტი), როგორც იქნა, დავითანხმე…თქვენ ძალიან პოპულარული წყვილი ბრძაბდებით, თაკო და ზაზა.

მართალია, ეს სიტყვა უკვე მოდაში აღარ არის, მაგრამ თქვენ თბილისის კოლორიტები ხართ, მგონი, მე თუ მკითხავ, თაკო… და შენც, ზაზა. გამოირჩევით ჩაცმულობით, მეგობრების წრით… და ჩაცმულობით და უამრავი მეგობრებით… მოდი, უფრო დაწვრილებით მოვუყვეთ ჩვენს მკითხველებს, თაკო და ზაზა, თქვენს შესახებ. მე ვიცი, რომ ორთავენი ერთ უბანში გაიზარდეთ… აქედან დავიწყოთ. (ყავის მოსმა უნდა,მაგრამ ერიდება)

თაკო. ერთ უბანში გავიზარდეთ და ერთ სკოლაში ვსწავლობდით…
ჟურნალისტი: სკოლაშივე მოგეწონათ ერთმანეთი?

თაკო. არა. ზაზა ჩემზე ერთი წლით უმცროსია და ამიტომ მეათე კლასამდე ვერც ვამჩნევდი…ხომ იცით, ასეთ დროს, გოგოებს უფროსი ბიჭები მოწონთ ხოლმე, მაგრამ მერე ზაზა ძაან პოპულარული გახდა. ჩემ დაქალს დაუმეგობრდა და იქიდან გავიცანი.
ჟურნალისტი. მაშინვე შეგიყვარდათ ერთმანეთი?

თაკო. არა, ჯერ მეგობრები ვიყავით…
ზაზა. შეიძლება მიყვარდა კიდეც, მაგრამ ამას ჩემ თავთანაც არ ვაიასნებდი…

ჟურნალისტი. ზაზა, თაკომ თქვა, რომ შენ სკოლაში ძალიან პოპულარული იყავი. (ცდილობს უშუალო იყოს – გაიხუმრებს) რას შვრებოდი ამისთანას?
ზაზა. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ბიჭს გვეჭირა სკოლა. სკოლას ვუყურებდით რა. რომ ყველაფერი სამართლიანად ყოფილიყო. ბევრი პირადად ჩემთან მოდიოდა დახმარებისთვის და მეც, თუ ვხედავდი, რომ მართალია, დავხმარებივარ.…კი.

ჟურნალისტი. რაში გამოიხატებოდა ეს დახმარება?
ზაზა. ბევრ რამეში.
ჟურნალისტი. (კიდევ ერთი მაგალითი პროვინციული ჰუმორისა) რა იყო, ფულსაც (ლასის დეფექტი) ხომ არ ჩუქნიდი?
ზაზა. ფული რა შუაშია?.. მაგრამ ეგეც იყო.
ჟურნალისტი. თაკო, პირველად როდის და სად ნახე, ზაზა?

თაკო. აი, ხომ ვთქვი უკვე…სკოლაში. ჩვენ დერეფანში ვიდექით, მე და ჩემი დაქალები. ხოდა გამოიარა ზაზამ. ზაზა მაშინაც მაგრა უცნაურად იცვამდა და, მართალი რო გითხრა, ცოტა პიჟონიც მეგონა, იმიტომ რომ მე მაინც ქართული, ტრადიციული ოჯახიდან ვარ. მოკლედ, გამოიარა ზაზამ, იქ კიდე ერთი ბიჭი იდგა, ჩემი კლასელი – გვარიც მახსოვს, ბზიავა.
ზაზა.…ჩმორები რო არიან, რა.

თაკო. ხოდა, მოკიდა ზაზამ ამ ბზიავას ხელი და შეათრია ტუალეტში. იქ არ ვიცი, რა უქნა, მაგრამ რო გამოვიდნენ ბზიავა იყო, აი სუ დასისხლიანებული. ასე შევამჩნიე პირველად ზაზა.
ზაზა. ჩემი ძმაკაცები თაკოზე მეუბნებოდნენ – აი, ეს არი ის ნამბა უანო.

თაკო. მე კი ზაზა საერთოდ არ მომწონებია. დაგვაჯული ფეხები ჰქონდა – ახლა გაუსწორდა ცოტა. მხრებიც ჩამოწოწილი – თვითმფრინავის ფრთებივით.

ზაზა. მეც უფრო თაკოს დაქალები მომწონდა, ვიდრე თვითონ თაკო. მაგრამ ვიცოდი, რო ისინი ცოტა ბოზებივით იყვნენ, ამიტომ მინდოდა, რომ თაკო, რაც შეიძლება სწრაფად გამომეყვანა ცუდი წრიდან.

ჟურნალისტი. როდის შეგიყვარდათ ერთმანეთი?

თაკო. ლიკანში. ოღონდ, სკოლის დამთავრებიდან უკვე ორი წელი იყო გასული. მე და ზაზას საერთო მეგობრები გვყავდა და ერთად წავედით. თან, ზაზუკას უსიამოვნება შეემთხვა: მეთერთმეტე კლასელების ბანკეტზე ბოტანიკის, თუ ბიოლოგიის მასწავლებელი შემოაკვდა და ახლა ლიკანში ისვენებდა.

ზაზა. ბოტანიკის მასწავლებელი იყო. მე ხო სკოლის დამთავრების შემდეგაც ვუყურებდი სკოლას, ხოდა ეს ტიპი ახალმოსული იყო, რა…ბავშვებს ცუდად ასწავლიდა – სემესტრში ორებს აყოლებდა. ბოლო-ბოლო, ბავშვებმა ჩემთან დაიჩივლეს. მეთქი, მოითმინეთ, თქვენ ბანკეტზე ყველაფერს მოვაგვარებ! დაველოდე საკაიფოდ ზაფხულის მოსვლას – ბავშვებს რესტორანში ავაკითხე და ის გნიდა ტორტის დანით ავჩეხე.…

თაკო. თან მაშინ პოლიტიკურად ცუდი დრო იყოსაქართველოში.. გარეთ გასვლა გვეშინოდა, იმდენი უიარაღო დადიოდა. ლიკანში ორი კვირა გავატარეთ. მაგრა ვერთობოდით. მე, საერთოდ, კარტის გიჟი ვარ…ხოდა, ზაზას სულ ვუგებდი.

ზაზა. მაგრამ ძაღლებმა არ მომასვენეს – ლიკანში ამომაკითხეს და დამიჭირეს. ერთი ღამე ბორჯომის ციხეში გავატარე, მაგრამ ბიძაჩემმა გადარეკ-გადმორეკა და დილითვე გამომიშვეს.

ბიძაჩემი მაშინაც, ეხლაც და მომავალშიც მინისტრი იყო, არის და იქნება!… მკვლელობა ვიღაც ოფიციანტს შეტენეს და მერე ისიც დახვრიტეს. აი, ეგეთი საზიზღარი დრო იყო.
თაკო. მერე წავედით ბაკურიანში და იქ მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა.
ჟურნალისტი. სიყვარულში გამოგიტყდა?

ზაზა. არა, ასე პირდაპირ არასდროს უთქვამს, მიყვარხარო. ყველაფერი რაღაც თავისთავად მოხდა.

ზაზა. ბაკურიანში “კოკა-კოლების” ნაძვის ხე ვაჩუქე თაკოს.
თაკო. მაგრამ თბილისში მალე დავბრუნდით, რადგან ზაზას იქაც შემოაკვდა ერთი კაცი… მგონი ოსი,…რადგან ეროვნული მოძრაობა იწყებოდა და ზაზას ყველა არაქართველი მაგრად ეზიზღებოდა.

ზაზა. არაქართველი სხვაა და უცხოელი – სხვა. ზანგები ყოველთვის მაგრა მევასებოდნენ… ჯაზი მაგათი მოგონილია.

თაკო. ზაზა აღარ დაუჭერიათ, აზრი არა აქვსო და ამიტომ, როგორც კი თბილისში ჩამოვედით, მაშინვე დავიწერეთ ჯვარი, იმიტომ რომ მე ძალიან ვცდილობ, მორწმუნე ვიყო. ასევე ზაზაც. ჯვარი ვაკის პარკის ეკლესიაში დავიწერეთ, რომელიც მამაჩემის აშენებულია და ოთხიათასკაციანი ქორწილი გადავიხადეთ.

ჩვენს ქორწილში ექვსი კაცი დაიხოცა. ორი ჭყლეტისაგან და ოთხიც ბრმა ტყვიამ მოკლა ცეკვების დროს. საწყალი ბებიაჩემი ერთი წუთითაც არ დამჯდარა – დაჭრილებსა და მიცვალებულებს უვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად საშინელი ვითარება იყო საქართველოში, ჩვენ მაინც მაგარი დრო გავატარეთ… თან, მე უკვე ფეხმძიმედ ვიყავი.

ჟურნალისტი. რამდენი შვილი გყავთ, თაკო, შენ და ზაზას?
თაკო. ჯერჯერობით ერთი, მაგრამ ყველაზე კარგი…(იცინის)
ზაზა. მე, რა თქმა უნდა, ბიჭი მინდოდა და ამიტომაც ბიჭი გაჩნდა.
თაკო. მამაჩემის სახელი – გურამი დავარქვით. გუკი ახლა უკვე რვა წლისაა, დადის სკოლაში და გოგოებიც ურეკავენ.

ზაზა. მე ბევრი შვილი მინდა: ოთხი ბიჭი და სამი გოგო. შემიძლია ვთქვა, რომ მეც გუკისთან ერთად გავიზარდე. რო დაიბადა, იმ წელს ჩავაბარე ეკონომიურზე. მე ხო ეკონომისტი ვარ პროფესიით, მაგრამ საქმით ხელოვნებაში ვარ.. თან სულ.

თაკო. გუშინდელი დღესავით მახსოვს გუკის დაბადება: მუცელი რო ამტკივდა, მივარდა ჩემი მამათილი და ათასი დოლარი მაჩუქა. ზაზა გინეკოლოგს დაემუქრა – იქ რო შეხედო, მოგკლავო. გიჟივით იქცეოდა. ნერვიულობდა.

ზაზა. მთელი თბილისი სამშობიაროსთან იდგა. არ იდგებოდა და მიირთმევდა მეორე დღეს დედიმისისას!

თაკო. მერე მე და ზაზა პარიზში წავედით ორი კვირით – ბავშვი დედაჩემთან დავტოვეთ.
ზაზა. …და დედაჩემთან.

ჟურნალისტი. როგორი დედა ხარ, თაკო? და შენც, ზაზა, როგორი მამა ხარ?…თუ შეიძლება, რომ ამაზეც ითქვას ორიოდე სიტყვა.

თაკო. ჩემი შვილი, ყველას გეფიცებით, სულ რაღაც ოთხჯერ-ხუთჯერ მყავს ნანახი. არ გატყუებთ. ბავშვი დედაჩემის გაზრდილია. ალბათ, იმიტომ, რომ როცა გავაჩინე მეც, ფაქტიურად ბავშვი ვიყავი. თუკი საზღვარგარეთ არა ვართ – ძირითად დროს მეგობრების წრეში ვატარებთ… ასე რომ ბავშვისათვის, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო გვრჩება.…

ზაზა. ჩემი შვილი რომელ სკოლაში დადის, ისიც კი არ ვიცი… მთავარი ისაა, რომ სკოლაში იციან, ვისი შვილიცაა გუკი!

თაკო. თურმე ბავშვებს ძალიან შურთ გურამიკოსი. იმიტომ, რომ ამას ყოველთვის კარგი ტანსაცმელი აცვია, მოვლილია, ჯიბის ფული ყოველთვის აქვს.

ზაზა. ბოღმები ყოველთვის არსებობდნენ. ჩემ დროსაც. მე კი ის მომწონს, რომ გუკიმ უკვე იცის შავის და თეთრის გარჩევა – მე მჯერა, რო ჩემი ბიჭი მართალი და კაი კაცი დადგება. დამიჯერეთ, ძალიან მაგარი თაობა მოდის.

ჟურნალისტი. მორწმუნე თუ ხარ ზაზა?
ზაზა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ვიყო მორწმუნე. უცოდველი არავინაა.

ჟურნალისტი .ღმერთის, ზაზა, გწამს?
ზაზა. მაგრა ძაან.

თაკო. ზაზას არ ეტყობა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გულჩვილია. ბაკურიანში რო კაცი შემოაკვდა, ისე განიცადა, დაბადების დღე არ გადაუხდია. ამ დროს იმ დღეს ჰქონდა.
ჟურნალისტი. ზაზა შენ მუსიკოსიცა ხარ, მხატვარიც….

ზაზა. მე ოთხი წელი ვცხოვრობდი ფილადელფიაში და, შემიძლია ვთქვა, რომ იქ მოვიწამლე… რა დასამალია და, ნარკოტიკის გადაგდება მინდოდა, ამიტომაც დავიწყე სიმღერა და ხატვა. მაგრამ ნარკოტიკი მაინც ვერ გადავაგდე. საქართველოში ჩამოსვლამდე რა თქმა უნდა. აი, მე ვიცი, რომ ლუი ჩემია. ვიცი, რომ ჯექსონ პოლოკი – ჩემია (ჟურნალისტი ხსენებულ გვარს ჟურნალში ასე დაბეჭდავს: პალიკო) დღეს ვიცი, რომ მე მანდ ვარ.

ჟურნალისტი. შენს ახალ ნამუშევარს როდის შემოგვთავაზებ, ზაზა?
ზაზა. ძაან მალე. ეხლა მოსკოვში მივფრინავ ამ სიმღერის ჩასაწერად – იქ ვქირაობ სტუდიას… (რა თქმა უნდა ტყუის) მერე ლონდონში გადავფრინდებით და კლიპს იქ გადავიღებთ.

ჟურნალისტი. ჩვენ ვარსკვლ(ლ!)ავებს თუ ვნახავთ ამ კლიპში?
ზაზა. ჯერ არ ვიცი, ალბათ. ისე, ჩემი პროდიუსერი – ჩემი ბავშვობის მეგობარი ალიკა დარჩია – უკვე მადონასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და, თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, მადონას თბილისში ჩამოვიყვანთ კლიპის პრეზენტაციაზე. იმიტო რო ძაან დიდ პატივს ვცემ ამ მომღერალს.

ჟურნალისტი. მადონა ქართულად იმღერებს?
ზაზა. (არ იცის, რა თქვას) კლიპში ჩემ ბიჭსაც გადავიღებ, გუკის. გუკი ბუნებრივია, ქართულად იმღერებს… ხოლო მადონა – ინგლისურად და…ლათინურადაც. სიმღერაში ძველი ტიბეტური საგალობლებიც იქნება გამოყენებული.

ჟურნალისტი. ზაზა, მოდი ინტიმურ შეკითხვებზეც გადავიდეთ.. შენ რა დასამალია და, ძალიან სერიოზული პოპულარობით სარგებლობ თბილისელ ქალბატონებში.

თაკო. (სიცილით) არა მარტო თბილისელ ქალბატონებში…
ჟურნალისტი. თაკო, ეჭვიანი ხარ?
თაკო. კიც და არაც. მაგრამ უფრო არა, იცი. ზაზა არ მაეჭვიანებს.
ზაზა. ეჭვიანი მე ვარ. მე ჩემ ძმაკაცებზე ვეჭვიანობ. შვილზეც.
ჟურნალისტი.კონფლიქტურები თუ ხართ თაკო?

თაკო. ერთი-ორჯერ ვის არ უჩხუბია. არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. ერთხელ, მახსოვს ფეხმძიმედ ვიყავი გუკიზე და ზაზამ კინაღამ მუცელი მომიშალა – ფეხი ჩამარტყა, მაგრამ მეორე დღესვე მომირბენინა პარიზში წასასვლელი ბილეთები და რვა თვის ფეხმძიმე ქალი ასე აღმოვჩნდი გერმანიის დედაქალაქში; უფრო სწორედ, საფრანგეთის.

ერთხელაც ზაზამ და მამამისმა ერთად მცემეს მცხეთის სალობიეში. მამამისი ჩანგლით მჭრიდა კიდეც, მაგრამ მოლარე გოგომ გადამარჩინა – ლობიო თავზე გადაისხა…ანუ ყურადღება მიიქცია, თორემ ესენი ნაღდად მომკლავდნენ. მაგრამ მეორე დღეს, იცოცხლე, ჩემი სიმამრი ახალი იმით ამომადგა სახლში და ორი ათასი დოლარიც მაჩუქა, მაპატიეო.

საერთოდ ჩვენ ოჯახებს ფინანსურად არ უჭირთ. ჩვენ ძალიან ბევრი ფული გვაქვს. შეიძლება ითქვას, ყელამდე! ზაზა ზალიან პრეტენზიულია ჩაცმაში… დიდი ბოდიში, მაგრამ ტრუსებს ისე არ ჩაიცვამს, თუკი მასში, მინიმუმ ექვსასი ეურო არაა გადახდილი.

ზაზა. ტრუსები როგორაა ქართულად?
ჟურნალისტი. პერანგის ამხანაგი,ზაზა
ზაზა. საკაიფოა

თაკო. ერთი სიტყვით, რა ვიცი.ძაან ბევრსაც ვეხმარებით.
ჟურნალისტი. ახლა, თქვენის ნებართვით, ფოტოსაც გადაგიღებთ…(იქექება ჩანთაში –ფოტოაპარატს ეძებს) ჩვენი ფოტოგრაფი რედაქტორს პარლამენტში ჰყავს წაყვანილი და ამიტომ მე მომიწევს ფოტოს გადაღება (იპოვის ფოტოაპარატს, ხელები უკანკალებს – წამოდგება და საშინლად არაბუნებრივ პოზაში დადგება – ფოტოაპარატს სახესთან მიიტანს)

ვაი… არ ეჭირება…(გაწითლდება) უკუღმა მჭერია…(თაკო და ზაზა მას ოდნავ შესამჩნევი ზიზღით შესცქერიან – ჟურნალისტი ფოტოაპარატს ამოატრიალებს) გაიღიმე, ზაზა…(ჩხაკ) თაკო, ახლა შენი გარდერობის გადაღებაც მინდა…თუ რა თქმა უნდა, მომცემ ამის ნებას.

ზაზა. (ჟურნალისტს) ფირი არ გეყოფა.

სამივე გაიცინებს. თაკო კარადიდან თექვსმეტ წყვილ ფეხსაცმელს გამოალაგებს. ასევე ტანსაცმელსაც. ზაზა შარვლებს კი ხელში დაიჭერს. ფეხსაცმელები რატომღაც ძალიან საცოდავად გამოიყურებიან, ამიტომ თაკო მათ უკან, კარადაში შეალაგებს – ზაზა შარვლებს კარადის კარზე ჩამოკიდებს, ხოლო თვითონ სათამაშო თეთრ დათუნიას დაიჭერს და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდება.

ჟურნალისტი. დიდი მადლობა
ზაზა. მოვრჩით?
ჟურნალისტი. კი, ზაზა, მოვრჩით.

ზაზა. მაშინ გადავიდეთ არაოფიციალურ ნაწილზე. ეხლა ნაღდები ვიყოთ. ზღაპრების ლაპარაკს მოვეშვათ და გადავეშვათ სიმართლის ოკეანეში. ხო ლამაზად ვთქვი?

თაკო.ზაზა პოეტიცაა.
ზაზა. ასო “ც” სრულიად ზედმეტი იყო, თაკუშ!

ჟურნალისტი (პატარა, უშნო ხელჩანთას მხარზე გადაიკიდებს) ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. წესით შაბათის ნომერში უნდა დაიბეჭდოს. მე წინასწარ შეგატყობინებთ.

ზაზა. მოიცა, რა, სად მიდიხარ? შენ ევა გქვია, ხო?
ჟურნალისტი დიახ… ეველინა.
ზაზა. სადაური ხარ?
ჟურნალისტი. ქართველი (უხერხულად გაიცინებს)

ზაზა. მე ებრაელი მეგონე. ევები და ადამები ხო ისრაელში ცხოვრობენ. (თავისივე ნათქვამზე გაეცინება)
თაკო. ზაზა, ისე იქცევი, თითქოს ნასვამი იყო.

ზაზა. მე ჰაერი მათრობს, თაკუშ! თბილისის სუნით ვთვრები. (ევას) ცოტა ხანი დარჩი, რა. რაღაც ლაპარაკის მუღამში ჩავვარდი. მომეწონე. როგორც ჟურნალისტი მომეწონე. უფრო სწორად მოგვეწონე. ხვალ პარასკევია, ზეგ შაბათი. საქმე ჩვენ არა გვაქვს და არაფერი!

ჟურნალისტი. ვაიმე, ძალიან რო მეჩქარება. შემდეგში იყოს, ზაზა.
ზაზა. მე შენ აქედან არ გაგიშვებ,სანამ არ გაჭმევ და არ გაგაძღობ. თან მაგრა მინდა ლაპარაკი. მორფინისტობის დროს ვლაპარაკობდი ძაან ბევრს. ეხლა აღარ ვმორფინისტობ, მაგრამ ლაპარაკი მაინც მიყვარს. თაკო გაუმასპინძლდი ევას! Gამოუტანე საჭმელი… იგივე ვინეგრეტი… იგივე ფხალი. ქათმის ხორცი…ვაჭამოთ, ტო, შია.

ჟურნალისტი. კაი რა, ზაზა, ნუ შეწუხდებით. უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებთ. თანაც რა შუაშია შიმშილი!..
ზაზა. დაჯექი, რა! ერთ საათში წახვალ. დღეს რაღაც დამემართა.რაღაც ძაან უცნაური. თითქოს შიგნიდან ავფეთქდი. დავიღალე სისულელეების ლაპარაკით. სუ ტყუილებია, რასაც მე და თაკო ჟურნალისტებს ვუყვებით. ეს არ დაბეჭდო ოღონდ!..

თაკო.მორჩა. აურია უკვე ამან!
ზაზა. მაცალე რა თაკუშ!.. მალაპარაკე რა მოქალაქესთან!Mმე მეგობრები აღარ მყავს თაკუშ.იცი. ზოგი საფლავში წევს და ზოგიც ციხეში ზის. ხოლო ზოგიერთი-უცხოეთშია. ტრაკები დაუსივდათ და ჭუჭუკები დაუპატარავდათ.

თაკო. აუ, დაიწყო.
ჟურნალისტი. შენ რა გითხარი,ზაზა!
ზაზა. მე და თაკო ჟურნალისტებს ვაგიჟებთ ხოლმე, ისეთ რაღაცეებს ვაბრეხვებთ. ეგ მაგრა ვიცით. მაგარი მატყუარები ვართ. მორფინიტობას თავი დავანებე-მეთქი, რო გითხარი – ესეც მოგატყუე, ჯიგარ. ეხლა მაგარ კაიფში ვარ. ისეთი გაჩხერილი მაქვს, რო…აუფ! ვენები დაგლეჯილი მაქვს, ევას ვენაცვალე, მელაპარაკე, ჩიტუნი! შეკითხვები დამისვი! მოსაყოლის მეტი რა მაქვს!

ჟურნალისტი. ზაზა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. რედაქციაში ვარ მისასვლელი და…
ზაზა. დაჯექი, რა!.. რატო მახვეწნინებ! თაკო, გაპუტე ქათამი.. დააცხე ხაჭაპურები…ხო, კაი…ვხუმრობ…რა მოგივიდა?… თაკო, ღორი ხარ, გოგო?!Qქალი მშიერია და სხვათაშორის, კაციც!
ჟურნალისტი. არა ვარ, ზაზა, მშიერი. ნახვამდის.
ზაზა. დაჯექი-მეთქი, ევა!.. რო გეუბნები – დაჯექი!

ჟურნალისტი. (ტრაგიკული ღიმილით) თაკო, მიშველე…
თაკო.ზაზა, ნუ გააგიჟე ეს ქალი…

ზაზა.ქალი კი არა-გოგო!.. ევა ჯერ გოგონაა! პატარაა, ახალგაზრდაა. ევა, მე უზრდელი არა ვარ, მაგრამ ასაკი მაინც უნდა გკითხო, რო ცუდმა თაკომ მეორედ ვეღარ გაბედოს ისეთი საშინელი სიტყვის თქმა,როგორიცაა: “ქალი”. მე მეუბნება, ნუ იგინებიო და თვითონ რეებს ამბობს! (თაკოს წაბაძვით) “ნუ გააგიჟე ეს ქალი” – საშინელებაა, ტო!.. ევა შამპანურს დალევ?.. დალევ. შენ ჩემი მძევალი ხარ. რასაც გეტყვი,ის უნდა გააკეთო.(გადის)

თაკო. ევა, გენაცვალე, სანამ დროა – გაიქეცი! დღეს რაღაც ვერაა მთლად ნორმალურად.არ გეწყინოს, ძვირფასო. შენთვის ვამბობ.
ჟურნალისტი. (ახლა კი მართლა შეეშინდა) კი, კი ისედაც ვაპირებდი, უბრალოდ… (წამოდგება, მაგრამ ამ დროს,ზაზა შემოვა – შამპანურის ბოთლებით ხელში).

ზაზა. არ მელოდით, გოგონებო! ზაზა ბიძიას ემალებოდით?
ჟურნალისტი. ზაზა, გეხვეწები… მართლა, ძალიან მეჩქარება…
ზაზა. ერთი საათი რო მაჩუქო,არ შეგიძლია?

თაკო. არ შეუძლია,ზაზა! რა დაგემართა? მე მითხარი,თუკი რაღაცის თქმა გინდა! ევა რა შუაშია! ნაწყენი ხარ ვინმეზე? თუ გაბარაზებული ხარ!.. დავიღალე, ზაზა… გეფიცები… მართლა, დავიღალე…

ზაზა. არავიზე არა ვარ გაბრაზებული… უბრალოდ, მაგრა მინდა ლაპარაკი… გაჩხერილი მაქვს და ერთადერთი რაც შემიძლია-ლაპრაკია!(ევას) მაინც არ მითხარი არა რამდენი წლისა?

ჟურნალისტი. ეხლა ვიტირებ, ზაზა…
ზაზა. რატო უნდა უნდა იტირო?.. წადი,ჰა!.. წადი! არ გიჭერ…
ჟურნალისტი. აბა, რა წესია ეხლა ეს…
ზაზა.ერთი ჭიქა დალიე და წადი…(ხსნის შამპანიურს)
ჟურნალისტი. (ყურებზე ხელს იფარებს) თვალში არ მოირტყა…

ზაზა. ნუ ღელავთ…თქვენ კიდე არ იცნობთ ბატონ ზაზა კოშკაძეს…(ჭიქებში შამპანიურს ჩამოასხამს) ევა,ტარკოვსკი გიყვარს? ხო საკაიფო რეჟისორია?.. მაგარი სიუჟეტი მაქვს მოფიქრებული ფილმისთვის…(ცხვირს იფხანს) ტარკოვსკის პონტში!.. მაგარი მუსიკით!.. მერე მოგიყვები… თაკო უნდა გადავიღო… ხალხო, ნუ მიყურებთ გაბრაზებული სახეებით,თორე,ბოლოს და ბოლოს,მეც გავბრაზდები!..

რამე დაგიშავეთ?..დავლიოთ, რა!..მე მალე მოვკვდები, ევა…ღვიძლის მაგივრად მაქვს რაღაცა! აი, მართლა, რაღაცა… პატარა, დაჭმუჭნული, საზიზღარი, გათახსირებული ცურცლი… თხის ცურცლი. აუ, ერთხელ მთაში ვიყავი და ძაან საყვარელი თხა გავიცანი,უფრო სწორად,ვნახე… მერე შევჭამე, ტო… და დილით მაგრა გამიტყდა. მეთქი, რამ მაჭამა!.. სანთელი დავანთე,ბოდიშის პონტში. გეხვეწებით, დავლიოთ, რა! თაკუშ, ევა!..

თაკო (ჭიქას იღებს) ამან თუ რამე აიჩემა, თავი რო მოიკლა, მაინც ვერ გადააფიქრებინებ. (ღიმილით) ხედავ ევა, რა დღეში ვარ!

ჟურნალისტი. ზაზა, მე ნუ დამაძალებ. არა ვსვამ. ერთხელ დავლიე და სული კინარამ გავაცხე.

ზაზა. “სული გავაცხე” – მაგარი სიტყვებია. ნუ დალევ, ევუშ! შეიძლება რო ასე მოგმართო?-ევუშ…რაღაც დაძაბული ხარ. მოეშვი,რა!.. მე ცუდი ტიპი არა ვარ. არც თაკოა ბოზი.

თაკო. (გაბრაზდება) წავიდე, ზაზა?…მიპასუხე, წავიდე?

ჟურნალისტი. (შეეშინდება) სად უნდა წახვიდე, თაკო?

ზაზა.(თაკოს) ვიხუმრე,რა იყო! არ შეიძლება?…მიყვარხარ.თან ძაან.იცი.
თაკო. კრეტინი ხარ!.. გამიმარჯოს. (დალევს შამპანიურს)

ზაზა. ეგრე,რა!.. ევუშ, ლამაზო, კარგო, ცოტა შეშინებულო, ჩვენ ჩევულებრივი ხალხი ვართ. შენნაირები ვართ. მარტო ხელების და ფეხების პონტში კია არა – ტვინიც ერთნაირი გვაქვს და ცხოვრებაც! ცხოვრებაც, ტო…ცხოვრებაც, ევუშ!.. რაც მე და თაკომ მოგიყევით – სუ ტყულებია. კაცი კი არა-ვირთხა არ მომიკლავს ჩემ სიცოცხლეში! უბრალოდ, ხალხზე მოქმედებს რა ეგეთ რაღაცეებს რო ყვები. ხალხს მაგრა უყვარდები, ევუშ…ისე მორალის პონტში – თუ რა ვიცი, რაც ქვია – მაგარი სუფთა ვარ…წესიერი ვარ. პენსიონერი ვარ. ვეტერანებთან ერთად ეზოში დომინოს ვთამაშობ, იმიტომ რომ მეც ეგეთი ვარ…სული მაქ ეგეთი. კრისტალური!.. მელაპარაკე, ევუშ, რაღაცეები მკითხე.

ჟურნალისტი. ზაზა, დიდი ბოდიში, მაგრამ იქ უნდა შევიდე, სადაც მეფეები ფეხით დადიან…(უხერხულად ეღიმება).
ზაზა. ვერ გავიგე…რა პონტში მეუბნები?
ჟურნალისტი. ფეხსალაგში მინდა შესვლა…აჰა, მათქმევინე, ბოლოს და ბოლოს!
ზაზა. სად?
თაკო. ტუალეტში, ზაზა, რა დაგემართა!
ზაზა. ა,ფისი-ფისის პონტია?
თაკო. გამოიცანი.
ზაზა. ხუთი წუთიც, ევუშ და შეხვალ.. ხო მოითმენ?
ჟურნალისტი (კვლავ ღიმილით) შარდის ბუშტი თუ არ გამისკდა.
ზაზა. იმედია, უფრო დიდი არ გინდა?
ჟურნალისტი. (ჯერ ეწყინება,მერე დაიძაბება) არა, ზაზა, არ მინდა.

ზაზა. კეთილი მოგონებების სადღეგრძელო მინდა რო დავლიო, ევუშ…რა სულელური სიტყვებია, არა? “კეთილი მოგონებები”. კეთილი არი მოხუცი ბებო… დედა.. ბიცოლა…”მოგონებები” რა შუაშია!.. თაკო, გაგვიმარჯოს, რა!.. ჩვენ იმეებს გაუმარჯოს რა… განვლილ საკაიფო რაღაცეებს!.. მოვყვეთ რა, თაკუშ, მოვყვეთ…გთხოვ!.. ვილაპარაკოთ,რა!.. ვიურთიერთოთ!

თაკო. (უემოციოდ) რა მოვყვე, ზაზა?
ზაზა. მე და თაკომ ჯვარი ორჯერ დავიწერეთ, იმიტო რო მაგრა გვევასა პირველი პონტი…მერე მოსკოვში გადავფრინდით…რიცხვიც მახსოვს: სამი მარტი. თან დამთხვევები ნახე: სამ მარტს ხო დეეჩემის დაბადების დღეა – თაკოს ბიძა ჰყავს – ვალერა, ისიც სამ მარტს ყოფილა დაბადებული.

ჟურნალისტი. ვაა…
ზაზა. ერთხელ მაგარი საჩუქარი გავუკეთე თაკოს… მოყევი.
თაკო. მოიცა,რა…
ზაზა. ნუ ზარმაცობ… ილაპარაკე…გთხოვ…იაქტიურე!
თაკო. (უხალისოდ ყვება) ამწე მოაყენა ჩვენ სასტუმროსთან.
ზაზა. (წამოხტება, ცქმუტავს, თან იფხანს)…ამწე, ტო… ნაღდი.
თაკო. მე ნომერში ვიყავი. უცებ მესმის კაკუნი…ოღონდ კარზე კი არა – ფანჯარაზე. გადავწიე ფარდა და დავინზხე ზაზა, რომელიც ჰაერში ეკიდა და ხელში ყვავილები ეჭირა.

ზაზა. ვარდები…ლამაზი ვარდები…ჰაერში…ევუშ, გესმის?.. ხო მაგარია!.. ხო მოგეწონა?.. თუ არ მოგეწონა?.. თაკომ მაგრა ცუდად მოჰყვა, არა?.. გინდა კიდევ ერთხელ მოვაყოლო?

თაკო. კაი რა,ზაზა, ნუ შემჭამე.
ზაზა. იმ საღამოს მაგრა ვიქეიფეთ. გუგული იყო ერთი, ისიც მოვიდა, ცოლთან ერთად… რა ერქვა იმის ცოლს?

თაკო. (მოსვამს შამპანიურს, სევდიანად) ..სვეტა ერქვა…სვეტა.
ზაზა. თაკო, თუ ჩემი ძმა ხარ, მოუყევი რა ევას, რა ვუქენი მაგ ნაბოზვარ სვეტას… გთხოვ!
თაკო. კარგი რა, ზაზა… გეხვეწები.
ზაზა. მიდი, რა… მე გეხვეწები.ევუშ,მაგრა იკაიფებ.
თაკო. თავი ამტკივდა… არ უნდა დამელია.
ზაზა. გავერთოთ რა!.. თაკო, ვილაპარაკოთ, რა!.. ვიცინოთ!..

თაკო.…მოკლედ გუგული იყო ერთი, მოსკოველი ქართველი…დეგენერატი ნამდვილი და ცოლთან ერთად მოვიდა ჩვენთან…მაღალი, რუსი ქალი იყო… სვეტა ერქვა.
ზაზა. სახელი იცის, ტო!…გააგრძელე!
თაკო. ხოდა ამან იმწუთშივე თვალი დაადგა.

ზაზა. აუ, მე ვიყავი მაგარი ჩათლახი, რა.
თაკო.…..გუგული დაათრო, ეს ქალი აივანზე გაიყვანა და ათ წუთში შეაბა. მე ფეხებზე დამიკიდა.

ზაზა. არ იყო ეგრე!.. უფრო სწორედ ეგრე იყო,უბრალოდ, პონტი გაიჩითა ისეთი, რო უარს ვერ ვიტყოდი, რა… მე შენ მაგრა მიყვარდი ყოველთვის…აუ, რა ცუდად ყვები,ე!.. შენა, ბარემ ისიც მოყევი რა ლიფტში რო ერთ ქალს დავავიწყე – ვინ იყო და საიდან იყო… და რა საქმეზე მიდიოდა.. (ევას) ლალი, მაგრა იკაიფებ!.. თუ ევა… ბოდიში.

თაკო. სად იყო ესა, გამახსენე?
ზაზა. (ეწყინება) პარიზში, ტო!.. რა პონტია, თაკუშ! რა მოგივიდა! სკლეროზი გაქ?
თაკო. ხო,ხო,ხო…გამახსენდა. ნუ, ეს იყო აი, მართლა, რაღაც სიგიჟე…ვდგავართ ლიფტში: მე,ზაზა და ვიღაც ქალი…ასევე ქერა.

ზაზა. მე ხო ქერების გიჟი ვარ.
თაკო. თქვენო რომელ სართულზე მიდიხართო – ამან კითხა ინგლისურად.. მაგრამ პასუხსაც არ დაელოდა ისე მიახტა…მეც, ბუნებრივია, ზურგი შევაქციე…რად მინდოდა ეხლა ამათი ყურება!…მაგრამ ნუ.. აღარ მორჩნენ!…ლიფტიც გავჭედეთ…ხალხი გარედან გვიბრახუნებს…უკვე ოცი წუთია ადგილზე ვდგავართ…

ზაზა. მე ხო ცხოველი ვარ, ტო…
თაკო. ბოლო-ბოლო, შემოვტრიალდი.. მეთქი, რას შვრებიან ასეთს!.. ევა, გეფიცები, შვრებოდნენ იმას, რასაც ყველა შვრება.. ოღონდ, რაღაც სხვანაირად. ეს არის და ეს…(კვლავ შამპანიურს მოსვამს) გავაგიჟეთ ეს გოგო!

ჟურნალისტი. არა უშავს..იყოს.
ზაზა. ძაან ცუდად ყვები, თაკო…მაგრა მიტეხავ…(ევას) თქვენი სახელი, ძვირფასო?
ჟურნალისტი. ევა.
ზაზა. ევა, ხო…მითხრეს უკვე. შემატყობინეს თქვენს შესახებ.

ჟურნალისტი (მოთმონების ფიალა აევსება) მასხრად მიგდებთ, ზაზა? თქვენი ჭკუით, მაგიჟებთ?.. რახან თქვენი წრის არ ვარ, ამიტომ დამცინით!..

ზაზა. დაცინვა რა შუაშია!.. მე შენ მიყვარხარ ჩემო გოგო… ყველა ძალიან მიყვარს!.. მე დიდი გული მაქ, ევა! თაკომ იცის. ეგრე ნუ ლაპარაკობ. სხვანაირი ნუ გახდები. ვინც შენ დაგცინებს, ის ჩემი მტერი იქნება, დაიმახსოვრე.

ჟურნალისტი. (წამოდგება) ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
ზაზა. საპირფარეშოში აღარ გინდა?
ჟურნალისტი. მასე შენნაირებს ელაპარაკე.

ზაზა. რა მოგივიდა, ევა? რა გეწყინა ამისთანა! რაღაც, საკაიფო ღრუბლებში ვარ და მინდა რო შენც ისიამოვნო. გაგართო რა!.. ერთი საათი რო ბედნიერი იყო-არ შეგიძლია? დღეში ერთი საათი მაინც რო კარგ ხასიათზე იყო – არ გინდა? დღეში ერთხელ მაინც,სულ რაღაც ერთი საათი რო ვიღაცასთან ერთად იცინო – არაფრით არ გამოგდის?…მეც არ გამომდის ჩემო პატარა ანგელოზო. და არც თაკოს გამოსდის, მაგრამ ხო ხედავ,ვცდილობთ. გინდა შენც გაგიჩხირო?

არ გაგიჩხირავ. იმიტო რო ღორი ვარ. იმიტო რო მე ვიცი ეს რაც არი და შენ არ დაგღუპავ. გავხდე ეხლა უზრდელი? კი ბატონო. ქმარს Sენ ვერ ასიამოვნებ, ევუშ. იმიტომ რომ, ჯერ ერთი ქმარი არ გყავს და მეორეც, თუკი გეყოლება,ის თვითონვე ისიამოვნებს – შენს გარეშე.

გემრიელი საჭმელი შენ არ გამოგივა, იმიტომ რომ არ შეიძლება ნერწყვებს ყლაპავდე შიმშილისაგან და თან გემრიელ საჭმელს აკეთებდე – მშიერი ადამიანი გემრიელ კერძს ვერ შექმნის. შენ კიდე გეტყობა, რო მაგრა გშია. თან სულ… ვერ ძღები…(ჟურნალისტი გასასვლელისკენ გაემართება,ზაზა წამოდგება) მოიცა,ერთი წუთით!.. შენ არ შეგიძლია, რომ ადამიანს მიანიჭო სიამოვნება. ეხლა გაქვს ამის შანსი! უბრალოდ, უნდა იჯდე და მისმინო. მეტი არაფერი. და მე მაგრა მესიამოვნება…

ჟურნალისტი. გამიშვი,ზაზა!..(ისტერიულად) გამიშვი – მეთქი, ადამიანო!

თაკო. (ინდეფერენტულია, ევას) რო გითხარი, მაშინ უნდა წასულიყავი…ეხლა უკვე გვიანია.

ზაზა. ევა, გინდა, ბოროტიც გავხდე? კი ბატონო. გადარეკე ეხლა სახლში და უთხარი, რო მოგიტაცეს. გამტაცებელი მე ვარ. შენ აქ იცხოვრებ ხუთი თვე. თაკო მოხარშულ კარტოფილს გაჭმევს. მე არც ფული მინდა და არც არაფერი. მე შენი დაინტერესებული მზერა მჭირდება, ეველინა, ძვირფასო…ცნობისმოყვარე თვალები და მაგრა, მაგრა, ძალიან მაგრა დაცქვეტილი ყურები!

ჟურნალისტი. მრცხვენია რო ქართველი ვარ. მრცხვენია რო ამ ქალაქში ჩამოვედი და იქ არ დავრჩი, სადაც უნდა დავრჩენილიყავი..

ზაზა. აუ, ეს რეები თქვი,ტო?.. გინდა ეხლა ისევ კეთილი გავხდე?.. წადი.ჰა!.. ვინ გიჭერს!.. გაიქეცი, ჩემი გოგო.. რა გქვია შენა?.. სახელი სუ მავიწყდება…
თაკო. თინათინი…

ზაზა. თინათინი არ ისა..ხო!..ევა!.. ევა გქვია!.. მე შენ მიყვარხარ. მე თქვენ მიყვარხართ, ქალბატონებო!

ჟურნალისტი. დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
ზაზა. (კვლავ წინ ეღობება ჟურნალისტს) ეხლა ისევ ცუდი გავხდი, არსადაც არ გაგიშვებ…
თაკო. ზაზა, უკვე მართლა დავიღალეთ…

ჟურნალისტი. თაკო, გეხვეწები, მიხედე შენ ქმარს…
ზაზა. ეგ ჩემი ცოლი არ არის, ევა. ეს არის ჩემი და!
თაკო. სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ზაზა!

ჟურნალისტი (ცდილობს ზაზას გვერდი აუაროს) გამატარე, ზაზა.. ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად გამაბრაზებ.

ზაზა. ვერ გაგატარებ, ევა!.. ლაპარაკის მუღამში ვარ ჩავარდნილი.შენ რო წახვიდე, თაკო აღარ მომისმენს.. მე და თაკოს ერთმანეთის აღარ გვესმის. თაკო დაყრუვდა. მას აღარ ვუყვარვარ, ევა.. მე კი მიყვარს, მაგრამ მას აღარ ვუყვარვარ.

ჟურნალისტი. (ზაზას ეჯიკავება) ზაზა.. გამატარე..თაკო, უთხარი!

ზაზა. ეგეთები არ იყოს, რა!.. ჭიდაობას ნუ დამიწყებ, ჩემი გოგო… გინდა ეხლა უცნაური გავხდე?.. (ქამარზე პისტოლეტი ჰკიდებია, რომელიც აქამდე არ უჩანდა. ზაზა ამ პისტოლეტს ამოიღებს და გადატენის).

თაკო. ზაზა, გეხვეწები, მორჩი რა მაიმუნობას.
ჟურნალისტი. რა გინდა, ბიჭო, რას გადამეკიდე!
ზაზა. მელაპარაკეთ!…რამე მითხარით!.. მომისმინეთ!.. დამელაპარაკეთ,დებო!.. მაგრა ცუდად ვარ და თან მაგრა კარგადაც ვარ!..

თაკო. ზაზა, ნუ იქნევ ამ იმას.
ჟურნალისტი. ღმერთო შენი სახელის ჭირიმე!.. ღმერთო,შენი სახელის ჭირიმე (უკვე, მართლა, ისტერიულად)…ა?!

ზაზა. თქვენ სულებს მინდა ველაპარაკო.. ევა, გინდა ეხლა მთლად უცნაური გავხდე? კინო გიყვარს?.. ფილმებში ეგეთი რაღაცეები ნანახი არ გაქვს /..გამომართვი!.. (პისტოლეტს ევას მიაჩეჩებს) მიდი ეხლა. მესროლე! მომკალი!.. თან მელაპარაკე!. არ მეშინია საერთოდ!.. მიდი, ჩაიჯვი?.. ბოდიში, ჩაისვარე?.. შეგჭამო ეხლა?

ჟურნალისტი ზაზას პისტოლეტს მიუშვერს და გაისვრის. თაკო დაიკივლებს.

ჟურნალისტი. გადამრიეთ, ხო!.. მაინც გადამრიეთ, არა!

ზაზა. (ხელშია დაჭრილი-სისხლი სდის) მომკლა, ტო!.. მგონი მართლა მომკლა, ტო…
თაკო. (ზაზას მუხლებში უვარდება) ზაზუკა არ ინერვიულო, ზაზა.. (ჟურნალისტს) მკვლელო, შე მკვლელო…

ჟურნალისტი (პისტოლეტს საფეთქელთან მიიდებს) ეხლა თავსაც მოვიკლავ…
თაკო. (კივილით,ევას) გაეთრიე აქედან!

ზაზა. სად ვარ? შენ ვინ ხარ?.. ნინიკო?.. თუ ლიკუჩა?..
თაკო. თაკო ვარ, ზაზუკა, თაკო.. ლიკუჩა სოსოს ცოლია, ბახტაძის…და ნინიკო ვიღაც ამერიკელთან ერთად დადის – საელჩოში გაიცნო.. შენი ცოლი მე ვარ.. მე – შენი თაკო.

ზაზა. მელაპარაკე. თაკო.. რაღაცეები შემომთავაზე…

ჟურნალისტი (ზაზას მიუახლოვდება, ეიფორიაშია) დაგახალო კიდევ ერთი ტყვია?
თაკო. (სრულიად სასოწარკვეთილი კივილით) გაეთრიე – მეთქი აქედან!..

ჟურნალისტი. რატო გადამეკიდე ზაზა, რას მერჩოდი?.. რატო გამაგიჟე, ა?…გადაირევა ჩემი რედაქტორი.

თაკო. (ზაზას ჭრილობას ცხვირსახოცს დააფარებს, შესაძლოა, გადაუხვიოს კიდეც) არ მოკვდე ზაზუკა.. მოიცადე!.. რაღაცნაირად შეეცადე და სისხლი შეიკავე.. ეხლა სასწრაფოში დავრეკავ…თუ ჯერ მამაჩემს დავურეკო?.. (ევას, ტირილით) ღორო, შე ღორო.. როგორ მეზიზღებით ყველანი…(გადის)

ჟურნალსტი. …მე ბორჯომში დავიბადე, ზაზა.. ბორჯომში დავიბადე და გავიზარდე. ორი წელიც არაა, რაც თბილისში ჩამოვედი. ჩემ მამიდაშვილებთან ვცხოვრობ, ნუცუბიძეზე.. უკვე ძალიან შევეჩვიე ამ ქალაქს… ბორჯომივით შემიყვარდა…

პაუზა

ზაზა. მელაპარაკები, ტო?..

ჟურნალისტი უხმოდ ტირის.

ჟურნალისტი. რამე მკითხე ზაზა…რაზე გინდა რო გელაპარაკო?

თაკო ბრუნდება.

თაკო. სასწრაფოში დავრეკე, ზაზა.. მამაჩემსაც დავურეკე და გოგოებსაც ჩამოვურეკე…ხუთ წუთში მანდ ვიქნებითო.

ჟურნალისტი (ზაზას) კონკრეტულად რა გაინტერესებს?

ზაზა. ყველაფერი.. შენ, უბრალოდ ილაპარაკე, რა! ნელ-ნელა დაიწყე და მერე შეუბერე…ტალღასავით.. მეურთიერთე…გამაცინე…რაღაცეები ამიხსენი…მომიყევი.

ჟურნალისტი (დაბნეულია. არ იცის, როგორ დაიწყოს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ) დავიბადე 1967წელს 14 მაისს, ქალაქ ბორჯომში..

ზაზა. (თვალებს ხუჭავს) კარგია… მერე!..
ჟურნალისტი…სკოლის დამთავრების შემდეგ, 1987წელს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები…

ზაზა. აუ, მაგრა გაასწორა, ტო.. მთავარი ისაა, რო ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ, რა…არა, თაკუშ?.. (ევას) მერე. მერე რა მოხდა?..

ჟურნალისტი ლაპარაკს განაგრძობს.
სცენა ბნელდება.

ფარდა.

ტეგები: , , ,


%d bloggers like this: